ბრალდებული ბიცოლას აშანტაჟებდა - გზაპრესი

ბრალდებული ბიცოლას აშანტაჟებდა

ბრალდებული საკუთარ ბიძას ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელებით ემუქრებოდა, თუ მას 5.000 აშშ დოლარს არ გადაუხდიდა. მამაკაცი დაჰპირდა ამ თანხის გადახდას და სანამ ბრალდებული მოთხოვნილ თანხას მიიღებდა, იგი დააკავეს. გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს. ისიც გაირკვა, რომ 29 წლის ბრალდებული თ.ი. დაზარალებულის ძმისშვილი გახლავთ.

_ ეს ფაქტი მას შემდეგ გაირკვა, რაც ბიჭი დააკავეს. უპატიოსნესი ქალია, ვის დაშანტაჟებასაც ის ცდილობდა და ვერავინ დაიჯერებს, რომ მას ცუდი საქციელის ჩადენა შეეძლო, მაგრამ ჩათვალეს, რომ ვიღაცამ მალულად, ისეთი ფოტო გადაუღო, რისი გავრცელებაც არ იყო მიზანშეწონილი. თურმე ქალთან მივიდა მაზლიშვილი და უთხრა, _ ტელეფონზე უცნობმა პირებმა დამირეკეს და მითხრეს, ხელთ ინტიმური ფოტო და ვიდეომასალა გვაქვს ბიცოლაშენზე; თუ 5.000 დოლარს არ მოიტანთ, ამ მასალას ბიძაშენს გავუგზავნით მობილურზეო. ეს სიტყვები რომ მოუსმენია, ქალი გაგიჟებულა, _ ასეთი რამ გამორიცხულია და ვინც გითხრა, იმისი ნომერი მომეციო. მერე მაზლიშვილი სასწრაფოდ მიიყვანა თავის ქმართან და საქმის კურსში ჩააყენა. მას ბიძასთანაც იგივე გაუმეორებია. ეს კაცი არაფრის გარკვევას არ დალოდებია, პოლიციაში წასულა და განცხადება დაუწერია, _ მაშანტაჟებენო. მოკლედ, დაიწყო გამოძიება და დადგინდა, რომ სინამდვილეში ყველაფერი ამ ბიჭმა მოიგონა და მასთან არავის დაურეკავს. თვითონ ცდილობდა, ფული გამოეძალა ბიძისა და ბიცოლასთვის და არანაირი ჩანაწერი არ არსებობდა. ყველაფერი თვითონ მოიგონა, ახლა ჩაჯდეს ციხეში და ციხის კედლები ხეხოს, _ ამბობს მეზობელი.

ბრალდებულს პატიმრობა უკვე შეეფარდა, საქმის გამოძიება გრძელდება.