"საქართველოში აგრესია ხშირად ითვლება ვაჟკაცობად" - გზაპრესი

"საქართველოში აგრესია ხშირად ითვლება ვაჟკაცობად"

ბოლო დროს ერთმანეთის მიყოლებით მომხდარმა რამდენიმე შემზარავმა მკვლელობამ საზოგადოება ძლიერ ააღელვა, რამაც მითქმა-მოთქმა გამოიწვია ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაციის გართულებაზე. სამწუხარო რეალობაა, რომ ადამიანები ერთმანეთს უმოწყალოდ ხოცავენ. ახალგაზრდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ხშირად მკვლელობით სრულდება.

კრიმინოგენული ვითარების გართულებას არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. იქ აცხადებენ, რომ განგაშის საფუძველი არ არსებობს და ქვეყანაში დანაშაულის რიცხვი გაზრდილი არ არის. წელს, აგვისტოს თვეში იმდენივე დანაშაული მოხდა, რამდენიც 2011 წლის განმავლობაში. შს მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია თვლის, რომ წინა წლებში დანაშაულის ფაქტები ნაკლებად შუქდებოდა, ახლა კი ძალოვანი უწყების გამჭვირვალობის ხარისხმა მოიმატა და საზოგადოებამდე ყველა ინფორმაცია დაუბრკოლებლად აღწევს: "დღეს დემოკრატიულმა საზოგადოებამ მოიტანა, რომ არის გაშუქების მაღალი მაჩვენებელი და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი. წარსულისგან განსხვავებით, ყველა ფაქტი შუქრდება. ამის სტატისტიკური მონაცემებიც არსებობს", - აცხადებს ლევან იზორია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც ტელევიზიებს ადანაშაულებს, რომ ისინი კრიმინალის ზრდის შესახებ თემებს ხელოვნურად წამოწევენ. ის აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. "ბოლო დღეებია, ისტერიას ვამჩნევ, რომელსაც ტელევიზიები მიზანიმართულად ქმნიან. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოში კრიმინოგენული ვითარება არის აბსოლუტურად სტაბილური და ჩვენი სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რათა ყველაფერი მაქიმალური კონტროლის ქვეშ იყოს. შინაგან საქმეთა მინისტრი და მთლიანად სამინისტრო აბსოლუტურად მოტივირებულია. პოლიციელები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და მათი შრომა ფასდაუდებელია", - განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

მართალია, ხელისუფლება ირწმუნება, რომ ქვეყანაში დანაშაულს არ მოუმატია, თუმცა საგანგაშოა ის, რომ რომ მიმდინარე წელს, ერთ თვეში 11 განზრახ მკვლელობა მოხდა.  ქუჩაში ადამიანები ერთმანეთის ხოცვას არ ერიდებიან. ამას მოწმობს დედაქალაქის ცენტრში, აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი შემზარავი მკვლელობა. 2 სექტემბერს, ქუჩაში მდგარ 27 წლის ლაშა მახარაძეს გიორგი ოქროპირიძემ ”მერსედერსის” მარკის ავტომანქანიდან რამდენჯერმე ესროლა და შემდგომ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მახარაძე ფაქტის თვითმხილველებმა სასწრაფოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ძალოვნებმა ფასანაურში მალე დააკავეს იმ ავტომანქანის მძღოლი, რომლითაც მკვლელობაში ბრალდებული ოქროპირიძე გადაადგილდებოდა. 1989 წელს დაბადებულ ვლადიმერ ბერძენიშვილს, მეტსახელად ბერძენას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს. ის ამჟამად პატიმრობაშია. წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს. ამბობს, რომ გიორგი ოქროპირიძის განზრახვის შესახებ არაფერი იცოდა და მას ბოროტმოქმედმა მხოლოდ ვაკეში წაყვანა სთხოვა. აღნიშნავს, მიმალვა არ მიცდია, უბრალოდ, მომხდარი მკვლელობის შემდეგ ძალიან დავიბენი და ამიტომაც წავედი თბილისიდანო.

მკვლელობაში მხილებული გიორგი ოქროპირიძე ყოფილი წყალბურთელია, ადრე განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი. მან 19 წლის წყალბურთელი ლევან თალაკვაძე 2009 წელს მოკლა და ამისთვის იხდიდა სასჯელს, ციხიდან 2014 წელს პრეზიდენტის შეწყალებით გამოვიდა და სამ თვეში მორიგი მკვლელობა ჩაიდინა. რა გახდა ლაშა მახარაძის მკვლელობის მიზეზი, ამაზე ჯერ არავინ საუბრობს. ბრალდებული ოქროპირიძე იძებნება. პროკურატურის მტკიცებით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, მახარაძის მკვლელობის მიზეზად წარსულში მომხდარი კონფლიქტი სახელდება. როგორც ამბობენ, გიორგი ოქროპირიძეს ციხეში კონფლიქტი ჰქონდა ლაშა მახარაძის აწგარდაცვლილ ძმასთან, რომელიც მაშინ მარიხუანას მოხმარებისთვის იხდიდა სასჯელს. თურმე ოქროპირიძე ციხეში ცდილობდა ე.წ. ”მაყურებლის” სტატუსის მოპოვებას და ამის გამო ხშირად ექმნებოდა პატიმრებთან კონფლიქტი. ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტი ჰქონია მახარაძესთან, რომელსაც მაშინ ოქროპირიძე უცემია. ამბობენ, რომ სისხლისღვრის ძველი წყენა გახდა. მეორე ვერსიით, ოქროპირიძე იმ დღეს სულ სხვა პიროვნებასთან მიდიოდა საქმის გასარჩევად, ამ დროს ლაშა მახარაძე ქუჩაში შემთხვევით შენიშნა, ძველი წყენა გაახსენდა და ლაშას ტყვიები დაუშინა.

ამ დღეებში მკვლელობა მოხდა ასევე მარნეულში. შელაპარაკების დროს დამნაშავემ ახალგაზრდა მამაკაცი გულმკერდის არეში დანით დაჭრა. ბიჭი მალე გარდაიცვალა. ძალოვნებმა ეს დანაშაული მალე გახსნეს და მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაადგინეს. მას განზრახ მკვლელობისთვის გაასამართლებენ.

გასულ კვირას მორიგი სისხლიანი დაპირისპირება ლილოს დასახლებაში მოხდა. ეროვნებით აზერბაიჯანელი მამაკაცი ერთ-ერთ რესტორანთან შელაპარაკების დროს მოკლეს. დანაშაული გახსნილია. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1947 წელს დაბადებული ტარიელ ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ლენტეხის რაიონის სოფელ სასაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან ორჯერ გასროლით, გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1963 წელს დაბადებულ გიორგი ო-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

მკვლელობა მოხდა კახეთშიც. 1930 წელს დაბადებული გუგული ჭ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დაკავებულია. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა საგარეჯოში, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას 1976 წელს დაბადებული მალხაზ ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულის არეში დაჭრა. მალხაზი ვერ გადაარჩინეს, ის მომენტალურად დაიღუპა. სამართალდამცველებმა ოპერატიულად იმოქმედეს და ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ნივმტკიცება იარაღი - სანადირო თოფია. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

შოკისმომგვრელი იყო გასულ კვირას ვანში მომხდარი დანაშაული. ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში მცხოვრებ არველაძეების ოჯახს ღამით სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ოჯახის დიასახლისს სამართებლით დაუსერეს სახე, არც მისი მცირეწლოვანი, 4 წლის მძინარე ბავშვი დაინდეს. მას კიდურები ცხელი უთოთი დაუწვეს. დამნაშავეები ფულსა და ძვირფასეულობას ითხოვდნენ. მათ დაზარალებულის სახლიდან ოქროს ნივთები და კლავიშებიანი სინთეზატორი "იამაჰა" წაიღეს. აღნიშნული შემზარავი ფაქტი მალევე გაიხსნა და ძალოვნებმა ორი პირი დააკავეს. ასევე, ამაზრზენია ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ოჯახის ახლობელი აღმოჩნდა. სავარაუდოდ, დამნაშავეებს ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე სწორედ მან მიაწოდა ინფორმაცია. შსს-ს ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახის ნათესავიც დაკავებულია. ისიც ცნობილია, რომ მან, თურმე, ამ დანაშაულამდე რამდენიმე თვით ადრე ქეთევან არველაძის სახლიდან ციფრული ფოტოაპარატი მოიპარა.

რატომ არის ამდენი აგრესია ქვეყანაში, რატომ არ ინდობენ ადამიანები ერთმანეთს და იმეტებენ სასიკვდილოდ, ამ საკითხებზე ვესაუბრეთ ექსპერტს, ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს.

- ბატონო რამაზ, ბოლო დროს ხშირად ისმის, რომ ვიღაც მოკლეს, დაჭრეს, დააუთოვეს, რატომ იმატა ასე აგრესიამ საზოგადოებაში?

- საქართველოს ბევრი აგრესია გამოუვლია, ყველას გვახსოვს 90-იანი წლები, ხალხი ქუჩებში საქმეებს რომ არჩევდა. ვინც გრძნობს, რომ ძალადობის საშუალება აქვს, ის ძალადობს. მეეჭვება, რომ ქვეყანაში დანაშაული გაზრდილიყო. ობიქტურები უნდა ვიყოთ. მთელ მედიაში განგაშია ატეხილი, მაგრამ ასე არ არის. სპეციალურად მოვიყვანე 90-იანი წლები, მაშინ ძალადობა ჭარბად იყო ქუჩაში და ადამიანებს არ სჭირდებოდათ ამის განცდა. დღეს გვაქვს ეს განცდა? ძალადობის და კრიმინალის საშინელი პერიოდი ნაციონალების ხელისუფლების დროსაც გამოვიარეთ. ერთ-ერთი მიზეზი, რომ აღფრთოვანებით მისცა ხმა ქართულ ოცნებას ხალხმა, ის იყო. რომ ხალხს არ უნდოდა ძალადობა. ამ ორი მაგალითის ფონზე ვიკითხოთ, დღეს გვაქვს ძალადობა და დანაშაული?

- ფაქტია, ქუჩაში კლავენ ადამიანებს. ვითარება რთულია, როგორ ფიქრობთ, ნაცმოძრაობის დროს იმალებოდა მომხდარი მკვლელობები და ახლა ასე არ ხდება?

- არ იმალებოდა, მაგრამ ასეთი აქცენტი არ კეთდებოდა. აბა, დააკვირდით, ვინ აიტაცა ყველაზე ენერგიულად მომხდარი მკვლელობები? "ნაცმოძრაობამ". ასე რომ, "ნაცმოძრაობის" წამოყენებული ფორმულაა, რომ კრიმინალი გაიზარდა, მათ ამის თქმა აწყობთ. მათი ხელისუფლების დროს, პრეზიდენტიდან დაწყებული, ყველა სჩადიოდა კრიმინალს. მაშინ ეს კრიმინალი იყო ქუჩაში მომხდარ დანაშაულებზე მთავარი. სირცხვილია, ნაციონალები ამას არ უნდა ლაპარაკობდნენ.

- სასჯელთა შეკრებითობა გაუქმდა, სასამართლოებსაც უფრო ლმობიერი განაჩენები გამოქვთ. შესაბამისად, დიდი სასჯელის შიში ხომ არ გაუქრათ დამნაშავეებს და ესეც ხომ არ არის დანაშაულის ჩადენის ერთ-ერთი მიზეზი?

- რომელ შიშის ფაქტორს გულისხმობთ, ცოცხის შიშის ფაქტორს? მნიშვნელოვანი საკითხი წამოვწიეთ. ადამიანს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, თუ დანაშაულებრივად მოვეპყრობით, მის მიმართ კიდევ უფრო მეტ დანაშაულს ჩავიდენთ. როგორ შეიძლება, "ნაცმოძრაობამ" დღეს ჩვენ ჭკუა გვასწავლოს? გვჭირდება ისეთი წესრიგი, რომ ისევ გასაქცევი გვქონდეს ამ ქვეყნიდან? ყველა გახმაურებული მკვლელობა გახსნილია, დამნაშავეები დააკავეს, ე.ი., პოლიცია მუშაობს. მსოფლიოში უამრავი საქმეა, რომელიც შეიძლება, ვერ გაიხსნას, მაგრამ აქ გაიხსნა ეს მკვლელობები. ის, რომ არავინ იძახის, დაკავებული ვარ უდანაშაულოდო, უკვე ბევრს ნიშნავს. სამწუხაროდ, მოხდება დანაშაული, მაგრამ მთავარია, დანაშაულზე სახელმწიფოს სათანადო რეაქცია ჰქონდეს, უნდა დააკავოს დამნაშავე და მან საკადრისად უნდა აგოს პასუხი. დამნაშავეთა ცნობიერებაში უნდა იყოს, რომ ის დაისჯება და ჩადენილისთვის პასუხს აგებს.

- ხშირად მსმენია, დამნაშავეების უმრავლესობა თავის დროზე თავად იყვნენ ძალადობის მსხვერპლნიო, ამ მოსაზრებას, როგორც ფსიქოლოგი, ეთანხმებით? რამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის მკვლელად ქცევა?

- მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემას შეეხეთ, რომლის გასაღების პოვნაც რთულია. შესაძლოა, შურისძიება იყოს ამ დანაშაულების უკან. უნდა შეისწავლოს, ესენი ხომ არ არიან ისინი, ვინც წინა ხელისუფლების დროს ყველაზე მეტად გამწარდა? პატივი უნდა ვცეთ და მადლობა უნდა ვუთხრათ იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში ელოდებიან სახელმწიფოს გადაწყვეტილებებს. ისინი სამართალს ეძებენ და თავად ძალადობას არ სჩადიან. ამას აკეთებენ სწორედ იმიტომ, რომ არ უნდათ, ის, რაც მათ გადაიტანეს, სხვამაც გადაიტანოს. ვინც ძალადობისგან დაიტანჯა, ის ყოველთვის შეეცდება, თავად არ გახდეს მოძალადე, თუ მისი მდგომარეობა უკიდურესობამდე არ მივიდა. ამიტომ, სახელმწიფომ ამ პრობლემას უნდა მიხედოს. ადამიანების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ელოდება გამოძიებას და არ დაუკარგავს სამართლიანობის იმედი. მთელმა საზოგადოებამ ქედი უნდა მოვიხაროთ მათი მოთმინების წინაშე.

- ხშირად იმასაც ამბობენ, რომ ასეთი მასშტაბის ამნისტია არ უნდა ყოფილიყო, რადგან ბევრი საშიში დამნაშავე გარეთ გამოვიდა და ამან გამოიწვია კრიმინალური ფაქტების მატება.

- ამ თემაზე ლაპარაკი სულ იყო. აშკარა იყო, იმ მღვრიე ტალღას გამოჰყვებოდა დამნაშავეც, საშიში კრიმინალიც, მაგრამ ციხეში იმდენად ბევრი ადამიანი იჯდა უდანაშაულოდ, რომ სხვა გამოსავალი არ იყო. მეორეს მხრივ, სასწორზე იდო ამ ხალხის მიმართ პასუხისმგებლობა. ასეთი გამოთქმაა, ერთი უდანაშაულოს დასჯას სჯობს, 10 დამნაშავე გარეთ გამოუშვაო. ამ შემთხვევაში ამ პრინციპმა იმუშავა და დამნაშავეები გარეთ გამოუშვეს. მაშინ ითქვა კიდეც, რომც მოგვივდეს შეცდომა, დამნაშავეები გამოვიდნენ გარეთ, თუ დანაშაულს ჩაიდენენ, მათ მერე მოვთხოვოთ პასუხსო. ხელისუფლებას მაშინ შეგნებულად დაშვებული შეცდომის გამოსწორება ახლა უწევს.

- რას ურჩევდით ხელისუფლებას?

- ბევრი რამის რჩევა შეიძლება, მაგრამ ძალაუფლებას ვინც ჩაიგდებს ხელში, მას რჩევა-დარიგების მოსმენა არ უყვარს. მას ჰგონია, თითქოს ყველაფერი იცის. ახლა ის ეტაპია, როცა შემთხვევით გამოსული ხალხი უკან უნდა შებრუნდეს ციხეში. ავტომატურად ვერავის შეაბრუნებენ - დანაშაული უნდა ჩაიდინოს, რომ შეაბრუნო. სამწუხაროა, რომ მკვლელობა მოხდა ვაკეში, ანალოგიური ინციდენტი ბევრია.

- ადამიანებს იარაღის ყიდვა მაღაზიებში უპრობლემოდ შეუძლიათ. ბოლო დროს მომხდარი დანაშაულების უმრავლესობაც ცეცხლსასროლი იარაღით არის ჩადენილი. ამ კუთხით ხომ არ უნდა გამკაცრდეს კანონმდებლობა?

- იმ ქვეყნებში, სადაც იარაღს თავდაცვისთვის იყენებენ, ვითარება სხვაგვარია. ბევრი ფაქტია, როცა პოტენციური მსხვერპლი თავისი იარაღით იგერიებს თავდამსხმელს, მაგრამ ასე არ ხდება საქართველოში. ვერ ვიხსენებ ისეთ შემთხვევას, რომ სახლში იარაღის ქონამ ადამიანი თავდამსხმელისგან გადაარჩინა. ის, რომ იარაღი არის თავდაცვის საშუალება, საქართველოში შეიძლება არ მოქმედებდეს ბევრი მიზეზის გამო და ეს რა მიზეზებია, ამას ცალკე გამოკვლევა უნდა. ვფიქრობ, ამ კუთხით უნდა გამკაცრდეს რეგულაციები. იარაღი ასე თავისუფლად არ უნდა იყიდებოდეს.

- მაინც, რატომ არის ამდენი აგრესია ხალხში? როგორ უნდა ვებრძოლოთ აგრესიას?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია. საქართველოში დგას ეს პრობლემა - ადამიანები აგრესიულები არიან. სოციალურ ქსელებში რომ შევიხედოთ, ისეთი ვულკანებია ამოფრქვეული, გაგიჟდები ადამიანი. აგრესიის ტალღა 90-იანი წლებიდან მოდის. ეს თითოეული ჩვენგანის ბრალი ხომ არ არის? საქართველოში აგრესია უფრო გამართლებულია, უფრო ხშირად ითვლება ვაჟკაცობად, გამარჯვებად. გახსოვთ, ალბათ, ერთ დროს პარლამენტის დეპუტატებს მუშტი-კრივი ჰქონდათ გამართული. ძველბიჭობა და კუნთებით ლაპარაკი, სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის უფრო მისაღები და გასაგებია, ვიდრე სხვანაირად საქმის მოგვარება.

- მედიით ფაქტების ასე ხშირი გაშუქებაც ხომ არ უწყობს ხელს მსგავს დანაშაულებს?

- სამწუხაროდ, მართლა უწყობს ხელს. ძალადობრივი გარემო ძალადობას აძლიერებს. ახალგაზრდას არ უნდა ჰქონდეს ჯიბეში დანა და იარაღი. ჩვენს საზოგადოებაში რამდენია ინტელიგენტი და რამდენი ჯიბეში იარაღჩადებული ადამიანი, ეს თქვენ განსაჯეთ.

თეა ხურცილავა, ჟურნალი "გზა"