ვინ არის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე, რომელიც მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულს დაიცავს - გზაპრესი

ვინ არის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე, რომელიც მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულს დაიცავს

ადვოკატ ტარიელ კაკაბაძეს უკვე მეორე წელია, წლის საუკეთესო ადვოკატად ასახელებენ. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სამართლის დარგის მოღვაწეთა სარეიტინგო საბჭომ მიიღო. წელს ქვეყნის მასშტაბით 7 საუკეთესო ადვოკატი დასახელდა: ტარიელ კაკაბაძე, ზურაბ როსტიაშვილი, პაატა შავაძე, დავით ასათიანი, როინ მიგრიაული, გიორგი თურაზაშვილი და რამინ პაპიძე. ისინი "ქვეყნის საადვოკატო ბრწყინვალების" ტიტულის მფლობელები გახდნენ.

ტარიელ კაკაბაძეს უამრავი მოგებული საქმე აქვს და ამ საქმეებს კიდევ ერთი, გახმაურებული პროცესის გამამართლებელი განაჩენი შეემატა. მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის, დავით ოთხმეზურის გაზრახ მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. 2016 წლის 29 მარტს კი პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ გახმაურებული მკვლელობა გახსნა და დამნაშავე დააკავა. დავით ოთხმეზური 2004 წლის 27 ოქტომბერს თბილისში მოკლეს და ეს საქმე წლების მანძილზე თაროზე იყო შემოდებული. მართალია ბრალდებულ ბეჟანიძის დადანაშაულებას დიდხანს ცდილობდა პროკურატურა, მაგრამ მათი მტკიცებულებები დაინგრა და ბრალდებულის უდანაშაულობა დამტკიცდა.

ტარიელ კაკაბაძემ "პალიტრანიუსის"გადაცემა "360 გრადუსის" ეთერში აღნიშნა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობში ბრალდებული გ.ჯ, რომელიც სამდღიანი მიმალვის შემდეგ პოლიციას ჩაბარდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფია და მზად არის, გამოძიებას დაეხმაროს სიმართლის დადგენაში და არ აპირებს ხელი დააფაროს დამნაშავეებს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მხოლოდ ერთხელ მოიქნია დანა, ხოლო ის ჭრილობები, რომელიც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, გარდაცვლილისთვის მას არ მიუყენებია", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ბრალდებულის ოჯახი არ არის მოწადინებული, რომ თუ მან ჩაიდანა დანაშაული, დაუსხლტეს მართლმსაჯულებას.

მისი თქმით, დაცვის მხარე დაინტერესებულია, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და დანაშაულში მონაწილე პირებმა, კანონის წინაშე, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შესაბამისად აგონ პასუხი. ადვოკატის განცხადებით, ოჯახს არ სურს, ვინმეს ხელი დააფარონ.

"ჩვენ გვსურს დადგინდეს ჭეშმარიტება და არ გვსურს ვინმემ ვინმეს ხელი დააფაროს. თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ გარდაცვლილს სხვა დაზიანებები აღენიშნება სხვა დანით და თუ დადასტურდება, რომ პირველი დაზიანება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მიაყენა, მაშინ უტყუარად დასტურდება, რომ დანარჩენი დაზიანებები, რომელთა სისასტიკეზეც საუბრობს ბრალდების მხარე და საზოგადოება, მიაყენეს სულ სხვა პირებმა", - აღნიშნავს ადვოკატი.

ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან ჟურნალმა "გზამ" ინტერვიუ 2017 წლის იანვარში ჩაწერა.