"გადამარჩინეთ!" ანუ - თანატოლებისგან გამეტებული მოზარდები - გზაპრესი

"გადამარჩინეთ!" ანუ - თანატოლებისგან გამეტებული მოზარდები

დედაქალაქის ცენტრში ორი მოზარდის სადისტურმა მკვლელობამ მთელი საქართველო მოიცვა. ხალხი ქუჩაში მოწოდებით გამოვიდა, - "ნუ კლავ!" 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორია ყვავილებითა და სანთლებით აივსო. უამრავი ტკივილიანი წერილი გაჩნდა დაფაზე, რომელიც სკოლის წინ გამოაკრეს გარდაცვლილი ბიჭების მეგობრებმა. ბავშვები და პედაგოგები ტიროდნენ, დღეს ყველა ჭირისუფალია და განიცდის მომხდარს.

ლევან დადუნაშვილი და დათო სარალიძე თანატოლებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს. იმ საბედისწერო დღეს, ორივე გაკვეთილებს ესწრებოდა.

2 საათი ხდებოდა, როცა სკოლის ტერიტორია დატოვეს და ხორავას ქუჩისკენ წავიდნენ. სწორედ იქ მოხდა თანატოლებთან კონფლიქტი. ყველაფერი ისე წამებში დატრიალდა, ტრაგედიის აცილება ვერავინ შეძლო. ცნობილია, რომ ლევან დადუნაშვილი მოჩხუბრებს აშველებდა და მას სხვისთვის მოქნეული დანა გულმკერდის არესა და ფეხში მოხვდა, რამაც არტერია დაუზიანა. ლევანი თურმე ვერც აცნობიერებდა, რა სჭირდა. დაინახა, რომ სისხლისგან იცლებოდა და გაკვირვებულმა თურმე თქვა, - "მე რატომ?" და გონება დაკარგა.

რაც შეეხება მის პარალელურ კლასელს, დათო სარალიძეს, მას დანით 14 ჭრილობა მიაყენეს. სისხლისგან დაცლილი იყო ისიც, რესპუბლიკურ საავადმყოფოში "სასწრაფომ" რომ მიიყვანა. ემოციები ვერ დამალა "სასწრაფოს" ექიმმა, თამუნა ცაგარეიშვილმა და "ფეისბუკის" გვერდზე ასე გამოეხმაურა მომხდარს: "ჩემს კუთვნილ მორიგეობაზე შემოვიდა მისამართი: "ხორავას ქუჩაზე, ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდები არიან, პანიკური ზარია, იჩქარეთ!" რა თქმა უნდა, არ დავყოვნდით, ზღვა ხალხი დაგვხვდა ადგილზე. მივხვდი, საქმე კარგად არ იყო. შევედით ეზოში და დავინახეთ თავისივე სისხლის გუბეში დათო სარალიძე, კანი ცივი, ფერმკრთალი, ღრმად დაბინდული ცნობიერებით. მისი ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. ვხვდებოდი, რომ მისი გადარჩენა ძნელი, თითქმის შეუძლებელი იქნებოდა... მან შემომხედა და ერთი ამოილუღლუღა - "გადამარჩინეთ"... ელვისებური სისწრაფით გავუწიეთ პირველადი სამედიცინო დახმარება. ღმერთს ვევედრებოდი, გული არ გაეჩერებინა მისთვის და დედისთვის შვილი არ წაერთმია. დავითს კი ვთხოვდით, თვალები არ დაეხუჭა და სიცოცხლისთვის ებრძოლა. სტაციონარის ეზოში შესვლისას თვალები დახუჭა, სუნთქვას აჩერებდა. სასწრაფოდ შევიყვანეთ კლინიკაში, მაგრამ გული გაუჩერდა. მთელი კლინიკის ექიმები მობილიზებულნი იყვნენ, ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია და გულის რიტმი მალევე აღდგა. მაშინვე საოპერაციო ბლოკში შეიყვანეს. ის სიცოცხლისათვის 23 საათი იბრძოდა. მიუხედავად ყველაფრისა, მისი გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა. არასოდეს დამავიწყდება ეს დღე, როდესაც მისი წყლიანი, უმწეო თვალები დახმარებას გვთხოვდა. ლევან დადუნაშვილი მე არ მინახავს, მას სხვა ბრიგადა ემსახურებოდა, ისეთივე უმწეო, ისეთივე სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები ჰქონდა, როგორიც დათოს. ის კლინიკაში მისვლამდე, "სასწრაფოს" მანქანაში გარდაიცვალა".

დათო სარალიძეს ორი ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა, მას მთელი სხეული დაზიანებული ჰქონდა, შემავალი ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის არეში აღენიშნებოდა, ღვიძლზე - გამჭოლი ჭრილობა. დაზიანებული იყო მაგისტრალური სისხლძარღვები, ბარძაყის არტერია. დაზიანებებით შოკირებულმა კლინიკის ექიმმა ემოციები ვერ დამალა და პირდაპირ თქვა, ასე გამეტებით დასახიჩრებული ადამიანი არ მინახავსო.

განზრახ მკვლელობის მუხლით გამოძიება დაიწყო.

ამ დღეებში 150-მდე ადამიანი დაიკითხა, თუმცა მცირე რაოდენობამ გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი.

ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, რა გახდა ამხელა ტრაგედიის მიზეზი. დანაშაულის მოტივზე პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: "2017 წლის 1-ლ დეკემბერს, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებს თ.ჩ.-ს და ა.ს-ს გაკვეთილებს შორის არსებულ შესვენებაზე, საპირფარეშოში ექვსი უფროსკლასელი დახვდა, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა, რასაც ამ უკანასკნელების უკმაყოფილება მოჰყვა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთ-ერთმა უფროსკლასელმა მათ უთხრა, რომ გაკვეთილების შემდეგ ორივეს სკოლის გარეთ შეხვდებოდნენ. მომხდარიდან მალევე ა.ს.-მ, ვინაიდან კონფლიქტი ჰქონდა მასზე ასაკით უფროსებთან, დახმარებისთვის არასრულწლოვან ნათესავს - მ.კ.-ს დაურეკა და მომხდარი უამბო. იმავე დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე, მ.კ. მეგობრებთან ერთად 51-ე საჯარო სკოლასთან მივიდა, სადაც მათ ა.ს. და თ.ჩ. შეუერთდნენ. სკოლასთან ასევე შეკრებილები იყვნენ მათთან დაპირისპირებული მეთერთმეტეკლასელები და მათი თხუთმეტამდე მხარდამჭერი. ვითარების გასარკვევად ახალგაზრდებმა ხორავას ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს. მოზარდებს შორის საუბარი სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ჩხუბის დროს ერთ-ერთმა მონაწილემ გ.ჯ.-მ, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა, რომ კონფლიქტის მონაწილეები არასრულწლოვნები იყვნენ, დანით განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს მრავალრიცხოვანი ნაკვეთი ჭრილობა მიაყენა, ხოლო გ.ბ.-მ ასევე დანით განზრახ მოკვლის მიზნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილს ორი ნაკვეთი ჭრილობა ფეხისა და გულმკერდის არეში მიაყენა, შემდეგ კი ორივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა".

არაოფიციალური ინფორმაციით, დაპირისპირება გოგოს გამო მოხდა და ამ კონფლიქტში 53-ე სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ ჩართულები. "ლევანის და დათოს მეგობარ ბიჭს თურმე 51-ე სკოლელი გოგონა უყვარდა, ეს გოგონა შემდეგ 53-ე სკოლაში გადასულა და იქ სხვა ბიჭს შეუყვარდა. ამის გამო მოხდა უთანხმოება. ამ ტრაგედიას თურმე წინა დღეებში წინ უძღოდა საქმის გარჩევები, ეს სკოლის პედაგოგების ყურამდეც მისულა და დამრიგებლებს ბიჭების მამებიც კი დაუბარებიათ სკოლაში და გაუფრთხილებიათ, რომ შვილებისთვის ყურადღება მიექციათ.

როგორც მითხრეს, 4 მოზარდს ხელში დანა ჰქონდა და ახლა ოთხივეს მიმართ გამოძიებას პრეტენზია აქვს. ლევანი გამორჩეული ბავშვი იყო. ძალიან ალალი, თბილი, მოსიყვარულე. მამამისი სულ ამბობდა, ძალიან მიამიტია ჩემი შვილიო. კონფლიქტური არასოდეს ყოფილა, იმ დღესაც თურმე დათოს რომ ეჩხუბებოდნენ, ის აშველებდა. მართლა არაჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო, მედლის კანდიდატი, გამორჩეული მოსწავლე. ცხოვრება გვიხაროდა, სიცოცხლით სავსე ამ ბიჭს რომ ვუყურებდით. ლევანი მსხვერპლია ამ ყველაფრის, სრულიად უდანაშაულო იყო. მამამისი შვილის ყველა ნაბიჯს აკონტროლებდა, იცოდა, როდის და სად იყო მისი შვილი. დღეში უამრავჯერ ურეკავდა. ძალიან მზრუნველი მამა ჰყავს. ჭიათურაში იყო, ეს ამბავი რომ მოხდა. ვერ ვუთხარით, ცოცხალი რომ აღარ იყო თავისი ლევანი. ყოველ წუთას გამწარებული რეკავდა, როგორ არის ჩემი შვილიო? ეგონა, საოპერაციოდ იყო შეყვანილი. საშინელებაა, როცა ასეთი სიცოცხლე ქრება ბავშვების გაუაზრებელი ქმედებების გამო", - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.

სამართალდამცველებმა კი ოპერატიულად გახსნეს დანაშაული და თანატოლების განზრახ მკვლელობებისთვის ორ არასრულწლოვანს ბრალი უკვე წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი დაიხურა. ბრალდებულის სკამზე პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე იჯდა, მეორე ბრალდებული კი იმ დროს იძებნებოდა. მოსამართლემ ორივეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ ფაქტიდან რამდენიმე საათში ძებნილი გ.ჯ. სამართალდამცავებს თავად ჩაჰბარდა. მის ინტერესებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე იცავს:

- მას ნამდვილად ჰქონდა დანა და გამოიყენა მხოლოდ ერთხელ, დანარჩენი დაზიანებები სხვა პირებმა მიაყენეს. ექსპერტები დაიკითხებიან და გამოჩნდება, რამდენი დანით აქვს გარდაცვლილს ჭრილობა მიყენებული. ბევრი მოწმეა დაკითხული, მიმდინარეობს მოქმედებები. ვაპირებთ, ვითანამშრომლოთ საგამოძიებო ორგანოსთან, სრულად მივაწოდოთ ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით და არ გვსურს, საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია ჰქონდეს. ბრალდებულის ოჯახი არ აპირებს მართლმსაჯულებას დაუსხლტეს. ოჯახის სურვილია, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის ფარგლებში დაისაჯოს და არა სხვისი ჩადენილი სისასტიკის გამო. მჯერა, დადასტურდება, რომ იქ არ იყო მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დანა.

პატიმრობაში რჩება კიდევ ერთი არასრულწლოვანი. პროკურატურის ინფორმაციით, ის დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს. არც მისი სახაზინო ადვოკატი საუბრობს საქმის დეტალებზე. სასამართლო პროცესიდან გამოსულმა ადვოკატმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე რამდენიმე ახალგაზრდას ჰქონდა დანა. სავარაუდოდ, ოთხ პირს და ყველას ვინაობა ძალოვანებისთვის ცნობილია. ოფიციალურად ძალოვანები ამბობენ, რომ ორი იარაღი ამოიღეს. ჩვენი ინფორმაციით, დანაშაულის პირველ დღესვე პოლიციელებს მთელი დღე პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მამა და ძმა და მათგან ითხოვდნენ, დაესახელებინათ ადგილსამყოფელი, სადაც ახალგაზრდა იმალებოდა. მოგვიანებით ეს ახალგაზრდა გამოძიებამ დაჰკითხა და ჩვენი ინფორმაციით, მას დანაშაულის დაფარვის ბრალდება აქვს წარდგენილი. გაირკვა, რომ მას ხელში დანა არ ჰქონდა. ისიც ცნობილია, რომ სამართალდამცავებმა 5 პირს დანაშაულის დაფარვის ბრალდება წაუყენეს, მათგან ორს პატიმრობა არ შეეფარდება ასაკიდან გამომდინარე, თუმცა სამი პირის დაპატიმრებას პროკურატურა ითხოვს. უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე. დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული ერთ-ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, თენგიზ კალანდიაა. ცნობილია, რომ სწორედ კალანდიას ორი ვაჟი მონაწილეობდა ამ ინციდენტში. შემთხვევის ადგილზე მივიდა იგი, შვილები გაარიდა სიტუაციას და ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი ვაჟი გადამალა კიდეც. ჩვენი ინფორმაციით, კალანდიას ერთ-ერთ ვაჟთან ამ დრომდე გამოძიებას კითხვები აქვს, თუმცა ის საქმეში ჯერ სავარაუდოდ მოწმის სტატუსითაა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე მოწმის სტატუსი აქვს კიდევ ერთი ძალოვანის, მირზა სუბელიანის ვაჟს. არსებული ინფორმაციით, სწორედ ის მონაწილეობდა კონფლიქტში და სწორედ მან იხმო საქმის გასარჩევად ნათესავი. ითქვა ისიც, რომ პროკურატურის მუშაკი მირზა სუბელიანი მალავდა თავის შვილს. თუმცა, მეორე დღეს სუბელიანმა თავად გააკეთა განცხადება და პროკურატურაში დაკავებული თანამდებობა გამოძიების დასრულებამდე დატოვა.

პირად საუბრებში ყველა ამბობს, რომ გოგოს გამო იყო გარჩევა და წინა დღეებშიც ადგილი ჰქონდა ინციდენტებს.

სოციალური ქსელი აჭრელებულია ტკივილიანი წერილებით. "ყოველ დილას, როდესაც ჩემს შვილებს სკოლაში ვაცილებდი, ფანჯრიდან გავცქეროდი და ველოდებოდი, სანამ თვალს არ მიეფარებოდნენ. ამასობაში ლევანიკო და გიორგი ჩამოივლიდნენ, ხანდახან ერთმანეთს ასცდებოდნენ, უმეტესად კი ერთად მიიჩქაროდნენ სკოლისაკენ. 2017 წლის პირველი დეკემბრის დილა კი უკანასკნელი აღმოჩნდა ლევანიკოსთვის. ვინ წარმოიდგენდა ასეთი სისასტიკის მსხვერპლი რომ გახდებოდა ეს უდანაშაულო, უწყინარი და უპატიოსნესი ბიჭი. ვინ იფიქრებდა, დედას საკუთარი ფეხით რომ ვეღარ დაუბრუნდებოდა სახლში. ისეთი ბიჭი იყო, თვალს უხაროდა მისი დანახვა. თავის ლამაზ, დიდრონ თვალებს შემოგანათებდა და სალამს ვერ დაასწრებდი. მუდამ ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და სიკეთეს ასხივებდა. აი, ასეთი იყო ჩვენი ლევანიკო, ჩვენი უბნის თვალი და ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილი, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენივე ქვეყნის სამარცხვინო შვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა. არ ვიცი, როდის განელდება დღეს მიღებული შოკი და ტკივილი. მეც დედა ვარ და მწარედ ვიზიარებ მისი დედის, ნათიას ტკივილს, რომელიც თავს დაჰკანკალებდა თავის შვილებს. უფალმა გაამაგროს და გააძლიეროს. მე კი სამწუხაროდ, დილაობით როდესაც ფანჯრიდან გადავიხედავ, ლევანიკოს სკოლისაკენ მიმავალი დიდი ნაბიჯები მხოლოდ მოგონებად დამრჩება", - წერს სოციალურ ქსელში ნინო შონია.

რაც შეეხება დათო სარალიძეს, დედამისი უცხოეთში იყო სამუშაოდ წასული და იქიდან განადგურებული ჩამოვიდა. მონატრებულ შვილს დასტირის. პედაგოგები ამბობენ, რომ დათოს მამა შვილს ყურადღებას არ აკლებდა და ფაქტობრივად მისი ყველა ნაბიჯი იცოდა, დღეს კი მისი მწუხარება ყველას სულს უკლავს. ანალოგიური სიტუაციაა ლევანის ოჯახშიც. ისინი კეკელიძეზე ცხოვრობენ და მთელი დღეები ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. საშინელი სტრესის ქვეშ არიან მათი მეგობრები და წარსულ დროში უჭირთ საუბარი თანაკლასელებზე. მათი თქმით, არც ერთი ახალგაზრდა არ იყო კონფლიქტური. განათლების მინისტრის განკარგულებით, 51-ე სკოლის მოსწავლეებთან, განათლების სამინისტროს ფსიქოლოგების ჯგუფი იმუშავებენ, რადგან ბავშვებს მათი დახმარება ძალიან სჭირდებათ.

"ლევანი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, ბოლო გაკვეთილსაც ესწრებოდა. მედლის კანდიდატი იყო. კონფლიქტური არ ყოფილა, ვერავინ იტყვის, რომ მას ვინმესთან ჩხუბი ჰქონოდა. ძალიან კარგი ბიჭი იყო. ჩვენს სკოლაში ასეთი დაპირისპირებები არ ყოფილა. ლევანი ამ დაპირისპირებაში მეგობრის დასაცავად ჩაერია და მოკლეს. ის დათოსთანაც მეგობრობდა. არც დათო იყო კონფლიქტური. მიზეზი ნამდვილად არ ვიცით. ვიცით, რომ ორი უახლოესი მეგობარი დავკარგეთ და განადგურებულები ვართ. რაც მოხდა, ჩვენთვის შოკის მომგვრელია. არც წინა დღეების ინციდენტზე მსმენია რამე, ვფიქრობ, ეს არ არის სიმართლე. ჩხუბის დროს იქ დაახლოებით 15-20 ბავშვი იყო, მაგრამ რა მოხდა არავინ იცის. ან ვის ჰქონდა და რატომ ჰქონდა დანა, ჩვენი ბიჭები დანას არასოდეს ატარებდნენ", - მითხრა გარდაცვლილის თანაკლასელმა.

ბიჭები მიწას მიაბარეს, ორი ოჯახი განადგურდა. გარდაცვლილებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ და მალე გაირკვევა, ერთი დანით აქვთ ჭრილობა მიყენებული თუ რამდენიმეთი.

თეა ხურცილავა