გია თელიას ძმა ერეკლე კოდუას მკვლელობაში ადანაშაულებს - გზაპრესი

გია თელიას ძმა ერეკლე კოდუას მკვლელობაში ადანაშაულებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, ერეკლე კოდუას უკვე ინტერპოლი ეძებს. მასზე ძებნა ოფიციალურად წითელი ცირკულარით გამოცხადდა. გამოძიება 2008-2009 წლებში ჩადენილ დანაშაულს ედავება. კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და თაღლითობის ფაქტზე აღიძრა საქმე მის წინააღმდეგ და წაყენებული მუხლი 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მისი ადვოკატები წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ. მათი მტკიცებით, ბრალდებული ბრალდებებს არ აღიარებს.

ფაქტია, რომ ყოფილი ძალოვანის დასჯას ბევრი ადამიანი ითხოვს. ერეკლე კოდუას მისამართით ბრალდებები არ წყდება. მას არაერთი ადამიანი ამხელს. მათ შორისაა დავით თელია. იგი დარწმუნებულია, რომ მისი ძმა, ყოფილი ძალოვანი, გია თელია კოდუასთან დაპირისპირებას შეეწირა და იმედოვნებს, რომ მას უახლოეს მომავალში ბრალი დაუმძიმდება.

დავით თელია:

- 2006 წლის 16 თებერვალს ნათესავის სახლში გია სპეცრაზმელებმა ჩაცხრილეს. ნათესავი ამბობს, ძირს დამაწვინეს და სროლისგან ისეთი "გუგუნი" იყო, ყურები ხელებით მქონდა დახშულიო. გიას დაკავება პრობლემა არ იყო, მაგრამ მისი ლიკვიდაცია სჭირდებოდათ. ამას მოწმობს მკვლელობის ადგილიდან ამოღებული ტყვიები, რომლებიც მერვე ხარისხის ბრონირებულ ჟილეტსაც კი ხვრეტდა. 7 ტყვია ჰქონდა გიას მოხვედრილი. ორი - თავში. საკონტროლო გასროლაც იყო ნაწარმოები. ჩემი ძმა "ბარიგა" არ ყოფილა. მერე ჩაულაგეს ავტომატები, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარები, ნარკოტიკები. მარჯვენა ხელში დააჭერინეს იარაღი, გია კი ცაცია იყო. იარაღი რომ სჭეროდა, გასროლის შემდეგ ხელში არ უნდა ჰქონოდა: ავტომატს ისეთი დარტყმის ძალა აქვს, შორს გაგდებს. გია მოკლეს და მიცვალებულიც კი გაძარცვეს: ოქროს ძეწკვი და საათი ჰქონდა და წმინდა გიორგის კულონი, ისიც ააცალეს. მერე გაავრცელეს კადრები - მაგიდაზე ეყარა ნარკოტიკები და იარაღი. ითქვა, თითქოს ეს გიას ჰქონდა, ძალოვანებს წინააღმდეგობა გაუწია და მოხდა ლიკვიდაციაო. არადა, ჩემი ძმა მანამდე ყველგან დადიოდა და დახმარებას ითხოვდა. აცხადებდა, რომ მას ჰქონდა სერიოზული კომპრომატები სოდ-ის უფროს ერეკლე კოდუაზე, რის გამოც კოდუა მის მკვლელობას გეგმავდა. დოკუმენტებით ხელში სხვადასხვა უწყებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, ჟურნალისტებთან მიდიოდა, მაგრამ მისი ნათქვამი არავინ დაიჯერა. ახლა მეუბნებიან, - რას წარმოვიდგენდით, რომ ძალოვანი სტრუქტურის ჩინოსნები ადამიანების ლიკვიდაციას ახორციელებდნენო?! არადა, მანამდე ორჯერ სცადეს მისი მკვლელობა.

- კონკრეტული მიზეზი რა იყო?

- გია ამბობდა, რომ ჰქონდა დოკუმენტური მტკიცებულება, რომ სოდ-ის მაშინდელი უფროსი ჩართული იყო ნარკობიზნესში. ინფორმაცია ნარკოტრანზიტზე ჰქონდა. პირადად ლაურა ღაჭავას ამხელდა დანაშაულში. ამბობდა, ამ საქმეს მფარველობს თემურ ალასანიაო. სქემა ასეთი იყო: ლაურა ღაჭავას ირანში ტრაილერებით გაჰქონდა წყალი, აქეთ შემოჰქონდა ნარკოტიკი. უფრო სწორად, ხდებოდა ტრანზიტი: ირანის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით წამალი მიდიოდა უკრაინაში, იქიდან - ევროპაში. ეს ხდებოდა ტრაილერით. ტრანზიტის დროს 120-130 კილოგრამ ჰეროინზე იყო ლაპარაკი. ამას წინათ დააკავეს ტრაილერი და 116 გრამი ჰეროინი ამოიღეს. მაშინაც ასეთი სქემით მუშაობდნენ, მაგრამ აცილებდნენ თავად კოდუას თანამშრომლები. ფოტოებიც კი ჰქონდა გადაღებული გიას, ტრაილერებისა და მანქანის ნომრებიც იცოდა. ამ ინფორმაციის დეტალურად შეგროვება 2004 წლიდან დაიწყო - მას შემდეგ, როცა დაიწყეს მისი დევნა. მე თვითონ მაქვს ნანახი ეს მასალები. ფაქტია, ჩემი ძმა სოდ-ის თანამშრომლებმა მოკლეს და ამას სოდ-ის სპეცოპერაცია დაარქვეს. გიას ბევრი აუდიოჩანაწერი, ფოტო და ვიდეომასალა ჰქონდა ნარკოტიკთან დაკავშირებული, ასევე - სხვა სამხილებიც.

- მაინც, რა?

GzaPress- ერთ დღეს მითხრა, ძალიან მაგარი მასალები მაქვსო. გირგვლიანის მკვლელობა ორი დღის მომხდარი იყო. მაჩვენა მშენებარე კორპუსების ფოტოები. ეს დავით კოდუას სამშენებლო კომპანიის კორპუსებიაო, - მითხრა. მერე მომასმენინა მამაკაცის საუბარი. "პრარაბი" ელაპარაკებოდა გიას: ჩემი მუშა მოვიდა გუშინ და მითხრა, ღამე მოვიდნენ ძმები კოდუები, კიდევ ორი პიროვნება; მანქანის საბარგულიდან გვამი ამოიღეს და კორპუსის საძირკველთან ჩამაბეტონებინესო. ძალიან მაგრად მეშინია, ამიტომ ის მუშა გავუშვი სამსახურიდან და ნათესავებთან ცხინვალში წავიდა; მეც მეშინია, არ ვიცი, რა ვქნაო. გიას უთქვამს, - ნუ გეშინია, მათ არ იციან, რომ ეს ინფორმაცია გაქვსო.

- გჯერათ ამ ამბის? იქნებ მოიგონა იმ ადამიანმა?

- მაშინ მეც არ დავიჯერე და გია გამიბრაზდა, მითხრა, - შენ აზრზე არა ხარ, რა ხდება და რა საშიშ ხალხთან გვაქვს საქმეო. მას ჰქონდა კიდევ სხვა აუდიოჩანაწერებიც, სადაც პოლიციის თანამშრომლები საუბრობდნენ თათბირის შემდეგ ერთმანეთში: - გია თელიას რატომ უპირებენ მოკვლას, მოკვლა რა პონტია, ვერ დავიჭერთ თუ რაო?.. პირდაპირ ლიკვიდაციაზე იყო ლაპარაკი. მაშინ მეც არ ვიჯერებდი, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ეს სიმართლე იყო. არც ის სჯეროდა არავის, რომ გიას მოკლავდნენ, მაგრამ მოკლეს. მანამდე ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა 14 ადამიანის სია, "ბარიგები" არიანო. სხვები მეტსახელით ჰყავდათ მოხსენიებული, ბოლოს კი ეწერა, რომ გიორგი პარმენის ძე თელია, დაბადებული 1957 წელს, არის "ბარიგა". მისამართიც იყო მითითებული. ამაზე ძალიან გაბრაზდა მაშინ ჩემი ძმა. ბულაჩაურის ქუჩაზე ადვოკატთან საჩივრის დასაწერად მივიდა. იქიდან ადვოკატთან ერთად გამოდიოდა, დაწერილი საჩივრით პროკურატურაში მიდიოდა და სწორედ ამ დროს ქუჩაში ესროლეს, პირდაპირ თავში. გია მაშინ გადარჩა. საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტყვია კეფაში იყო შესული და ყურთან გამოსული. საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა, მაგრამ არავის გამოუძიებია. გიამ მაშინვე თქვა, კოდუას გაკეთებულია და არავინ გამოიძიებსო. იმ ტერიტორიაზე ჩემს ძმას ყველა იცნობდა, რადგან საბურთალოს პოლიციაში წლების მანძილზე მუშაობდა. ერთი მათხოვარი მჯდარა იქვე, იმან დააფიქსირა მანქანის ნომერი და გიას უთხრა, - ვინც გაისროლა, ის ამ მანქანაში ჩაჯდა; კიდევ სამი კაცი იჯდაო. ისიც გაარკვია გიამ, რომ იმ ნომრის მანქანით სოდ-ის ხალხი დადიოდა. მანამდე ჩემი ძმის მკვლელობა ტაბახმელაშიც სცადეს, ყაჩაღობა გაითამაშეს. არც ეს არის გამოძიებული... მაშინ ყველა მასალა გიამ ერთ პიროვნებას გადასცა, მაგრამ ის დღემდე არ ჩანს. მკვლელობის მეორე მცდელობის შემდეგ თქვა, - ვხედავ, როგორ მებრძვიან, ასე არ გამოვა; წავალ ჩემს ძმაკაცთან უკრაინაში, ის უშიშროებაში მუშაობს, ყველა მასალას ნარკოტრანზიტზე მას მივუტან და დედას ვუტირებ კოდუასო. ამიტომ წავიდა უკრაინაში. გია თელია არასოდეს გაქცეულა ქვეყნიდან. მის წინააღმდეგ საქმე არასოდეს აღძრულა. ის მებრძოლი პიროვნება იყო, უკან არასოდეს იხევდა.

- რამდენი წელი მუშაობდა თქვენი ძმა პოლიციაში? ამბობენ, რომ ის ნარკომანი იყო.

- მთელი ცხოვრება სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდა, ძირითადად, ნარკომანიის კუთხით. საბჭოთა პერიოდში ურთულესი ოპერაცია ჩაატარა ყაზახეთში, ქალაქ ჩიმკენტში. სწორედ იქ იყო საიდუმლო ქარხანა, სადაც ამზადებდნენ სამედიცინო ნარკოტიკს. ის "მშრალი" ნარკოტიკი საქართველოში შემოვიდა. ჩემმა ძმამ დააკავა მაშინ "ბარიგები". დაიგეგმა სპეცოპერაცია და გიამ გამოთქვა იქ წასვლის სურვილი. ბრძანება იყო, პოლიციელს ჩაეტარებინა ოპერაცია. მასთან ერთად იყვნენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც. ერთი თვე ბარიგებთან გაატარა, წამლის გაკეთებამაც მოუწია, ეჭვი რომ არ მიეტანათ... ეს ძალიან დიდი თემაა. მაშინ შეძლეს ამ დანაშაულის გახსნა და სასწაულებრივად გადარჩა ჩემი ძმაც, მოსაკლავად მისდევდნენ. 187 კაცი დააკავეს ამ ოპერაციის შედეგად, მათ შორის, - შინაგან საქმეთა და "კაგებეს" ბევრი მაღალჩინოსანი. თითქმის საქმეს რომ არ მიჰკარებია, ის ხალხი მედლებით დააჯილდოეს. გიას პოლკოვნიკის წოდება მიანიჭეს. მერე საბჭოთა კავშირი დაიშალა და გიას გამოჯანმრთელებაში ფული არ დახარჯა სახელმწიფომ. ის წამალდამოკიდებული გახდა. პირად საქმეშიც კი ეწერა ეს. მაინც აგრძელებდა პოლიციაში მუშაობას. ყველა "ბარიგას" იცნობდა, უამრავი დანაშაული აქვს გახსნილი. ამიტომაც ჰქონდა უამრავი ინფორმაცია კოდუებსა და სხვებზე. 2003 წელს პენსიაზე გავიდა. მერეც აკითხავდნენ რჩევისთვის მოქმედი პოლიციელები. ბოლო წლებში, დიდი ბრძოლის შემდეგ, თავად გადააგდო ნარკოტიკი, საკუთარი სახსრებით იმკურნალა. 5-6 წელი წამალს მართლა აღარ მოიხმარდა.

- კოდუასთან მისი დაპირისპირების მიზეზი მაინც, რა იყო?

- ეს უფრო ადრე დაიწყო. მაშინ კოდუა დიდუბეში, არასრულწლოვანთა განყოფილებაში მუშაობდა. ჩვენთან სტუმრად ჩამოსული იყო ჩემი ბიძაშვილი. ბაზრობაზე მან იყიდა "ჟიგული 06"-ის მარკის ავტომანქანა. ოზურგეთში მიდიოდა და გააჩერეს საბჭოს ქუჩაზე. ერთ-ერთი მათ შორის, ერეკლე კოდუა იყო. წამალს ეძებდნენ. მანქანის "სიდენიები" დაუჭრა დანით კოდუამ. ჩემმა ბიძაშვილმა დაურეკა გიას. მე რომ მივედი, კოდუა კედელზე ჰყავდა მიყუდებული ჩემს ძმას და სცემდა, - სხვისი ნივთი რატომ დააზიანეო?! ის ხმას ვერ იღებდა. სუფთა იყო ჩემი ბიძაშვილი და გამოუშვეს. ამის შემდეგ დაიწყო მათ შორის დაპირისპირება. გიასთან ბრძოლა იოლი არ იყო. როგორც გიას ჰყავდა აგენტები კოდუასთან, ისე კოდუასაც ჰყავდა აგენტები.

- ამბობთ, სამხილი ჰქონდაო. პოლიციას რატომ არ გადასცა მასალები?

- იცოდა, საქართველოში არაფერი გამოვიდოდა, ამიტომ წავიდა ამ მასალებით უკრაინის უშიშროებაში, სადაც მისი მეგობარი, ჩიმკენტის სპეცოპერაციის მონაწილე მუშაობდა. ნარკოტრანზიტთან დაკავშირებული ყველა მასალა მას გადასცა, მაგრამ მეგობარმა უთხრა, რომ უკრაინაშიც ზემდგომებმა დაუბლოკეს ეს მასალები. როცა გია უკრაინაში იყო, მაშინ ტელევიზორში ნახა, მისი ფოტო რომ აჩვენეს. დაურეკა უშიშროების იმ თანამშრომელს, რომელმაც გააფრთხილა, გარეთ არ გამოხვიდეო. როცა ის მოვიდა, უთხრა, - დააკავეს პიროვნება სვანიძის დაჯგუფებიდან, რომელსაც ჯიბეში შენი სურათი აღმოაჩნდაო. დაკავებული ამბობდა, რომ გიას მკვლელობა შეუკვეთეს და 5 ათასი დოლარი გადაუხადეს. იქაც შეექმნა საფრთხე. მეგობარმაც ქვეყნიდან წასვლა ურჩია. ამას ის დაემატა, რომ საქართველოში მოხუცი მამა დაიკარგა და ჩემი ძმა სასწრაფოდ დაბრუნდა.

- მამათქვენი რა ვითარებაში დაიკარგა?

- 2006 წელს მამა დავკარგეთ. 80 წლის იყო. თავის დასთან ქობულეთში მატარებლით წავიდა. იქ ჩავიდა, ამის დამნახავი ადამიანი არის. სადგურიდან 100 მეტრში ცხოვრობდა მამიდა. ფეხით უნდა გაევლო ეს მანძილი, მაგრამ სახლამდე არ მისულა, კაცი გაქრა. ყველგან ვეძებდით. გიას რომ ვუთხარი, პირდაპირ მითხრა, - ეს კოდუას ხალხის გაკეთებული იქნებაო. ესეც სისულელე მეგონა, არ დავუჯერე. განვაცხადეთ პოლიციაში, მაგრამ ვერსად იპოვეს. გია ამ ამბის გამო ჩამოვიდა. 16 თებერვალს ჩემი ძმა რომ მოკლეს, იმხელა დარტყმა მივიღეთ, დაკარგული მამა დაგვავიწყდა. მერე ვლოცულობდით, მკვდარი მაინც გვეპოვა, საფლავი რომ გვქონოდა. 3 აპრილს "გურიანიუსში" დაიბეჭდა სტატია - ნაპოვნი იყო ტყეში მამაკაცის ცხედარი. ლანჩხუთში, ჭაობებში, ეკლიან ბუჩქებში მწყემსმა მამაჩემის ძვლების ნარჩენები იპოვა. იქ მამა ვერანაირად ვერ მოხვდებოდა. მისი ამოცნობა გასაღებით მოხდა - ჯიბეში ჰქონდა ეს გასაღები, ფულიც იქ ედო, მაგრამ გამქრალი იყო მისი საბუთები, არადა, მამა სულ ჯიბით დაატარებდა საბუთებს.

- ფიქრობთ, მამა მოგიკლეს?

- მამაჩემი ეტყობა, მანქანაში ჩასვეს, ცემა-ტყეპაში შეიძლება, ცუდად გახდა და მერე გადააგდეს ტყეში. მამაჩემის საქმე მაშინ განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, მაგრამ არც ეს გამოუძიებია ვინმეს. ჩემს დასაკითხად სამი პროკურორი მოვიდა მაშინ. მივხვდი, მათ უკვე მეც შეიძლებოდა გავები რამეში. ამიტომ დავწერე, რომ მამას სკლეროზი ჰქონდა და დაიკარგა. არადა, სკლეროზი ნამდვილად არ ჰქონდა. პენსიის ასაღებადაც მარტო დადიოდა. მოწესრიგებული მოხუცი იყო. ეს საქმეც უკავშირდება კოდუას სახელს.

- იქნებ თქვენს ძმას სხვა მტერიც ჰყავდა, მით უმეტეს, თუ "ბარიგებთან" ჰქონდა ურთიერთობა. ამას გამორიცხავთ?

- ჩემს ძმას სხვა მტერი არ ჰყოლია. სხვა არავინ მოკლავდა გიას. ჩემმა ოჯახმა ისეთი სტრესი მიიღო, რომ ამ ტრაგედიაზე არაფერი გვითქვამს მთელი ამ წლების მანძილზე. მხოლოდ მაშინ, ცხელ გულზე ერთი ინტერვიუ მივეცი. თან ვხედავდი, რა მდგომარეობაში იყვნენ გირგვლიანის დედა, ვაზაგაშვილის, რობაქიძის მშობლები. ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. მეც მიგზავნიდნენ ხალხს, მეუბნებოდნენ, მეყვირა, მაგრამ გავჩერდი. ესეც სპეციალურად იყო გაკეთებული. უნდოდათ, მეყვირა, ვის აქვს შენახული ჩემი ძმის მოპოვებული მასალები და ის გამოჩენილიყო. მათი მიზანი კი იმ მასალების ხელში ჩაგდება იყო. ეტყობა, საბოლოოდ მაინც მიაგნო კოდუამ იმ მასალებს. მერე ხელი აიღეს ჩემთან ხალხის გამოგზავნაზე. ახლა თუ გამოჩნდა ის პიროვნება, კარგი იქნება. შეიძლება, ვინმემ დადოს ეს მასალები. კიდევ არ ვკარგავ ამის იმედს. ჩემმა რძალმა შეიტანა საჩივარი პროკურატურაში და ამ საქმეების გამოძიებას ითხოვს. ჩემი ოჯახის მოთხოვნაა, ყველამ პასუხი აგოს იმაზე, რა სიბინძურეებიც აკეთეს ამ 9 წლის განმავლობაში. ჩემი ძმის სიცოცხლე შეიწირეს და დარწმუნებული ვარ, მამაჩემის სიკვდილშიც მათი ხელი ურევია. ახლა ბევრი მეუბნება, - როგორ არ დავუჯერეთ მაშინ გიას, თურმე რა სიმართლეს ამბობდაო! მაგრამ ახლა ეს რას მიშველის?! მე არსად მეჩქარება. ჩემი ძმა ცოცხალი აღარ მყავს, მამა აღარ მყავს. ვერც კოდუას გასამართლებითა და დაჭერით გაცოცხლდებიან ჩემი გარდაცვლილები, მაგრამ სიმართლე მინდა გაირკვეს. კოდუას თუ დაიჭერენ და გაასამართლებენ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ სამართალი აღდგა.

თეა ხურცილავა