რას მოითხოვენ უვადოები - გზაპრესი

რას მოითხოვენ უვადოები

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მასალა ასევე უვადო მსჯავრდადებულმა, იურისტმა და შსს-ს ყოფილმა ჩინოსანმა გიორგი გელაძემ მოგვაწოდა.

ზურაბ ბრეგვაძე, რომელსაც თანდაყოლილი გულის მანკი აქვს, 19 წლის ასაკში დააკავეს ვინმე ვევიორსკაიას მკვლელობისათვის და 1998 წელს აპელაციის გარეშე (არ მისცეს გასაჩივრების უფლება) მიუსაჯეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა. ციტატა განაჩენიდან - "ზურაბ ბრეგვაძემ გადაწყვიტა რა, ფარულად დაუფლებოდა ვევიორსკაიას ქონებას, სწავლობდა მობინადრის გადაადგილებას და როცა ბინის მეპატრონე სახლში არ ეგულებოდა, ეზოს მხრიდან ლოჯიის ღია კარიდან გადაძრომით შეაღწია ბინაში მისი გაქურდვის მიზნით. ბინაში შეღწევიდან რამდენიმე წუთში, ვევიორსკაია დაბრუნდა და შევიდა ბინაში. ზურაბ ბრეგვაძემ მხილებისაგან თავის დახსნის მიზნით, ვევიორსკაიას თავში პისტოლეტის ტარი ჩაარტყა". ე.ი. განაჩენიდანაც ნათლად ჩანს, რომ ბრეგვაძის განზრახვა იყო ბინის ფარული გაქურდვა და არა მისი დაყაჩაღება ან მოკვლა. ამ მიზნით მან შეარჩია ის დრო, როდესაც მობინადრე შინ არ იმყოფებოდა, ფარულად შეაღწია ბინაში და მაშინაც კი, როდესაც სახლის პატრონი მას მოულოდნელად თავს წაადგა, ბრეგვაძეს არ განუზრახავს მისი მოკვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანარსებული მაყუჩიანი პისტოლეტის ტარის თავში ჩარტყმის ნაცვლად, მას პირდაპირ ესროდა და მოკლავდა. ნათელია, რომ ბრეგვაძის განზრახვა არ იყო ქალის მოკვლა. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ვევიორსკაია იყო ცე-რე-უს ყოფილი თანამშრომელი და იმხანად საქართველოში გაეროს ეგიდით მუშაობდა. ეს ქალბატონი კარგი სპორტსმენი, ნიჩბოსანი ყოფილა და პისტოლეტის თავში ჩარტყმით არ გაითიშა. ბრეგვაძე არის უგამხდრესი ადამიანი და ქალმა ისე მოიგდო ხელთ, რომ მას ან გაგუდავდა, ან დააბამდა და პოლიციას ჩააბარებდა. ერთმანეთს შეეჭიდნენ. ეს ქალი ახრჩობდა ბრეგვაძეს, ყელში წაუჭირა და ამ ხელჩართული ბრძოლის დროს, შიშს აყოლილმა ბრეგვაძემ რამდენჯერმე გაისროლა და ქალი მუცლის არეში დაჭრა. მერე იხელთა დრო და დანაშაულის ადგილიდან გაიქცა. სამწუხაროდ, ვევიორსკაია გარდაიცვალა, ბრეგვაძეს კი - უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. სიკვდილით დასჯა გაუქმებული რომ არ ყოფილიყო, მას აუცილებლად დახვრეტდნენ, რამეთუ ცე-რე-უში არსებობს შიდა დაუწერელი წესი, რომ მათი თანამშრომლის მკვლელი აუცილებლად უნდა მოკვდეს. ბრეგვაძე ამ საქმეზე ჯერ არ იყო დაკავებული, როცა ედუარდ შევარდნაძემ გააკეთა ამ საქმეზე განცხადება და მისთვის უცნობ დამნაშავეს გამოუტანა უვადო პატიმრობის ვერდიქტი. ბრეგვაძე მხოლოდ იმიტომ დარჩა ცოცხალი, რომ ცე-რე-უს გამომძიებლები, რომლებიც მის დაკითხვებს ესწრებოდნენ, ვერ იჯერებდნენ, რომ ეს ქალი ამ ბიჭს ჰყავდა მოკლული და დროთა განმავლობაში დარწმუნდნენ, რომ ეს შემთხვევითობა იყო და არა აგენტის განზრახ მკვლელობა. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ამ დანაშაულს განზრახ მკვლელობად არავინ დააკვალიფიცირებდა და 19 წლის ბიჭს უვადოს არ მიუსჯიდა, მაგ. ირანში კი, შესაძლოა, აგენტის მკვლელობისთვის დამნაშავე დაეჯილდოებინათ კიდეც.

ვლადიმერ ზაზაძე უვადო სასჯელს 2001 წლიდან იხდის და მსჯავრდადებულია სს კოდექსის 109-ე მუხლით. იგი მამით ქართველია, დედით - რუსი. ზაზაძე მამასთან, ახალციხეში იზრდებოდა, საიდანაც გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. გახსოვთ, ალბათ შევარდნაძის დროინდელ ჯარებში საბჭოთა წყობიდან მოყოლებული, ე.წ. დედოვშინის პრობლემა არსებობდა. ეს ახალგაზრდა ჯარში აითვალწუნეს და დაცინვისა და შეურაცხყოფის ატანა უხდებოდა. ერთ დღესაც, მჩაგვრელებთან შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, ზაზაზემ მათ ხელიდან ავტომატი გამოსტაცა და იმსხვერპლა ისინი. სახეზეა სუფთა შელაპარაკების საფუძველზე იძულებითი თავდაცვის მიზნით აუცილებელი მოგერიება, მაგრამ ამ უპატრონოდ დარჩენილ რუს-ქართველა ბიჭს იმ განუკითხაობის პერიოდში ვინ მოექცეოდა სამართლიანად? ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი გამოყენებულია პირისპირი მიმართულებით (ანუ გამოსტაცა და პირდაპირ ესროლა თავდამსხმელებს), მაგრამ საქმის სპეციალურად დამძიმების მიზნით, გამომძიებელმა და მოსამართლემ ჩაწერეს, რომ თითქოს მოკლულებს ზურგის არეში, ანუ გაქცეულებზე ჰქონდათ ნასროლი. ვლადიმერის ძმა 1990 წელს დაიღუპა სამხედრო სამსახურში. ეს ადამიანიც, ფაქტობრივად, ამ სამსახურმა იმსხვერპლა.

ბადრი ბეჟანიძე უვადო სასჯელს 2007 წლიდან იხდის, მსჯავრდადებულია 109-ე მუხლით, არის უმაღლესი განათლებით და წლების მანძილზე მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგზაო-სატრანსპორტო სფეროში მაღალ თანამდებობებზე. მისი ვაჟი დღესდღეობით მსახურობს და სწავლობს თურქეთის სამხედრო აკადემიაში ნატოს ჯარების ეგიდით. 2007 წელს ბადრიმ თავისი ავტომანქანა 3.000 დოლარად მიჰყიდა ვინმე ანზორ თხილაშვილს. მას მყიდველმა 1.000 დოლარი მაშინვე გადაუხადა, მაგრამ დარჩენილ 2.000 დოლარზე უარი განუცხადა და საქმეში ჩაერივნენ არაკანონმორჩილი რეპუტაციის მქონე ვინმე თემურ და გიორგი ბეჟანიძეები, რომელთაც ბადრისგან დამატებითი თანხის გამოძალვაც მოისურვეს. ერთ-ერთი ასეთი დაძაბული საუბრის დროს, ბადრის თან ახლდა დისშვილი. კამათი ჩხუბში გადაიზარდა და ბადრის რომ არ ევაჟკაცა და თავდამსხმელები მათივე ცივი იარაღით - დანით არ მოეგერიებინა (წაართვა და დაჭრა), ის და მისი დისშვილიც გარდაცვლილები, ან ინვალიდები იქნებოდნენ. სამწუხაროდ, მიყენებული ჭრილობებით თემურ და გიორგი ბეჟანიძეები გარდაიცვალნენ.

გოჩა ზურაბიანი - უვადო სასჯელს იხდის 2006 წლიდან სსკ 109-ე მუხლით. მან ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე სასიკვდილოდ დაჭრა კერძო ტაქსის მძღოლი, რომელიც შემდეგ გარდაიცვალა. დანაშაულის ადგილიდან გოჩას არაფერი გაუტაცია, რაც ავტომატურად ყაჩაღობას, ან ძარცვას გამორიცხავს და ამყარებს შელაპარაკების ნიადაგზე არაწინასწარი განზრახვით მომხდარი მკვლელობის არგუმენტს.

იოსებ კოჩიევი უვადო სასჯელს 2005 წლიდან სსკ-ს 23-323-ე მუხლით, ანუ ტერორისტული აქტის თანამონაწილეობისთვის იხდის. სს საქმის მასალების მიხედვით, მისი თანამონაწილეობა იმით შემოიფარგლება, რომ მან, როგორც დედით ქართველმა, ქართულისა და ავტომანქანების კარგმა მცოდნემ, მეგობრის თხოვნით, თანასოფლელებს დაეხმარა, თბილისში ეყიდათ ავტომანქანა, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდგომ, სრულიად უცხო პირებმა გამოიყენეს ქალაქ გოში ტერაქტის მოსაწყობად (პოლიციის შენობა ააფეთქეს შურისძიების მოტივით). აღნიშნული დანაშაულის მონაწილენი ერთხმად აღიარებენ, რომ ორგანიზატორი და შემსრულებლები არიან გიორგი ზასაევი და გიგო ვალიშვილი. მათივე თქმით, კოჩიევისთვის არ იყო ცნობილი, თუ რა მიზნით იყო შესყიდული აღნიშნული ავტომანქანა. მიუხედავად ამისა, დანაშაულის უნებლიე თანამონაწილე ისევე დასაჯეს უვადოდ, როგორც მისი ორგანიზატორი და შემსრულებელი.

GzaPressკობა ეპიტაშვილი უვადო სასჯელს იხდის 2008 წლიდან და მსჯავრდადებულია სს კოდექსის 109-ე მუხლით. თბილისის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სოფელში ორ მეზობელს ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ, თუმცა მშობლები, ძირითადად კი გოგონას მშობლები მათი ურთიერთობის წინააღმდეგი იყვნენ. ქალ-ვაჟი 2006 წელს მაინც შეუღლდა, მაგრამ ამან გოგონას მშობლების გული მაინც ვერ მოალბო. სასამართლო პროცესზეც კი, გოგოს ძმამ ღიად განაცხადა, რომ "კობა ეპიტაშვილისა და ჩვენს ოჯახებს შორის, როგორც ჩემი დისა და კობას ქორწინების პერიოდში, ასევე მათი დაშორების შემდგომაც, დაძაბული ურთიერთობები იყო." გოგონას დედამ იმდენი ქნა, რომ ახალგაზრდები დააშორა ერთმანეთს, თუმცა როგორც საქმის მასალებიდან ჩანს და როგორც კობას მეუღლეც აღიარებს, ისინი ფარულად მაინც განაგრძობდნენ ურთიერთობას. ერთ დღეს, როცა კობა თავის მეუღლეს ფარულად უნდა შეხვედროდა, მათ სახლთან გადააწყდა სიდედრს, რომელიც ყოველ დანახვაზე წყევლიდა და ლანძღავდა მას. არც მას დაუკლია და მათ შორის მოხდა შელაპარაკება. მართალია, ერთმანეთს ხიფათის გარეშე დაშორდნენ, მაგრამ გოგონა დედის შიშით კობას ვეღარ შეხვდა, კობა კი სანადიროდ წავიდა. მთელი ამ დროის განმავლობაში კობა ცოლს ურეკავდა, მაგრამ არ პასუხობდა. ამით შეშფოთებული კობა ნადირობიდან პირდაპირ ცოლის სახლში მივიდა, რათა გაეგო, რატომ არ პასუხობდა ტელეფონზე. იმ მიზნით, რომ ყოფილ სიდედრს არ გადაჰყროდა და სკანდალი არ ამტყდარიყო, ვაჟი თავის მეუღლესთან ერთად ეზოში მდებარე სამზარეულოში შევიდა სასაუბროდ. მათ გეგმაში ჰქონდათ საზღვარგარეთ ერთად გაქცევა. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, გოგოს დედას დაუნახავს ეზოში შემოსული კობა, მან მეუღლე გააღვიძა, კობას და ქალიშვილს თავს წაადგნენ და სკანდალი მოუწყეს. ეს დავიდარაბა იმით დამთავრდა, რომ კობას გაუვარდა გადაჭრილი სანადირო თოფი და ტყვია სიმამრს მუცელში მოხვდა. დაჭრილი რამდენიმე დღის შემდეგ არაკვალიფიციური მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარით გამწარებულმა კობამ სიდედრს მიმართა: ოჯახი დამინგრიე, ეს კაცი ლამის მომაკვლევინე, ჩემთვის ტკივილის მიყენება გსიამოვნებს? აი, იგრძენი რა არის ტკივილიო და თოფი ფეხში ესროლა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა (ისე, იშვიათი შემთხვევაა, ფეხში დაჭრილი ადამიანი ადგილზე გარდაცვლილიყო). კობამ დანაშაული, რა თქმა უნდა, ჩაიდინა, მაგრამ მის ქმედებაში განზრახ მკვლელობის სურვილი და მიზანი არ ყოფილა. ასეთი განზრახვა რომ ჰქონოდა, სადმე ჩაუსაფრდებოდა სიდედრ-სიმამრს. ისინი წყვილს ლანძღვა-გინებით რომ არ დასხმოდნენ თავს, არც არაფერი მოხდებოდა. მეტიც - თავში, ან გულში ესროდა, არა - ფეხში. დასაფიქრებელია ის მიზეზებიც, რამაც ახალგაზრდა კაცი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.

მე - გიორგი გელაძე, შსს-სა და უშიშროების კომიტეტის არამოქმედი თანამშრომელი 18-ე წელია ვიხდი უვადო სასჯელს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაულისათვის (შელაპარაკება მომიხდა აზერბაიჯანელთან და შემომაკვდა). სსკ-ს, კონსტიტუციისა და საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი დანაშაულისათვის სასჯელის ზომა უნდა განისაზღვროს დანაშაულის ჩადენის პერიოდში მოქმედი კანონით. კანონი, რომელიც ამძიმებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს, ეს საერთაშორისოდ აღიარებული იურიდიული აქსიომაა. ჩემ მიმართ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის პერიოდში (1997 წლის 28იანვარი), არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის კანონმდებლობაში უვადოდ თავისუფლების აღკვეთის სასჯელის ზომა არ არსებობდა. სასჯელის მაქსიმალური ზღვარი შემოიფარგლებოდა 15 წლით თავისუფლების აღკვეთით, რაც მომისაჯა კიდეც ბაქოს საქალაქო სასამართლომ, მაგრამ იმავე სასამართლომ იმავე დანაშაულისათვის 1 წლის შემდგომ გამასამართლა და მომისაჯა კანონმდებლობაში 1998 წლის 10 თებერვლიდან შემოღებული ახალი და უფრო მძიმე უვადო თავისუფლების აღკვეთის სასჯელი. 2011 წლის 14 ივლისს, დიდი ბრძოლის შემდგომ ექსტრადირებული ვიყავი საქართველოში, რომლის სასამართლო ხელისუფლება ვალდებული იყო ბაქოს საქალაქო სასამართლოს განაჩენი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოეყვანა. უვადო თავისუფლების აღკვეთის სასჯელი უნდა შეეცვალათ 15 წლით თავისუფლების აღკვეთით, რამეთუ უვადო სასჯელი საქართველოს კანონმდებლობაში შემოიღეს 1997 წლის 1-ლი თებერვლიდან და ამ თარიღამდე საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი ნებისმიერი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის სასჯელის მაქსიმალური ზომა ინიშნებოდა 15 წლით თავისუფლების აღკვეთით. მე კი ინკრიმინირებული დანაშაული ბაქოს ტერიტორიაზე ჩადენილი მაქვს 1997 წლის 28 იანვარს. ე.ი. სამი დღით ადრე, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობაში შემოღებულ იქნებოდა უვადო თავისუფლების აღკვეთის სასჯელი. როგორც მითხრეს, ეს იყო ადეიშვილ-ზოდელავა-კუბლაშვილის დაკვეთა, ამიტომაც საქმეს განიხილავდნენ ისეთი კილერი მოსამართლეები, როგორებიც არიან ნატო ხუჯაძე, მაია თეთრაული, ომარ ჯორბენაძე და მიხეილ ბებიაშვილი. მათ რომ კანონის სრული დაცვით ემოქმედათ, ჯერ კიდევ 2011 წლის 13 თებერვალს უნდა გავთავისუფლებულიყავი სასჯელისგან, არადა, უკვე მესამე წელია, უკანონო პატიმრობაში ვიმყოფები. აზერბაიჯანმა ჯიბრზე გამოიტანა ასეთი უკანონო განაჩენი, "ნაციონალებმა" უსირცხვილოდ დატოვეს ის ძალაში, "ოცნება" კი, სამწუხაროდ, პირადი მოტივებიდან გამომდინარე არ ჩქარობს საქმის გადახედვას.

სს საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი განაჩენი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან, უპირველესად კი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასაბუთებული და სამართლიანი. ზემოთ მოყვანილი განაჩენებიდან არც ერთი არ არის სამართლიანი, უტყუარად დასაბუთებული და კანონთან შესაბამისი. ამ პატიმრების გარდა, კიდევ ბევრი უვადო მსჯავრდადებულის საქმეშია შეუსაბამობა, ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები, ან აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც მათი უდანაშაულობის, ან ნაკლები ბრალის სასარგებლოდ მეტყველებენ. ყველა მათგანზე აქ ვერ მოვყვები, ან რა აზრი აქვს, როცა პროკურატურა ყურს არ იბერტყავს, ხოლო სასამართლო მხოლოდ ჯალათების გამართლებით არის დაკავებული. ხელისუფლებამ 83 უვადო მსჯავრდადებულის გარდა, ყველას მიმართ ჰუმანიზმი და მოწყალება გამოავლინა, ჩვენ კი გვეუბნებიან, იმედოვნეთ და გველოდეთო. ამას თუ სამართლის დამკვიდრებას ეძახიან, მაშინ სამართალზე ძალიან უკუღმართი წარმოდგენა ჰქონიათ ხელისუფალთ.

ნანა ფიცხელაური