ყოფილი სიკვდილმისჯილი ისევ მკვლელობისთვის გაასამართლეს - გზაპრესი

ყოფილი სიკვდილმისჯილი ისევ მკვლელობისთვის გაასამართლეს

დანაშაული გასული წლის ზაფხულში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში მოხდა.

29 ივლისს, საღამოს 11 საათზე სოსო დრობიშევი სუპერმარკეტში ლუდის საყიდლად შევიდა და მას მაღაზიაში მყოფ ორ მამაკაცთან კონფლიქტი მოუხდა. შელაპარაკების შემდეგ დრობიშევი მარკეტიდან გავიდა და რამდენიმე წუთში დანით შეიარაღებული ისევ უკან დაბრუნდა. მალე ყველანი გარეთ გამოვიდნენ და ჩხუბი მაღაზიის გარეთ გაგრძელდა, რა დროსაც დრობიშევმა 44 წლის გურამ სურმანიძეს მუცელში დანა დაარტყა. დაჭრილი სურმანიძე საკუთარი სახლისკენ წავიდა. გამოძიების ვერსიით, მას უკან დაედევნა სოსო დრობიშევი. სახლთან დაჭრილს ბიჭი დახვდა და შვილისთვის მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, - მომდევენ, დაიმალეთო.

ბიჭმა ქვების სროლა დაუწყო დრობიშევს, რომელიც დაჭრილს დანით მისდევდა. დრობიშევი გაიქცა, ხალხი მოგროვდა და დაჭრილი რამდენიმე წუთში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების მცდელობა, მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ, უშედეგო აღმოჩნდა. ორი დღე იცოცხლა და გარდაიცვალა. დანაშაული მალე გაიხსნა, რადგან სუპერმარკეტის კამერებზე იყო აღბეჭდილი კონფლიქტის დეტალები და ისიც ჩანდა, როგორ შებრუნდა დანით შეიარაღებული ბრალდებული უკან. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, სოსო დრობიშევი ტყიბულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, ნათესავის სახლში დააკავეს.

სასამართლო პროცესზე ბრალდებული და მისი ადვოკატი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციას არ ეთანხმებოდნენ:

"ბრალდებულს არაფერი ჰქონდა საერთო გარდაცვლილთან - თუ კარგად დააკვირდებით კადრებს, ჩანს, რომ კონფლიქტი მაღაზიაში ვინმე ნარიმანის შესვლის მომენტიდან დაიწყო. ის ნასვამი იყო და უმიზეზოდ იგინებოდა. სოსოსაც დაესხა თავს. ბრალდებული ვერ გაუმკლავდა მას და სახლში წავიდა, რომ საკუთარი ღირსება დაეცვა. რეალურად ეს ამბავი ნარიმანის გამო მოხდა, რომელიც ახლა თავისუფლად დასეირნობს", - აღნიშნა ადვოკატმა, დაჭრილის გარდაცვალება კი ექიმებს დააბრალა და თქვა, რომ ის ექიმების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა და არა - დანით მიყენებული ჭრილობის სიმძიმის გამო.

პროკურორმა ადვოკატს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა შეახსენა, სადაც გარკვევით წერია, რომ პაციენტი კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს, მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.

- თქვენ მოისმინეთ ბრალდებულის ჩვენება. მან თქვა, რომ მკვლელობის მიზანი არ ჰქონია და ეს რომ ნდომოდა, საამისო გამოცდილება ჰქონდა და იოლად გააკეთებდა ამას. ამ ჩვენების შემდეგ გამოძიებამ ექსპერტიზა დანიშნა ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესამოწმებლად. ბრალდებული ფსიქიკურად ჯანმრთელი აღმოჩნდა, - თქვა პროცესზე პროკურორმა, რომელიც თვლიდა, რომ საქმეში საკმარისზე მეტი მტკიცებულება იყო ბრალის დასამტკიცებლად. ბრალდებულისა და მისი ადვოკატის მტკიცების მიუხედავად, როგორც ჩანს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი დარწმუნდა პირის ბრალეულობაში, განზრახ მკვლელობაში დრობიშევი დამნაშავედ ცნო და 20 წელი მიუსაჯა.

აღსანიშნავია ერთი გარემოება: სოსო დრობიშევი ადრე ნასამართლევია ანალოგიური ბრალდებით. როგორც ჩანს, მას წლების წინ იმდენად მძიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, რომ მოსამართლემ 1995 წელს სიკვდილით დასჯა შეუფარდა. თუმცა, მაშინ გაუმართლა ბრალდებულს. დახვრეტის მოლოდინში მყოფმა შეიტყო, რომ სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა გაუქმდა. როგორც ცნობილია, მაშინ 21 ადამიანს ჰქონდა სიკვდილით დასჯა შეფარდებული, მაგრამ ყველა მათგანი შეიწყალეს და დახვრეტა ვადიანი სასჯელებით შეუცვალეს.

როგორც ირკვევა, 2011 წელს სოსო დრობიშევი პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს ციხიდან. ფაქტობრივად, მას სიცოცხლე მეორედ აჩუქეს. ალბათ დახვრეტის მოლოდინში მყოფმა ბევრჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში, ყოველ წუთს ელოდა, როდის გაიყვანდნენ საკნიდან და აღასრულებდნენ განაჩენს, თუმცა როგორც ჩანს, ეს ემოციები ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მას საერთოდ გაუქრა და ისევ ხელი აღმართა ადამიანზე და ახალგაზრდა კაცი სასიკვდილოდ გაიმეტა. დრობიშევი ისევ დაბრუნდა ციხეში, მისჯილ წლებსაც ალბათ მოიხდის, თუმცა ბუნებრივია, ეს ნუგეში არაა მოკლულის ოჯახის წევრებისთვის, რომლებმაც საყვარელი ადამიანი დაკარგეს. სავარაუდოდ, ბრალდებულის ადვოკატი განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და კიდევ შეეცდება იქ იმის დამტკიცებას, რომ მისი დასაცავი გამოიწვიეს და ამიტომ ჩაიდინა დანაშაული.

თეა ხურცილავა