შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებული სასჯელისგან თავის არიდებას ცდილობს - გზაპრესი

შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებული სასჯელისგან თავის არიდებას ცდილობს

- ვწერდი, მაგრამ სოციალურ ქსელში არ მპასუხობს, არც მობილურის ზარებს იღებს და სად არისო? მშობლებს გოგონა სახლში ეგონათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ანი საძინებელ ოთახში არ იყო. მაშინვე რატომღაც არავის უკითხავს ანის შეყვარებულისთვის, ასე დილაადრიან რატომ ეძებდა შეშფოთებული. ხომ შეიძლებოდა, ღამის 4 საათზე გოგონას სძინებოდა?

ლადო იქიდან მაშინვე გამობრუნდა და ახლა მეგობრებთან დაიწყო რეკვა, ანის ვერ ვპოულობთ და იქნებ მის ძებნაში დამეხმაროთო. მალევე შეიკრიბნენ უბანში მეგობრები და გოგონას ძებნა დაიწყეს. შვილს ეძებდნენ გაოგნებული მშობლებიც. ლადომ მანქანით მეგობრები თურმე თბილისის ზღვაზეც კი აიყვანა და იქ სხვების დასანახავად მეთევზეებს ეკითხებოდა, გოგონა ხომ არ გინახავთო. მალე პოლიციაც ჩაერთო. გოგონას ნაწამები ცხედარი მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ავტოფარეხებთან იპოვეს. ფაქტის თვითმხილველმა ძალოვანმა თქვა, - ასე სადისტურად მოკლული ადამიანი ჯერ არ მინახავს, გოგონა სისხლის გუბეში იწვა, ყელი გამოღადრული ჰქონდაო. ექსპერტმა 7 ჭრილობა დათვალა ყელის არეში, ასევე გოგონას თავი ჰქონდა გადახლეჩილი. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მაშინვე დაიწყო. თავიდან ძალოვანებს არ გაუხმაურებიათ, რომ გოგონა მოკლული იყო და გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავებული გოგონა თემქის საავადმყოფოში იწვა.

GzaPressგოგონას მამასთან ერთად მივიდა საავადმყოფოში დამწუხრებული შეყვარებული და მის მდგომარეობას კითხულობდა. ამასობაში ძალოვანებმა გოგონას ტელეფონი შეამოწმეს. გაირკვა, რომ მას ღამის 4 საათზე შეყვარებულთან ჰქონდა მიმოწერა. ვერავინ ხსნიდა, ვის ან რატომ უნდა გაემეტებინა ასე სადისტურად ანი ნაცვლიშვილი.

სატელეფონო საუბრებიდან გამომდინარე, პოლიციამ ეჭვი მის შეყვარებულზე მიიტანა. ის საავადმყოფოდან წამოიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. პარალელურად, სასწრაფოდ ჩატარდა ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლში, მანქანასა და ავტოფარეხში. იქიდან ამოღებულია ბასრი დანა, რომლითაც, სავარაუდოდ, მოკლა ანი. მართალია, დანაზე სისხლის კვალი არ არის, თუმცა გამოძიებამ ექსპერტიზა უკვე დანიშნა და დარწმუნებულია, რომ დნმ-ის კვალს იმ დანაზე იპოვის.

რამდენიმე საათში გახსნილად გამოაცხადეს მომხდარი და განზრახ მკვლელობის ბრალდებით ანის შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს.

საქმეში ერთ-ერთი მტკიცებულება სატელეფონო საუბრები უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს, კვალის წაშლაზე წინასწარ იზრუნა დამნაშავემ და მიმოწერები ორივეს ტელეფონში წაშლილია. ცხადია, ძალოვანებისთვის არც ამ მიმოწერის აღდგენაა პრობლემა. ამის მერე უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, მოწმედ დაკითხვისას გრიგალაშვილმა დეტალურად აღიარა, რომ გოგონა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. უთქვამს, ანი ჩემი საცოლე იყო, ამ დანაშაულამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე შავი ფერის "ბეემვეში" იჯდა. მისმა საქციელმა აღმაშფოთა. მინდოდა, მაშინვე გამერკვია ეს ამბავი, მაგრამ ანი იმ დღეებში თბილისში არ იყო და ვერ ვნახეო. ადასტურებს, რომ იმ ღამით სწერდა მას და სახლიდან გამოიყვანა. ისიც უთქვამს, ხშირად ვჩხუბობდით, მაგრამ ვრიგდებოდითო. თუმცა, საქმეში ადვოკატის ჩართვის შემდეგ, მან დუმილის უფლება გამოიყენა და თქვა, რომ მკვლელობა არ ჩაუდენია.

სასამართლო პროცესზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 20 წლის ლადო გრიგალაშვილი ბადრაგებმა შემოიყვანეს. მან დარბაზს გადახედა, მაგრამ მისი ახლობლები პროცესზე არ იყვნენ. როგორც შევიტყვეთ, ბრალდებულიც და მოკლულიც სექტემბერში არიან დაბადებული. ერთ სამშობიაროში იმშობიარეს მათმა მშობლებმა. ერთი დღეა ქალ-ვაჟის დაბადების დღეებს შორის სხვაობა. ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ, ერთ უბანში გაიზარდნენ და ყველამ იცოდა მათი სიყვარულის ამბავიც.

პროკურორმა, გრიგოლ ბიბილაშვილმა საქმის დეტალებზე ისაუბრა:

"განაწყენებულმა გრიგალაშვილმა ეჭვიანობის ნიადაგზე მისი მოკვლა განიზრახა, 22 თებერვალს, დაახლოებით 05 საათსა და 30 წუთზე სახლიდან გაიხმო ანი და მათი სახლის მიმდებარედ, კორპუსის უკან, ავტოფარეხთან შეხვდა. შურისძიების მოტივით კისრისა და თავის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა". პროკურორებმა გრიგალაშვილის დაპატიმრება მოითხოვეს და განაცხადეს, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები მისი ბრალეულობის დასამტკიცებლად.

ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, მისი ადვოკატი კი ირწმუნება, რომ გრიგალაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია. ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას და მანაც გრიგალაშვილის დაპატიმრება მოითხოვა. იქვე დასძინა, დაპატიმრებას იმიტომ ვითხოვ, გვეშინია, ანის მკვლელმა ლადო გრიგალაშვილი არ მოკლასო. მისი თქმით, "საქმის მასალებში ფიგურირებს შავი "ბეემვე" "დუტი ტროიკა", რომლის მძღოლი შეიძლება იყოს ამ დანაშაულის ჩამდენი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თავისი თვალით ნახა ეს მანქანა და ისიც, რომ მის შეყვარებულს "ბეემვეს" მარკის ავტომანქანის მძღოლთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. ამიტომ გრიგალაშვილის გარეთ ყოფნა უსაფრთხო არ არის. დაპატიმრებას ვეთანხმები არა იმიტომ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავეა, არამედ იმიტომ, რომ შესაძლოა მას საფრთხე დაემუქროს, ვინაიდან ლადო გრიგალაშვილმა შეუსწრო საყვარელ გოგონას, აღნიშნული მანქანის მძღოლთან ურთიერთობისას", - თქვა ადვოკატმა და დასძინა, რომ დანა, რომელიც ამოღებულია, ბრალდებულის მამას ეკუთვნოდა და ის მკვლელობის იარაღი არაა.

GzaPressადვოკატ ოტიაშვილის განცხადებებით აღშფოთებულები არიან მოკლული გოგონას ახლობლები და მეგობრები. მათი თქმით, ადვოკატი ყველანაირ სიბინძურეზე მიდის, რომ დაიცვას ბრალდებული. ანის ყველა დადებითად ახასიათებს და ამბობენ, რომ ანის სხვა მამაკაცთან ურთიერთობა არ ჰქონია. ვრცელდება მკვლელობის სხვა ვერსიაც: ახლობლების თქმით, ამ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე ლადომ ქუჩაში გაიტანა ადამიანი, მერე კი მიიმალა. ამბობენ, გოგონა სთხოვდა შეყვარებულს, სამართალდამცავებთან მისულიყო და მომხდარი ეღიარებინა. სწორედ ამან გააღიზიანა ლადო და მოკლა ანი.

ადვოკატს განცხადებები დაუწუნა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა. მისი თქმით, ბრალდებულის ადვოკატის მხრიდან თემქაზე მოკლული ანი ნაცვლიშვილის პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელება მიუღებელია: "ყველანი შეძრწუნებული ვართ ახალგაზრდა გოგონას ასე სასტიკი მკვლელობით. ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდის გახშირებული შემთხვევები უკვე ურთულეს პრობლემად იქცა, რაზეც სასწრაფო რეაგირებაა საჭირო, როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდან. ორმაგად მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელება მოხდა ადვოკატის მხრიდან, რაც მიუღებელია და არ შეესაბამება ადვოკატის როლსა და საქმიანობის პრინციპებს. ადვოკატს, კლიენტის ინტერესების დაცვის გარდა, გააჩნია განსაკუთრებული საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ხარისხიან მართლმსაჯულებაზე, რაც ასევე გულისხმობს ადამიანის პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლების მკაცრ დაცვასაც, მით უფრო მაშინ, როდესაც გარდაცვლილის შელახული პირადი უფლების აღდგენა ვერ განხორციელდება. მინდა საზოგადოების გასაგონად განვაცხადო, რომ ქართველ ადვოკატთა უმრავლესობა თავდადებით შრომობს მოქალაქეთა დასაცავად და სწორად ესმის საკუთარი როლი, თუმცა, სამწუხაროდ, არის გამონაკლისი შემთხვევები და შეცდომები, ხანდახან მძიმეც, რაც გულწრფელად მაშფოთებს. ადვოკატთა ასოციაცია მოახდენს ადეკვატურ რეაგირებას, მსგავსი ფაქტები რომ გამოირიცხოს", - აცხადებს დავით ასათიანი.

გამოძიებამ უკვე დაჰკითხა გარდაცვლილისა და ბრალდებულის მეგობრები. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა