"ცოცხლები კი არიან, მაგრამ ოთხივე დაჭრილი ციხეშია" - რატომ დააკავეს ქართველები პოლონეთში? - გზაპრესი

"ცოცხლები კი არიან, მაგრამ ოთხივე დაჭრილი ციხეშია" - რატომ დააკავეს ქართველები პოლონეთში?

პოლონეთის ციხეში გამოკეტილი საქართველოს 4 მოქალაქე სასამართლოს ვერდიქტს ელოდება. შემთხვევა ქალაქ ზგიეჟში მოხდა. დაკავებული ბიჭების ოჯახის წევრებმა მომხდარი შემთხვევით შეიტყვეს და მას მერე შვილებზე ინფორმაციის მოძიებას ცდილობენ. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. მათი ინფორმაციით, ოთხივე ახალგაზრდა პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

ცნობილია, რომ ყველაზე მძიმედ დაჭრილი 33 წლის გოგა გოგალაძეა, ის დედისერთაა. ოჯახმა პოლონეთში საქართველოს საელჩოს მიმართა. თუმცა, ამბობენ, რომ ბევრ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს. გოგას დედის თქმით, მისი შვილი სამუშაოდ ბანკიდან გამოტანილი ფულით წავიდა. მასთან ერთად არის მისი მეგობარი ნიკა ქუჩუკიანი. ორივე ქარელის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ. კიდევ დაკავებულია ორი ახალგაზრდა, ისინი ბიძაშვილები არიან.

დაკავებული ბიჭების ინტერესების დასაცავად პოლონეთში ადვოკატი ლედი ტუკვაძე რამდენიმე დღეში ჩავა და პოლონელ კოლეგებთან ერთად ჩაერთვება საქმეში. ის მოინახულებს დაკავებულებსაც. ადვოკატი ტელეფონით ესაუბრა იქაურ კოლეგებს და დარწმუნებულია, რომ პოლიციელებმა თავიანთ უფლებებს გადაამატეს:

"ბიჭები სამუშაოდ პოლონეთში ჩავიდნენ. ვარშავაში დამსაქმებელმა ამუშავა, მაგრამ ფული არავინ გადაუხადა. პატიოსანი, მშრომელი ახალგაზრდები არიან, რომლებმაც თავიანთი შრომის საზღაურიც ვერ მიიღეს. სხვა რა გზა ჰქონდათ, სხვა ქალაქში გადავიდნენ სამუშაოდ და ქარხანაში დაიწყეს მუშაობა. ოჯახის წევრებთან აგზავნიდნენ ფოტოებს და ამბობდნენ, რომ ამჯერად სიტუაცია ნორმალური იყო, იმედი ჰქონდათ, იქ მაინც მიიღებდნენ ანაზღაურებას. იმ დღეს სამუშაო ტანსაცმელები ეცვათ, ამის დამადასტურებელი ფოტომასალაც არსებობს. ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართველებს და უკრაინელებს შორის მოხდა კონფლიქტი, იქ ბელორუსებიც ყოფილან. პოლიცია გამოუძახია ვიღაცას და მოჩხუბრებს თავზე პოლიცია დაადგა, რომელმაც იარაღი გამოიყენა.

დაჭრილია 4 ქართველი, ითქვა, თითქოს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ვიცით, რომ ეს ტყუილია. არანაირი იარაღი ჩვენს ბიჭებს არ ჰქონიათ, ჭუჭყიანი სამუშაო ტანსაცმლით იყვნენ იქ. ამიტომ ვფიქრობ, რომ პოლიციელებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს. ახლა ამ ბიჭებს დაცვა სჭირდება. იმედია, საკონსულო აქტიურად ჩაერთვება პროცესებში და დავიცავთ მათ უფლებებს. დაკავებულებს შეუბღალავი წარსული აქვთ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ქართველია იქ უპატრონოდ დარჩენილი და მათ მიხედვა სჭირდება. მე ორი ახალგაზრდის ინტერესს დავიცავ", - გვითხრა ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ.

გაგრძელება