"მოვკვდები აქ და არ დავტოვებ სახლს!" - გზაპრესი

"მოვკვდები აქ და არ დავტოვებ სახლს!"

ფაქტი საიათნოვას 4 ნომერში მოხდა, ამ სახლში ალექსანდრა ტერუნა 1983 წლიდან ცხოვრობს. როგორც ირკვევა, მას 25 დეკემბერს მეზობელმა კარი აუჭედა და მას მერე, მოხუცს სახლში აღარ უშვებდა. სწორედ ამიტომ, ბინაში ქალმა ასე შეაღწია.

პრობლემები მოხუცს მას შემდეგ გაუჩნდა, როცა მისმა შვილიშვილმა წლების წინ კერძო იპოთეკარისგან სესხი აიღო და ბინა იპოთეკით დატვირთა. შვილიშვილი საზღვარგარეთ წავიდა, მოგვიანებით კი ეს ბინა კერძო იპოთეკარმა მეზობელს მიჰყიდა. ქონება მეზობლის საკუთრებაა და თითქმის ორი წელია, ერთმანეთში დაობენ. მეზობელი სააღსრულებო ბიუროს მოხუცის გამოსახლებას სთხოვს, თავად მოხუცი კი სახლიდან გამოსვლას არ აპირებს.

ჟუჟუნა ჯიჯავაძე, მოხუცის ინტერესების დამცველი:

- ეს იტალიური ტიპის სახლია, სადაც სულ სამი ოჯახი ცხოვრობს. პირველ სართულზე ერთი მესაკუთრეა, რომელსაც ბინა გაქირავებული აქვს. მეორე სართულზე ცხოვრობდნენ ალექსანდრა და მისი მეზობლის ოჯახი. ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ფაქტობრივად, ამ მოხუცის გაზრდილია ის და-ძმა, რომლებმაც მოხუცი ახლა სახლიდან გამოაგდეს. ალექსანდრას შვილიშვილმა კერძო იპოთეკარისგან ისესხა 17.000 დოლარი და ბინის ნაწილი, 17,9 კვადრატული მეტრი ფართობი ჩადო იპოთეკაში. შემდეგ შვილიშვილი საზღვარგარეთ წავიდა, დროულად ვერ შეძლო ქონების გამოსყიდვა, მერე დაბრუნდა ფულით ხელში, მაგრამ კრედიტორმა ბინა არ დაუბრუნა. მაშინ შეიტყვეს, რომ ალექსანდრას ბინა კრედიტორისგან ჩუმად უყიდია მათ მეზობელს, 17.500 ლარად, არადა, ქონება 17.000 დოლარად იყო ჩადებული იპოთეკაში. 2016 წლიდან მიდის ეს დავა. მეზობლებს შორის ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ მოხუცს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. სისტემატურად აყენებდნენ მას სიტყვიერ შეურაცხყოფასაც. მოხუცმა უჩივლა და ახლა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. 25 დეკემბერს გაიგო მეზობელმა, რომ ალექსანდრა დაზარალებულად ცნო პოლიციამ და სახლიდან საქმეზე გამოსული მოხუცი სახლში ვეღარ შევიდა, კარი აჭედილი დახვდა. დეკემბრიდან მოყოლებული, თავს ნაცნობებთან აფარებდა. თავისი ნივთები, საპენსიო ბარათიც კი ბინაში ჰქონდა და ამდენ ხანს ვერ იღებდა კუთვნილ პენსიას. მერე ასეთი გადაწყვეტილება მიიღო: დაიქირავა კერძო ამწე და შევიდა საკუთარ სახლში.

- მეზობელთან მოლაპარაკება არ უცდია?

- მეზობელმა ყველაფერი ჩუმად გააკეთა. არც კი უკითხავს მოხუცისთვის, რომ მის ბინას ყიდულობდა. ის დაინტერესებული იყო, როგორმე ბინა ჩაეგდო ხელში. ამ მეზობელმა სხვენიც კი არაკანონიერად მიითვისა, გააყალბა კრების ოქმი და დაირეგისტრირა, მაგრამ მოხუცმა იჩივლა, დადასტურდა სიმართლე და სასამართლომ ალექსანდრას სხვენი უკან დაუბრუნა. ახლაც ჩივის ალექსანდრა ტერუნა, დააყადაღა თავისი ტერიტორია და უნდა, დაიბრუნოს ბინა, რომ ქუჩაში არ დარჩეს. ჩადებული იყო მხოლოდ ბინის ნაწილი იპოთეკაში, 17,90 კვადრატული, ახლა მას სხვა ფართობშიც არ უშვებენ, მთლიანად მიისაკუთრა მეზობელმა მისი ქონება. მანამდე ჩაუჭრეს შუქი, გაზი, წყალი, აუჭედეს საპირფარეშოს კარი. სემეკში იჩივლა ალექსანდრამ, მოვიდნენ წარმომადგენლები, რომ ჩაერთოთ მისთვის კომუნიკაციები, მაგრამ მეზობელმა ისინი არ შეუშვა შენობაში.

- ახლა მოხუცს შუქი არა აქვს?

- არც შუქი აქვს და არც წყალი, ვერც საპირფარეშოში შევა, კარი აჭედილია და რომ მოინდომოს, იქიდან გამოსვლასაც ვერ შეძლებს, თუმცა გამოსვლას არც აპირებს. "სასწრაფო" რომ დასჭირდეს, მასთან ვერ შევა. ჟურნალისტები მოვიდნენ და ვერც ისინი შევიდნენ. მეზობლები არავის ეკონტაქტებიან და კომენტარს არ აკეთებენ.

- შვილიშვილი სად არის?

- შვილიშვილი იყო ჩამოსული, მაგრამ იპოთეკარმა არ დაუბრუნა ქონება. ის ავად არის, უცხოეთში გაიკეთა ოპერაცია და ამიტომ ვერ ჩამოდის საქართველოში. მზად არის, რაც გადაიხადეს ბინაში, ის თანხა უკან დაუბრუნოს მეზობელს, მაგრამ ამაზე არ თანხმდებიან. მოხუცი უმძიმეს მდგომარეობაშია. აქვე კაფეა და პირველ დღეს მათ აუგზავნეს საჭმელი და წყალი თოკით. დღეს მისი მოხუცი მეგობარი მივიდა და იმან აუგზავნა საჭმელი. ითხოვს, სანამ სასამართლო დავა და საქმის გამოძიება არ დასრულდება, იყოს თავის სახლში.

მოხუცი ქალბატონი აივნიდან ესაუბრება ჟურნალისტებს. ის ამბობს, რომ იმ სახლიდან ცოცხალი არ გავა:

"მოვკვდები აქ და არ დავტოვებ სახლს! მეუბნებიან, რომ ყველაფერი მათია. ეს სახლი ჩემს სახელზე იყო. არც კი უკითხავთ ჩემთვის, ისე იყიდეს ჩემი ბინა. უკანონოდ გააკეთეს ყველაფერი, იმალებიან და პასუხს არ მცემენ. არც წყალი, არც შუქი და არც საჭმელი, არაფერი მაქვს. ბინაში დამწყვდეული ვარ. ცოცხალს ვერ დამატოვებინებენ ჩემს სახლს", - განუცხადა ჟურნალისტებს ალექსანდრა ტერუნამ.

როგორც ირკვევა, მეზობლებმა უკვე მიმართეს სააღსრულებო ბიუროს და ახლა ელოდებიან, როდის გამოასახლებს აღმასრულებელი მოხუცს ბინიდან. კანონი მყიდველის უფლებებს იცავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი სხვის ქონებაში უკანონოდ შეღწევის ფაქტზე საქმე აღძრა. სავარაუდოდ, მოხუცს ბინიდან მაინც მოუწევს გამოსვლა.

თეა ხურცილავა