"ნუ ენდობით დაპირებებს!" - გზაპრესი

"ნუ ენდობით დაპირებებს!"

ადამიანით ვაჭრობა მონობის თანამედროვე ფორმაა და ამ პრობლემას მთელი მსოფლიო ებრძვის. ტრეფიკინგის სხვადასხვა ფორმა არსებობს და კანონით, ყველა ქმედება ისჯება. არაერთი ადამიანია ამ ბრალდებით გასამართლებული და მსხვერპლისთვის საქართველოში თავშესაფრებიც არსებობს. ისიც ცნობილია, რომ ხელისუფლება მსგავსი დანაშაულების გამოსავლენად აქტიურად მუშაობს და მსხვერპლებს მოუწოდებს მიმართონ პოლიციას. ბოლო წლებში უამრავი ბროშურა გამოიცა ამ მიმართულებით და აეროპორტებში, საზღვრებზე, საქართველოდან წამსვლელ თანამოქალაქეებს ხშირად აფრთხილებენ, რომ არ გამხდარიყვნენ მორიგი მსხვერპლი.

"თუ თქვენ აპირებთ წასვლას საზღვარგარეთ, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. დაიცავით უსაფრთხოების ზომები და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ, რომ არ გახდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი. ბრმად ნუ ენდობით დაპირებებს უცხოეთში სწავლასთან, მუშაობასა და დასვენებასთან დაკავშირებით... გახსოვდეთ, ნუ გადასცემთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სხვას. წინასწარ გადაამოწმეთ დამსაქმებლის შემოთავაზებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია. მოითხოვეთ თქვენი დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები... გახსოვდეთ, რომ თქვენი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას მხოლოდ შრომითი კონტრაქტის საფუძველზე შეძლებთ. არ დათანხმდეთ შრომის პირობებზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე. გახსოვდეთ! დანიშნულების ადგილზე ჩასვლისთანავე დაუყოვნებლივ აცნობეთ საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ და დადექით საკონსულო აღრიცხვაზე", - ეს არის მცირე რეკომენდაცია, რითაც აფრთხილებენ მოქალაქეებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მიდიან ადამიანები იმ იმედით, რომ იქ სამუშაოს იშოვიან და ცხოვრების კარგ პირობებს შეიქმნიან. სამწუხაროდ, უკან იმედგაცრუებულები ბრუნდებიან. ქუთაისელი გიორგი ლომიძე ე.წ. დამსაქმებლის მახეში გაება.

გიორგი ლომიძე:

GzaPress- ყველამ იცით საქართველოში სამუშაო რომ არ არის და უამრავი ქართველის მსგავსად მეც გადავწყვიტე, ქვეყნიდან წავსულიყავი. ჩემი დამსაქმებელი იამზე ხარაბაძე იყო. მითხრეს, რომ მას პოლონეთში მიჰყავდა ხალხი სამუშაოდ. ქუთაისში შევხვდი. ლამაზად დამიხატა ყველაფერი და დასაქმებაში 1.350 დოლარი მომთხოვა, ჩემი პასპორტიც დაიტოვა. ბანკიდან პროცენტიანი ვალი ავიღე და ერთ კვირაში ეს თანხა გადავეცი. 23 დეკემბერს წავედით პოლონეთში 10 კაცი, ზოგიერთები ოჯახებითაც. თვითონაც წამოვიდა. გზაში კიდევ 200-200 დოლარი გამოგვართა. ალბათ გაიგებდით, ქუთაისში რომ ბიჭები გაიგუდნენ გაზით, მას ამ ოჯახის უფროსი ჰყავდა პოლონეთში დასაქმებული და გვითხრა, იმის გადმოსაფრენად ფული მინდა, ადგილზე რომ ჩავალთ, დაგიბრუნებთო. მერე ამ ფულის "შეწერა" მოინდომა, მაგრამ დავაბრუნებინე, ზოგისთვის დღემდე არ მიუცია... ვარშავაში ჩავფრინდით. უნდოდა აეროპორტში გაგვეთია ღამე, მაგრამ ბიჭებმა სასტუმრო ვიშოვეთ და იქ დავბინავდით. მალე მივხვდით, იამზე ჩვენი დამსაქმებელი არ იყო და ვუთხარით, მოეცა კონკრეტული მისამართი და მეპატრონეს თავად დაველაპარაკებოდით. პოლონეთში რატომ გამოგვყვა, არ ვიცი, არც რუსული იცოდა, არც ინგლისური. არადა, დაგვპირდა, რომ დაგვეხმარებოდა საბუთის მომზადებაში, რითაც ევროპის ქვეყნებში 3 წლით ყოფნის საშუალება გვექნებოდა. ამ საბუთის ფული კიდევ უნდა დაგვემატებინა და ნაწილ-ნაწილ გადაგვეხადა. დაპირება დაპირებად დარჩა... სადაც მიგვიყვანა, იქ საშინელი პირობები დაგვხვდა, 60 ქართველი იყო, აქედან 40 - ამ ქალის წაყვანილი. მას თანამზრახველიც ჰყავს, მარტო არ მოქმედებს. დაგვტოვა და გაქრა. იქ მყოფმა ქართველებმა შემიფარეს, ღამეს მათთან ვათევდი. მერე ამ ბიჭების დახმარებით ერთ-ერთ კომპანიაში დავიწყე მუშაობა. კომპანიის მეპატრონეს 1.200 ევრო უნდა მოეცა ჩემთვის, მაგრამ 400 ევრო გადამიხადა. ჩხუბს აზრი არ ჰქონდა. ყოველდღე რომ მივსულიყავი მასთან და მეჩხუბა, იმ ფულსაც გზაში დავხარჯავდი და უკან წამოსასვლელი თანხაც აღარ მექნებოდა, ამიტომ ხელი ჩავიქნიე.

ვცდილობდი, იამზეს დავკავშირებოდი, მაგრამ არც ტელეფონს იღებდა და არც სოციალურ ქსელში პასუხობდა მესიჯებს. ბოლოს მიპასუხა, გამწარებულმა შეურაცხყოფა მივაყენე და დაჭერითაც დავემუქრე. მითხრა, არავინ დამიჭერს, საქმეები მოგვარებული მაქვსო. ეტყობა, მფარველები ჰყავს. სანამ გზის ფული მქონდა, გადავწყვიტე შინ დავბრუნებულიყავი, მით უმეტეს, რომ ვიზას ვადა გასდიოდა და პასპორტს ვერ გავაფუჭებდი. არალეგალურად დარჩენას აზრი არ ჰქონდა, სამი ბიჭი ერთად დავბრუნდით. ხელში შემრჩა პროცენტიანი ვალები. მე გამიმართლა, ბევრს უკან წამოსასვლელი თანხაც არა აქვს. რამდენიმე ელოდება, სახლიდან როდის გაუგზავნიან ფულს, რომ დაბრუნდნენ. ამუშავებენ პოლონელები და ფულს არ უხდიან ან მიზერულ თანხას აძლევენ. იამზემ ხალხი საშინელ დღეში ჩააგდო, ის უნდა დაისაჯოს.

- პოლიციაში განაცხადეთ, ტრეფიკინგის მსხვერპლი რომ ხართ?

- განცხადება არ შემიტანია. ამ ქალს ვეძებ ყველგან, მაგრამ ვერ ვიპოვე. ტელეფონზე ზარი გადის, მაგრამ არ მპასუხობს. სახლის მისამართი არ ვიცი. მისი დაჭერა და ციხეში ჩასმა არ მაწყობს, ჩემი ფული უნდა დამიბრუნოს! უნდა ამუშაო ვირივით, ისე უნდა აწვალო, რომ მიხვდეს, რას ნიშნავს შრომითი ტრეფიკინგი. თორემ დაჭერა მაგისთვის შვებაა. ასეთი თაღლითობა 5-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ციხეში დაისვენებს, რომ გამოვა, იმავეს გააკეთებს...

გიორგისთან ერთად სამშობლოში დაბრუნებული კიდევ ორი ახალგაზრდა იმავე პრეტენზიას უყენებს იამზე ხარაბაძეს. მათ მსგავსად, მართლა ბევრი ქართველი დაბრუნდა საქართველოში, რომლებიც პროცენტიანი ვალის გადახდას ვერ ახერხებენ. როგორც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გვითხრა, ამ გზით დაზარალებულები ბათუმშიც მრავლად არიან. ჩვენ შევეცადეთ მათი პოზიციაც მოგვესმინა, მაგრამ პრესასთან საუბარი არ ისურვეს ერთადერთი მიზეზით: დამსაქმებელი დაჰპირდა, რომ ფულს დაუბრუნებს.

"დაგვპირდა ის კაცი, რომ ვალს გაისტუმრებს. ჩემთან ერთად 6 ადამიანი დარჩა მოტყუებული. პოლონეთიდან დაბრუნებულები შინ მივადექით იმას, ვინც მოგვატყუა. რომ ვიჩივლოთ, რა ხეირი იქნება? პოლიცია დაიჭერს და ჩვენ ფულსაც ვერ ამოვიღებთ. თუ თანხა არ დაგვიბრუნა, მერე მოგიყვებით უფრო დეტალურად, რა საშინელებაც გადავიტანეთ", - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული, რომელიც გასული ზაფხულის შემდეგ უშედეგოდ ელოდება თანხის დაბრუნებას.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია პოლონეთში 4 ქართველის დაკავების შესახებ. შემთხვევა ქალაქ ზგიეჟში მოხდა. დაკავებული ბიჭების ოჯახის ინფორმაციით, ოთხივე ახალგაზრდა პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. ოფიციალური ინფორმაციით, მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბიჭები მოატყუეს.

"სამუშაოდ პოლონეთში ჩავიდნენ. ვარშავაში დამსაქმებელმა ამუშავა, მაგრამ ფული არ გადაუხადეს. პატიოსანი, მშრომელი ახალგაზრდები არიან, რომლებმაც შრომის საზღაურიც ვერ მიიღეს. სხვა რა გზა ჰქონდათ, სხვა ქალაქში გადავიდნენ და ქარხანაში დაიწყეს მუშაობა. იმედი ჰქონდათ, იქ მაინც მიიღებდნენ კუთვნილ თანხას. იმ დღეს სამუშაო ტანსაცმელი ეცვათ, ამის დამადასტურებელი ფოტომასალაც არსებობს. ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართველებსა და უკრაინელებს შორის მოხდა კონფლიქტი, იქ ბელორუსებიც ყოფილან. სამართალდამცველები გამოუძახია ვიღაცას და მოჩხუბრებს თავზე პოლიცია დაადგა, რომელმაც იარაღი გამოიყენა. დაჭრილია 4 ქართველი. ითქვა, თითქოს შეიარაღებულ წინააღმდეგობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ვიცით, რომ ეს ტყუილია. არანაირი იარაღი ჩვენს ბიჭებს არ ჰქონიათ, ჭუჭყიანი სამუშაო ტანსაცმლით იყვნენ იქ. ამიტომ ვფიქრობ, რომ პოლიციელებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს. ახლა ამ ბიჭებს დაცვა სჭირდებათ. იმედია, საკონსულო აქტიურად ჩაერთვება პროცესში და დავიცავთ მათ უფლებებს. დაკავებულებს შეუბღალავი წარსული აქვთ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ქართველია პოლონეთში უპატრონოდ დარჩენილი. მე ორი ახალგაზრდის ინტერესს დავიცავ", - ამბობს ადვოკატი ლედი ტუკვაძე.

კიდევ ერთი რესპოდენტი ამბობს, რომ დამსაქმებელმა მოატყუა: თურქეთში წაიყვანა და დაპირებული თანხა არ გადაუხადეს.

ლაშა:

- უმუშევარი ვიყავი, ჩემი მეზობლები ხშირად დადიან 3 თვით თურქეთში სამუშაოდ და ზაფხულში მეც გადავწყვიტე წასვლა. გამაცნეს ქალი, რომელიც უნდა დამხმარებოდა დასაქმებაში. თეა ერქვა. თურქეთში თხილის საკრეფად უნდა წავეყვანე. მითხრა, რომ თვეში 400-500 დოლარის ეკვივალენტ ლირას მომცემდნენ. გზის ფულიც არ მქონდა და მითხრა: მგზავრობისათვის საჭირო თანხას მე გასესხებ, იქ ხელფასიდან დაგიქვითავ. საცხოვრებელი და კვება უფასო გექნებაო. წავედით. 8 კაცი მივდიოდით და ის ქალიც ჩვენთან ერთად იყო. თურქეთის ერთ სოფელში დაგვხვდა დამსაქმებელი. ოთახი მოგვცეს, მაგრამ საშინელ პირობებში ვიყავით. 5 კაცი ერთ ოთახში გახლდით, სადაც მხოლოდ საწოლები იდგა. ნორმალურად დაბანის საშუალებაც არ იყო. მერე გაგვიშვეს თხილის საკრეფად, მთელი დღე დასვენების უფლებას არ გვაძლევდნენ და თუ დასვენებას მაინც დავაპირებდით, თურქი დაგვადგებოდა თავზე, - იმუშავეთო. დღეში მხოლოდ ერთხელ გვაჭმევდნენ. საშინელი საჭმელი იყო. პირველი თვის ფული იმ ქალს უნდა წაეღო, მე არაფერი მომცეს, მეორე თვის ხელფასიდან ის თანხა წაიღო, რომელიც მასესხა გზის ხარჯების დასაფარად და პროცენტიც აიღო. მოკლედ, სამი თვე ვიმუშავე და მხოლოდ 500 ლირა მომცა დამსაქმებელმა. როცა კუთვნილი მოვითხოვე, დამემუქრა. არც ჩემთან ერთად წამოსულებს აუღიათ იმდენი, რასაც შეგვპირდნენ. ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, წამოვედით. იმ ქალს სახლში რამდენჯერმე მივაკითხე, მაგრამ ოჯახი ამბობს, თურქეთშია და ჯერ არ ჩამოვაო. იმედგაცრუებული ვიყავი. აწი ვინ მომცემს იმ თანხას, რაც მეკუთვნის, ეს ხომ გამორიცხულია!

ყოველ წელიწადს მსოფლიოში საშუალოდ 2-დან 4 მილიონამდე ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი, 2017 წელს საქართველოში ტრეფიკინგის 21 შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან 2 საქმე გაიხსნა. წინა წელს 19 შემთხვევიდან მხოლოდ ერთი გაიხსნა. 2018 წლის იანვარში კი ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ ჯერ არ გახსნილა.

თეა ხურცილავა