ზესტაფონის სულისშემძვრელი ტრაგედიის დეტალები - გზაპრესი

ზესტაფონის სულისშემძვრელი ტრაგედიის დეტალები

დედის საშინელმა გოდებამ შემძრა. სასოწარკვეთილი ახალგაზრდა ქალი მთავარ კითხვაზე ითხოვდა პასუხს, - რატომ მოუკლეს სიცოცხლით სავსე ქალიშვილი.

შემზარავი შემთხვევა ზესტაფონის ცენტრში მდებარე სკვერში, 25 ივლისის საღამოს დატრიალდა. ყოფილმა ქმარმა სალომეს 5 ტყვია დაახალა. გოგონა იქვე ჩაიკეცა. ამ ფაქტს უამრავი თვითმხილველი ჰყავდა, რადგან საღამო ხანს ხალხი სასეირნოდ ქუჩაში იყო გამოსული. თვითმხილველები ძირს დაგდებულ გოგონას მისცვივდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მკვლელს შემთხვევის ადგილიდან მიმალვა არ უცდია. მან პოლიციის ნომერი თავად აკრიფა და კოლეგებს თავისი ნებით ჩაჰბარდა. სამართალდამცავებმა ხელბორკილები დაადეს მოქმედ ძალოვანს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. გაირკვა, რომ დამნაშავე 25 წლის სერგი საცერაძეა, რომელიც ზესტაფონის პოლიციაში მუშაობს და დანაშაულიც ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა.

დანაშაულის მოტივად ეჭვიანობა სახელდება. მან მკვლელობა აღიარა, თუმცა, ჩვენების დეტალები საზოგადოებისთვის უცნობია.

ყველაფერი ასე დაიწყო:

ულამაზესი სალომე ჯორბენაძე სერგი საცერაძეს შეუყვარდა, X კლასში იყო გოგონა, როცა მოიტაცა. მაშინ მშობლებს სალომემ მხოლოდ ერთი ფრაზა უთხრა, - რახან ეს ამბავი მოხდა, მე აქ დავრჩებიო. თვალცრემლიანი დაბრუნდა სახლში სალომეს ახალგაზრდა დედა, რადგან სურდა, შვილს სკოლა დაემთავრებინა, განათლება მიეღო და მერე შეექმნა ოჯახი. მით უფრო, ამის ყველანაირი მონაცემები ჰქონდა გოგონას. სკოლაში კარგად სწავლობდა და გეგმებიც ჰქონდა.

წყვილის ოჯახური იდილია მალე დაირღვა. ხშირი იყო კონფლიქტი, სალომეს ახლობლების თქმით, სერგი ყველაზე ეჭვიანობდა და ამის გამო ხშირად ჩხუბობდნენ. საბოლოოდ, ყველაფერი მათი დაშორებით დასრულდა. სულ რაღაც სამი თვე იცხოვრეს ერთად და შემდეგ სალომემ თავისი გულისტკივილი მშობლებს გაუმხილა. მიხვდა, რომ სერგის გვერდით ცხოვრებას ვერ შეძლებდა. ეჭვიანობას ისიც ემატებოდა, რომ სერგის აზარტული თამაშები იტაცებდა. დიდ ფულს აგებდა და მშობლებს ხშირად უწევდათ მისი ვალების გადახდა. ამბობენ, 60.000 ლარამდე აქვს გადახდილი სერგის მამას შვილის ვალებიო. საბოლოოდ, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. გოგონა მშობლების სახლში ფეხმძიმე დაბრუნდა. ოჯახი ყველანაირად დაუდგა გვერდით შვილს.

"სამი თვე იყავი მის გვერდით. ვერ იტანდა შენს ახლოს ახლობლის გავლასაც, ყველაზე ეჭვიანობდა. რატომ დაგტოვე შვილო თავიდან, მაშინ რატომ არ წამოგიყვანე, როცა გაგიჟებული მოვედი შენთან, რატომ დარჩი მაშინ, დედა? 3 თვეში წამოგიყვანეთ. სკოლაში სწავლა განაგრძე, სანდრიკას მუცლით დაატარებდი და ისე სწავლობდი, ისე აიღე ატესტატი. არც უმაღლესში ჩაბარება გაგჭირვებია, შვილო, უცხო ენების სწავლა გინდოდა და ჩააბარე კიდეც. წარმატებული გოგო მყავდი, ჩემი დახატული, შხვართალა გოგო აღარ მყავხარ. ჩემი 19 წლის სალომე... ცხოვრება როგორ გიხაროდა. სულ გაპრანჭული დადიოდი, ჩემი დახატული, ამ სასახლეშიც ვერ ეტევი შვილო, იმხელა ხარ. 5 ტყვია დაგახალა იმ არაკაცმა. ვერაფრით მოგაშორეთ, გასაქანს არ გაძლევდა. შენი სანდრიკა დააობლა. არც დედა და არც მამა ჰყავს აწი შენს პატარას. რისთვის მოგკლა, შვილო? მთელ ძალას მოვიკრეფ, ჩავალ შენი მკვლელის სასამართლო პროცესზე, ავიტატებ ხელში შენს პატარას. უნდა ჩავხედო იმ დამპალს თვალებში და უნდა ვკითხო, - რას გერჩოდა, რატომ არ დაგაცალა სიცოცხლე, ვერც თვითონ გიპატრონა და არც თავს განებებდა. ან რას ერჩოდა იმ პაწაწინა ანგელოზს, რომ დედა მოუკლა? 5 ტყვიით მოგკლა, გკტივა, დედა?" - სულისშემძვრელი ხმით მოთქვამდა სალომეს დედა, რომელსაც ჯანმრთელობა შერყეული აქვს. ცოტა ხნის წინ, თურმე, ავტოავარიაში მოყვა და ოპერაცია სჭირდება.

სალომე ჯორბენაძე თავისი სილამაზით გამორჩეული იყო. სილამაზის კონკურსშიც მონაწილეობდა. გოგონამ მაშინ "მის იმერეთის" ტიტულიც მოიპოვა. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, საზღვარგარეთიდანაც ჰქონდა მოწვევა, სამოდელო კუთხით. მასაც სურდა მოდელობა, მაგრამ მაშინ დედის აზრი გაითვალისწინა და საზღვარგარეთ წასვლას სწავლა ამჯობინა.

"მის იმერეთი" რომ გახდა, ყველამ გაიცნო ჩემი ჭკვიანი შვილი. იმდენი ლამაზი ფოტო აქვს, ყველა კუთხეში დავკიდებ იმ ლამაზ ფოტოებს ჩემო დიდთვალება, ჩემო ლამაზო... პოლიციის იარაღით დაგხვრიტეს. როგორ მიხაროდა შენი შეხედვა. სულ მინდოდა, შენთვის მეყურებინა. ასეთი კარგი მყავდი, შვილო. მეუბნებოდი, სარკეში რომ ვიხედები, შენს სახეს ვხედავ, შენ გგავარო. გრძნობდი ალბათ, მეტი დღე რომ არ გქონდა, ჩემო მოსიყვარულე გოგოვ. მითხარი კიდეც, არასოდეს შავი არავის გამო არ ჩაიცვა, არ მინდა, დამიბერდეო. რატომ მეუბნებოდი ამას? ძალას მოვიკრეფ და ახალგაზრდა ბებია გაზრდის შენს შვილს, შენს სანდრუკას. ყველაფერს შეგისრულებ, ისე გავზრდი, როგორც გინდოდა და როგორ გეგმებსაც აწყობდი. ოღონდ შენ დამეხმარე ზეციდან", - გაუჩერებლად მოთქვამდა დედა.

სალომემ წელს პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა და უცხო ენების ფაკულტეტიდან საბუთები თურმე იურიდიულ ფაკულტეტზე გადაიტანა. ზესტაფონში ტრაგედიამდე ორი დღით ადრე ჩავიდა. გოგონა პარალელურად სამოდელო საქმიანობასაც ეწეოდა და შემოთავაზებები საქართველოშიც ჰქონდა. თურმე, გახარებული უყვებოდა დედას სამომავლო გეგმებზე. ისიც უთხრა, რომ კონკურსში გაიმარჯვა და კლიპში უნდა გადაეღოთ. რამდენიმე დღეში თბილისში ბრუნდებოდა, რადგან გადაღებები კლიპისთვის "რუსთავი 2"-ში იყო დაგეგმილი. გოგონასთვის თურმე საგანგებოდ იკერებოდა ამ კლიპისთვის ლამაზი, თეთრი კაბა.

როგორც ამბობენ, სერგი თურმე სალომეს შერიგებას სთხოვდა და გოგონა უარზე იყო. მაშინ უთქვამს, - თუ ჩემი არ გახდები, არც სხვისი იქნებიო. სალომეს ბებიამ შვილიშვილის მოსიყვარულება ვერც კი შეძლო. ის ტყიბულიდან შვილისა და შვილიშვილის სანახავად ტრაგედიის დღეს ჩავიდა.

- ბებო, ძალიან მენატრები და ჩამოდიო, - მითხრა სალომემ. მეც მეორე დილით გახარებული წამოვედი. ჩავიხუტე ჩემი სალო. საოცრად მოსიყვარულე იყო. მოღიმარი, სიცოცხლით აღსავსე... მერე წავიდა იმ კაცთან შესახვედრად. ამას რას წარმოვიდგენდით? არ ვიცი, ჩემი შვილი როგორ გადაიტანს ამ ტრაგედიას. ყველას საშინლად გვტკივა, ვეღარ ვუძლებთ ამ ტკივილს, - მითხრა სალომეს ბებომ.

ყველა ახლობელი ამბობს, ბევრჯერ სთხოვეს სერგის, ჩამოშორებოდა სალომეს, მაგრამ ის მაინც არ ანებებდა თავსო.

მკვლელობის მოტივად რა დაასახელა თავად ბრალდებულმა, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დადასტურებულია, რომ წყვილი ოფიციალურად დაშორებული იყო და მამა თავის პატარა შვილს ალიმენტსაც უხდიდა. იმასაც ამბობენ, გოგონა გათხოვებას აპირებდა, ეს ვერ აიტანა მისმა ყოფილმა ქმარმა და ამიტომ მოუსწრაფა სიცოცხლეო. ოფიციალური ვერსია გამოძიების დროს დადგინდება. დაიკითხებიან ჭირისუფლებიც. იმასაც ამბობენ, რომ ყოფილ ცოლ-ქმარს კონფლიქტი ბავშვის გამოც ჰქონდათ; სერგი ბავშვის ხშირად წაყვანას ითხოვდა და ამის გამო კამათობდნენო. თუმცა, ამას უარყოფენ სალომეს ოჯახის წევრები და ამბობენ, რომ ბრალდებულს შვილის ნახვის უფლება ყოველთვის ჰქონდა და ამის გამო მას პრობლემა არასდროს შეჰქმნია.

ბიჭუნა წლინახევრისაა, ალბათ დადგება ის დღე, როცა მისთვის მამას მოუწევს ყველაზე მტკივნეულ და მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემა: რატომ მოუკლა მოსიყვარულე დედა და რატომ დააობლა პატარა?

თეა ხურცილავა, ჟურნალი "გზა"