"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა" - გზაპრესი

"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე საზარელი მკვლელობა მოხდა - 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი შვილების თვალწინ, სავარაუდოდ, მამინაცვალმა მოკლა. გოგონას ჭრილობები ყელის არეში ბასრი იარაღით აქვს მიყენებული. დანაშაულმა, რომელზეც საქმე განზრახ მკვლელობის 108-ე მუხლით არის აღძრული, კიდევ ერთხელ ცხადყო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების უსუსურობა ოჯახური ძალადობის წინაშე. შემზარავი მკვლელობის მოახლოებას ყველა დეტალი ცხადყოფდა, თუმცა დანაშაულის თავიდან არიდება არსებული სამართლებრივი მექანიზმებით ვერ მოხერხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბარნოვის ქუჩაზე ქალის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულზე შემაკავებელი ორდერი, შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე გაიცა. სამართალდამცავთა თქმით, 25 წლის ქალი და მისი დედა შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ და დედის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 13 აპრილს ვაკეში მომხდარ, 1993 წელს დაბადებული თ.გ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ უკანასკნელის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. თ.გ.-მ პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა. პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

მოკლული ახალგაზრდა ქალი ბარნოვის ქუჩზე, დაქირავებულ ბინაში, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, იმყოფებოდა. ახლობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მომხდარი დანაშაულის დეტალებზე გვესაუბრა.

- ულამაზესი, თბილი და საყვარელი გოგო იყო თამუნა, ორი მცირეწლოვანი ბიჭი ჰყავს - 6 და 3 წლის; ვარკეთილში, რომელიღაც მაღაზიათა ქსელში მუშაობდა კონსულტანტად, ბავშვებს კი ბაგა-ბაღში ტოვებდა.

როგორც ვიცი, ადრე მუხიანში ცხოვრობდა და იქედან გადმოვიდა ვაკეში საცხოვრებლად იმ ბინაში, რომელიც მის დას აქვს დაქირავებული. მისი და ბარნოვის ქუჩაზევე მუშაობს სილამაზის სალონში და ბინა ზუსტად სამსახურის მოპირდაპირე მხარეს დაიქირავა, მერე კი და და დისშვილებიც თავისთან გადმოიყვანა. გაგრძელება