"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს" - გზაპრესი

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს"

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმის განხილვა დაასრულა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა ამავე საქმეში ბრალდებულ ნიკოლოზ ძიმცეიშვილს.

საქმის პროკურორმა, მაია ჯვარშეიშვილმა ჟურნალისტებთან ბაჩანა ახალაიას მიმართ განხილულ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე ვრცელი განმარტება გააკეთა: "დღევანდელი განაჩენით, ბრალდებულები - ბაჩანა ახალაია და ნიკოლოზ ძიმცეიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში, მათ შორის, სერგო თეთრაძის მიმართ განხორციელებულ წამებაში, არაადამიანურ მოპყრობასა და მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს. ასევე, ბაჩანა ახალაია დამნაშავედ არის ცნობილი დავით ლონდარიძის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ასევე, გიორგი გორელაშვილის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში. დღევანდელი განაჩენით, ცნობილია დამნაშავედ კონკრეტული სამოხელეო დანაშაულის, მათ შორის, სამსახურებრივი სიყალბისა და სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებისთვის. თითოეული ქმედებისთვის განესაზღვრა მას სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა, საბოლოოდ, 9 წელი. სასჯელის ათვლა დაიწყება პატიმრობის შეფარდების დღიდან. ასევე, დამნაშავედ ცნო სასამართლომ ნიკოლოზ ძიმცეიშვილი ორივე ეპიზოდში და თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით განესაზღვრა. ნიკოლოზ ძიმცეიშვილი მაშინ იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე. უშუალოდ მისი მითითებითა და დავალებით განახორციელეს სამსახურებრივი სიყალბე. სასამართლომ განაცხადა, რომ ახალაია გამართლდა სერგეი ჩაპლიგინის წამების ეპიზოდში, ამ შემთხვევაში, ეს არის სამართლებრივი განმარტება, მას ბრალდებიდან ამოერიცხა კონკრეტულ პირთან კონკრეტული ქმედება, თორემ, იგი დამნაშავედაა ცნობილი ე.წ. ჯაშუშების საქმეში ყველა პირის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებისთვის. რაც შეეხება გრიფით საიდუმლო საქმეს, ამ ნაწილშიც დამნაშავედ ცნო სასამართლომ. მას ბრალი ედებოდა, რომ მეგის ქარდავას დაეხმარა გაეფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა, საუბარია 60.000 ლარზე... ერთ-ერთ ეპიზოდზე - ე.წ. ბუნტის საქმეზე, იგი შეწყალებულია პრეზიდენტის აქტით. ბაჩანა ახალაია მსჯავრდადებულია ე.წ. გირგვლიანის ეპიზოდში, ასევე, მსჯავრდადებულია ე.წ. ნავთლუღის საქმეში და მისჯილი აქვს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამ შემთხვევაში მსჯავრდადებულია მსჯავრდადებულების წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის. დღეს მის მიმართ დადგა მეოთხე გამამტყუნებელი განაჩენი. მის მიმართ გამამართლებელი განაჩენია გამოტანილი მხოლოდ 2 სისხლის სამართლის საქმეზე და არა ოთხ საქმეზე, რომლის უტრირებას ახდენს მისი დაცვის მხარე. აქ საუბარია ეპიზოდებზე და არა საქმეებზე.

ცნობილია, რომ სერგო თეთრაძე 2011 წლის 17 სექტემბერს სერგეი ჩაპლიგინთან, გია გორელაშვილთან და დავით ლონდარიძესთან ერთად ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ახალაიას გეგმის მიხედვით, მე-8 საპყრობილეში მოთავსებულმა პატიმრებმა საკანში სერგო თეთრაძე აწამეს, წამების შედეგად იგი ცუდად გახდა და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

"სასამართლომ ბაჩანა ახალაია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოხელის მიერ ჯგუფურად ჩადენილი წამების ორგანიზებისა (ორი ეპიზოდი) და წამებისათვის (ერთი ეპიზოდი) დაკავებულის მიმართ, ხოლო წამების ბრალდებით წარდგენილ ერთ ეპიზოდში გამართლდა," - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

ბუნებრივია უფრო მკაცრ სასჯელს ელოდა გარდაცვლილი პოლკოვნიკის მეუღლე ნანა თეთრაძე: "6 წელი და 7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი მეუღლე სიცოცხლეს გამოასალმეს. ძალიან მტკივნეული იყო თითოეული დღე და არანაირი განაჩენი არანაირად არ შეცვლის იმ მდგომარეობას და არ მოგვიშუშებს იმ იარებს, რომელიც ოჯახმა მიიღო. მიუხედავად ამდენი წამებისა, არაადამიანური მოპყრობისა და უბედურებისა, რაც ჩემს მეუღლეს დაატყდა თავს, ის ძალიან ღირსეულად წავიდა ამ ქვეყნიდან და არ აღიარა შეკერილი საქმე, რომელიც თავიდან ბოლომდე აბსურდული იყო. ვთვლი, რომ ადამიანის სიცოცხლე ბევრად ღირებული უნდა იყოს, ვიდრე ის ვადაა, რომელიც მას მიესაჯა".

თავად ბაჩანა ახალაიაც გამოეხმაურა გამოტანილ განაჩენს "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე: "ერთია, როცა დანაშაულს დაგაბრალებენ, მეორეა, როცა ამ სახით აშკარა შეურაცხყოფას გაყენებენ. ეს განაჩენი, ეს სასამართლო, მთლიანად ხელისუფლება დაკავებულია ჩემთვის ისეთი შეურაცხყოფის მოყენებით, რომელმაც სამუდამოდ უნდა გამანადგუროს მორალურად, მაგრამ ამ შეურაცხყოფაზე ჩემი ერთადერთი პასუხი იქნება ის, რომ რამდენი წელიც უნდა დამჭირდეს, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს შვილებს, ჩემს ოჯახს, მთელ ქართველ საზოგადოებას, სწორედ ამ მოსამართლეების პირიდან მოვასმენინო სრული სიმართლე. ისინი უნდა წარდგნენ ხალხის წინაშე და დეტალურად მოჰყვნენ, ვინ დაავალა ასეთი სიბინძურეების კეთება და რატომ ახორციელებდნენ ასეთ ბინძურ დავალებებს..."

ბაჩანა ახალაიას ადვოკატები ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ. ისინი გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებენ.

თეა ხურცილავა