"ბიჭი ღამის კლუბიდან სახლში დაბრუნდა, დაიძინა და დილით ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს" - გზაპრესი

"ბიჭი ღამის კლუბიდან სახლში დაბრუნდა, დაიძინა და დილით ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს"

რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდები მასობრივად შეჰყავთ კლინიკებში მძიმე ინტოქსიკაციით, რაც სავარაუდოდ, ბაზარზე გამოჩენილმა ახალმა ფსიქოაქტიურმა ნივთიერებამ გამოიწვია.

ჯონდი ბაღათურიამ საგანგაშო ინფორმაცია გაავრცელა და ისიც აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი გოგონა მისი ახლობელია. ჟურნალმა "გზამ" ამ თემას ვრცელი სტატია მიუძღვნა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ წერილიდან:

ჯონდი ბაღათურია:

"ჩემი ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინტოქსიკაციით 12 ადამიანია გარდაცვლილი. მე მაქვს განცდა, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტია... ერთ-ერთი გარდაცვლილი ჩემი ახლობელია, საუკეთესო ახალგაზრდა იყო. ამ ბავშვმა პირველად გასინჯა და გარდაიცვალა..."

"ბიჭი თემქაზე ცხოვრობდა, ის ღამის კლუბიდან სახლში დაბრუნდა, დაიძინა და დილით ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. ის რამდენიმე დღის წინ დაკრძალეს. იმავეს ამბობენ გარდაცვლილი გოგონას ახლობლებიც, კლუბიდან დაბრუნებული დაწვა, მალე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარდაცვლილ გოგონას ექსპერტიზა ჩაუტარდა და ახლა მისი ოჯახი დასკვნის მოლოდინშია. მათთვის უცნობია შვილის სიკვდილის რეალური მიზეზი. ერთ-ერთი ვერსიით, მან ნარკოტიკი მოიხმარა..."

თათა ასათიანი, ნარკოლოგი:

"ბოლო კვირის განმავლობაში 8 პაციენტია შემოსული, ყველასთვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშანი იყო ცნობიერების ღრმა დათრგუნვა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. აღნიშნულის გამო ყველა მათგანი გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე, საკმაოდ ცუდი მდგომარეობა იყო. რამდენიმე პაციენტი უკვე გაეწერა, მაგრამ დარჩენილი სამი ადამიანი ისევ რჩება მართვით სუნთქვაზე, ჯერჯერობით მათი მდგომარეობა მძიმეა..."

"რაც ყველაზე მეტად შემაშფოთებელია, მოზარდებმა მასობრივად დაიწყეს ამ საშუალების მოხმარება და ჯერ კიდევ არ ვიცით, ეს სადამდე მიგვიყვანს. ეს არის ნარკოტიკი, რომელიც იწვევს ადამიანების სწრაფ დეგრადაციას. თვითონ პაციენტები აღნიშნავენ, იმდენად ძლიერია ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ამ ნარკოტიკზე, რომ შეჩერება შეუძლებელია მკურნალობისა და დახმარების გარეშეო..."

იხილეთ ასევე: "საქართველოში სიკვდილის მომტანი მარილი გამოჩნდა!"

სტატიას ვრცლად ჟურნალ "გზის" 3 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

თეა ხურცილავა