"ომიაძეებს მოვუკლავ ბესოს!" - გზაპრესი

"ომიაძეებს მოვუკლავ ბესოს!"

გასულ კვირას ხაშურის სოფელ ალში, ბუზიაშვილების საცხოვრებელ სახლში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა: ბესიკ ომიაძე იმ დღეს ყოფილი რძლის, ნინო ამყოლაძის სახლში სიტუაციის გასარკვევად მივიდა, თუმცა ყველაფერი სისხლის ღვრით დასრულდა. ბესიკი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მასთან დაპირისპირებული ძმები - ლევან და შალვა ბუზიაშვილები სხეულის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ირკვევა, სამი შვილის დედა, ნინო ამყოლაძე ქმარს 2 წლის წინ გაშორდა და ლევან ბუზიაშვილს გაჰყვა ცოლად. მისი 3 შვილი ყოფილი მეუღლის ოჯახში იზრდებოდა და ახლობლების თქმით, მათ საკუთარი შვილივით ზრდიდა ბიძა, 4 შვილის მამა, ბესიკ ომიაძე.

ბუზიაშვილები ირწმუნებიან, რომ ღამის 11 საათზე მათ თავს დაესხა ნინო ამყოლაძის ყოფილი მაზლი, რამდენიმე პირთან ერთად.

ნინო ამყოლაძე დანაშაულის მოტივად შურისძიებას ასახელებს. ამბობს, რომ ქმარს 2 წლის წინ გაშორდა, თუმცა ყოფილი მეუღლის ოჯახთან ურთიერთობის დაძაბვა მისმა გათხოვებამ გამოიწვია.

ბუზიაშვილების ოჯახის წევრების თქმით, ღამის 11 საათზე ლევან ბუზიაშვილს ჭიშკართან დაუძახეს და კონფლიქტი სწორედ ეზოს გარეთ დაიწყო.

GzaPress- გავიგონე ხმა, - რას ელაპარაკები ამდენს, მოკალიო. ჩემს ქმარს ცემა დაუწყეს. ვიღაცამ თავში რკინა ჩაარტყა, უნდოდათ, მანქანაში შეეთრიათ და მოეკლათ, მაგრამ ჩემმა მეუღლემ მოიგერია ისინი, შემოვარდა სახლში და მძინარე ძმას დაუძახა, მომეშველე, მკლავენო. ამ დროს სახლში სამი ბიჭი შემოჰყვა, ჩემს დედამთილს ცალკე გუდავდნენ საწოლში, ეტყობა მე ვეგონე. ჩემს მაზლს რკინა ურტყეს თავში. მე რომ შემოვედი, ოთახში საშინელება ტრიალებდა. დავიწყე კივილი, ერთ-ერთი გამომყვა და გავიგონე, ერთმანეთს რომ ეუბნებოდნენ, ხალხი მოდისო და სახლიდან გაიქცნენ. ჩემი ყოფილი მაზლი კი ოთახიდან დაჭრილი გამოვიდა და ეზოში წაიქცა. მაზლი ვერ მპატიობდა, რომ გავთხოვდი და მას მერე სულ მემუქრებოდა. არადა, ჩემი ქმარი პირიქით მეუბნებოდა, - წადი, იყავი ბედნიერიო. დააგდეს ჩემი ყოფილი მაზლი სისხლის გუბეში ძმაკაცებმა და თვითონ მისი მანქანით გაიქცნენ, - ამბობს ნინო ამყოლაძე, ვის გამოც ეს ტრაგედია დატრიალდა.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო, ძალოვანებმა დანაშაულის მეორე დღეს საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს ლევან ბუზიაშვილი. მას ბესიკ ომიაძის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თამარ ომიაძე, ბესიკ ომიაძის ბიძაშვილი:

- ბესიკის ძმის, ლევან ომიაძის ცოლი იყო ნინო ამყოლაძე. ლევანსა და მის მეუღლეს შორის კონფლიქტები დაქორწინების პირველივე დღეებიდან დაიწყო. ოჯახური სკანდალის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო ნებისმიერი წვრილმანი, მაგალითად: მეუღლის სამსახურიდან 5 წუთით დაგვიანება, საყოფაცხოვრებო საკითხები...

ჩხუბისას ნინო ქმარს ემუქრებოდა ქუთაისელი კანონიერი ქურდებითა და სვანური საძმოს სახელით, რადგან დედა სვანი ჰყავდა. ხშირად აცხადებდა, რომ ქურდების გაზრდილი იყო და ვინმე ტარიელ (ტარასა) ფოცხვერია მფარველობდა.

ნინო ამყოლაძეს ასევე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა საკუთარ ძმასა და მამასთან, ნათესავებსა და მეზობლებთან. ცოლის მხრიდან გაუთავებელი პრეტენზიების გამო და მისი დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, ლევან ომიაძე ისრაელში წავიდა სამუშაოდ. მიუხედავად ლევანის წინააღმდეგობისა, ნინო ამყოლაძემ აიღო ვალი და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად გაემგზავრა ისრაელში. საზღვარზე ნინო ამყოლაძე შვილებთან ერთად დააკავეს და დეპორტაციით გამოუშვეს საქართველოში. პირველი უშედეგო მცდელობის შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში მან კიდევ ისესხა რამდენიმე ათასი დოლარი, დაალომბარდა ძვირფასეულობა, საოჯახო ნივთები და დაუკავშირდა ჩვენთვის უცნობ ხალხს, რომელთა დახმარებითაც, თანხის სანაცვლოდ, სტიუარდესად გადაცმულმა მოახერხა საბაჟო კონტროლის გავლის გარეშე, უკანონო გზით შეეღწია ისრაელში. ქმართან ჩასულმა ამყოლაძემ მალევე სასიყვარულო ურთიერთობა გააბა მეგობრის ქმართან, ლევან ბუზიაშვილთან. მას არანაირ დისკომფორტს არ უქმნიდა ის, რომ ქმარი ჰყავდა. სავარაუდოდ, ასეც გაგრძელდებოდა, ლევან ომიაძეს ცოლის ღალატის შესახებ რომ არ შეეტყო. ამ ამბავმა, ბუნებრივია, წარმოშვა დაძაბულობა მათ შორის. ლევან ბუზიაშვილმა და ნინო ამყოლაძემ სხვა კრიმინალ მეგობრებთან ერთად, სასტიკად სცემეს ლევან ომიაძეს, რის შედეგადაც მან ტვინის შერყევა მიიღო და თვეების განმავლობაში შრომისუუნარო გახდა. ამის ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება ისრაელის ქალაქ აშდოდში მცხოვრებ ქართველებს შორის, რომლებმაც კატეგორიულად მოსთხოვეს ნინო ამყოლაძეს, დაეტოვებინა ისრაელი. ამის შემდეგ დაბრუნდა თბილისში და ლევან ომიაძის კუთვნილ სახლში, შვილებთან ერთად განაგრძო ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს უკვე ლევან ბუზიაშვილის მეუღლედ აცხადებდა და გათხოვების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებდა "ფეისბუკზე", უყვებოდა მეზობლებს, შვილების პედაგოგებს, ნათესავებს. ის ასევე აცხადებდა, რომ გეგმავდა უკან, ისრაელში ახალ მეუღლესთან დაუყოვნებლივ დაბრუნებას. მან დაიწყო ურთიერთობა ლევან ბუზიაშვილის საქართველოში მცხოვრებ ნათესავებთან რძლის სტატუსით, ესწრებოდა ოჯახურ სუფრებს, ღიად აქვეყნებდა ამ ურთიერთობის ამსახველ ფოტოებს, თუმცა, ამავე დროს, ახალ ნათესავებს გულმოდგინედ უმალავდა, რომ სამი შვილი ჰყავდა. ამყოლაძე აცხადებდა, რომ უკან დაბრუნებაში მას დაეხმარებოდა ბუზიაშვილი, რომელიც აშდოდის "მაყურებელი" იყო და ისრაელის კრიმინალურ წრეებში გავლენით სარგებლობდა. ამ ყველაფრის პარალელურად, ის ავალდებულებდა და აშანტაჟებდა თავის ყოფილ ქმარს, რომ ემუშავა და გადაეხადა ვალები, რომელიც ნინო ამყოლაძემ ისრაელში წასვლის გამო აიღო.

- რას ამბობდა ამაზე მისი ქმარი?

- ყოველივე ამის გამო ლევანი იძულებული გახდა, თბილისში დაბრუნებულიყო. ის საჭიროებდა მკურნალობას და სურდა ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობა გაერკვია.

ბუნებრივია, ლევან ომიაძეს აღარ სურდა ერთ ჭერქვეშ გაეგრძელებინა ცხოვრება უკვე ბუზიაშვილის მეუღლესთან.

- ბესიკ ომიაძეს როგორი ურთიერთობა ჰქონდა რძალთან და რატომ მივიდა იმ დღეს მის სახლში?

- ბესიკ ომიაძეს არასოდეს მოსწონდა რძლის ცხოვრების წესი და სანაცნობო წრე. გარდა ამისა, მისთვის ცნობილი იყო, რომ ამყოლაძე გამუდმებით ემუქრებოდა ქმარს კრიმინალური ავტორიტეტებით. ბესიკ ომიაძე არ ურთიერთობდა რძალთან, თუმცა, ძმასა და ძმისშვილებზე ზრუნვა არასოდეს შეუწყვეტია. ბესიკ ომიაძე და მისი მეუღლე ყოველდღიურად ზრუნავდნენ ბავშვების კვებაზე, სწავლა-განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, აკონტროლებდნენ მათ გარემოცვას, დღის რეჟიმს, დააკავეს ბავშვები სპორტით. მზრუნველი ბიძა ყველაზე კარგად ამჩნევდა დედის მიერ მიტოვებული მცირეწლოვანი ბავშვების მძიმე ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ნინო ამყოლაძე და ლევან ბუზიაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ თურქეთში და ერთად ყოფნის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებდნენ. თურქეთიდან ჩამოსულმა ნინო ამყოლაძემ მოისურვა შვილებთან შეხვედრა. ბუნებრივია, მისთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის შვილებთან პაემანზე ბუზიაშვილთან და ბუზიაშვილის ორ მეგობართან ერთად მივიდოდა. საქმე ისაა, რომ დედასთან შეხვედრის შემდეგ, შინ დაბრუნებული 9 წლის ვაჟი დათრგუნვილი იყო, არც საუბრის და კონტაქტის სურვილი ჰქონდა, უარი განაცხადა სკოლაში წასვლაზე. ფაქტობრივად, 24 საათის განმავლობაში ეძინა. ეს ყველაფერი იმდენად მძიმე სანახავი იყო, რომ ბესო ომიაძემ და მისმა მეუღლემ კონსულტაციაც კი აიღეს მეგობარი ფსიქოლოგისაგან, როგორ მოქცეულიყვნენ ასეთ დროს. ბესომ ბავშვთან საუბრიდან გაარკვია, რომ ისინი შეხვდნენ დედას, დედის ახალ ქმარსა და ქმრის მეგობრებს. ბავშვის ნაამბობიდან გაირკვა, რომ ბუზიაშვილი და მისი მეგობრები მთვრალები იყვნენ. დედა შვილის თვალწინ იქცეოდა გამომწვევად. როგორც ჩანს, ბავშვმა მაშინვე გამოხატა თავისი რეაქცია. ნაცვლად იმისა, რომ დედას შვილი დაემშვიდებინა, განერვიულებულ ბავშვს ცინიკურად ჰკითხა: ხომ არ ეჭვიანობო?! ამ ფაქტმა განსაკუთრებით გააღიზიანა და გაანერვიულა ბავშვის მამა.

ბესო ომიაძე ხვდებოდა, რომ ამას შეიძლებოდა ახალი მწვავე კონფლიქტი მოჰყოლოდა მის ძმასა და ლევან ბუზიაშვილს შორის, ამიტომაც საჭიროდ მიიჩნია, თავად, როგორც შედარებით ნეიტრალური მხარე, დალაპარაკებოდა ბუზიაშვილს. ტრაგედიის დღეს ბესიკი ომიაძე მეგობრებთან ერთად მიდიოდა საჩხერეში, ცოლის მშობლებთან. საჩხერეში მიმავალმა გადაწყვიტა, ბარემ ესარგებლა შემთხვევით და გზად შეევლო ალში, ლევან ბუზიაშვილთან დასალაპარაკებლად. მისი მიზანი იყო ერთადერთი რამ: მოეთხოვა მისთვის, რომ არასდროს ჰქონოდა ურთიერთობა ცოლის მცირეწლოვან შვილებთან.

- საქართველოში იმყოფებოდა თუ არა ბესიკის ძმა ამ დროს და იცოდა თუ არა, რომ ბესიკი მის ყოფილ ცოლთან მიდიოდა?

- სწორედ იმის გამო, რომ ბესიკის ძმა ლევან ომიაძე იმყოფებოდა საქართველოში და არსებობდა მასსა და ლევან ბუზიაშვილთან ურთიერთობის გამწვავების საშიშროება, ბესო ომიაძემ გადაწყვიტა, თავად დალაპარაკებოდა ბუზიაშვილს.

- დედა რა პერიოდულობით ნახულობდა შვილებს და ვინ ზრდიდა ბავშვებს?

- დედა-შვილები ერთმანეთს თვეში ერთხელ ნახულობდნენ. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის შემდეგ, შინ დაბრუნებული ბავშვი ბიძას და მამას უყვებოდა, როგორ ეწეოდნენ დედის მეგობრები ბოთლიდან სიგარეტს და თან იცინოდნენ. ცხადი გახდა, რომ ბავშვები ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტს შეესწრენ.

- საქმის კვალიფიკაციაზე რას იტყვით და რა პოზიცია აქვს დღეს ჭირისუფალს?

GzaPress- ლევან ბუზიაშვილს ბრალი წაუყენეს განზრახ მკვლელობის მუხლით. თუმცა, ბესო ომიაძის ოჯახი და მეგობრები, მივიჩნევთ, რომ ამ მკვლელობის მაპროვოცირებელი და წამქეზებელი ნინო ამყოლაძეა. ჩვენთვის ცნობილი გახდა მისი მუქარა: "ომიაძეებს მოვუკლავ ბესოს!" ეს ფრაზა მან რამდენჯერმე გაიმეორა რაჭაში, სოფელ წესში ნათესავებთან ყოფნის დროს. ის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა შურისძიებისთვის და ლევან ბუზიაშვილს იარაღად იყენებდა. ნინო ამყოლაძე დღესაც განაგრძობს მუქარის შემცველი განცხადებების გამოქვეყნებას სოციალურ ქსელში და რევანშით იმუქრება. მაშინ, როდესაც ნინო ამყოლაძე განაგრძობს მოკლული ბესიკ ომიაძის შეურაცხყოფას და დეზინფორმაციას ავრცელებს, მისი სამი მცირეწლოვანი შვილი კვლავ ბიძის ოჯახში იმყოფება მოკლულის მეუღლის მზრუნველობის ქვეშ.

ბესიკის ახლობლები მისი მეუღლის, თეა ჭიღლაძის სულიერ სიმტკიცეზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ამხელა ტრაგედიის მიუხედავად, ბიცოლას გვერდიდან არ მოუშორებია მაზლიშვილები და მათთან ჩახუტებული გამოემშვიდობა სადისტურად მოკლულ მეუღლეს.

ელისო ღვინიაშვილი, ომიაძეების ოჯახის მეგობარი:

- ბესოს მეუღლე, თეა ჭიღლაძე ღირსეული ადამიანია. ნინო ამყოლაძე ეწეოდა უწესო ცხოვრებას და მცირეწლოვანი ბავშვები ხშირად იყვნენ უმეთვალყურეოდ სახლში მარტო დატოვებული, უჭმელ-უსმელი, ავადმყოფი, მათზე ბიძა და ბიცოლა ზრუნავდნენ. ბესიკი რძალს არასდროს ეკონტაქტებოდა. ძალიან საშიში ადამიანია ბესიკის მკვლელი, ის ადრე მკვლელობისთვის 9 წელი იჯდა ციხეში. ისრაელში ცხოვრობს მრავალი წელია. იქ ჩაიდინა დანაშაული: ბანკიდან გამოსულ ადამიანს თავს დაესხა, დანა ყელში გამოუსვა და გაძარცვა. ამის მერე ისრაელში მოიხადა სასჯელი. დიდი ხანია საქართველოში არ ყოფილა. ჩამოვიდა 1 თვის წინ და ამ ხნის განმავლობაში არც სატელეფონო ან პირადი კონტაქტი ერთმანეთთან არ ჰქონიათ. ბესიკ ომიაძეს არასდროს ჰქონია პრეტენზია ყოფილ რძალთან მის გათხოვებასთან დაკავშირებით. ბესიკს მხოლოდ ის უნდოდა, ბავშვები დედის მეორე ქმარს არ შეხვედროდნენ. ამყოლაძე არ ისვენებს, საინფორმაციო ომი აქვს წამოწყებული და ყველა ხერხს იყენებს, რომ მოკლული გამოიყვანოს მკვლელად.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. რა ჩვენება მისცა თავად ბრალდებულმა და რას დაადგენს გამოძიება, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თეა ხურცილავა