"კანონიერმა ქურდებმა" გვითხრეს, ყაჩაღობა იაშვილმა შეუკვეთაო" - როგორ აღმოჩნდა ასლან აბაშიძის სახლში ნაყაჩაღარი ნახატი?
font-large font-small
"კანონიერმა ქურდებმა" გვითხრეს, ყაჩაღობა იაშვილმა შეუკვეთაო" - როგორ აღმოჩნდა ასლან აბაშიძის სახლში ნაყაჩაღარი ნახატი?
"ცნობილი ესპანელი მხატვრის, მურილიოს ნახატი ჩვენს ოჯახში 1962 წელს გაჩნდა, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, მამამ მოიტანა და ძალიან ბედნიერი იყო"
ერთი ძველი ყაჩაღობის ამბავი უნდა გიამბოთ, რომელიც ბევრ სხვა, გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩადენილ დანაშაულთან ერთად, დღემდე გაუხსნელია.

მართალია მომხდარზე იმჟამად აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ გაუხსნელი, ობმოკიდებული ტომები მხოლოდ პროკურატურის თაროებს შემორჩა.

90-იან წლებში თბილისში საკმაოდ გახმაურებული იყო ცნობილი ექიმების ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა. ბინიდან მე-17 საუკუნის, უდიდესი ესპანელი ფერმწერის, მურილიოს ნახატი და უამრავი ძვირფასეულობა წაიღეს, სიკვდილს სასწაულად გადაურჩა ოჯახის უფროსი, ცნობილი ექიმი ლევან თარაშვილი. განიცდიდა უძვირფასესი ნამუშევრის დაკარგვას. არადა, თურმე ჰყავდა ეჭვმიტანილი, რომელსაც პირდაპირ ამხელდა. უფრო მეტიც, ოჯახმა მოგვიანებით ისიც შეიტყო, რომ მათი სახლიდან წაღებული ნამუშევარი ასლან აბაშიძის სახლში ეკიდა, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, როგორ აღმოჩნდა აჭარის მეთაურის სახლში ნაყაჩაღარი ნახატი.
ცნობილი ექიმების ქალიშვილი, ქალბატონი ნანა ცეკვაშვილი გვიამბობს მის ოჯახზე მომხდარი თავდასხმის დეტალებს.

ნანა ცეკვაშვილი:
- თბილისში, კეკელიძეზე ვცხოვრობდით. ძალიან შეძლებული ოჯახი გვქონდა, დედა, მეგი ფერაძე ცნობილი უროლოგი იყო, მამა, ლევან თარაშვილი რადიოლოგი გახლდათ. ჩემს მშობლებს უძვირფასესი ნივთების და ნახატების კოლექცია ჰქონდათ და სახლში მოსული სტუმრები გაოცებას ვერ მალავდნენ, თავი მუზეუმში ეგონათ. ორივეს ერთნაირი ინტერესები გააჩნდა და ყიდულობდნენ საინტერესო ნამუშევრებს.
ცნობილი ესპანელი მხატვრის, მურილიოს ნახატი ჩვენს ოჯახში 1962 წელს გაჩნდა, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, მამამ მოიტანა და ძალიან ბედნიერი იყო. ეს ნახატი ჩამოტანილი იყო რუსეთიდან, ვინც მიყიდა მამას ის კაცი ამბობდა, რომ სურათი ჟუკოვის ცოლმა გაყიდა.

ამ სურათს ერმიტაჟის ლუქი ედო, ეტყობა საცავიდან იყო გამოტანილი. კუთხეში ჰქონდა პატარა დაზიანება, ხიშტით იყო დაზიანებული. მახსოვს, რომ მოიტანეს სურათი სულ შავი იყო, გამურულივით. თბილისში ცხოვრობდა ეროვნებით სომეხი კაცი, შავ კოლიას ეძახდნენ და უძვირფასეს ნივთებს ის ყიდდა, მისგან იყიდა მამამ ეს ნახატი და კარგად მახსოვს, როგორ სათუთად წმენდდა ეს კაცი ტილოს.

თავიდან დაბურული იყო, გაჭვარტლულივით, ომგამოვლილი სურათი და ნელ ნელა გამოჩნდა სახეები. კოლიამ არაერთხელ თქვა, რომ მარშალ ჟუკოვის ცოლისგან იყიდა. გაგრძელება
ბეჭდვა