რას უყვებიან გამოძიებას ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებულები - გზაპრესი

რას უყვებიან გამოძიებას ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებულები

ითქვა, რომ ისინი კლუბურმა ნარკოტიკმა შეიწირა. სპეციალისტები საგანგაშო ვითარებაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ბაზარზე ახალი ე.წ. დიზაინერული ნარკოტიკი გამოჩნდა. საუბარია სინთეზურ ნარკოტიკებზე, რომელიც თავისუფლად იყიდება. ეს დასტურდებოდა ფაქტებით, კლინიკებში ინტოქსიკაციით შეჰყავდათ ახალგაზრდები და ყველა შემთხვევაში სიმპტომები ერთნაირი იყო: ცნობიერების დათრგუნვა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ვინც საავადმყოფომდე მიაღწია, ყველა მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს და ექიმებმა მათ სიცოცხლე შეუნარჩუნეს. საზოგადოებაში გაჩნდა პროტესტი. ბევრი ადამიანი სამართალდამცავებისგან ითხოვდა პასუხს, თუ რატომ არ ავლენდა პოლიცია დამნაშავეებს.

გახმაურებული ფაქტების შემდეგ ძალოვნებიც გააქტიურდნენ და რამდენიმე ადამიანი ნარკორეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. მათ შორის 23 წლის გიორგი გოგებაშვილი და მისი მეგობარი გოგონა, 27 წლის ნინო გეგელაშვილი. მათ დიდი ოდენობით კლუბური ნარკოტიკის შეძენა-შენახვა და რეალიზაცია ედებათ ბრალად. ამ საქმის დეტალებზე ქვემოთ ვისაუბრებ.

ყველასთვის ცნობილია 12 მაისს განვითარებული მოვლენებიც. დაახლოებით ღამის პირველ საათზე თბილისის ორ ღამის კლუბში, "ბასიანსა" და "გალერიში" სპეცოპერაცია ერთდროულად დაიწყო. იქ მყოფ ყველა სტუმარს კლუბები დაატოვებინეს. სამართალდამცავები მოქალაქეებს არ აძლევდნენ იქ შესვლის საშუალებას, თუმცა მიზეზს არ უხსნიდნენ. მალე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იქ საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა. სპეცოპერაციის დაწყებიდან სამი საათის შემდეგ შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით რვა პირი იყო დაკავებული და კონკრეტულ კლუბებში სპეცოპერაციის ჩატარებაზე სასამართლოს ნებართვა არსებობდა.

12 მაისს ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო პროცესი 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა. განსასჯელის სკამზე 8 ბრალდებული იჯდა. დაკავებულთა უმრავლესობა სტუდენტია, მათი ასაკი 22-დან 30 წლამდეა. დარბაზში ბევრი პოლიციელი იყო, ამიტომ ბრალდებულების ახლობელთა დიდმა ნაწილმა პროცესზე დასწრება ვეღარ მოახერხა. ისინი გარეთ ელოდნენ მოსამართლის გადაწყვეტილებას. ახლობლები ვერ ფარავდნენ ემოციებს, ზოგიერთი ჩუმად ტიროდა, ზოგი ხმამაღლა აპროტესტებდა მომხდარს.

პროცესზე გაირკვა, რომ თითქმის ყველა ბრალდებული კლუბური ნარკოტიკის მომხმარებელია და დაკავებისას ზემოქმედების ქვეშ იყო. რამდენიმე მათგანი ნასამართლევიც არის.

თითოეულისთვის წაყენებული ბრალი მძიმეა და სასჯელი 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ყველაზე მძიმე მუხლი 23 წლის ბორის დარახველიძეს აქვს წარდგენილი. გამოძიება მას სამი ეპიზოდის ჩადენას ედავება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მისი ადვოკატი, ნინო ლალიაშვილი აცხადებს, რომ ბორისი ნარკორეალიზატორი არ არის. როგორც ირკვევა, მის წინააღმდეგ ჩვენება უცხოელმა ქალმა მისცა, რომელთანაც ის მეგობრობდა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ მოწმე პოლიციის აგენტია.

ნინო ლალიაშვილი, ადვოკატი: GzaPress- ჩემს დასაცავს პორტუგალიელი გოგო ამხელს. ბორისმა 3 წლის წინ გაიცნო იგი, ხშირად ხედავდა ღამის კლუბებში და ნორმალური ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ეტყობა, ეს გოგო ჰყავდა პოლიციას დაკავებული და მერე აგენტად გამოიყენეს. ის დაუკავშირდა დარახველიძეს და სთხოვა, მისთვისაც წამოეღო კლუბური ნარკოტიკი, ექსტაზი. უთხრა, რომ მოხვალ, ფულს მაშინ გადაგიხდიო. მანაც იყიდა ინტერნეტით და მიუტანა, გამოართვა 700 ლარი, რაც გადახდილი ჰქონდა. ეს არის იმ კადრებში ასახული. მეორე ეპიზოდშიც ჩანს, გოგო როგორ სთხოვს ექსტაზის ყიდვას, დარახველიძე კი ეუბნება, ფული არ მაქვს და ვერ გამოვიწერო. პირად საუბარში მითხრა, ამ მსუბუქი ნარკოტიკის მომხმარებელი ვიყავი, რომელსაც ინტერნეტით ვყიდულობდი და როგორც სხვებს, მეც სხვადასხვა ადგილას მიდებდნენო. 23 წლის ბიჭს, "ბარიგობას" რომ ჰკიდებენ, ეს ძალიან მძიმეა, ის მართლა არ არის რეალიზატორი.

არც ბრალდებულ თორნიკე ჩუტკერაშვილის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია ეთანხმება ბრალს. აცხადებს, რომ მისი დასაცავის წინააღმდეგ ძალოვნებს სამხილი არ აქვთ. პირადი და არც ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკი ამოღებული არ არის: "თორნიკე სტუდენტია, ამავდროულად, გამოცდების ეროვნულ ცენტრში მუშაობდა და ღირსეული ახალგაზრდაა. არასოდეს ყოფილა ნასამართლევი. კლაუსტროფიის პრობლემა აქვს. მას ედავებიან, რომ გაყიდა ნარკოტიკი, მაგრამ არც ერთ კადრში ეს არ ფიქსირდება".

ცნობილია, რომ დაკავებულებს შორის კაფე "გალერის" დაცვის სამსახურის უფროსი - ვიქტორ ჟამუტაშვილიცაა. დაცვის წევრმა სასამართლოზე მოსამართლეს ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინება სთხოვა: "მყავს შვილი და მეუღლე, რომელსაც ჩემს მეტი არავინ ჰყავს და იქნებ ეს გაითვალისწინოთ საქმის განხილვისას", - თქვა მან პროცესზე.

ყველა ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესის მსვლელობისას სამ ბრალდებულს ექიმის დახმარება დასჭირდა.

ადვოკატების მტკიცებით, ყველა საქმეში ერთი და იგივე მოწმე ფიგურირებს, სწორედ ამიტომ, ისინი ამ მოწმის ჩვენებას ეჭვქვეშ აყენებენ.

ექსკლუზიური ინფორმაციით, მოწმე სოლომონ მათიკაშვილია. სწორედ ამ მოწმის ჩვენების საფუძველზე დააკავა პოლიციამ ბრალდებულები. სწორედ ის გამოიყენეს პოლიციელებმა საკონტროლო შესყიდვების დროს და კადრებში ის ყიდულობს ბრალდებულებისგან "ემდეემს". საქმის მასალების მიხედვით, ის თავისი სურვილით მივიდა პოლიციაში:

"ვარ ხელოსანი, მიყვარს კლუბური ცხოვრება და დავდივარ სხვადასხვა ღამის კლუბში. კაფე "გალერიში" სხვა პირებთან ერთად გავიცანი ვიქტორ ჟამუტაშვილი, გიორგი მამულაშვილი, ქეთი მურუსიძე და მიხეილ მიქაძე, რომლებსაც ასევე უყვართ ღამის კლუბები და ხშირად არიან იქ. რამდენიმე დღის წინ, როდესაც ვიმყოფებოდი კლუბ "გალერიში", ამ პირებმა მითხრეს, რომ ჰქონდათ ე.წ. კლუბური ნარკოტიკები, ექსტაზი და შემომთავაზეს ნარკოტიკული საშუალების შეძენა. მათგან შევიძინე "ემდეემი" და შევუთანხმდი, რომ შემდგომში როცა მივიდოდი კაფე "გალერიში", მათგან შევიძენდი ნარკოტიკს. შემდეგ დავფიქრდი და გავაცნობიერე, რომ აღნიშნული პირები მიბიძგებდნენ დანაშაულის ჩადენისკენ, ასევე გავაცნობიერე ისიც, რომ ღამის კლუბში ხშირად დადიან და შესაძლებელია აქ ნარკოტიკის შეძენა". სოლომონის ამ ჩვენების შემდეგ მოხდა ამ პირებზე ფარული მოსმენა, ვიდეოთვალთვალი და საკონტროლო შესყიდვებიც. მართალია, ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მოწმის გარდა, სხვა სამხილები საქმეში არ არის, მაგრამ პროკურორის თქმით, საქმეში არის არაერთი მტკიცებულება, რაც ბრალდებულთა ბრალეულობას ადასტურებს.

"საქმეში არის ძირითადი 4 მოწმე, ვინც უშუალოდ თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამასთან, გრძელდება გამოძიება და დასადგენია რიგი ფაქტობრივი გარემოებები. დასადგენია ასევე ბრალდებულების დანაშაულებრივი კავშირები, ვისგან იძენდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს", - აღნიშნა პროკურორმა.

საქმის დეტალების ირგვლივ გამოძიება გრძელდება. იმედია, დაადგენენ, თუ ვისგან შეიძინეს ნარკოტიკული საშუალებები აღნიშნულმა პირებმა და გავლენ მთავარ რეალიზატორზე. ითანამშრომლებენ თუ არა ისინი გამოძიებასთან, ჯერჯერობით უცნობია, რადგან ყველა დუმილის უფლებას იყენებს.

სავარაუდოდ, გამოძიებასთან ითანამშრომლებს ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე დაკავებული ბრალდებული, 27 წლის ნინო გეგელაშვილი. მას და მის მეგობარს, გიორგი გოგებაშვილს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. გიორგი არ აღიარებს დანაშაულს, ნინომ კი ძალოვნებს ის ადგილებიც აჩვენა, სადაც ჩამორიგებული ჰქონდა დაფასოებული ნივთიერებები.

სასამართლო პროცესზე ნინო ტირილით შემოვიდა. ახლობლების დანახვაზე აქვითინდა, მერე ძმას პატიება სთხოვა. ნინოს 5 წლის გოგონა ჰყავს და ის მეუღლეს გაშორებულია. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები წინასწარი შეთანხმებით, ინტერნეტის საშუალებით ახდენდნენ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შენახვას, შეძენასა და გასაღებას. მათ ბინა ერთად ჰქონდათ ნაქირავები და სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკები იქ ინახებოდა. ძალოვანთა მტკიცებით, სწორედ ამ ბინიდან ნაწილდებოდა ინტერნეტით გაყიდული ნარკოტიკი. ორივე ბრალდებულს გამოძიება სამ ეპიზოდს ედავება. 3 თვე მუშაობდნენ სამართალდამცავები დამნაშავეების გამოსავლენად. სქემა ასეთი იყო: "ტელეგრამში" დაფიქსირებული იყო ტელეფონის ნომერი და სწორედ ამ ნომერზე უკავშირდებოდნენ მსურველები გამყიდველს და ყიდულობდნენ ნარკოტიკს. მერე "გუგლ მაპის" საშუალებით უგზავნიდნენ მარშრუტის სქემას, თუ როგორ უნდა მისულიყვნენ დანიშნულების ადგილას და აეღოთ ნარკოტიკი. პოლიციის თანამშრომელმა, გიორგი ქოქაშვილმა შეტყობინება გაგზავნა "ტელეგრამში" დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე, ტექსტით - "კონიაკის თემა არის?" და მიიღო დასტური. ამის შემდეგ ის ნარკოტიკული საშუალებების ფასების დადგენას შეეცადა და მიიღო ფასების ნუსხაც. ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ და ქოქაშვილმა რამდენიმე შესყიდვა გააკეთა. ჯერ 200 ლარი გადაიხადა "კრისტალ ბეთის" ანგარიშზე. მალე კონკრეტულ მისამართზე დახვდა წამალი, 0.062 გრამად დაფასოებული ჰეროინი.

17 მარტს, პოლიციელი იმავე ნომერზე იგივე სიტყვებით წერს ახალ შეტყობინებას. ამჯერად თანხმდებიან, რომ 500 ლარად გადასცემენ ახალ ფსიქოტროპულ ნივთიერებას ე.წ. ბიოს და "ბუფრემორფინის" შემცველ აბს. ისევ იგივე სქემით, ამჯერად "აჭარაბეთის" ანგარიშზე ის რიცხავს 500 ლარს, რის შემდეგაც ატყობინებენ კონკრეტულ მისამართს და სხვა მისამართზე იღებს დაპირებულ ნარკოტიკულ საშუალებას. მორიგ შესყიდვაში 300 ლარს იხდის ისევ "კრისტალბეთის", ოღონდ სხვა ანგარიშზე და ამის შემდეგ პოლიციამ დაადგინა დამნაშავეების ვინაობა და ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს მოუსმინეს, უთვალთვალეს და ორივე სხვადასხვა ადგილას, ერთდროულად დააკავეს.

გამოძიების მტკიცებით, დაკავებულმა გეგელაშვილმა ძალოვნები მიიყვანა კონკრეტულ მისამართებზე, სადაც ჩამორიგებული ჰქონდა ეს დაფასოებული ნივთიერებები და საიდანაც ის მომხმარებლებს უნდა წაეღოთ.

გეგელაშვილისგან განსხვავებით, გიორგი გოგებაშვილს არც პირადი ჩხრეკისას და არც მანქანაში არაფერი აღმოაჩნდა. მართალია მას სამივე ეპიზოდში ედება ბრალი, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს დანაშაულის ჩადენას და წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ნინო გეგელაშვილის ჩვენებიდან: "მოგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა, ვეწევი ნარკოტიკისა და ახალი ფსიქოაქტიური ე.წ. ბიოს რეალიზაციას, კერძოდ "ტელეგრამის" მეშვეობით, ტელეფონის ნომერზე მიკავშირდებიან ნარკოტიკის და ბიოს შეძენის მსურველები, რომლებიც "აჭარაბეთის" და "კრისტალბეთის" ანგარიშზე მირიცხავდნენ ნარკოტიკების ღირებულებას, ამის შემდგომ მე თბილისში სხვადასხვა უბანში, კონკრეტულ მისამართებზე ვდებ ნარკოტიკსა და ბიოს, რის შემდეგაც მითითებულ მისამართებს ვუღებ სურათებს, ვაწერ მისამართებს და ვუგზავნი იმ პიროვნებებს, ვინც ჩამირიცხა ფული ანგარიშზე. საიდანაც შემდგომში იღებენ ისინი. აღნიშნული სქემით ნარკოტიკისა და ბიოს გასაღებას მე ვახორციელებ ისე, რომ არც ერთი ნარკოტიკების შემძენი პიროვნება არ მიცნობს. ასევე არ ვიცნობ მე ნარკოტიკების შემძენ პიროვნებებს. 7 მაისს ახალი ფსიქოაქტიური ე.წ. ბიოს შესაძენად სხვადასხვა პიროვნებამ "აჭარაბეთში" და "კრისტალბეთში" ჩამირიცხა თანხები, რის შემდეგ თანხების შესაბამისი ნარკოტიკული საშუალება დავაფასოე და დასადებად წავედი ვარკეთილში, სადაც 2 კორპუსში, სხვადასხვა ადგილას დავდე ბიო. ამ დროს მოვიდნენ პოლიციელები. გამომძიებელმა წარმომიდგინა მოსამართლის განჩინება და დამაკავეს. ჩემი პირადი მითითებით სხვადასხვა კორპუსში დადებული ნივთიერებები ამოიღეს. ჩემი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულია ჩემი კუთვნილი ბიო, რომელიც ადგილზევე დაილუქა. თანახმა ვარ, მივიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა და ზუსტად გაჩვენოთ აღნიშნული მისამართები, სადაც დავდე ბიო".

მის ჩვენებაში არ არის დეტალურად აღწერილი, თავად როგორ იძენდა ის ამ ნივთიერებებს, მაგრამ როგორც ადვოკატისგან შევიტყვეთ, ის აპირებს ამაზე ჩვენების მიცემას. ჯერჯერობით უცნობია, ვის დაასახელებს იგი. ფაქტია, თუ უფრო დიდ რეალიზატორებზე გაიყვანს პოლიციას, მაშინ მასთან საპროცესო შეთანხმება შეიძლება გაფორმდეს. ფაქტზე გამოძიება გრძელდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

თეა ხურცილავა