რა დანაშაულებისთვის ასამართლებენ ქართველ "კანონიერ ქურდებს" აშშ-ში და ვის ემუქრება 65-წლიანი პატიმრობა? - გზაპრესი

რა დანაშაულებისთვის ასამართლებენ ქართველ "კანონიერ ქურდებს" აშშ-ში და ვის ემუქრება 65-წლიანი პატიმრობა?

რადიოსადგური "ამერიკის ხმის" რუსულენოვანი სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში ლაპარაკია ქართველ, რუს და უკრაინელ კანონიერ ქურდებზე, რომლებიც აშშ-ში ეწეოდნენ კრიმინალურ საქმიანობას.

"ზურაბ ჯანაშვილის "ჰოლივუდური თრილერი" "ჩაჯდომით" დასრულდება - ნიუ-იორკში ერთ-ერთმა ქართველმა "კანონიერმა ქურდმა" დანაშაული აღიარა", - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ გამოძიებას გააჩნია მრავალი მტკიცებულება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ.

გთავაზობთ

პუბლიკაციას შემოკლებით:

"ზურაბ ჯანაშვილი ერთ-ერთი ის "კანონიერი ქურდია", რომელიც მთელ ამერიკაში მოქმედ დანაშაულებრივ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. მან აღიარა ბრალი სხვადასხვა დანაშაულებებში, მათ შორის რეკეტში.

ზურაბ ჯანაშვილი შედიოდა იმ კრიმინალური სინდიკატის ხელმძღვანელობაში, რომელიც ეროვნებით ქართველმა, რუსმა და უკრაინელმა პირებმა ჩამოაყალიბეს და რომლის ლიკვიდაცია შეერთებული შტატების ფედერალურმა ხელისუფლებამ ერთი წლის წინ შეძლო.

იმ დროს 30-მდე კრიმინალი დააკავეს. გამოძიების მიხედვით, დაკავებულები რამდენიმე ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მოქმედებდნენ - ნიუ-იორკში (ძირითადად ბრაიტონ-ბიჩის რაიონში), აგრეთვე ნიუ-ჯერსის, ფლორიდის, პენსილვანიისა და ნევადის (ლას-ვეგასში) შტატებში, აგრეთვე აშშ-ის საზღვრებს გარეთაც.

სინდიკატის წევრებს ბრალი მრავალ დანაშულში აქვთ წაყენებული: გამოძალვაში, თაღლითობაში, ადამიანთა გატაცებაში, "ვალების ამოღებაში", ქურდობაში, ძარცვაში, შეკვეთილ მკვლელობებში, ნარკოვაჭრობასა და იარაღით ვაჭრობაში.

ბრუკლინში მცხოვრებმა 37 წლის ზურაბ ჯანაშვილმა, აღიარა თავისი მონაწილეობა იმ დანაშაულებრივ სინდიკატში, რომელსაც რაჟდენ შულაია ხელმძღვანელობდა.

40 წლის რაჟდენ შულაია ცნობილია მეტსახელებით: "ძმა", "რომა", "რაჟდენ პიტერსკი". ადრე იგი ევროპაშიც იყო დაჭერილი - 2013 წლის ზაფხულში იმ ოპერაციის შედეგად, რომელიც ევროპოლმა განახორციელა ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის - იტალიის, პორტუგალიის, საფრანგეთის, უნგრეთის, ჩეხეთისა და ლიტვის ტერიტორიებზე.

იმჟამად 18 კრიმინალური ლიდერი დააპატიმრეს ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, მათ შორის 13 "კანონიერი ქურდი", პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის მქონე ქუთაისური კრიმინალური დაჯგუფების მეთაურ მერაბ ჯანგველაძესთან ("მერაბ სუხუმსკი") ერთად. რაჟდენ შულაია ამ წრის აქტიური წევრი იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ევროპოლის ოპერაციის შემდეგ იგი სწრაფად გაათავისუფლეს.

ზურაბ ჯანაშვილი, იგივე "ზურა", გამოძიების დოკუმენტებში "ძმის", ანუ რაჟდენის "მარჯვენა ხელად" არის მოხსენიებული.

გაგრძელება