"ამბობენ, ქალის გატაცება უნდოდა და ამ დროს მოუკლა ქმარიო" - გზაპრესი

"ამბობენ, ქალის გატაცება უნდოდა და ამ დროს მოუკლა ქმარიო"

8 აგვისტოს, საღამო საათებში, ვარკეთილში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა წყვილი საკუთარ სახლში ადიოდა, როცა მოულოდნელად მათ სადარბაზოში შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა. ყველაფერი წამებში მოხდა. შეიარაღებულ მამაკაცს არ დაუმალავს მათთვის, რომ იქ შურის საძიებლად იყო მისული. ახალგაზრდა ქალს უთხრა, რომ ქმარს მოუკლავდა და უცებ გიორგი ფეიქრიშვილის მისამართით ორჯერ გაისროლა. ქალს მეუღლე თვალწინ მოუკლა, დაჭრილი მამაკაცი იქვე, ლიფტთან ჩაიკეცა. შოკირებული ქალი მასთან მისვლას და დახმარებას ცდილობდა, მაგრამ მოძალადემ ის დაიჭირა და მასთან მიახლოების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ შეიარაღებული დამნაშავე შეეცადა ქალი სადარბაზოდან გაეყვანა. როგორც ჩანს, ქალი მას წინააღმდეგობას უწევდა.

სწორედ ამ დროს სადარბაზოსთან ამავე კორპუსში მცხოვრები სხვა წყვილი მოვიდა, 48 წლის ლაშა ქართველიშვილი წინ მიდიოდა, მას უკან მიყვებოდა ცოლი. სადარბაზოსთან როგორც კი ფეხი შედგა ლაშამ, მას ტყვია დაახალეს. მათი მისამართითაც მამაკაცმა ორჯერ გაისროლა. ტყვია გულ-მკერდის არეში მოხვდა ლაშა ქართველიშვილს და ტყვიის ძალამ ის სადარბაზოს გარეთ ეზოში გადაისროლა. მომხდარით შეძრული მისი მეუღლე ვერც კი მიხვდა უცებ რა მოხდა. ის დაჭრილ ქმართან მივარდა და მისი გადარჩენა სცადა. სანამ სადარბაზოში ხალხი მოგროვდებოდა, დამნაშავემ კორპუსიდან ძალით შეძლო ქალის გამოყვანა და ის იქვე მდგარ მანქანაში ჩატენა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი ქალს თმებით მიათრევდა. სროლის ხმაზე გარეთ მეზობლები გამოცვივდნენ და უმძიმესი სურათი დახვდათ. სისხლის გუბეში იწვა გია ფეიქრიშვილი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ის ადგილზე იყო გარდაცვლილი. სხეულზე ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ერთი თავში, მეორე კი გულმკერდის არეში.

მეორე დაჭრილი ლაშა ქართველიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა და ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მოგვიანებით ქუჩაში დაგდებული იპოვეს გატაცებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა მას სერიოზული დაზიანებები არ ჰქონდა და სახლში მალევე გაწერეს. მომხდარით შოკირებული ახალგაზრდა ქალი ძალოვნებმა მალევე დაკითხეს და სამართალდამცავებს დანაშაულის გახსნა არ გასჭირვებიათ. გია ფეიქრიშვილის მკვლელობაში და ლაშა ქართველიშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის ვინაობა სამართალდამცველებისთვის უკვე ცნობილია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ინფორმაციაც გაავრცელა და დანაშაულის მოტივად ეჭვიანობა დაასახელა. თავდამსხმელის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) აღიძრა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მართალია სამართალდამცველებს არ დაუკონკრეტებიათ თუ რა იეჭვიანა მამაკაცმა და ცოლს ქმარი რატომ მოუკლა, თუმცა მომხდარზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. მოკლულის ოჯახის წევრები ტრაგედიაზე არ საუბრობენ, თუმცა უბანში ამბობენ, რომ ამ ნაბიჯით დამნაშავემ ახალგაზრდა ქალზე შური იძია და საყვარელი მამაკაცი მოუკლა. გაგრძელება