13 წლის გოგონამ საკუთარი მამა და ძმა გაუპატიურებაში ამხილა - გზაპრესი

13 წლის გოგონამ საკუთარი მამა და ძმა გაუპატიურებაში ამხილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ნინო სანდოძე) შემზარავი საქმის განხილვას რამდენიმე თვე მოანდომა. დაზარალებული - 13 წლის გოგონა საკუთარ მამასა და ძმას გაუპატიურებაში ამხელდა. ვინაიდან ეს უმძიმესი საქმე ინტიმურ დეტალებს შეეხებოდა, პროკურატურის მოთხოვნით, სასამართლო სხდომები დაიხურა. დაზარალებული გოგონა სასამართლო პროცესზე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლების თანხლებით მოდიოდა. ის დღემდე, თავშესაფარში ცხოვრობს.

როცა საქმე გახმაურდა, დაზარალებული უკვე ფეხმძიმედ იყო, მოგვიანებით კი დადგინდა, რომ ის შვილს საკუთარი ძმისგან ელოდა. გოგონასთან გასაუბრება საქმის სასამართლო განხილვის დროს ვცადეთ, მაგრამ ფონდის წარმომადგენელმა - ლევან ხმალაძემ განგვიმარტა, რომ ამის უფლება არ გვქონდა და არც დაზარალებულს სურდა დეტალებზე ლაპარაკი. საბრალდებო დასკვნით და სასამართლო გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის ივნისის დასაწყისში მამამ - რ.შ-მ 13 წლის ქალიშვილთან მარტო ყოფნით ისარგებლა, გოგონა ლოგინზე დააგდო, ტანსაცმელი გახადა და წინააღმდეგობის მიუხედავად, მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. მამას შვილზე ძალადობა არც ამის შემდეგ შეუწყვეტია - ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში, ისევ სახლში, კვლავ ძალის გამოყენებით, შვილს შარვალი გახადა და მასთან სქესობრივი კავშირი ამჯერად გაუკუღმართებული ფორმით დაამყარა. წინასწარი გამოძიების მასალებში მამის აღიარებითი ჩვენებაც მოიპოვება. როგორც შევიტყვეთ, სასამართლოზე მან დუმილის უფლება გამოიყენა და პროცესი ისე დასრულდა, ჩვენება არ მიუცია. ამასთანავე, წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნებაზეც უარი თქვა და ცხადია, ეს დეტალები პროცესზე არ გახმაურებულა.

აღსანიშნავია, რომ წინასწარი ძიებისას მიცემული მამის აღიარებითი ჩვენება სასამართლოს მტკიცებულებად არ გამოუყენებია, მაგრამ მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოსამართლემ ბრალი დადასტურებულად ცნო. განსასჯელის სკამზე, მამის გვერდით მისი 18 წლის ვაჟიც იჯდა - ზ.შ-ს, რომელიც დაკავებისას არასრულწლოვანი გახლდათ, საკუთარი დის გაუპატიურებაში ამხელდნენ. გამოძიების მასალებით, 2009 წლის ზაფხულში (ზუსტი თვე და რიცხვი დაუდგენელია), ზ.შ. 13 წლის დასთან ერთად, შინ მარტო იყო. ძმამ ამით ისარგებლა, საწოლთან მყოფ გოგონასთან მივიდა, ხელი ჰკრა, საწოლზე დააგდო და გოგონას ნების საწინააღმდეგოდ, მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. როგორც დაზარალებული ამბობს, - ძმას წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. სასამართლომ ორივე განსასჯელი დამნაშავედ ცნო: მამას, 14 წელს მიუღწეველი შვილის გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედებისთვის, სასჯელის სახით 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო მის ვაჟს, ზ.შ-ს დის გაუპატიურებისთვის 13 წლითა და 6 თვით აღუკვეთეს თავისუფლება.

GzaPress

როგორც შევიტყეთ, პოლიციას ეს ამბავი გოგონას ბებიამ აცნობა და დეტალების გასარკვევად, ამ ოჯახს შინ ვესტუმრეთ. ბუნებრივია, ჟურნალისტის გამოჩენა არ ესიამოვნათ და ყოველგვარ კომენტარზე უარი თქვეს: "ისედაც განადგურებულები ვართ, ქუჩაში ვერ გამოვსულვართ, რადგან მთელმა ქვეყანამ გაიგო, რაც მოხდა და ბავშვებს სკოლაში წასვლაც აღარ უნდათ... აბა, რა უნდა გითხრათ, ჩვენი ტკივილი გვყოფნის, თავი დაგვანებეთ".

მიუხედავად მათი პროტესტისა, არ შემიძლია, იქ ნანახს გვერდი ავუარო: როცა რკინის კარი შევაღე და კიბის რამდენიმე საფეხური ავიარე, პატარა, 2-ოთახიან ბინაში აღმოვჩნდი, სადაც მართალია, ოთახის კარი და სარკმელი ღია იყო, მაგრამ მაინც, საშინელი ნესტის სუნი იდგა. კედლები და ჭერი ჩაობებული, გაშავებული გახლდათ. ამ დაბალჭერიან ბინაში, სადაც ცოლ-ქმარი 5 შვილთან ერთად ცხოვრობდა, სულ ორი ოთახია. ერთ-ერთ მათგანში მაგიდა, რამდენიმე სკამი, ძველი კარადა, ერთი საწოლი და ტელევიზორი დგას - ეს მათი მისაღები ოთახიცაა და მშობლების საძინებელიც... მეორე ოთახში, რომელსაც პირველისგან ფარდა ჰყოფს, ფანჯარაც კი არაა გამოჭრილი - იქაც ერთი ძველი კარადა და ოთხი საწოლი დგას. როგორც მივხვდი, იმ 4 საწოლში 5 ბავშვი გაიზარდა ანუ და-ძმებს - 3 ბიჭსა და 2 გოგონას ერთ პატარა ოთახში ეძინათ, რომლის კედლებიც ნესტისგანაა გაშავებული. მოკლედ, ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია და შესაბამისად, სოციალურად დაუცველთა სიაში ირიცხება.

ჩვენი ინფორმაციით, დაზარალებული გოგონას მშობლები 21 წლის წინ დაქორწინდნენ. მათ საცხოვრებელი სახლიც არ ჰქონდათ და ამიტომაც, რამდენიმე წელი ქალის დედის სახლში ცხოვრობდნენ. 1992 წელს ბავშვების ბებიას და რამდენიმე მეზობელს სახლი დაეწვა, ჰოდა, ყველანი ქუჩაში აღმოჩნდნენ. მსჯავრდადებული რ.შ. მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად იქვე მცხოვრებმა ოსების ოჯახმა შეიფარა. მოგვიანებით, ოსები საქართველოდან წავიდნენ და სახლი მათ დაუტოვეს.

ამ ოჯახში ჩვენი სტუმრობისას ბავშვების ბებიას არ დაუმალავს, რომ ხშირად, მის შვილიშვილებს პურიც ენატრებოდათ. "ზოგჯერ, როცა მეზობლები პურს ჩუქნიდნენ, შინ გახარებულები მორბოდნენ", - თქვა ტირილით... როგორც ამბობენ, ბავშვების დედა დამლაგებლად მუშაობს და შვილები ძირითადად, მამასთან იყვნენ. თურმე, თავის დროზე ოჯახის უფროსი არასაუწყებო დაცვის პოლიციაში მუშაობდა, შემდეგ კი სამსახურიდან წამოვიდა და ალკოჰოლის მიღებაც დაიწყო. როგორც ამბობენ, მას ცუდი სიმთვრალე ჰქონდა და შვილებს ხშირად ეჩხუბებოდა, სცემდა... მსჯავრდადებულმა ზ.შ-მ სკოლა 13 წლის ასაკში მიატოვა და ფიზიკურად მუშაობდა, დედის დახმარებას ცდილობდა. ის ბოთლებს, ჯართსაც აგროვებდა, აბარებდა და აღებული ფულით ოჯახისთვის საკვებ პროდუქტებს ყიდულობდა. ახლობლების თქმით, დაზარალებული გოგონა სახლიდან ხშირად, დაუკითხავად მიდიოდა. იმასაც ამბობენ, რომ ის ცუდ წრეში ტრიალებდა და სწორედ ამის გამო ეჩხუბებოდნენ. როცა დედამ და ბებიამ შეამჩნიეს, რომ 13 წლის გოგოს მუცელი გაეზარდა, ჰკითხეს: ფეხმძიმედ ხომ არა ხარო? - მაგრამ მისგან კატეგორიული უარი მიიღეს. ის ამბობდა, - სადაც გინდათ, იქ წამიყვანეთ. საჭმელი ახლახან ვჭამე და ალბათ, მუცელი ამიტომაც მაქვს გაბერილიო. ორსულობა თვალშისაცემი რომ გახდა, ახლობლებმა ძალდატანებით, ორსულობის ტესტი ჩაუტარეს და მათი ეჭვიც დადასტურდა. გოგონას სთხოვდნენ დაესახელებინა ის პირი, ვისგანაც შვილს ელოდა (ამ დროს ის უკვე 6 თვის ფეხმძიმე იყო), მაგრამ ვერაფერი დააცდევინეს. ბოლოს სთხოვეს, დამდგარიყო იმ ადამიანის სახლის კართან, ვისგანაც დაფეხმძიმდა - გოგონა საკუთარ სახლთან გაჩერდა. როცა დაჟინებით მოსთხოვეს, სიმართლე ეთქვა, აღიარა, რომ შვილს საკუთარი მამისგან ელოდა. ამ შოკისმომგვრელი ინფორმაციის მოსმენის შემდეგ ნათესავებმა მამამისზე შურისძიება გადაწყვიტეს, მაგრამ იმ მომენტში რ.შ. შინ არ იყო.

იმის შიშით, რომ მკვლელობა არ მომხდარიყო, ბავშვის ბებიამ სასწრაფოდ, პოლიციის ქვეგანყოფილებაში მიირბინა და ძალოვნებს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. პოლიციელებმა გოგონას მამა მანამ დააკავეს, ვიდრე ის ნათესავებს ჩაუვარდებოდა ხელში... მართალია, დაზარალებული მშობელს ამხელდა და ამტკიცებდა, რომ მისგან იყო ფეხმძიმედ, მაგრამ მამის დაკავებიდან ერთი თვის შემდეგ, მოულოდნელად, პოლიციამ ხელბორკილები 17 წლის ზ.შ-საც დაადო. როცა გოგონას მუცლადმყოფ შვილს ანალიზი აუღეს, დნმ-ის ექსპერტიზის შედეგი არანაკლებ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა - გაირკვა, რომ დაზარალებული შვილს საკუთარი ძმისგან ელოდა; ამის შემდეგ გოგონამ ძმასთან სექსუალური კავშირიც დაადასტურა და გაუპატიურებაში ისიც ამხილა...

პოლიციამ 13 წლის ფეხმძიმე გოგონა თავშესაფარში წაიყვანა, 2 თებერვალს კი თავშესაფრიდან (რომლის ადგილსამყოფელი დღემდე, არა მარტო დაზარალებულის ახლობლებისთვის, არამედ დედისთვისაც გასაიდუმლოებულია) "გაგუას კლინიკაში" გადაიყვანეს, სადაც გოგონას მშობიარობას, მისივე თხოვნით, დედაც დაესწრო. როგორც ამბობენ, ახალშობილს ყველანაირი გამოკვლევა ჩაუტარდა - ჩვილს არანაირი პათოლოგია არ აღენიშნება. დედამ ახალშობილზე უარი თქვა, ხელწერილი დაწერა და ბავშვი თავშესაფარში დატოვა. წესით, როცა მშობელი შვილზე უარს ამბობს, ჩვილი მეურვეობას ან გაშვილებას ექვემდებარება, მაგრამ საეჭვოა, ამ ბავშვის აყვანის სურვილი ვინმეს გაუჩნდეს, რადგანაც კანონით, თავშესაფრის ხელმძღვანელობა ვალდებულია, მშვილებელ ოჯახს ბავშვის მშობლებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს; თუ ამ ბავშვის აყვანას არავინ მოისურვებს, მასზე მზრუნველობა სახელმწიფოს მოუწევს.

GzaPress

კომენტარისთვის დაზარალებული გოგონას ადვოკატს, მაია ტალახაძესაც მივმართეთ, მაგრამ მან განგვიცხადა, რომ დაზარალებულს ამ თემაზე ლაპარაკი არ სურს. ადვოკატმა არ იცის, რამდენხანს დარჩება დაზარალებული ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. მართალია, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ მან ბავშვი ძმისგან გააჩინა, მაგრამ ოჯახის წევრებს ამის დაჯერება მაინც უჭირთ, დნმ-ის ანალიზის ხელახლა ჩატარება სურთ - ეს ყველაფერი კი 900 ლარი ჯდება და მათ ამის საშუალება არა აქვთ. მომხდარის გამო ქუჩაში გასვლის რცხვენიათ გოგონას და-ძმებს; ისინი სკოლაში სიარულზეც კი უარს ამბობენ. სასამართლოზე მამამ დუმილის უფლება გამოიყენა, თუმცა ის შვილმა კიდევ ერთხელ ამხილა; რაც შეეხება გოგონას ძმას, ის მომხდარს არ უარყოფს. ზ.შ-ს სახაზინო წესით, ადვოკატი ლამარა ბარკალაია იცავს, რომელმაც სასამართლოზე საქმის კვალიფიკაციის შეცვლა მოითხოვა:

- ჩემი დასაცავი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის აცხადებს, რომ ძალადობას, ძალადობის მუქარას დის მიმართ ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ფაქტს ადასტურებს. ამბობს, რომ დაზარალებულთან ერთხელ ჰქონდა ურთიერთობა - იმ დღეს ნასვამი იყო და ეს ქმედება თავად დაზარალებულის მხრიდან იქნა პროვოცირებული. განსასჯელი სიმთვრალის გამო ვერ აცნობიერებდა, რას აკეთებდა. მთელი სასამართლოს მიმდინარეობისას მას თავი არ აუწევია, ჩადენილს ნანობს. დამ იგი ამხილა და წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება

სასამართლოზეც დაადასტურა. საქმის მასალების მიხედვით, პირველად ის მამას ამხელდა, მაგრამ ექსპერტიზის შემდეგ, ძმაც ამხილა. თავიდანვე რატომ არ დაასახელა ძმა? - ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია...

- ქალბატონო ლამარა, ოჯახს დნმ-ის ანალიზის სისწორეში ეჭვი ეპარება. არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ ექსპერტიზის დასკვნა მცდარია?

- ამ თემაზე სპეციალისტებს უკვე ველაპარაკე. როგორც წესი, შეცდომა არ ხდება. გოგონას ორსულობის პერიოდშივე ჩაუტარდა დნმ-ს ანალიზი და ექიმების თქმით, ერთი და იგივე დნმ-ი შეიძლება, 12 მილიონ ადამიანში ერთხელ განმეორდეს. ალტერნატიული ექსპერტიზა სასამართლოსთვის არ შეგვითავაზებია, რადგან ოჯახს ამის ჩატარების საშუალება არა აქვს... კვალიფიკაციის შეცვლას ვითხოვდით იმიტომ, რომ ძალადობასა და უმწეო მდგომარეობის გამოყენებას ადგილი არ ჰქონდა. დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან სასამართლო დახურული იყო და ამის უფლება არა მაქვს.

თეა ხურცილავა

ჟურნალ "გზის" არქივიდან _ 2010 წელი