ახალგაზრდა მამაკაცმა ქალი მისივე ნაჩუქარი დანით მოკლა - გზაპრესი

ახალგაზრდა მამაკაცმა ქალი მისივე ნაჩუქარი დანით მოკლა

სტატია ჟურნალ ”გზის” არქივიდან (2010 წელი)

ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ეკა არეშიძე) კიდევ ერთი ხმაურიანი მკვლელობის საქმის განხილვა დაასრულა - ცოლის მკვლელობისთვის ახალგაზრდა მამაკაცი გაასამართლეს.

დანაშაული თბილისში, თემქაზე, მოკლულის საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, რევაზ კუჭუხიძე ნინო კაპანაძესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა და მეუღლის ბინაში ცხოვრობდა. თანაცხოვრებიდან რამდენიმე კვირაში მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ქალმა მასთან კავშირის გაწყვეტა განიზრახა და რევაზს ეს ფაქტი ტელეფონით აცნობა. აღშფოთებული მამაკაცი ნინოს ურეკავდა და მოკვლით ემუქრებოდა. მოითხოვდა, ქალს მასთან ერთად ეცხოვ¬რა. შეშინებულმა ნინომ თბილისი დატოვა და საცხოვრებლად ბორჯომში, მშობლებთან გადავიდა, მაგრამ მუქარის ზარები არ წყდებოდა.

2008 წლის 16 თებერვალს ბორჯომში, ქუჩაში ფეხით მიმავალ ნინოს რევაზ კუჭუხიძე მოულოდნელად, უკნიდან მიეპარა და აგრესიულად ჰკითხა, - გადაწყვეტილება ხომ არ შეგიცვლიაო? ნინომ უარყოფითად უპასუხა. ამ დროს რევაზმა რეგისტრირებულ იარაღზე წაივლო ხელი და დაემუქრა, რომ ამ იარაღით სიცოცხლეს გამოასალმებდა. შეშინებული ნინო კაპანაძე შემთხვევის ადგილს სწრაფად გაეცალა.

ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 151-ე მუხლით აღიძრა და კუჭუხიძეს მუქარისთვის 2.000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

იმის გამო, რომ ნინომ ცოლობაზე უარი უთხრა, რევაზ კუჭუხიძემ შურისძიების მოტივით, მისი მოკვლა განიზრახა და 2008 წლის 29 სექტემბერს ყოფილ მეუღლეს საცხოვრებელ კორპუსთან ჩაუსაფრდა. დაახლოებით 23 საათზე შენიშნა ნათესავ გოგონასთან, ოლია გოგიჩაიშვილთან ერთად სადარბაზოდან გამოსული ნინო, მიეპარა და დანით სხეულის დაზიანება რამდენჯერმე მიაყენა. მუცლისა და გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა - კაპანაძე გარდაიცვალა, რევაზ კუჭუხიძე კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კუჭუხიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით - განზრახ მკვლელობა - აღიძრა. რევაზი გამოძიებას კარგა ხანს ემალებოდა, მაგრამ შემდეგ, ბრალის აღიარებით, პოლიციაში გამოცხადდა. იგი ყოფილი ძალოვანია.

მოსამართლე ეკა არეშიძემ საქმე არსებითად განიხილა. მოწმის სტატუსით რამდენიმე პირი დაჰკითხეს, მათ შორის - ფაქტის ერთადერთი თვითმხილველი, მოკლულის დეიდაშვილი ოლია გოგიჩაიშვილი. მისი თქმით, ყველაფერი წამებში მოხდა. სადარბაზოდან გამოსულებს რევაზ კუჭუხიძე თავს დაესხა; ოლია რამდენიმე ნაბიჯით წინ მიდიოდა; უცებ, ნინოს კივილის ხმა მოესმა, მიიხედა და დაინახა, თუ როგორ მიუახლოვდა რევაზ კუჭუხიძე ნინოს, ხელები დაუჭირა და დანა ჩაარტყა. გოგიჩაიშვილმა დეიდაშვილის დახმარება ვეღარ შეძლო, რადგან დამნაშავე მასაც მოკვლით ემუქრებოდა. ”მათ ირგვლივ ვტრიალებდი, წრეზე დავრბოდი, ვცდილობდი დახმარებას, მაგრამ ვერ შევძელი. თან გამწარებული ვკიოდი და დახმარებას ვითხოვდი. კარგად დავინახე ნინოს დასისხლიანებული სახე. სანამ ნინო არ დაეცა ძირს, ის არ მოეშვა, მერე გაიქცა...” - აღნიშნა მოწმემ.

პროცესზე მოწმის სტატუსით, რევაზ კუჭუხიძის მეგობარი, გიორგი ჩაჩანიძეც დაიკითხა. როგორც გაირკვა, რევაზი ნინოს სანახავად ბორჯომში სწორედ მისი მანქანით ჩავიდა.

GzaPress

გიორგი ჩაჩანიძე:

”რეზომ მთხოვა, ბორჯომში წამეყვანა. როგორც მითხრა, ნინო და დედამისი სახლიდან ეკლესიაში უნდა წასულიყვნენ. მანქანა სახლთან გავაჩერეთ. წინა დღეს მორიგე ვიყავი და ჩამეძინა. საჭესთან ვიჯექი, რეზომ გამაღვიძა და მითხრა, - გამოვიდნენ, გავყვეთო. ნახევარი კილომეტრი გავიარეთ. ნინო დედას დაშორდა, რეზო მასთან მივიდა და 5-10 წუთი განმარტოებით ისაუბრეს. ამ დროს Nნინოს ვიღაც ბიჭი გამოელაპარაკა. მალე რეზო მანქანაში ჩაჯდა და პოლიციაც მოვიდა; განყოფილებაში წაგვიყვანეს. რეზოს ჰკითხეს, - თქვენ ხართ ის პოლიციელი, ნინოს რომ აწუხებსო?.. არ ვიცოდი, იმ დღეს ვისთან და რაზე მივდიოდი. ბორჯომში რომ ჩავედით, მერე გავიგე, გოგოს რომ უნდა შეხვედროდა. რეზო დაქორწინებული რომ იყო, ესეც არ ვიცოდი. გაბრაზებული იყო და სამსახურში ამბობდა, - გაშორებას არ ვაპატიებო. მკვლელობის დღესაც სამსახურში ჩემი მანქანით მივიყვანე. მერე უფროსისგან გავიგე, რომ გოგო მოუკლავს. ნინოსთან განშორების შემდეგ მას საცოლე ჰყავდა. მეც ვარ იმ ოჯახში, ზაჰესში ნამყოფი. ვეუბნებოდი, ნინოსთვის თავი დაენებებინა და ცოლად ხათუნა მოეყვანა. როგორც ვიცი, ნინო ორსულად იყო, დედამისმა მუცელი მოაშლევინა და ამის გამო დაშორდნენ ერთმანეთს. რეზომ მუსიკალური ცენტრი და ტელევიზორი ხათუნას აჩუქა. ამბობდა, ნინოს თავს მახსენებს და სახლში არ მინდა მქონდესო”.

სასამართლო პროცესზე განსასჯელი რევაზ კუჭუხიძე დაიკითხა:

”დაცვის პოლიციაში ვმუშაობდი. ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვის უფროსი ვიყავი. კანცელარიის უფროსმა (იგულისხმა ნინოს დეიდა) საშვთა ბიუროში მისი დისშვილის დანიშვნა მთხოვა. შტატი თავისუფალი იყო, უფროსს დაველაპარაკე და ნინო მივიღეთ. შაბათ-კვირის გარდა ყოველდღე მუშაობდა. ძალიან დავახლოვდით, მთელმა სამმართველომ იცის, როგორი ურთიერთობა გვქონდა. ნინოს შეყვარებული ჰყავდა და თავის პირადულს მიყვებოდა... ვაკის პოლიციაში განთავისუფლდა ადგილი; ვთხოვე უფროსს და იქ გადავიყვანეთ. ურთიერთობა არ შეგვიწყვეტია. ერთ დღეს ატირებულმა დამირეკა და მთხოვა, მასთან მივსულიყავი. იმ დღეს შეყვარებულს დაშორდა,A ამას ძალიან განიცდიდა.

ნელ-ნელა ყველაფერი მწყობრში ჩადგა და ჩვენი ახლო მეგობრობა სხვა რამეში გადაიზარდა. სახლში დამპატიჟა. მეგობართან ერთად მივედი. ვიქეიფეთ. რამდენიმე დღის შემდეგ მითხრა, შენთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, მაგრამ რაღაცას ვატყობ... ხომ არ გიყვარვარო? ეს ტელეფონზე სალაპარაკო არ არის, შეგხვდები-მეთქი. ვუთხარი, რომ მომწონდა და მიყვარდა. კატეგორიული უარი მითხრა, ეს საქმე არ გამოვაო. მიზეზის თქმა ვთხოვე... მორიგი შეხვედრა ქაშუეთის ეკლესიასთან, სკვერში მოხდა. მაშინ გავიგე, 15-16 წლის ყოფილა, ბიჭმა რომ მოიტაცა. არც თვითონ ყოფილა მის მიმართ გულგრილი. მათ შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობა მომხდარა, მაგრამ დედამისმა წამოიყვანა. ეს არის ჩემი პრობლემაო. - როცა ადამიანი გიყვარს, ეს პრობლემა არ არის-მეთქი. ამ საუბრის შემდეგ გავაცილე, მეგობართან მიდიოდა. საღამოს დამირეკა და სახლში მისვლა მთხოვა. ვისადილეთ, კონიაკი დავლიეთ; წასვლა დავაპირე, მაგრამ მითხრა, თუ გინდა, დარჩიო. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი ცოლქმრული ურთიერთობა... 2007 წლის ოქტომბერი იყო, 27 თუ 29 რიცხვი, მითხრა, - მგონი, ორსულად ვარო. ექიმთან წავიდა და დამიდასტურა, რომ ორსულად იყო. გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა. ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, დედა უნდა გაგაცნოო. სახლში დედამისი დამხვდა. 2-3 საათი ვისაუბრეთ, დედამისი ბორჯომში წავიდა... 25 ნოემბერს ნიშნობა გვქონდა. ძალიან მორწმუნე ადამიანი იყო. მეორე დღეს მარხვა იწყებოდა. ნინოს დედამ ჩვენს ურთიერთობაზე აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა. ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ბორჯომში ნიშნობაზე ჩავედი, ძალიან კარგად მიგვიღეს. დიდხანს არ გავჩერებულვართ. ამის შემდეგ ჩვეულებრივად გრძელდებოდა ურთიერთობა. ნივთები ნინოსთან გადავიტანე, რადგან მითხრა, ბინას გატეხავენ, ხან შენთან ვიყოთ, ხან - ჩვენთანო. მეც დავეთანხმე და ასე ვცხოვრობდით.

დედამისი ჩამოვიდა, ჩემი ძმაც არ იყო სახლში, სოდ-ში მუშაობდა და დედასთან წავედი; ნინოს ვუთხარი, - სანამ დედაშენი იქნება, მე დედასთან ვიქნები-მეთქი. 24 დეკემბერს ნინო მორიგე იყო. ტელეფონი გამორთული ჰქონდა; ვრეკავდი; ბოლოს ჩართო და მითხრა, დედას ვახლავარ სამშობიაროში, ექიმთან არის ჩამოსულიო. მერე ისევ გამორთული ჰქონდა ტელეფონი. გამიკვირდა. სამსახურის შემდეგ სახლში წავედი, იქიდან ვრეკავდი. სახლის ნომერზე დედამისმა მიპასუხა და მითხრა: შვილო, ცუდად ვიყავი, ექიმთან მახლდა, ისე, ხომ იცი, როგორი დეპრესიული გოგოა; ახლა სამსახურში წავიდა და უკვე ტელეფონი ჩართული ექნებაო. მართლაც, 20 წუთში ნინოს ველაპარაკე, აბსოლუტურად შეცვლილ ადამიანს. ახლა ტრანსპორტში ვარ, რაღაც მოხდა, სამსახურში რომ მივალ, დაგირეკავ და ყველაფერს გეტყვიო. რომ დავურეკე, მითხრა, ჩვენი ერთად ყოფნა არ გამოვა, შენ - შენთვის, მე - ჩემთვისო. მიზეზი ვკითხე. ტირილი დაიწყო. მეც ავნერვიულდი და ხმამაღლა ვესაუბრებოდი. მითხრა, - ყველაფერს ხვალ აგიხსნი, დედაჩემი კატეგორიული წინააღმდეგიაო. რახან სამშობიაროში იყვნენ, ვკითხე, - აბორტი ხომ არ გაგიკეთებია-მეთქი? კატეგორიული უარი მითხრა. რა გაშორებაზე მეუბნები, ხალხი მილოცავს, რა ვთქვა-მეთქი?!. - ვთქვათ, რომ ხასიათით ვერ შევეწყვეთ ერთმანეთსო... მერე მეგობართან, ლამრიკოსთან იმალებოდა. ჩემთვის მისი სახლის მოძებნა პრობლემა არ იყო, მაგრამ შეგნებულად მოვერიდე. მუშაობის ხალისი არ მქონდა. ნინოს მეწყვილე, მაია ვნახე და გამოველაპარაკე. მაიამ მითხრა, მუცელი მოიშალაო.

ორი თვის ორსულს დედამ მუცელი მოუშალა, ისე, რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამთ ჩემთვის. სამარშრუტო ტაქსიდან ნათქვამი სიტყვები მაკმარეს: შენ - შენთვის, მე - ჩემთვისო. მაიას ვუსაყვედურე, ეს ადრე რომ გეთქვა, იმ ბავშვს გადავარჩენდი-მეთქი. ეს ყველაფერი დედის ზეწოლით გააკეთა. ადამიანი, რომელიც მარხულობს, ეკლესიაში დადის, ამას აკეთებს?! მერე ვეცადე, დამედგინა რომელ სამშობიაროში იყვნენ, მაგრამ ვერ შევძელი. ვცდილობდი, რამენაირად მენახა. ბორჯომში დავრეკე, მამამისს ვუთხარი, - დედა-შვილი მემალება და იქ ხომ არ ჩამოსულან-მეთქი? - შენ ვინ გეკითხება, ჩემი ცოლი სად წავა?! ნინოსთან შენ გაარკვიე ურთიერთობაო. მერე დამირეკა და მაგინა, - ნინოსთვის გიგინებიაო. ვთხოვე, ნინოს ტელეფონი ჩაერთო. მართლაც, ნახევარ საათში ჩართო. შეხვედრა დამითქვა, მაგრამ არ მოვიდა. ვეღარ ვუკავშირდებოდი. რამდენიმე დღეში მამამისმა დამირეკა და სახლიდან ჩემი ნივთების წაღება მიბრძანა. სახლში ნინო არ დამახვედრეს, - გოგოს არ უნდა და მორჩაო. წამოვიღე ნივთები; საუბრის საშუალება არ მქონია. რატომ გაუკეთეს აბორტი? თუ თვითონ არ უნდოდათ, მოეცათ ის ბავშვი და მე გავზრდიდი”.

მოწმის სტატუსით დაკითხული მეგობრის ნათქვამი განსასჯელმა არ დაადასტურა და განმარტა, სხვა საცოლე არ მყოლიაო. ”ნინოს ვუყიდე ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრი, შემდეგ არ შემეძლო ამ ნივთების ყურება და ამიტომ ვაჩუქე იმ გოგოს. ნინომ მითხრა, - რეზო, შენ რომ შეგირიგდე, ჩემი მშობლები და ნათესავები უნდა დავკარგოო”.

განსასჯელის მტკიცებით, ნინო მასთან პერიოდულად რეკავდა.

მისი ჩვენება დაზარალებული მხარისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. მოკლულის დედა ირწმუნებოდა, - კუჭუხიძის ყველა სიტყვა ტყუილია, მას მეზობლები აწვდიდნენ ინფორმაციას ნინოს გადაადგილების შესახებო. დაზარალებულის მტკიცებით, განსასჯელი მის შვილს გამუდმებით მოკვლით ემუქრებოდა და ეს მუქარა აასრულა კიდეც.

კუჭუხიძემ თავის ჩვენებაში ბორჯომში მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა:

”პროვოკაციაზე წამოვეგე. როცა ბორჯომში ჩავედი, ტაბელური იარაღი თან მქონდა და მკვლელობა რომ მნდომოდა, ვესროდი, რა პრობლემა იყო?! ნინოსგან ვიცოდი, ეკლესიაში რომ მიდიოდა... ხელი დავადე, შემოტრიალდა; როგორ ხარო? ჩვეულებრივად ვსაუბრობდით. ამ დროს ბიჭი მოგვიახლოვდა და ნინოს უთხრა, - წამოდი, გელოდებიანო. ნინომ მითხრა: მეჩქარება, საუბარი არ გამოვა; რეზო, წადი თბილისში, თორემ დაგიჭერენო... ჩავჯექი მანქანაში და პოლიციაც მოვიდა. ნინოც მოიყვანეს განყოფილებაში. ”წაშლილი” იყო, ხმა არ ამოუღია. პოლიციას არასწორი ინფორმაცია ჰქონდა. ნინოს განცხადება დამიდეს წინ, მაგრამ მისი დაწერილი არ იყო. იქ ეწერა, რომ ტუბერკულოზით დაავადებული ვიყავი და დაშორების მიზეზი ეს იყო... მუქარის ბრალდებით დამაკავეს. ერთი დღე-ღამე ვიყავი დაკავებული. სასამართლომ გირაო, 2.000 ლარი შემიფარდა”.

განსასჯელმა დაადასტურა, რომ ნინოს მამასთან რეკავდა და აგინებდა.

მან მკვლელობის დღე ასე გაიხსენა:

”ნინოსთან მინდოდა, ჩემი უსამართლო დაჭერა გამერკვია და რატომ დაწერა არარსებული რამ საჩივარში. გირაოს თანხა ბოლო დღეს, ჩემი ოჯახის წევრების დაჟინებული მოთხოვნით გადავიხადე, არადა, მინდოდა, სიმართლე დამემტკიცებინა. ნინომ დამირეკა სამსახურის ნომერზე და მითხრა, რომ ჩამოდიოდა. საღამოს 10 საათი იქნებოდა, მის კორპუსთან რომ მივედი. იქვე კორპუსთან, სკამზე ვიჯექი. ბინაში შუქი ენთო. 11 საათი სრულდებოდა, ნინო და ის გოგონა სადარბაზოდან რომ გამოვიდნენ. ნინოს ფერფლისფერი, კაპიუშონიანი ზედა ეცვა, კაპიუშონი თავზე წამოხურული ჰქონდა. სადარბაზოდან გამოვიდნენ, მეც მათკენ წავედი. ნინო ვერ მხედავდა და დავუძახე. შემოტრიალდა. ის გოგო რამდენიმე ნაბიჯით წინ იყო. მოვიკითხე. ნინოს ნაჩუქარ დანას ვატარებდი. ტაბელური იარაღიც თან მქონდა. მისი მოკვლა გამიზნული რომ მქონოდა, ვესროდი. დიდი ხანი არ გვისაუბრია, 2-3 წუთი. ძალიან ბევრი მქონდა სალაპარაკო. პირველი, რაც ვუთხარი, - ბავშვი რატომ მოიცილე-მეთქი? - მომხდარი ამბავია, შენ არაფერი საქმე არ გაქვს, ეს ბავშვი შენი არ იყოო. ამ სიტყვებმა წყობიდან გამომიყვანა, კონტროლი დავკარგე. იმ გოგოს ვერ ვხედავდი. მაშინ ამოვიღე დანა. ცაცია ვარ, მარცხენა ხელში მეკავა. ნინოს უნდოდა, მოეგერიებინა, ხელი მაჯაში წამავლო, წელში მოხრილი იყო, დანა რომ დავარტყი. ერთი ხელი მეკიდა. არ მახსოვს, დანა რამდენჯერ დავარტყი. მერე წელში გაიმართა და ხელი გავუშვი. კივილი ატყდა. ბეტონის ნატეხს წამოვარტყი ფეხი და ნაძვებში შევედი. ნინო ფეხზე იდგა, კივილი ისევ მესმოდა. აჩქარებული ნაბიჯებით წავედი, არ გავქცეულვარ. ტაქსი გავაჩერე და სადგურში წავედი, იქიდან - ხონის რაიონში, სოფელში. იარაღი იმ დროს დავკარგე. მეორე დღეს ტელევიზიით გავიგე, რომ ნინო მოვკალი. არ ვიცოდი, ამხელა დაზიანებები თუ მივაყენე. ერთი წელი ვიმალებოდი, შემდეგ ჩემი ფეხით მივედი პოლიციაში. დედამისის ნათქვამი, რომ ნინოს ვემუქრებოდი, ტერორში მყავდა და ჩემი გამოჩენის ეშინოდა, ტყუილია. მისი მოკვლის განზრახვა არ მქონია. ყველაფერი სპონტანურად მოხდა, ნინოს პასუხიდან გამომდინარე”.

სასამართლო სხდომაზე მოკლულის მშობლებიც დაიკითხნენ. ნინოს დედამ დეტალურად ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ არ აძლევდა გასაქანს მათ ქალიშვილს კუჭუხიძე, სთხოვდა შერიგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკვლით, ოჯახის წევრების ამოწყვეტით ემუქრებოდა; იძულებული გახდნენ, პოლიციისთვის მიემართათ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც სისასტიკით მოუკლეს შვილი. ”რატომ მომიკალი ჩემი ანგელოზივით შვილი?!” - ეს კითხვა დაუსვა განსასჯელს ნინოს დედამ და თან, მისი უმკაცრესად დასჯა მოითხოვა.

სასამართლო სხდომები დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. რეპლიკებს ორივე მხარე ისროდა. განსასჯელსა და დაზარალებულს შორის შელაპარაკება რამდენჯერმე მოხდა. ფაქტი იყო, დარბაზში მყოფები ჩადენილის გამო მას სინანულს ვერ ატყობდნენ და კუჭუხიძის ირონიული გამოხედვა მათ აღშფოთებას იწვევდა. მოსამართლემ რამდენჯერმე მისცა მხარეებს შენიშვნა, ბოლოს კი, მოკლულის დედის მისამართით წარმოთქმული სალანძღავი რეპლიკის გამო, განსასჯელი სხდომის დარბაზიდან გააძევა. განსასჯელი დარბაზში მხოლოდ განაჩენის გამოცხადების დროს შემოიყვანეს. პროკურორმა მისი ორივე მუხლით გასამართლება მოითხოვა. განსასჯელის ადვოკატი, თემურ გოქსაძე მიიჩნევს, რომ აშკარაა აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი დანაშაული და კუჭუხიძე ამ მუხლით უნდა დაესაჯათ.

დაზარალებულის ადვოკატი ცისანა ქველაძე კი ბრალის დამძიმებასა და უმკაცრესად დასჯას მოითხოვდა. დაზარალებულმა აგრეთვე, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებად, 150 ათასი ლარის დაკისრება, ადვოკატმა კი კუჭუხიძის სახელზე რიცხული უძრავი ქონების დაყადაღებაც მოითხოვა.

მორალური ზიანის ანაზღაურებაზე განსასჯელმა უარი განაცხადა და რეპლიკა ისროლა: ”მე რა ტრავმაც მომაყენეს, იმას ვინ ამინაზღაურებს?..” მის ამ სიტყვებსაც დარბაზის რეაქცია მოჰყვა.

მოსამართლემ 35 წლის რევაზ კუჭუხიძე წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო და მკვლელობისთვის 14 წელი შეუფარდა, ხოლო მუქარისთვის - 1 წელი. საბოლოოდ, 15-წლიანი პატიმრობა განუსაზღვრეს. გამოტანილი განაჩენით ორივე მხარე უკმაყოფილო დარჩა და განაჩენი სააპელაციო სასამართლოში ორივემ გაასაჩივრა. დაზარალებულის ინტერესს ადვოკატი ცისანა ქველაძე იცავს. იგი 30 წელიწადი გამომძიებლად მუშაობდა და აცხადებს, რომ ასე არასწორად დაკვალიფიცირებული საქმე არ უნახავს. ადვოკატმა, ბრალის დამძიმების მოთხოვნით, პროკურატურას სასამართლო გამოძიების ეტაპზე მიმართა, მაგრამ უშედეგოდ:

- საქმეში რომ ჩავერთე, მასალები უკვე სასამართლოში იყო გადაგზავნილი. ბრალდება არაკვალიფიციურია, არ არის შეტანილი ის რეალობა, რაც განსასჯელმა ჩაიდინა. როცა პროკურატურამ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა აიღო, როცა გაირკვა, რომ გოგოს 10 ჭრილობა მიაყენეს და როცა სახეზე იყო განსაკუთრებული სისასტიკე, პროკურატურა ვალდებული გახლდათ, საქმე 109-ე მუხლით აღეძრა და ისე გაეგზავნა სასამართლოში. კუჭუხიძე გამუდმებით, მთელი წელი ემუქრებოდა ნინოს, - უნდა დაგამახინჯო, ღორივით უნდა დაგკლაო. მისი სურვილი და მიზანი იყო, ეს ლამაზი გოგო დაემახინჯებინა და მისთვის ტანჯვა მიეყენებინა. მისი დასახიჩრება სახიდან დაიწყო: პირველად ტუჩები გადაუჭრა, სახე დაუმახინჯა; ექსპერტი ამბობს, რომ ეს დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია; ეს განზრახვა კი გამოძიებამ საქმეში არ გამოაჩინა. ყველა ის დარტყმა, რომელიც მიაყენეს, ბრალში უნდა იყოს აღწერილი. მარტო გულმკერდისა და მუცლის არეში მიყენებული ჭრილობაა დაფიქსირებული. სახეზე მიყენებული ჭრილობები ვის დაუტოვეს?! ვინ მიაყენა ნინოს სახეზე დაზიანება?.. თუ სხვამ, მაშინ გაუხსნელია?!. დაზიანებები კუჭუხიძეს ბრალად შერაცხული არ აქვს, ეს დიდი ლაფსუსია. მოვითხოვე კვალიფიკაციის შეცვლა. საუბედუროდ, სასამართლოს უფლებები მოუსპეს და ბრალის დამძიმება არ შეუძლია. კუჭუხიძის მიზანი ტანჯვის მიყენება იყო და არა უბრალოდ სიცოცხლის მოსპობა. მარტო მოკვლა რომ ნდომოდა, იარაღით მოკლავდა. მან დანით დასერა და მერე მოკლა, აუსრულა ის, რასაც დაჰპირდა. პირველ რიგში, ტუჩები გადაუჭრა, სისხლი ჩაუდგა და ვეღარ დაიყვირა გოგომ... როცა დაიკმაყოფილა სურვილი, მისი დამახინჯებული, გასისხლიანებული სახის ყურებით, მერე გულზე, მხარზე და სხეუ¬ლის სხვა ნაწილებში მიაყენა მრავლობითი დაზიანება. მან ნინო დეიდაშვილის თვალწინ მოკლა. მოწმე ამბობს, - დავინახე, ტუჩებიდან სისხლი როგორ სდიოდაო. ნათესავის თვალწინ ჩადენილი დანაშაული სწორედ არის 109-ე მუხლი, სახეზეა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა, მაგრამ არა ამ მუხლით, არამედ 108-ე მუხლით გაასამართლეს და 15 წელი მიუსაჯეს. მკვლელობამდე 6 თვით ადრე მუქარაზე აღიძრა საქმე...

მათ ერთმანეთი სამსახურში გაიცნეს. რამდენიმე თვე გოგოს ბინაში ცხოვრობდნენ, შემდეგ ოფიციალურად დაინიშნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ გოგომ შეიტყო, რომ რევაზს თირკმელების ტუბერკულოზი ჰქონდა; გარდა ამისა, ის სულ ემუქრებოდა, რომ ეს არავისთვის ეთქვა და თუ თავს დაანებებდა, მოკლავდა. მშობლების თქმით, ნიშნობაც ამ მუქარის ქვეშ მოხდა. ალბათ ტუბერკულოზის ფაქტორმაც იმოქმედა - მას აღარ სურდა მასთან ცხოვრება; რომ ჰყვარებოდა, ალბათ ამას დათმობდა, მაგრამ ხასიათითაც ვერ შეეწყვნენ. დაშორება უნდოდა. კუჭუხიძე სულ დასდევდა, ბორჯომში აკითხავდა, უსაფრდებოდა, შერიგებას ითხოვდა. გამომყევი, თუ არა და, დაგამახინჯებ, ოჯახს ამოგიწყვიტავ, მოგკლავო. ეს ესმოდა სულ ნინოს და ბოლოს, განსასჯელმა მაინც გააკეთა ის, რასაც შეჰპირდა.

დაზარალებულის ადვოკატის თქმით, ნინომ პირველად დედას უთხრა, რომ არ სურდა რევაზ კუჭუხიძესთან ცხოვრება. ”მიმართეს პოლიციას და მუქარის ფაქტებიც შეატყობინეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს შვილი. იმ დღეს ჩასაფრებული იყო. დეიდაშვილი 2 მეტრში იდგა, მის თვალწინ დაასახიჩრა. გაცოფებული ჩეხდა გოგოს; როცა ძირს დაეცა, მერე გაიქცა. აბორტზე აქცენტს აკეთებს და მისი ადვოკატი აფექტზე საუბრობდა; რა აფექტზეა ლაპარაკი, როცა მთელი წელიწადი ემუქრებოდა?! აბორტის შემდეგ 6 თვე იყო გასული, აფექტი - წუთიერია! ჯერ ერთი, არ არის დადასტურებული, გაიკეთა თუ არა ნინომ აბორტი, ამის დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. ანდა დღეს, 50 პროცენტი აბორტს იკეთებს და დახოცონ ცოლები?! როგორ გაბედა მან დაცილება?! ვერ დაიმორჩილა, ვერ დაიმონა და ამის გამო იძია შური, ტანჯვით მოკლა! როცა ასახიჩრებდა, იმ მომენტში მიიღო დიდი სიამოვნება... მომხდარზე სინანული არ ჰქონია, ვითომ სხვის პროცესზე იყო. იმედი მაქვს სააპელაციო სასამართლოში მოხდება ხარვეზის გამოსწორება. საქმეს სწორი კვალიფიკაცია მიეცემა, განაჩენი შეიცვლება და სასჯელი დაუმძიმდება”, - აცხადებს ადვოკატი ცისანა ქველაძე.

განსაჯელის ადვოკატი თემურ გოქსაძე კი სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით, შევიდა სასამართლოში:

- ეს არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება. პატივს ვცემ მოსამართლე ეკა არეშიძეს, მაგრამ შედეგის გავლენის ქვეშ მოექცა. იმედი მაქვს, შემდგომ ინსტანციებში სამართალს მივაღწევთ. სასამართლომ არ დანიშნა კომპლექსური ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, არადა, ეს აუცილებელია იმის დასადგენად, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა განსასჯელი. მოწმეთა ჩვენებებით, ყველა მტკიცებულებით ჩანს, რომ კუჭუხიძე ამბობდა, - შვილის სიკვდილს არავის შევარჩენო. როცა მეგობარს შვილი შეეძინა, მასზე ამ ფაქტმაც ძალიან იმოქმედა. ბიჭები ამბობენ, რომ მოულოდნელად მანქანის კაპოტს ძლიერად დაარტყა ხელი და დააზიანა. ამგვარი ემოციის ქვეშ იყო. თან ამბობს, - შვილის ყოლის ერთადერთი შანსი იყო და ის შანსიც მომისპესო!.. როცა ცოლმა თავიდან მოცილების მიზნით უთხრა, - რა ამოგვიყვანე ყელში, ეს ბავშვი შენი მაინც არ იყოო! - ეს იყო ბოლო წვეთი: გაცნობიერებული არაფერი მქონდაო, - ამბობს... ვაცხადებთ, ეს იყო ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩადენილი დანაშაული და ამის გარკვევა ექსპერტიზის დასკვნის გარეშე არ შეიძლებოდა, ამიტომაც მოვითხოვეთ ექსპერტიზა. რა უშლიდა ამის დანიშვნას ხელს?! ზუსტად ის ფაქტი, რომ ჭრილობები არის სხვადასხვა და რამდენიმე, ძლიერ სულიერ აღელვებაზე მიუთითებს. ეს ფაქტი აბორტიდან გამომდინარე მოხდა.

- ბატონო თემურ, აფექტზე ლაპარაკობთ, თუმცა აბორტიდან კარგა ხანი იყო გასული.

- ყველაფერი პერმანენტულად ხდებოდა. მათი დაშორება საფუძველს მოკლებული იყო. აშკარად ჩანს, რომ გოგოზე გარე ფაქტორებმა იმოქმედა. ის, რომ ტუბერკულოზის გამო დაინგრა ოჯახი, სიცრუეა. საქმის მასალებით გამოიკვეთა, რომ მკვლელობა აბორტის გამო მოხდა. რევაზი ამბობს, რომ ნინო მას ურეკავდა და ეუბნებოდა, სად მიდიოდა; ისიც უთხრა, რომ უცხოეთში უშვებდნენ. რაც შეეხება დანას, ის ნინოს ნაჩუქარი იყო; შეინახა, რადგან ნინომ უთხრა, - დამიბრუნეო.

- განსასჯელს პროცესზე მომხდარის გამო სინანული ვერ შევატყვეთ. რატომ?

- ასეთი პოზიცია აქვს: ადამიანებმა ორგანიზება გააკეთეს და ოჯახი დამინგრიეს, მომავალი წამართვეს, რადგან მე სხვა შვილი აღარ მეყოლებოდა. ის მომხდარს ნანობს, მაგრამ ამას საჯაროდ არ ამხელს. ამბობს, - ისინი ვერ მნახავენ ასეთს. ამ ხალხმა შვილი მომიკლა, მე ჩემი ჯვარი მაქვსო. სხვანაირი, ემოციური ადამიანია... დარბაზიდან გააძევეს და არ მიეცა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის თქმის საშუალება. ალბათ, სააპელაციო სასამართლოში იტყვის ამას. ვითხოვთ კვალიფიკაციის შეცვლას.

თეა ხურცილავა