წინანდალში დატრიალებული ტრაგედია - გზაპრესი

წინანდალში დატრიალებული ტრაგედია

ჟურნალი ”გზა” 2011 წელი

თელავის რაიონის სოფელ წინანდალში 7 ივლისის ღამეს დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი სოფელი შეძრა. მთვრალმა თანასოფლელმა ხალხის თვალწინ ორი ახალგაზრდა უმოწყალოდ, ქუჩაში ჩახოცა. მოკლული ბიჭების მეგობარი გიორგი დათუკიშვილი გაავებული თანასოფლელის ნასროლ ტყვიებს შემთხვევით გადაურჩა. დამნაშავემ ტაბელური ”მაკაროვიდან” მათ საკონტროლო ტყვიებიც დაახალა და მიიმალა. ძალოვნებმა დანაშაულში მათი კოლეგა, კუდ-ის სპეცრაზმელი, ყოფილი სპორტსმენი, 30 წლის დავით ჩოთალიშვილი ამხილეს. ის მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალი 19-109-ე მუხლის III ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 109-ე მუხლის III ნაწილით (განზრახ მკვლელობა) წაუყენეს.

დეტალების გასარკვევად თელავისკენ გავემართე. ისნიდან ტაქსით წავედი. ჩემი მძღოლი, მათი თანასოფლელი აღმოჩნდა და კახეთში ჩემი წასვლის მიზეზი რომ გაიგო, დანანებით მითხრა: ”თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი ბიჭები დახოცა. ნახავთ, მთელი სოფელი როგორ ტირის... მკვლელობაში ბრალდებული დიდი ხანია, სოფელში არ მინახავს. თბილისში მუშაობდა და იშვიათად ჩამოდიოდა. მას ბავშვობიდან ვიცნობ. ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო. კრივზე დადიოდა. ალბათ 5 ბიჭს უპრობლემოდ მოერეოდა. ბევრჯერ ჩემი მანქანითაც წამიყვანია. ახლა ვიხსენებ, უცნაური მოძრაობები ჰქონდა, მანქანაში ადგილს ვერ პოულობდა, სულ ცქმუტავდა. ეტყობა, ნერვები მწყობრში არ ჰქონდა. მამამისი პატიოსანი კაცია. მომხდარით შეძრულები ვართ, უდანაშაულო ბიჭები დახოცა, არ ვიცით, ასე რამ გააბოროტა”. იგი მთელი გზა მოკლული ბიჭების, შოთიკო ბატიაშვილის და გიგია გემაზაშვილის წესიერებაზე საუბრობდა.

7 ივლისს, სოფელში ნათლისმცემლობა აღნიშნეს. სავარაუდოდ, ამ დღესასწაულზე ჩავიდა წინანდალში დავით ჩოთალიშვილიც. მკვლელობა სოფლის ცენტრში, ჩოთალიშვილის სახლიდან 100 მეტრში მოხდა. თვითმხილველების თქმით, დამნაშავე მეგობართან ერთად იყო და სახლში მთვრალი ბრუნდებოდა. თანასოფლელ ბიჭებს გამოელაპარაკა. ისინი გიგია გემაზაშვილის გარდაცვლილი დის, თათიას საფლავიდან იყვნენ დაბრუნებულები და ქუჩაში საუბრობდნენ. მათგან მხოლოდ ერთს, გიორგი მესხიშვილს იცნობდა. ჩოთალიშვილი ადრე მას კრივში ავარჯიშებდა. სხვებიც გადაკოცნა. უკითხავს, - ბიჭებო, თქვენ ბოლქვაძეების ძმაკაცები ხომ არ ხართო (ძმები ბოლქვაძეები წინანდალში ცხოვრობენ, ერთ-ერთი მათგანი მოკლულების თანაკლასელია. - ავტ.)? - ძმაკაცები არა ვართ, მაგრამ მათთან ვახლობლობთო, - მიუღია პასუხად. - ვინც მათი ძმაკაცი არ არის და ვისაც ეს ბიჭები არ უყვარს, იმათი დედაო!.. - შეუგინია ჩოთალიშვილს. - დედას რატომ გვაგინებ?! - უკითხავს გიგიას. ამის შემდეგ პირადად გიგიასთვის შეუგინებია დედა. როგორც ამბობენ, სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა შელაპარაკება. თვითმხილველების თქმით, დამნაშავემ წამებში ამოიღო ”მაკაროვი” და პირველად გიგიას ესროლა. სროლის ხმაზე ბიჭები სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ. გაქცეული შოთიკო ბატიაშვილი ძირს დავარდნილი მეგობრის მისაშველებლად უკან მიბრუნდა. სწორედ ამ დროს დაახალა მას მკვლელმა ტყვია. შემდეგ გიორგი დათუკიშვილს გაეკიდა...

GzaPress

უახლოესი მეგობრების ცხედრები ტაძარში ერთმანეთის გვერდით ესვენა. უამრავმა ადამიანმა მიაგო მათ პატივი. მათ შორის, სამხატვრო აკადემიის რექტორი გია ბუღაძეც იყო. იგი წარჩინებული სტუდენტის, გიგია გემაზაშვილის მკვლელობის გამო წუხდა. წინანდალში ორი განუყრელი მეგობარი პეტრეპავლობას დაკრძალეს, ესეც ალბათ, სიმბოლურია. მართლაც მთელი სოფელი შეძრულია მომხდარით და ყველა თვალცრემლიანია.

...პირველად შოთიკო ბატიაშვილის სახლში მივედი. ოთახი ბიჭის ფოტოებით იყო სავსე. კუთხეში კანდელი და სანთელი ენთო. იქვე იყვნენ თვალცრემლიანი ბებო ნათელა, შოთიკოს გულმოკლული მშობლები, მისი ერთადერთი და და მამიდა, ნონა ბატიაშვილი.

ლევან ბატიაშვილი, მოკლულის მამა:

- 27 ივლისს შოთიკო 21 წლის გახდებოდა. იგი საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე სწავლობდა. ძალიან შრომისმოყვარე იყო. ბოლო დროს, თბილისში, ჩემთან ერთად, ფირმა ”ვით ჯორჯიაში” მუშაობდა. ლიფტების აღდგენას ვახდენდით. ძალიან წესიერი, მოწესრიგებული შვილი მყავდა. ბავშვობაშიც ზომიერად ცელქი იყო. იუმორით სავსე. ახლა ვაჟკაცდებოდა. მაღალი და ტანადი იყო. ბოლო პერიოდი სულ ვარჯიშობდა. - გამხდარი ვარ და კუნთები მინდა მქონდესო. ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, სიკვდილის შემდეგ მივხვდი, როგორი ვაჟკაცი მყავდა. მიკვირს, ასე ახალგაზრდამ როგორ შეძლო ამხელა სიყვარულის მოპოვება. მთელმა საქართველომ დაიტირა. გოგონებს მისი ფოტოები თურმე მობილურში ”უყენიათ”... გიგია მისი თანაკლასელი და ბავშვობის მეგობარი იყო. ერთად გაიზარდნენ. უწესიერესი ბიჭი იყო. რამდენიმე დღეა მათ შორის სხვაობა. დედები სამშობიაროშიც ერთად იწვნენ. გიგია ხელმოკლედ ცხოვრობდა, ამიტომ შოთიკო სულ გვერდში ედგა. ძალიან უყვარდა, ხელფასს როგორც კი აიღებდა, გიგიასთან გარბოდა. იმ საბედისწერო დღეს მითხრა, - მამა, სამი ლიტრი ღვინო მინდა, გიგიას დის დაბადების დღეა და ბიჭები მის საფლავზე ავდივართო. საღამო ხანს 10 ბიჭი წავიდა თათიას საფლავზე. ყოველთვის მშვიდად ვიყავი, ვიცოდი, უკონფლიქტო შვილი რომ მყავდა და არასოდეს მეშინოდა. კონფლიქტი არასდროს ჰქონია, ამიტომ არც ვაკონტროლებდი. საძმაკაცოც სამაგალითო ჰყავდა. შოთიკოს სიგარეტიც არ მოუწევია, არც დალევა უყვარდა. მკვლელს უთქვამს, დანები დააძვრესო; ეს აბსურდია. იმ დღეს ბიჭები საფლავზე რომ ავიდნენ, საზამთრო რომ დაეჭრათ, დანა არ ჰქონიათ და მძღოლისთვის უთქვამთ, - მიშა ძია, დანა ხომ არ გაქვთ, გვათხოვეო... საფლავიდან გვიან წამოვიდნენ და სოფლის ცენტრში საუბრობდნენ. მკვლელი მათ მიუახლოვდა. პირველად გიგიას ესროლა, ჩემმა შვილმა წაქცეული მეგობარი რომ დაინახა, მისკენ მიბრუნებულა, ამ დროს შოთიკოსთვისაც უსვრია. როგორც ჩანს, შოთიკოს ხელი წინ ჰქონდა გაშვერილი და მკვლელს სთხოვდა, მისთვის არ ესროლა, მაგრამ მაინც ესროლა, ამიტომ აქვს ერთი თითი გახვრეტილი...

ამის შემდეგ, თურმე ტკივილისგან იქვე ჩაიკეცა და დაიყვირა, მიშველეთო. ამ დროს მკვლელმა სასიკვდილო ტყვია გულმკერდში დაახალა და აორტა დაუზიანა. მერე იარაღი ისევ გადატენა და გიორგი დათუკიშვილსაც გაეკიდა. მან, საბედნიეროდ, გაქცევა მოახერხა. უდანაშაულო გიგიას ოთხი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ერთი - გულში და ამის მერე მკვლელმა საკონტროლო გასროლები გააკეთა. ორივე ადგილზევე გარდაიცვალა. მათ საშველად მანქანით მეზობლის ბიჭი მისულა. თურმე მანქანაში მომაკვდავების ჩასმასაც შეეწინააღმდეგა, ამჯერად მძღოლს დაუმიზნა, - არ გაბედო, ჩემს მტრებს ხელი გაუშვი, თორემ შენც მოგკლავო. თვითმხილველები ამბობენ, იარაღი მასაც დაუმიზნა, ჩახმახს ხელი გამოჰკრა, მაგრამ ”მაკაროვში” ტყვიები აღარ აღმოჩნდაო. ბიჭები თელავის საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეს, მაგრამ ისინი ადგილზევე იყვნენ დახოცილები. მკვლელს ვიცნობდი. წლებია, ის სოფელში არ მინახავს. ჩემს შვილს მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. შოთიკოზე ასაკით დიდია და ერთმანეთს არც იცნობდნენ. რატომ მომიკლა უდანაშაულო შვილი?! ამ კითხვაზე პასუხი მინდა. პოლიცია კი მკვლელის ოჯახს იცავდა. მანქანები დააყენეს, სახლი რომ არ გადაგვეწვა. ვნახოთ, რას იზამენ სამართალდამცველები. თუ ბიჭების მკვლელს სამუდამო პატიმრობას არ მიუსჯიან, ვერ მოვისვენებ. ერთს ცალსახად ვიტყვი - მასთან არანაირი დაპირისპირება და ურთიერთობა ამ უდანაშაულო ბიჭებს არ ჰქონიათ.

მოკლულები მორწმუნეები იყვნენ. იმ დილით ორივე წირვას დაესწრო. ”შოთიკო დილით წირვაზე წავიდა, მერე სახლში მობრუნდა და გვიან საფლავზე გავიდა. მკვლელზე ამბობენ, - რომ დალევდა, ხელში სულ იარაღი ეჭირაო. ერთხელ ისიც უთქვამს, - ამ იარაღმა უნდა დამღუპოსო... სანამ ამ ტრაგედიას დაატრიალებდა, თურმე სუფრაზეც ატრიალა იარაღი და იმუქრებოდა, - ვინც მაგიდიდან ადგება, მას ვესვრიო. ეტყობა, სისხლი სწყუროდა და უდანაშაულო ბიჭები დახოცა. მოსიყვარულე შვილი მომიკლა. ბებო ბოსტანში თუ იყო და წვიმა დაიწყებოდა, ქოლგით გაიქცეოდა მის მოსაყვანად და ჩახუტებული მოჰყავდა. არ გავჩუმდებით - საქართველოს ღირსეული შვილები მოუკლეს... შს მინისტრის გასაგონად ვიტყვი, - სანამ პოლიციაში მიიღებენ ადამიანებს, სჯობია, მათი ფსიქიკური მდგომარეობა კარგად შეისწავლონ. გასაგებია, რისთვის წვრთნიან, მაგრამ გაუწონასწორებელ ადამიანებს იარაღს ნუ აძლევენ. ხომ უნდა შეამოწმონ, რომ ამ ხალხმა დედები ასე არ გაამწარონ და უდანაშაულო შვილები არ დაუხოცონ”, - გვითხრა შვილმოკლულმა დედამ.

შოთიკოს და ნათია, სიყვარულით საუბრობს გიგიასა და მისი ძმის უსაზღვრო მეგობრობაზე:

- საოცარი მეგობრობა ჰქონდათ. გიგიას დის სიკვდილის შემდეგ განსაკუთრებით ზრუნავდა მასზე, ეცოდებოდა. მეც ავად მყავს უფროსი შვილი, ვერ დადის და ექიმთან ის დამყვებოდა. მზრუნველი ბიძა იყო. ტაძარში ბავშვები დაჰყავდა. განიცდიდა ბავშვის ავადმყოფობას და მამხნევებდა. გიგიას კი საოცარი მომავალი ჰქონდა. მართლა უნიჭიერესი იყო. საქართველოს ღირსეული ბიჭები დაუხოცა გარეწარმა, წიგნიერი ახალგაზრდები.

ბატიაშვილების სახლში შევიტყვე, რომ გიგია გემაზაშვილს ერთადერთი და სარკომით გარდაეცვალა და მის სახლში გაუბედურებული დედა დამხვდებოდა. ქალბატონი მარინა მანაგაძის ტირილით მოყოლილმა ამბავმა კი სულით ხორცამდე შემძრა და ცრემლების შეკავება ვეღარ შევძელი.

GzaPress

მარინა მანაგაძე:

- ქალ-ვაჟი მყავდა. ძალიან გაჭირვებით ვზრდიდი, რადგან მათი მამა სამუშაოდ რუსეთში წავიდა და 10 წელიწადზე მეტხანს მასზე არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. მთელი სიმძიმე მარტო დარჩენილს დამაწვა. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მერე ტექნოლოგიური დავამთავრე, მაგრამ შვილების რჩენა მიჭირდა და ამიტომ ფიზიკურად ვშრომობდი. სამუშაოდ ვენახებში დავდიოდი, შვილებს საჭმელი რომ ჰქონოდათ. გიგია პატარაობიდანვე გამორჩეული იყო. სულ პატარამ დაიწყო ხატვა. ძალიან ჭკვიანი, ნიჭიერი და თბილი შვილი მყავდა, სიყვარულით სავსე. 6 წლის იყო, პირველი ლექსი თავის მასწავლებელს რომ უძღვნა. ბევრს კითხულობდა, ლექსებს წერდა. გაზეთებში მისი ლექსები იბეჭდებოდა. სკოლა რომ დაამთავრა, თელავში ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მაგრამ საბუთები ისევ უკან გამოიტანა. - დედა, სამხატვრო აკადემიაში მაინც უნდა წავიდე, ეს ჩემი სამყაროაო. ბავშვობიდან მხატვრობაზე ოცნებობდა, მაგრამ ვიცოდით, თბილისში მისი რჩენა ძალიან გაგვიჭირდებოდა. მითხრა, - დედა, არაფერი მინდა, ოღონდ ბავშვობის ოცნება ავისრულოო. სულით ხელოვანი იყო, ძალიან მგრძნობიარე. მის ლექსებს ჟრუანტელის გარეშე ვერ წაიკითხავ. ამ პატარა ბიჭს ამხელა სული საიდან ჰქონდა?!.

სიმწრით გავზარდე. თათია ცეკვაზე დამყავდა, საოცრად ლამაზი, შოლტივით გოგო იყო. 14 წლის რომ გახდა, დაბადების დღე გადავუხადე, ასეთი კარგი დაბადების დღე არასოდეს მქონიაო, - თქვა. მეგობრებთან ერთად ბაღში გაისეირნა და სახლში რომ დაბრუნდა, მითხრა, - მუხლი მტკივა, სიარული ვერ შევძელი, სახლამდე ძლივს მოვედიო. ექიმმა ონკოლოგიურში გამგზავნა. ბავშვს ფეხი შესივებულიც არ ჰქონდა და ფეხი მოსაჭრელიაო, - მითხრეს. ქიმიოთერაპია დაუნიშნეს, მაგრამ მალე ფეხი მოჰკვეთეს. გიგია გვერდიდან არ სცილდებოდა. თათია 14 წლის იყო, გიგია - 15-ის. უცებ, დაზე ნერვიულობით, გიგია სულ გამიჭაღარავდა... მკვლელობამდე ხუთი დღით ადრე რომ ჩამოვიდა თბილისიდან, უფრო გაჭაღარავებული იყო. ვკოცნე, - დედიკო, თმა როგორ გაგჭაღარავებია-მეთქი!.. დამამშვიდა, - უფრო სიმპათიური ბიჭი ვარო... დარდისგან გაჭაღარავებული შვილი დავკრძალე. დამხმარე მხოლოდ ძმა მყავდა და ისიც გარდამეცვალა. დის სიკვდილის შემდეგ გიგია ძალიან შეიცვალა, გულზე ხელს დაიდებდა და იტყოდა, - დედი, ამ ოხერ გულში ჟანგბადი არ ჩადისო. ჩემს ტირილს ვერ იტანდა, ბოლოს სულ მასზე ვფიქრობდი, ოღონდ ის კარგად მყავდეს და თათიას აღარ ვიტირებ-მეთქი.

- იმ საბედისწერო დღეზე რას იტყვით?

- 7 ივლისს თათიას დაბადების დღე იყო, 20 წლის გახდებოდა. დილის 5 საათზე სახლიდან საფლავზე გავეპარე, რადგან ჩემს ცრემლებს ვერ იტანდა. უკან ვბრუნდებოდი, არხის პირზე რომ შემხვდა. ჩემთან მოდიოდა. მისაყვედურა, - მარტო რატომ წამოხვედიო?!. ხელი გადამხვია და სახლში წამოვედით. ნათლისმცემლობაა, ტაძარში სანთელს დავანთებო, - მითხრა და ეკლესიაში წავიდა. იქიდან მეორე ტაძარში წირვაზე წავიდა. მერე საღამომდე სახლში იყო... საოცარი ხმა ჰქონდა და თბილისში დაწერილ ახალ ლექსებს გამოთქმით მიკითხავდა. თბილისიდან გახარებული დაბრუნდა. 20 ივლისს უკრაინაში მაგისტრანტებთან ერთად მიდიოდა სამუშაოდ: კონკურსში გაიმარჯვა და სამნი უნდა წასულიყვნენ, ტაძარი უნდა მოეხატათ. პასპორტიც გააკეთა. იმდენად უხაროდა, ღამეც არ ეძინა. მითხრა, - დედა, ცოტაც გავიჭირვოთ და ყველაფერი კარგად იქნებაო. სადაც უნდა წასულიყო, სახლში წერილს მიტოვებდა და ყველას ასეთი მინაწერი ჰქონდა: ”მიყვარხარ, დედიკო”. იმ დღეს მეგობრებთან ერთად დის საფლავზე წავიდა და ქუჩიდან ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა. მერე შვილი მომისვენეს. მესამე კურსი დახურა. გია ბუღაძე დაკრძალვაზე ჩამოვიდა და თქვა, - ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყო, დიდი მომავალი ჰქონდაო. სულ წერდა ლექსებს და მაკითხებდა. მისი ლექსები და ნახატები სულ სევდით იყო სავსე. თათიას სიკვდილამდე სულ სხვა სული ჰქონდა, სხვაგვარ ლექსებს წერდა. ხშირად ვეუბნებოდი, - მეშინია, ასეთ მძიმე ფერებში რომ ხატავ ყველაფერს, ნათელი ფერები იხმარე-მეთქი. - არა, დედა, მაშინ გიგია არ ვიქნებიო. ბოლოს მითხრა, მხატვარზე მეტად, მგონი, პოეტი ვარო. ფურცლებზე დაწერილი მისი ლექსები რვეულში გადამქონდა. ხუმრობით მეტყოდა, ყველა ფურცელი ფასს დაიდებსო. ამ პატარა ბიჭს ასეთი აზრები რატომ გაქვს, მეშინია-მეთქი. ჩავიკრავდი გულში. საოცარი მოფერება იცოდა. გახარებული მიყვებოდა, იმდენ ხალხში სამების ტაძარში პატრიარქმა ხელი ჩემკენ გადმოწია, შემახო და მომეფერაო. იმ დღეს უქადაგია პატრიარქს, სისხლია მოსალოდნელი და გაფრთხილდითო. არ ვიცი, შეიძლება, მისმა წმინდა სულმა იგრძნო ჩვენი მოსალოდნელი ტრაგედია.

- თბილისში ნაქირავებში ცხოვრობდა?

- ბუღაძემ თქვა, მატერიალურად ასე თუ უჭირდა ამ ბიჭს, ამას ვერ ვატყობდით, ვერც წარმოგვედგინაო. სიმართლე უნდა ვთქვა, დასამალი არაფერი მაქვს - ძალიან უჭირდა. ბინის ქირის ფული არ გვქონდა. პირველ კურსზე ძალიან იწვალა. თავი რომ ერჩინა, დუტას კაფეში მიმტანად დაიწყო მუშაობა. ღამის 3-4 საათზე ამთავრებდა სამუშაოს, წასასვლელი არსად ჰქონდა და ხშირად იქ რჩებოდა. რამდენჯერ გაუთევია ღამე აკადემიაში!.. ბიძაჩემი აეროპორტის დასახლებაში ცხოვრობდა და იქ მისვლას ვერ ახერხებდა. მერე ბარნოვზე პატარა ბინა იქირავა. რომ ჩავაკითხე, სინესტეში, სველ სარდაფში იწვა. ღამე რომ გაეთია, იმიტომ აიღო ის ბინა. ოღონდ ესწავლა - ეს იყო მისთვის მთავარი. უსახსრობის გამო თბილისში მასთან ჩასვლასაც ვერ ვახერხებდი. ბოლო ორი წელი მეგობარმა წერეთელზე შეიფარა და იქ ცხოვრობდა. ვეტყოდი, - ეს სიკეთე მათ როგორ უნდა გადავუხადოთ-მეთქი?.. სწავლის ქირა წელიწადში 1.000 ლარი მქონდა გადასახდელი. ეს ძალიან დიდი თანხა იყო.A ამის გადახდას კი ვახერხებდი, მაგრამ მე და ჩემს შვილს არც ჩასაცმელი გვქონდა, არც დასახური და არც საჭმელი. დიდხანს სოფელში ვერ ჩამოვიდა, გზის ფულიც რომ არ ჰქონდა, იმიტომ. მონატრებული შვილი 5 დღის ჩამოსული იყო, საუბარიც ვერ შევძელი. ნახევარს იქით გავედით, დედი, ცოტაც გავიჭირვოთ და გვეშველებაო. ბავშვობიდან ამბობდა, - ჩემში დიდი პოტენციალია და ჩვეულებრივი ცხოვრებით არ ვიცხოვრებ, ჩემი სახელი უნდა დარჩესო. კარგი ლექსები ჰქონდა და მინდოდა, პრესაში დაებეჭდა. - არა, ჯერ ჩემი დრო არ დამდგარა, არ მინდა გამოვჩნდე და უცებ გავქრე; ისეთ დონეზე არა ვარ, ჯერ უნდა ვისწავლო, მერე მინდა სულ ვიბრწყინოო. კითხვა ძალიან უყვარდა. სახლში ”ესპანური ბალადა” დარჩა გადაშლილი. მისი ბევრი ნახატი არა გვაქვს. აგერ, ნახატი რომ კიდია, ალბათ იმ ნახატის ქვეშ ორი ნახატია მოქცეული.

- რატომ?

- ტილო რომ ეყიდა, ხშირად ამის საშუალება არ გვქონდა. ფერწერაში სულ 100 ქულას იღებდა. მეორე დავალების შესასრულებლად ტილო რომ არ ჰქონდა, იმ შემშრალ ნახატზე ახალს ხატავდა და ის მიჰქონდა ლექტორთან. ძალიან ენანებოდა თავისი ნაშრომები, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. შარშან, ანაკლიის ბანაკში ერთი თვე იმუშავა. ბავშვებმა ბანაკი მოხატეს და ცოტა გასამრჯელოც მისცეს. იქიდან წამოსულმა ეს ნახატი დახატა და აქ დაკიდა. ბაზრობა ”ლილო მოლიც” მოხატა, თავისუფლების მოედანზეც მოუხატავს გარკვეული ტერიტორია. უკრაინაშიც ფულს მისცემდნენ და ეს უხაროდა. ამ თანხას სწავლისთვის გამოიყენებდა. ყველაფერს მიყვებოდა. ახლა შეყვარებულიც იყო და იმ გოგოსადმი მიძღვნილი ლექსებიც წამიკითხა. ჩემს თათიას მაგონებს, ისეთი გოგო გავიცანი აკადემიაში და ძალიან შემიყვარდაო. ხუთი შვილი უნდა მყავდეს, დაგეხვევიან შვილიშვილები და სევდისთვის დრო არ გექნებაო. არ შემიძლია, ასე გათეთრებულს რომ გიყურებ, საღებავი უნდა მოგიტანო და შეგღებო, უარი არ მითხრაო. ნუ გეშინია, ისევ ისეთი ლამაზი მარინა იქნებიო. ახლა კიევში ვიმუშავებ, ცოტა ფულს ვიშოვი და ცოლსაც შევირთავო. საოცრად თბილად ჩამეხუტა. რომ დავიძინებდი, ხშირად მისი ტკბილი მოფერება მაღვიძებდა. ასეთი შვილი მომიკლეს. ოცნებები დაუმსხვრიეს და მარტო, სულ მარტო დავრჩი ამქვეყნად. ფეხსაცმელიც კი არ ჰქონდა ჩემს შვილს. მეგობრის ნაჩუქარი ფეხსაცმლით მოვიდა, ისიც გვერდზე გახეოდა, ჩემი ხელით გავუკერე და ისე გავუშვი თბილისში. ცოტა ფული მოვაკოწიწე და ფეხსაცმელის საყიდლად გავუგზავნე. 12-ლარიანი კედებით ჩამოვიდა. მითხრა, - დედიკო, საღებავების ყიდვა ვამჯობინე ფეხსაცმელსო. თქვენ არ იცით, რამდენი რამ აკლდა. ცოტა მოვითმინოთ, ცოტა მოვითმინოთ და ყველაფერი მექნებაო. ამ იმედით დადიოდა და დასრულდა ყველაფერი. ბევრი რამ აკლდა, მაგრამ ამას ვერავინ ატყობდა, უბრალოდ, მისმა მეგობრებმა იცოდნენ... მეგობრებს მათ სახელზე სასაფლაოს ეზოში ტაძრის აგება სურთ. ეს რომ გავიგე, იმედი გამიჩნდა, იქ დავიდებ ბინას-მეთქი. მითხრეს, ეს არ შეიძლებაო. სხვა რა გზა დამრჩენია, ახლა ვეცდები ჩემი შვილი მთელ საქართველოს გავაცნო თავისი ლექსებითა და ნახატებით.G გია ბუღაძე დაგვპირდა, დაგეხმარებით ფერადი კატალოგისა და ლექსების გამოცემაშიო. მადლობის მეტი რა მეთქმის?!. მერე ალბათ, მონასტერში წავალ.

ამ ბიჭებს სოფელი პატარაობიდან იცნობდა; განსაკუთრებით, გიგიას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. პატარა ბიჭის ნახატები და ლექსი დაბეჭდილია წიგნში ”წინანდალი და წინანდლელები”. გიგიას ლექსს წინანდალზე ასეთი წინასიტყვაობა აქვს: ”ჩვენმა პატარა გიგია გემაზაშვილმა, ჩვენი სოფლის ხვალინდელმა სახემ, ასე გამოხატა თავისი სიამაყე წინანდლელობით”:

”როგორ მიხარია და

მეამაყება,

რომ ვარ წინანდლელი ბიჭი,

უსაზღვროდ მოყვარული

ჩემი ცის და

ჩემი მშობლიური მიწის.

ნეტავი შემეძლოს,

მოგხვიო ხელი და

მაგრად დაგიკოცნო გული,

ჭავჭავაძეების და

ტატოს ნათელით

გაბრწყინებული სული.

ჩემო წინანდალო,

ჩემო სიამაყევ,

მინდა გავიზარდო მალე,

მინდა გემსახურო,

მინდა გამოგადგე,

მინდა უკეთესი ხვალე!”

მისი მეგობარი შოთიკოს ფოტოც ამშვენებს ამ წიგნს. მეცხრეკლასელმა შოთიკო ბატიაშვილმა მეგობართან ერთად, მაშინ კახეთის ყველა სოფელი ველოსიპედით შემოიარა და ჩანაწერები გააკეთა.

გიგიას 200-ზე მეტი ლექსი აქვს დაწერილი. მისი ლექსების კითხვისას ჟრუანტელმა დამიარა. ოთახები მისი ნამუშევრებითაა მოფენილი. კედელზე ერთმანეთის გვერდით კიდია მოსიყვარულე და-ძმის ფოტო. ლექსებიდან და ნახატებიდან ახალგაზრდა ბიჭის სპეტაკი სული ჩანს. ლექსები სევდითაა გაჟღენთილი. გიგიას განსაკუთრებით ჰყვარებია ტერენტი გრანელი და მისთვის ლექსიც უძღვნია. ამ სევდასთან ერთად, მომავლის იმედიც გამოსჭვივის, განსაკუთრებით - შეყვარებულისადმი მიძღვნილ ლექსებში. თითქოს წინათგრძნობაც ჰქონდა. დის სიკვდილის შემდეგ პატარა ბიჭს ქელეხი შესძულებია და ლექსიც დაუწერია, რომელიც ასე მთავრდება:

”დღეს კი ანდერძად

დამიტოვია,

დამიწერია ჩემი ხელებით,

როდესაც წავალ,

დაიმახსოვრეთ -

არ მიმაყოლოთ სუფრა

ქელეხის”.

შოთიკო ბატიაშვილის დედამ ისიც მითხრა, - ამის შემდეგ ვფიქრობდით, ქელეხის სუფრა არ გაგვეშალა, თელავში სუფრა გაიშალა, მაგრამ იქ თითქმის არავინ მისულაო...

გიგიას დედასთან ინტერვიუს ვასრულებდი, როცა ოთახში შოთიკოს და, ნათია შემოვიდა. ძალიან მძიმე საყურებელი იყო ქალბატონ მარინასთან მისი შეხვედრა. ”დედას უთხარი, - შენ რომ ჰყავხარ, ეს არის მთავარი. ამას გიგიას სიკვდილის შემდეგ მივხვდი. მართლა დამთავრდა ახლა ყველაფერი. მე არავინ მყავს. შენ კი გთხოვ, ბევრი, ძალიან ბევრი შვილი გააჩინე, შვილო”.

მთელი გზა ამ ქალის უსაშველო ტკივილზე ვფიქრობდი, მის სევდიან თვალებს, სასოწარკვეთილ ხმასა და სიტყვებს ვერ ვივიწყებდი და ყურში მისი აკვიატებული კითხვა ჩამესმოდა, - რატომ მომიკლა სიმწრით გაზრდილი, ჩემი უდანაშაულო შვილი?!

მკვლელობაში ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება ძალოვნებს ჯერ არ გაუვრცელებიათ. ამიტომ უცნობია, რას ამბობს თავად დამნაშავე. მისი მშობლები სოფელში აღარ ჩანან. მათი სახლის კარი კი გამოკეტილი დამხვდა.

თეა ხურცილავა