სადისტური მკვლელობის დეტალები - გზაპრესი

სადისტური მკვლელობის დეტალები

ჟურნალი "გზა", 2011 წელი

ბორჯომის მცხოვრებლები და სამართალდამცველები ორი თვის მანძილზე ეძებდნენ უგზო-უკვლოდ დაკარგულ, 26 წლის სულიკო აიწურაძეს. ახალგაზრდა ბიჭი 18 აპრილს გაქრა და მის ადგილსამყოფელს ვერსად მიაგნეს. 22 ივნისს, შს სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 36 წლის ლევან გოგოლაძე დააკავეს. გაირკვა, რომ სოფელ საკირეში მცხოვრები სულიკო აიწურაძე სადისტურად იყო მოკლული. დაკავებულმა მკვლელის ვინაობა დაასახელა და საკუთარი ბიძაშვილი, 1969 წელს დაბადებული ჯამბულად გოგოლაძე დანაშაულში ამხილა.

სამართალდამცველებმა მკვლელის დაკავება ვეღარ შეძლეს, რადგან პოლიციის მისვლამდე მან თავის საცხოვრებელ სახლში თავი ჩამოიხრჩო. აიწურაძეების ოჯახის წევრები რას წარმოიდგენდნენ, თუ მათ შვილს თანასოფლელი, 42 წლის ჯამბულად გოგოლაძე ასე სადისტურად გაუსწორდებოდა?! მკვლელობის ირგვლივ გავრცელებულმა ინფორმაციამ მთელი საზოგადოება შეძრა. სამწუხაროდ, აიწურაძეებს მოკლული შვილის ცხედრის ნახვაც არ ეღირსათ.

როგორც ირკვევა, ჯამბულად გოგოლაძეს აიწურაძის და უყვარდა. ის ცოლს გაეყარა და სულიკოს დაზე დაქორწინება სურდა, რომელიც სამუშაოდ საბერძნეთში იყო წასული. ჯამბულადი ყველა ღონეს ხმარობდა, რომ შეყვარებული საქართველოში დაებრუნებინა, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ შეძლო. მიზანს ამ გზით რომ ვერ მიაღწია, შანტაჟზე გადავიდა: გოგოს ძმასა და მამას მასზე ცუდი ინფორმაციის შემცველ წერილებს სწერდა. აიწურაძეების ახლობლების თქმით, ამით სურდა, ოჯახი გაეღიზიანებინა, რათა მათ შვილისთვის სამშობლოში დაბრუნება მოეთხოვათ. ბუნებრივია, სულიკო ყველანაირად ცდილობდა, მესიჯების გამომგზავნის ვინაობა დაედგინა; ამ მიზანს მიაღწია და თანასოფლელთან სიტუაციაში გარკვევას შეეცადა.

18 აპრილს ჯამბულად გოგოლაძე და სულიკო აიწურაძე ერთმანეთს შეხვდნენ. გოგოლაძეს თან ახლდა ბიძაშვილი, 36 წლის ლევან გოგოლაძე. ბორჯომის რაიონის სოფელ დვირში მათ შორის დაწყებული შელაპარაკება, საბედისწერო შედეგით დასრულდა. ჯამბულად გოგოლაძემ სულიკო აიწურაძეს ჯერ მრავალი ჭრილობა მიაყენა, მერე ყელი გამოსჭრა; შემდეგ, კვალის წაშლაც სცადა - ცხედარი მანქანის უკანა სავარძელზე მოათავსა და მკვლელობის ადგილიდან 25 კილომეტრის მოშორებით, უკაცრიელ ადგილას დაწვა, ფერფლი კი წყალს გაატანა.

მკვლელობის შემზარავ დეტალებს ასე იხსენებს ბრალდებული ლევან გოგოლაძე (სტილი დაცულია):

"18 აპრილს ჩემმა ბიძაშვილმა, ჯამბულადმა თავისი "მერსედესით" წამიყვანა და სულიკო აიწურაძეს შეხვდა. ისიც ჩაისვა მანქანაში და მოტყუებით, სოფელ დვირის ეკლესიისკენ წაიყვანა. მე მანქანაში ვიჯექი. ისინი შელაპარაკდნენ. ჩხუბის დროს დავინახე, ჯამბულადმა უცებ სულიკოს დანა ყელთან ახლოს ორჯერ რომ მოუქნია და მას სისხლი წამოუვიდა. მანქანიდან გადმოვხტი, მათკენ წავედი, მაგრამ ამის შემხედვარე შიშმა და კანკალმა ამიტანა. სიარული ვერ შევძელი, წავფორთხიალდი და წავიქეცი. უცებ მხარში მეტაკა ჯამბულადი და მითხრა, - ახლავე მანქანაში ჩაჯექი, თორემ შენც მოგკლავო! ისეთი შეშინებული ვიყავი და თან მას ისეთი სახე ჰქონდა, მივხვდი, ამის გამკეთებელი რომ იყო. ლამის ჭკუიდან შევიშალე. უკან მივბრუნდი და მანქანაში ჩავჯექი... მოკლულს მარჯვენა მხარეს, მძღოლის "სიდენიის" უკან თავი ჩააყოფინა. სულიკო ცოცხალი აღარ იყო, დავინახე, ერთხელ ხელი რომ აიქნია, მერე აღარ სუნთქავდა. საჭესთან ჯამბულადი დაჯდა და ხაშურისკენ წავიდა. კერძოდ, ცხრამუხის ტერიტორიაზე, მტკვრის ნაპირას მივედით. ეტყობა, ისეთ ადგილს ეძებდა, სადაც გვამის მოშორებას მოახერხებდა. ერთ ადგილას საბურავები ეყარა და მანქანა იქ გააჩერა. მითხრა, - გადმოდი, გვამი გადამატანინეო. ვუთხარი, - მეშინია, გვამს ხელს ვერ მოვკიდებ, ძალა არ მაქვს-მეთქი. - კარგი, მაშინ იყავიო. მანქანიდან გვამი გადმოაგორა, მერე მანქანა 10 მეტრის მოშორებით დააყენა. ორი დიდი საბურავი ერთმანეთზე დაადო და გვამი შიგნით ჩააგდო. ზემოდან კიდევ საბურავი და თავისი ქურთუკი დაადო, რომელიც მანქანაში ჰქონდა მოკლულისთვის გადაფარებული. საბარგულიდან ბენზინი ამოიღო, სამი ლიტრი იქნებოდა, ზემოთ დაასხა და ცხედარს ცეცხლი წაუკიდა... მერე მანქანა მოატრიალა და ისევ ბორჯომში წავედით".

ძალოვნებმა სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აღძრეს, რაც 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებულ ლევან გოგოლაძეს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. იგი შემთხვევის ადგილზე გაიყვანეს და დეტალურად აღწერა ვითარება, მკვლელობის და ცხედრის დაწვის ადგილიც მიუთითა. ძალოვნებს დანაშაულის კვალი იქ მართლაც დახვდათ. კრიმინალისტებმა მოკლულის გადარჩენილი ძვლის ნაწილები აღმოაჩინეს და მას ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შემდეგაც, ნეშტის ნაწილები ოჯახს გადაეცა.

ამ შემზარავი მკვლელობის ირგვლივ გამოძიება გრძელდება. დაკავებული მკვლელობაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს, ირწმუნება, რომ ამ დანაშაულში არანაირი წვლილი არ მიუძღვის და ყველაფერი მისმა ბიძაშვილმა მარტომ ჩაიდინა. ვნახოთ, გამოძიებით რა გაირკვევა. სავარაუდოდ, მას მკვლელობის თანამონაწილეობისა და დანაშაულის დაფარვისთვის გაასამართლებენ.

თეა ხურცილავა