ქალი, რომელმაც მეგობარს ქმრის მოკვლა შეუკვეთა - გზაპრესი

ქალი, რომელმაც მეგობარს ქმრის მოკვლა შეუკვეთა

ჟურნალი "გზა", 2010 წელი

გასულ წელს, მთაწმინდაზე, ცხემის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილი, შემკვეთი და თანამზრახველები კი დაკავებულია. ალბათ, სიმართლის გაგება მოკლულის შვილებისთვის ყველაზე მტკივნეული იქნებოდა, რადგანაც გაირკვა, რომ მათი მამის მკვლელობა დედამ დაუკვეთა.

შპს "თბილისის ავტობუსის" გენერალური დირექტორის მოადგილე, გია წულაძე 2009 წლის 29 აპრილს, სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მოკლეს - ქილერი მას ჩაუსაფრდა და მსხვერპლს მაშინ ესროლა, როცა წულაძე მანქანიდან გადმოვიდა. აღსანიშნავია, რომ მკვლელმა ერთხელ გაისროლა, მსხვერპლს ტყვია თავში მოახვედრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საქმე დიდხანს იყო გაუხსნელი, მაგრამ ახლახან მკვლელობის შემკვეთი - მოკლულის მეუღლე, ინგა წულაძე-ჯვარშეიშვილი ამხილეს; მასთან ერთად მისივე მეგობარი, ზვიად საყვარელიძე, მკვლელობის უშუალო შემსრულებელი - ზურაბ სოლომნიშვილი და წულაძეების ოჯახის მოსამსახურე, ელენე თუშიშვილი დააკავეს. სასამართლომ თითოეულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მტკიცებით, 2009 წლის აპრილში ინგა წულაძე-ჯვარშეიშვილმა მეუღლის მკვლელობა ზვიად საყვარელიძეს დაუკვეთა; მეგობარი მას დახმარებას დაჰპირდა და შემსრულებლის მოძებნაც არ გასჭირვებია - ზურაბ სოლომნიშვილმა წულაძე გადაჭრილი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, რის შემდეგაც მას 5.000 დოლარი გადასცეს. გამოძიების მტკიცებით, ინგა წულაძე-ჯვარშეიშვილსა და ზვიად საყვარელიძეს შორის მოლაპარაკებებს ოჯახის მოსამსახურე, ელენე თუშიშვილი აწარმოებდა. მეუღლის მკვლელობის შემდეგ, ინგა წულაძემ საყვარელიძეს 3.000 ევრო სწორედ ელენე თუშიშვილის დახმარებით გადასცა. რაც შეეხება დაკვეთის შემსრულებელს - ზურაბ სოლომნიშვილს, მისი დაკავებისას პოლიციელებმა "მერსედესის" მარკის ავტომანქანაში დიდი ოდენობით ტყვია აღმოაჩინეს, ასევე ამოღებულია რამდენიმე იარაღი, ნიღაბი, ხელთათმანი.

მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ სოლომნიშვილი დანაშაულს აღიარებს. ძალოვნებმა ის შემთხვევის ადგილზეც გაიყვანეს და მან დეტალურად გაიხსენა მკვლელობის დღის მარშრუტი, ქმედება.

ბრალდებულ ზურაბ სოლომნიშვილის ჩვენებიდან (სტილი დაცულია): "2009 წელს, გაზაფხულზე პიროვნება გავიცანი, რომელმაც მკითხა, ხომ არავის ვიცნობდი ისეთს, რომელიც 5.000 დოლარის სანაცვლოდ გია წულაძეს მოკლავდა. არ ვიცი-მეთქი, ვუთხარი. მერე, დავფიქრდი და ვთქვი, რომ ამას მე თვითონ შევასრულებდი. მეორე დღეს ისევ შემხვდა ეს პიროვნება და დამთანხმდა. სოფელში წავედი, სახლში არაოფიციალურად შეძენილი სანადირო თოფი მქონდა და გადავჭერი. გადაჭრილი სანადირო თოფი მანქანაში მედო. წულაძეს სადღაც 3-4 დღე ვყარაულობდი. მეოთხე დღეს დავინახე, რომ გია წულაძემ თავისი "ბმვ"-ს მარკის მანქანით ამოუხვია. ჩემს მანქანასთან მივედი, გრძელი, მუქი ქურთუკი ჩავიცვი, ქუდი დავიფარე, გადაჭრილი თოფი ავიღე და იმ უბანში წულაძეს ფეხით, ცხემის ჩიხის მიმართულებით გავყევი. როცა მივუახლოვდი, ის მანქანასთან ჩაცუცქული იყო, არ ვიცი, რას აკეთებდა, მგონი "პაკრიშკას" უყურებდა. არ გავჩერებულვარ, პირდაპირ თავში ვესროლე და გავიქეცი. მერე რუსთაველზე ჩამოვედი, წრე დავარტყი, სადღაც 5 წუთში ისევ იქ ავედი, სადაც ჩემი მანქანა მეყენა. შემდეგ მანქანით ორთაჭალის მიმართულებით წავედი. მტკვარში ქურთუკი და ქუდი გადავაგდე, იქვე ჩავაგდე გადაჭრილი თოფიც. ამის შემდეგ ერთი საათი ქალაქში ვიარე და მერე სახლში წავედი. მეორე დილით ამ პიროვნებამ თანხა, 5.000 დოლარი ჭავჭავაძის ქუჩის ასახვევთან გადმომცა. ეს თანხა გია წულაძის მკვლელობაში გადამიხადეს".

GzaPress

ფაქტის აღიარების შემდეგ სოლომნიშვილმა ძალოვნებს ის ადგილიც უჩვენა, სადაც ნივთმტკიცება - მკვლელობის იარაღი და სხვა ნივთები გადაყარა.

ძალოვნებმა მკვლელობის შემკვეთის, ინგა წულაძე-ჯვარშეიშვილის აღიარებითი ჩვენების ფრაგმენტიც გაავრცელეს (სტილი დაცულია): "ზვიადი შემხვდა და მითხრა, ამის მოცილებას არაფერი უნდაო. მეც აბსოლუტურად ხუმრობით ვუთხარი, მიდი-მეთქი. მეორე დღეს ეკამ (იგულისხმება ელენე თუშიშვილი) მითხრა, ზვიადიმ თქვა, მაგას მე გავაკეთებო. იმ უბედურ დღეს მართლა მოხდა ეს უბედურება. მეორე დღეს ეკამ მითხრა, იმათ ფული სჭირდებათო. ხომ იცი, სადაც დევს, აიღე-მეთქი..." არც ელენე თუშიშვილი უარყოფს ამ ფაქტს (სტილი დაცულია): "ინგა წულაძემ ქმრის, გიას მკვლელობა ზვიად საყვარელიძის დახმარებით გადაწყვიტა. მან უთხრა, რომ ისეთ პიროვნებას ნახავდა, რომელიც ამას გააკეთებდა. ნახა კიდეც, რომელმაც 5.000 დოლარი მოითხოვა. დათანხმდნენ. მკვლელობა რომ მოხდა, ინგამ მითხრა, რომ ფული სახლში იყო, პაკეტში. ავიღე, უნდა ყოფილიყო 4.000 ევრო, რომელიც ზვიად საყვარელიძეს გადავუტანე".

მოკლულის მამა, ბეჟან წულაძე ამბობს, რომ შვილის მკვლელობაში რძლის მონაწილეობა არ გაჰკვირვებია. "მას ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია", - იხსენებს ჭირისუფალი. ოჯახის წევრების თქმით, ბოლო წლებში ცოლ-ქმარს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რის მიზეზადაც ინგას მძიმე ხასიათს მიიჩნევენ. დეტალების გასარკვევად ცხემის ქუჩაზე მივედით, სადაც საკმაოდ მჭიდრო მოსახლეობა და ვიწრო ჩიხებია - ასე რომ, დამნაშავე მიმალვას უპრობლემოდ შეძლებდა.

როგორც შევიტყვეთ, იტალიური სტილის სახლში ცოლ-ქმარი 8 წლის გოგონასთან ერთად ცხოვრობდა; დღეს ეს სახლი მათ აღარ ეკუთვნით. მეზობლების თქმით, მკვლელობიდან 40 დღის შემდეგ ინგა წულაძე-ჯვარშეიშვილმა ბინა გადაცვალა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. მეზობლები ამბობენ, რომ წყვილს იქვე ახლოს, მეორე ეზოში პატარა, ერთოთახიანი ბინაც ჰქონდა, რომელიც მოგვიანებით გააქირავეს, მკვლელობის შემდეგ კი ინგა წულაძემ ეს ბინაც გაყიდა ანუ ფაქტობრივად, შემთხვევის ადგილს მოსცილდა. მეზობლების მტკიცებით, მათ ცოლ-ქმრის ჩხუბი არასდროს გაუგონიათ, მათი სახლიდან აყალმაყალის ხმა არასდროს გამოსულა. ხშირად, შინ ერთად ბრუნდებოდნენ და თურმე, მოსიყვარულე ცოლ-ქმრის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. მეზობლები ორივეს დადებითად ახასიათებენ. "გია საოცრად კარგი, თბილი ადამიანი იყო და თავაზიანი მოკითხვა იცოდა. მისი ჩხუბი არასდროს გაგვიგონია. წლების მანძილზე მერიაში, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. ისევე, როგორც ინგა, პროფესიით გიაც ექიმი იყო... ადრე ინგაც მერიაში მუშაობდა, მაგრამ შემდეგ, მგონი, შემცირებაში მოყვა. ისე, ისიც საკმაოდ კონტაქტური ქალი იყო. მათი სახლიდან ხმაური მართლა არასდროს გაგვიგონია. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ ქალს ასეთი რამის ჩადენა შეეძლო; მისი ჩვენება ჩემი ყურით რომ არ მომესმინა, ამას ვერც დავიჯერებდი", - გვითხრა ერთ-ერთმა მეზობელმა. მისივე თქმით, მკვლელობის შემდეგ ინგა ჩვეულებრივ, სამძიმარს იღებდა და დაკრძალვის დროს მეზობლებისგან შესაწირი არ აუღია. "გიას და ინგას ორი გოგო ჰყავთ - უფროსი გათხოვილია და შვილიც ჰყავს, მეორე კი 8 წლისაა. ინგას მშობლები და ძმაც გარდაეცვალა, გია წულაძის მშობლები კი საბურთალოზე ცხოვრობენ. მას დაოჯახებული ძმა ჰყავს. როგორც ვიცით, ის ბინა, სადაც წყვილი ცხოვრობდა, ინგასი იყო...

ისე, ბოლო დროს გია სვამდა, შემდეგ ცუდად ხდებოდა და რამდენჯერმე, "სასწრაფოს" გამოძახებაც გახდა საჭირო. თუმცა, მას არც სიმთვრალე ჰქონდა ცუდი, ამ დროსაც თავაზიანად იქცეოდა... სხვის ოჯახში რა ხდება, ამას ვერავინ გაიგებს. გაოგნებული ვარ! დაკრძალვის დღეებში ინგასთვის უჩვეულო არაფერი შეგვიმჩნევია და მასზე ეჭვს ვინ მიიტანდა?.. იმ მოსამსახურე გოგოსაც ვიცნობდით - ბავშვს უვლიდა, წესიერი გოგო ჩანდა. მას შემდეგ, რაც ინგამ ბინა გაყიდა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ, მასთან კონტაქტი არ გვქონია. როგორც ვიცი, მერე ის ბინაც გაყიდა და თურმე, ნაქირავებში ცხოვრობდა. ამბობენ, - ბევრი ვალი ჰქონდაო..." - დასძინა მეზობელმა.

ჩვენ მეორე ეზოში მცხოვრებ, მის ყოფილ მეზობელსაც გავესაუბრეთ: "გია ძალიან მორიდებული ბიჭი იყო და კარგი სალამი იცოდა. იაც (მეზობლები ინგას იას ეძახდნენ) კონტაქტური გახლდათ. ეს ბინა ახალი ნაყიდი ჰქონდათ, მაგრამ აქ ვიწროდ იყვნენ და მეორე ბინაში გადავიდნენ... აქ სახლებიდან ხმა გარეთ გამოდის, ყველას ყველაფერი გვესმის, რადგან თხელი კედლებია. მერწმუნეთ, მათი ჩხუბი არასდროს გაგვიგონია. მკვლელობა რომ მოხდა, მეზობლები შემთხვევის ადგილას ავედით - ხალხი ირეოდა, პოლიციაც მოსული იყო; იაც იქ იდგა, აქეთ- იქით დარბოდა, ტიროდა. მოკლედ, ისე იქცეოდა, როგორც ჭირისუფალი. მალე ქალაქის მერე, გიგი უგულავაც მოვიდა და მახსოვს, შესტირა: გიგი, დამეხმარე! რატომ არ მიჰყავთ გია საავადმყოფოში? გამაგებინე, რა ხდებაო. რას წარმოვიდგენდი, თუ... სამძიმარზეც ვიყავი და გასვენებაშიც, მაგრამ იასთვის არაფერი შემინიშნავს. მისი სიტყვების მოსმენის შემდეგ ყველანი გავვოგნდით".

როგორც ამბობენ, მკვლელობის შემდეგ ძალოვნებმა ბინიდან მოკლულის პირადი დღიური ამოიღეს. ახლობლებისთვის დღიურის შინაარსი უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერების დიდი ნაწილი ცოლ-ქმრის ურთიერთობას ეხება. თურმე, საკუთარ ჩანაწერში გია წულაძე წერდა, რომ ინგას უარყოფითი თვისებების მიუხედავად, ის მაინც ძალიან უყვარდა. ალბათ, წულაძე ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ საყვარელი ქალი სასიკვდილოდ გაიმეტებდა.

თეა ხურცილავა