ცოლქმრული ღალატის ნიადაგზე მომხდარი მკვლელობა - გზაპრესი

ცოლქმრული ღალატის ნიადაგზე მომხდარი მკვლელობა

მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ 45 წლის გოჩა გამსახურდია ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თამარ (თამილა) ნიკურაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. დამნაშავეს გაქცევა არ უცდია. შემთხვევის ადგილზე მისულ ძალოვნებს იგი ადგილზე დახვდა და დანაშაული აღიარა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე და 19-109-ე მუხლებით აღიძრა. აღნიშნული საქმე, ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება.

ჟურნალი "გზა", 2011 წელი

საქმის მასალების მიხედვით, ბორია კამიშევა და თამილა ნიკურაძე 1987 წელს სიყვარულით შეუღლდნენ. 3 შვილი შეეძინათ. დაახლოებით 2 წლის წინ, ოჯახი სამტრედიიდან საცხოვრებლად თბილისში, გლდანის მერვე მიკრორაიონში გადმოვიდა და ახლობლის ბინაში შესახლდა. ბორია კამიშევა მეუღლეზე 2010 წლის აგვისტოდან ეჭვიანობდა; მიიჩნევდა, რომ მეზობლად მცხოვრებ გოჩა გამსახურდიასთან ღალატობდა.

ბორია 13 იანვარს, სამსახურიდან დაბრუნდა და საკუთარი დაბადების დღე სტუმრებთან ერთად აღნიშნა. დასაძინებლად დაახლოებით ღამის 2 საათზე დაწვა. გვიან ღამით კი გამოეღვიძა, სახლში ცოლი ვერ იპოვა და მას ქუჩაში დაუწყო ძებნა. ეზოში გასვლისას ეჭვი გაუჩნდა, რომ მეუღლე გოჩა გამსახურდიასთან ერთად მის დროებით საცხოვრებელ სახლში იყო. ამიტომ, მეზობლის ეზოში შევიდა, თან ცოლის სახელს გაიძახოდა. კიბეზე გამსახურდია გამოჩნდა. კამიშევამ მის ზურგს უკან ამოფარებულ საკუთარ ცოლსაც მოჰკრა თვალი და მეუღლის ღალატში დარწმუნდა. ხელჯოხი აიღო და ორივეს მოკვლა გადაწყვიტა - გოჩა გამსახურდიას და თამარ ნიკურაძეს სხეულის სხვადასხვა არეში ხელჯოხით დაზიანებები მიაყენა... ასეთია დანაშაულის ფაბულა.

ექსპერტიზის დასკვნით, გამსახურდიას სახისა და ქალა-ფუძის ძვლების მრავალი მოტეხილობა აღენიშნებოდა, ასევე - სისხლჩაქცევები, ფილტვების შეშუპება, ჰეპატიტის და ღვიძლის ფიბროზი. სიკვდილის უშუალო მიზეზად, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა დასახელდა.

სასამართლომ ბრალდების მოწმეთა ნაწილი უკვე დაკითხა. დაკითხულია მოკლულის და - მარიამ გამსახურდია. ბრალდებულის ინტერესს ადვოკატები - ნინო ლალიაშვილი და ნინო თამაზაშვილი იცავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ საქმე გამოძიებამ არასწორად დააკვალიფიცირა, რადგან აშკარაა - აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი დანაშაული. სხვას ამტკიცებენ ექსპერტები: სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ბორია კამიშევა დანაშაულის ჩადენის დროს ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.

ადვოკატი ნინო ლალიაშვილი:

- საქმეში რომ ჩავერთე, კამიშევა უკვე დაკითხული იყო. ცოლ-ქმარი შვილებთან ერთად სიდუხჭირეში ცხოვრობდა. საკუთარი ჭერიც არა აქვთ, ბინა მეგობარმა დაუთმო. ბორია კამიშევა ავტოპროფილაქტორიუმში მუშაობდა და ოჯახს ასე არჩენდა. ყველა დადებითად ახასიათებს. მშვიდი, გაწონასწორებული პიროვნება იყო, კონფლიქტი არავისთან ჰქონია. გარდაცვლილი გამსახურდია გლდანში გაიცნო და ოჯახებით მეგობრობდნენ, ჭირსა თუ ლხინში ერთად იყვნენ. განსასჯელი ამბობს, - ვერ დავუშვებდი, 3 შვილის დედა, რომელიც სიყვარულით შევირთე და რომელთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა, ასეთ რამეს თუ გამიკეთებდაო. ბუნებით მოღალატე არ არის; დაკოჟრილი ხელები აქვს, დილიდან საღამომდე შრომობდა და სახლში გვიან ბრუნდებოდა. 13 იანვარს მეზობლის სახლშიც იყო სუფრა გაშლილი, სადაც გოჩა გამსახურდია იმყოფებოდა. მათთან ერთად ქეიფობდა კამიშევას 23 წლის ვაჟიც. თამილა ნიკურაძემ ღამით იქ შვილს მიაკითხა. გამსახურდიასთან შეხვედრაზე წინასწარ შეთანხმებული იყო თუ არა, საქმიდან ეს არ ჩანს. 5 წუთის ინტერვალით ნიკურაძე და გამსახურდია გავიდნენ. სხვებმა კი ქეიფი განაგრძეს (დანაშაულის ადგილი - კამიშევების სახლის მოპირდაპირედაა). გამოძიებას უჩნდება კითხვა, - თუ ეჭვი არ ჰქონდა კამიშევას, მაინცდამაინც იმ სახლში რატომ მივიდა ცოლის მოსაძებნად? კამიშევა ამბობს, მეზობლის ჭიშკარში შესულს, ცოლის ვნებიანი კვნესის ხმა შემოესმა. ეზოში შესული ცოლს ეძახდა... ამის შემდეგ მისი მეხსიერება ფრაგმენტულია, რაც აფექტს ახასიათებს. კიბესთან გამსახურდია შეხვდა, წინ გადაეღობა და სახლში შესვლის საშუალება არ მისცა; დაეკითხა: შენ აქ რა გინდაო? ვერ იხსენებს, რა უპასუხა, - ვუთხარი, - დამღუპეთ, დამაქციეთო?! არც ის ახსოვს, ჯოხი საიდან გაჩნდა მის ხელში და მერე რა მოხდა. კამიშევა სახლში რომ დაბრუნებულიყო, იქიდან დანა წამოეღო და დანაშაული მერე ჩაედინა, აფექტის საკითხი შესაძლოა, ეჭვქვეშ დამდგარიყო, მაგრამ მან იქვე დაგდებული ჯოხი აიღო და გამსახურდიას თავში ჩაარტყა... ამბობს, ცოლის შიშველ მხარს გამსახურდიას ზურგს უკან მოვკარი თვალი და მერე არაფერი მახსოვსო. არც ის ახსოვს, ცოლს ჯოხი რამდენჯერ ჩაარტყა, - გონზე რომ მოვედი, მიწაზე ვეგდე და ვკანკალებდიო. როგორც ჩანს, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ცოლის გადარჩენას ცდილობდა და მოსასულიერებლად წყალს ასხამდა. ეს შეცოდების მომენტიც აფექტისთვისაა დამახასიათებელი. სიკვდილისთვის გაწირა, მაგრამ მერე შეეცოდა. შემდეგ, როგორც ჩანს, ძალა გამოეცალა და წაიქცა. ძალა არ ჰქონდა, მაგრამ როგორღაც ტელეფონი აიღო და ბოლოს განხორციელებულ ზარზე დარეკა. შვილმა უპასუხა, რომელსაც უთხრა, - მგონი, დედაშენი და გამსახურდია მოვკალიო. შვილმა სუფრასთან, რომელთანაც იჯდა და ქეიფობდა, ხმამაღლა გაიმეორა მამის მიერ ტელეფონში ნათქვამი სიტყვები და მასთან წამოვიდა. ბიჭი ამბობს, - ჭიშკარში შესვლა ვერ გავბედე, იქვე ძაღლის ყმუილის მსგავსი ხმა შემომესმა; როგორც გავარკვიე, ძაღლი კი არა, ის მამაჩემი იყოო. ესეც აფექტის ნიშანია, მაგრამ, სამწუხაროდ, ექსპერტმა ყურადღება ამ დეტალებს არ მიაქცია და მიიჩნია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს კამიშევა არ იყო აფექტის მდგომარეობაში. მაშინ, რა შეიძლება გამხდარიყო ძლიერი სულიერი აღელვების საფუძველი? კაცმა ცოლი საკუთარი თვალით ნახა საყვარელთან, ეს ფაქტი არ არის აფექტის გამომწვევი?! არ ვითხოვთ კამიშევას დარბაზიდან გათავისუფლებას, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. მიყენებული მუხლებით ამ ადამიანის გასამართლება მის გაწირვას ნიშნავს. მას გული აწუხებს, სტენტი აქვს ჩადგმული. მართალია კამიშევაა გვარად, მაგრამ ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი კაცია. არანორმალურად უყვარდა ცოლი, ცოლმა კი გაწირა. ძალოვნებს იგი იქვე მოკუნტული, მიწაზე დამხობილი დახვდა. ნანობს ჩადენილ დანაშაულს.

წინასწარი გამოძიების დროს ცოლმა აღნიშნა, გამსახურდიასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონიაო. მართალია, იგი მოკლულთან სქესობრივ კავშირს უარყოფს, მაგრამ ექსპერტიზით დადგინდა, რომ იმ ღამით მათ ერთმანეთთან კავშირი ნამდვილად ჰქონდათ. ისინი საყვარლები რომ იყვნენ, ამას მოკლულის დაც ადასტურებს. ძმის მკვლელობის შემდეგ გოჩას უბის წიგნაკში ნიკურაძის სასიყვარულო წერილები აღმოაჩინა. მარიამ გამსახურდია დამნაშავისა და ასევე მისი ცოლის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. საშინლად განიცდის ძმის სადისტურ მკვლელობას. ის შინ თვალცრემლიანი დამხვდა.

დაზარალებული მარიამ გამსახურდია:

- გოჩა მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა და ცოლის ნათესავის სახლში, კამიშევების მეზობლად, მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. მათთან რომ მივდიოდი, კამიშევების მთელი ოჯახი იქ მხვდებოდა ხოლმე. მიკვირდა, რძლისთვის მიკითხავს კიდეც, - არ მოგბეზრდა, ეს ხალხი სულ აქ რომ გიზის-მეთქი? თავი მომაბეზრეს, მაგრამ გოჩას ხათრით ვერაფერს ვეუბნებიო. ჩემი რძალი სამუშაოდ რუსეთში წავიდა, გოჩა მარტო დარჩა და ამის შემდეგ დაიწყო ეს უბედურება. ეჭვის საბაბი გამიჩნდა, რადგანაც ის ქალბატონი ჩემი ძმის სასთუმალთან ჩამომჯდარი, საწოლზე წამოწოლილიც მინახავს, თვალებში შესციცინებდა გოჩას. ჩემს ძმას რომ ვკითხე, - რა ხდება-მეთქი? - გაიცინა და მიპასუხა: სახლში წყალი და შუქი არა აქვთ და ჩემთან ამიტომ გადმოდისო. ქალი საჭმელს იქ ამზადებდა. ერთხელ ჩემს შვილს დაურეკა, - გოჩა ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადმოვიყვანეთო. ბავშვი საავადმყოფოდან გაოგნებული დაბრუნდა: იმ ქალის მეუღლე გარეთ იდგა, ის კი ბიძაჩემს ეფერებოდა, ქმარი არაფერს ამბობდაო... სამშვილიანი ქალი, რომელსაც ქმარი ჰყავდა, რატომ იჯდა 24 საათის განმავლობაში სხვის სახლში?! მე თუ მივხვდი, მეზობლები თუ მიხვდნენ, ქმარი ვერაფერს ხვდებოდა?! დანამდვილებით ვიცი, რომ მისმა ქალიშვილმაც იცოდა ყველაფერი და ბოლოს ბიჭმაც გაიგო... ჩემი ძმა სამეგრელოში წავიდა, უსიამოვნო სიტუაციისთვის თავი რომ აერიდებინა... შემიძლია დავიფიცო, ამ ქალს რომ არ ეაქტიურა, გოჩა თბილისში ხელმეორედ დამბრუნებელი არ იყო. სოფელში ცხოვრება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ქალი მოსვენებას არ აძლევდა - სისტემატურად ურეკავდა. უფრო მეტიც: მოულოდნელად, სოფელშიც ჩააკითხა. ცივად რომ შეხვდნენ, იქიდან მალე წავიდა. მერე ავადმყოფობა მოიმიზეზა და იმდენი მოახერხა, რომ ჩემი ძმა მასთან სამტრედიაში ჩაიყვანა.

- ქალი სამტრედიაში იყო?

- ჩემი დის ხელოსანია მოწმე, გოჩას გაუთავებლად როგორ ურეკავდა, - ავად ვარო, - და გოჩამ სამტრედიაში ჩააკითხა. სახლში ნიკურაძის და და სიძეც დახვდნენ. სუფრა გაუშალეს, მეორე დღეს კი გოჩა ზუგდიდში დაბრუნდა. ნიკურაძის ქმარმა რომ იცოდა ღალატის შესახებ, ეს დადასტურებულია. მან გოჩას დაურეკა კიდეც და მოკვლით დაემუქრა, ეს ჩემმა დისშვილმა მოისმინა... აი, აუსრულა კიდეც დანაპირები, ჩასაფრებული იყო. ეს სისასტიკით ჩადენილი მკვლელობაა. გარდაცვლილი ძმის მოფერება ვერ შევძელი, იმდენად დასახიჩრებული იყო. მთელი სხეული დამსხვრეული ჰქონდა. გოჩა ფიზიკურად ძლიერი მამაკაცი იყო. ვფიქრობ, დამნაშავე მას მარტო ვერ მოერეოდა და მას თანამზრახველი ჰყავდა. სამტრედიაში უთქვამს, - ეს ჩემი ცოლი კი არ არის, გოჩა გამსახურდიას საყვარელიაო... ქალს დაზარალებულის სტატუსი აქვს, - არადა, ისიც ქმრის გვერდით უნდა იჯდეს. დარწმუნებული ვარ, კამიშევა ჩასაფრებული იყო და შურისძიებისთვის მომენტს ელოდა. თქვას, რატომ არ მოკლა თავისი ცოლი? პირველ რიგში ის უნდა მოეკლა...

შვილები სასამართლო სხდომებს ესწრებიან. აპატიეს თუ არა დედას ასეთი საქციელი, ამაზე კომენტარს ადვოკატი არ აკეთებს. ფაქტია, თამილა ნიკურაძე შვილებთან ერთად, ისევ გლდანში, იმ სახლში ცხოვრობს, სადაც ადრე ცხოვრობდა. სასამართლოზე დაკითხულმა ვაჟმა თქვა, რომ მშობლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არასოდეს მომხდარა. თამილა ნიკურაძე შემთხვევიდან მეათე დღეს გაწერეს საავადმყოფოდან, დაზიანება თავი არეში ჰქონდა.

მარიამ გამსახურდიას ხელთ აქვს რამდენიმე წერილი, რომელიც მისი ძმისა და ქალის სასიყვარულო ურთიერთობას ადასტურებს.

თეა ხურცილავა