კიდევ ერთმა ქმარმა მოკლა ცოლი, ეჭვიანობის გამო - გზაპრესი

კიდევ ერთმა ქმარმა მოკლა ცოლი, ეჭვიანობის გამო

საგარეჯოს რაიონის აზერბაიჯანულ სოფლებში არსებულ ძალადობას ბოლო აღარ უჩანს. აშკარაა, სამართალდამცავები თავიანთ ფუნქციას ვერ ასრულებენ, საზოგადოებას მათი შიში არა აქვს. ამას მიმდინარე წელს იმ სოფლებში მომხდარი შემზარავი ფაქტები ადასტურებს. უკვე მერამდენედ გვიწევს მომხდარ სასტიკ დანაშაულზე საუბარი. მორიგი ტრაგიკული შემთხვევაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ვერხვიანთან ახლოს მოხდა.

იმ დღეს სოფელ თულარში მცხოვრებმა, 41 წლის ელიმხან ედიგაროვმა მეუღლე, მელეიქა გასანოვა მანქანაში ჩაისვა და სახლიდან წამოვიდნენ. მამამ შვილებს უთხრა, რომ ცოლი თბილისში, ექიმთან მიჰყავდა, რადგან მელეიქა ავადმყოფობდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ის ქმარმა გზაში ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. თურმე ჯერ იარაღით სცადა მისი მოკვლა, მაგრამ ეს რომ არ გამოუვიდა, ამის შემდეგ მანქანიდან გადმოსულ ცოლს თავისივე მანქანით გადაუარა. იქ მისულ ადამიანებს შემზარავი სურათი დახვდათ. ახალგაზრდა ქალი ძირს ეგდო სისხლში მოსვრილი და სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. მანქანას მისთვის თავი გაეჩეჩქვა. შემთხვევის ადგილზე დახვდათ სამართალდამცავებს დამნაშავე, მას გაქცევა არც უცდია და პოლიციას ჩაჰბარდა.

სამართალდამცავებმა ელიმხან ედიგაროვს ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. ძალოვანთა მტკიცებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. დაკავებისას ელიმხანს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, ნივთმტკიცებად მისი ავტომანქანაც დასახელდა, რითაც მკვლელობა მოხდა.

ვერხვიანის სოფლის წარმომადგენელი, ბატონი ნოდარი შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა:

- ახლობელმა დამირეკა, ვიღაც ქალი გდია თქვენი სოფლის ბოლოს მოკლულიო. სასწრაფოდ წავედი იმ ადგილისკენ. ჩვენი სოფლიდან 2 კილომეტრში მოხდა ეს საშინელი ამბავი. რომ მივედი, დასისხლიანებული ქალი ძირს ეგდო. როგორც ჩანს, ცოლ-ქმარი მარტო იყო, ჩვენი სოფლის კი არა, თულარში მცხოვრები აზერბაიჯანელები არიან. პოლიციაც უკვე მისული იყო და "სასწრაფოც" მოვიდა. ქალი დააწვინეს საკაცეზე, მაგრამ ის უკვე მკვდარი იყო. არ ვიცი, როგორ მოხვდნენ იქ ან რა ინციდენტი მოხდა. მამაკაცი იქვე დააკავეს, კაცმა ქართული არ იცოდა და ამიტომ ვერ გავიგეთ, რას ამბობდა. არც რუსული იცოდა. მერე თარჯიმანი მოიყვანეს, ჩასვეს ის კაცი მანქანაში და წაიყვანეს პოლიციაში. ამბობენ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა მკვლელობაო, დეტალები არ ვიცი. მანქანით გადაუვლია, ნათრევი იყო მიცვალებული. სავარაუდოდ, მანქანა დააჯახა და მერე ცხედარი ათრია.

ბატონ ნოდართან საუბრის შემდეგ სოფელ თულარის წარმომადგენელს, ზაურ ალიევს დავუკავშირდი.

ზაურ ალიევი:

- თულარში ცხოვრობდნენ ელიმხანა და თავისი ცოლი, მელეიქა. გოგოს მშობლებიც აქაური მცხოვრებნი არიან. დიდი ხნის ცოლ-ქმარს ორი ბიჭი ჰყავს. ერთი ცოლშვილიანია, მეორემ ახლა მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური და სახლში რამდენიმე დღეა, დაბრუნდა. არავის უნდა იმის დაჯერება, რომ ელიხანამ მოკლა ცოლი. სოფელში ამბობენ, რომ შემთხვევით მოუვიდა. თურმე, მანქანა გაუფუჭდა, მერე დაუგორდა მანქანა და ცოლი გაიტანა. თვითონ დაკავებული რას ამბობს, ჯერ არ ვიცით. შვილები ამბობენ, მამას კარგი ადვოკატი უნდა ავუყვანოთო. სიმართლე მათ იციან და ალბათ გაირკვევა. მართლა არ ვიცით, შემთხვევით დაუგორდა მანქანა თუ დააჯახა სპეციალურად. ამბობენ, ქალი ნაწამები არ არისო, სხეულზე სხვა დაზიანებები არ ჰქონია. არც ის ვიცი, იარაღი რად უნდოდა, ჯიბეში ჰქონია იარაღი და ამოუღია პოლიციას. ქალის მშობლები ჯერჯერობით არ ხმაურობენ. მელეიქა დაკრძალეს. ჩვენი წესებით, ადამიანი როგორც კი გარდაიცვლება, მას იმავე დღეს, მზის ჩასვლამდე კრძალავენ. მაგრამ აქ ასე არ მოხდა, ცხედარი პროზექტურაში ექსპერტიზაზე გადაასვენეს და იქიდან გვიან წამოასვენეს, ამიტომ მეორე დღეს მზის ჩასვლამდე დაკრძალეს. ელიმხანის სახლიდან გამოასვენეს, მის მშობლებს თავის სახლში ცხედრის წასვენება არ მოუთხოვიათ.

- ამბობენ, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა იყოო. ის მამაკაცი თქვენი სოფლის მცხოვრებია?

- ეჭვიანობას ამბობენ, მაგრამ მე არ ვიცი, ეს რამდენად მართალია. ის კაცი, ვისზეც ეჭვი მიიტანეს, სხვა სოფელში ცხოვრობს, მასაც ჰყავს ოჯახი. ჩვენი წესებით, თუ მათი ურთიერთობა დადასტურდა, მაშინ იმ კაცსაც გაუსწორდებიან. მთავარია, სიმართლე. თუ მართალია, იმ კაცზეც იძიებენ შურს. ნებისმიერი კაცი ასე მოიქცევა. იმ კაცს არ ვიცნობ, ამიტომ ვერ დავახასიათებ, ამბობენ, მუშააო. რაც შეეხება ელიმხანს, მის ოჯახს წლებია ვიცნობ, მათზე სულ კარგი მსმენია. სამწუხაროდ, ჩვენთან ასეთი ფაქტები ხდება. არავის ჰპატიობენ ღალატს. ღალატი კი იმიტომ ხდება, რომ ოჯახები უსიყვარულოდ იქმნება. ალბათ ერთმანეთს ვერ უგებენ ქალი და კაცი. ეს ჩვენი ტრადიციების ბრალიც არის. ვფიქრობ, სიყვარულის გარეშე არ უნდა შეიქმნას ოჯახი, დროთა განმავლობაში იძაბება მათ შორის ურთიერთობა. დიდი ხნის ცოლ-ქმარია, 20 წელზე მეტია, ერთად ცხოვრობდნენ. ელიმხანა მშენებელი კაცია, სოფელში კარგი სახელი აქვს. შვილებიც მას ეხმარებიან მშენებლობაზე. დიდ პატივს სცემდნენ სოფელში, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. შვილები ამბობენ, დედა ავადმყოფობდა და თბილისში უნდა წაეყვანაო. განათლების სერიოზული პრობლემაა სოფლებში. ამის მიზეზი ის არის, რომ როგორც კი ბავშვი ცოტათი წამოიზრდება, მაშინვე მინდორში უკრავენ თავს მწყემსად. აქ მოსახლეობის 90 პროცენტი მინდორშია და მესაქონლეობას მისდევს, ამით ინახავენ ოჯახს. ელიმხანა ძირითადად სოფელში იყო, კარგი შემოსავალი ჰქონდა...

- უკვე მერამდენე ძალადობაა თქვენს სოფლებში! პოლიცია რას აკეთებს?

- მართლა ვწუხვარ მომხდარის გამო. იცით ალბათ, გოგოს გამო წამებით რომ მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი, რადგან გოგო უყვარდა. ჯოხით გაუჩეჩქვეს თავი. ქუჩაში ათრიეს ღალატისთვის ქალები, ერთმა თავი მოიკლა, მეორე საავადმყოფოში მოხვდა. ელიმხანას და მისი ცოლის ჩხუბი არავის გაუგონია სოფელში, ამიტომ გვიკვირს. ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ამ სოფლებში ბავშვებმა განათლება მიიღონ. სავალდებულო უნდა გახდეს სკოლის დამთავრება და მშობლები უნდა აიძულონ, შვილები ატარონ სკოლაში, თორემ ასე თუ გაგრძელდა, ასეთ საშინელ შედეგს მივიღებთ. სკოლაში ძალიან ცოტა ბავშვი დადის, ისიც რამდენიმე კლასს ამთავრებს. ასე არ შეიძლება, აგიტაციებია საჭიროა, რომ ბავშვებმა განათლება მიიღონ. განათლებულ ბავშვს მერე მშობელი ვერ აიძულებს, მაინცდამაინც იმას გაჰყვეს, ვინც მას უნდა. ახლა წინააღმდეგობას ვერ უწევენ, ამიტომ იძულებით თხოვდებიან და მოჰყავთ ცოლი და იმის მიუხედავად, ღალატისთვის შეიძლება მოკლან, მაინც ღალატობენ. სახელმწიფოს ყურადღებაა საჭირო, მსგავსი ფაქტები რომ ავიცილოთ თავიდან და ახალგაზრდა ქალები არ მოკლან ქმრებმა და ნათესავებმა.

თეა ხურცილავა