გიორგი ოქროპირიძე ლაშა მახარაძის მკვლელობას არ აღიარებს - გზაპრესი

გიორგი ოქროპირიძე ლაშა მახარაძის მკვლელობას არ აღიარებს

შეგახსენებთ, 2 სექტემბერს, აბაშიძის ქუჩაზე 27 წლის ლაშა მახარაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. დამნაშავე "მერსედესის" მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა და იგი მძღოლთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გიორგი ოქროპირიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა. არადა, ცნობილია ისიც, რომ ის გაიქცა მკვლელობის შემდეგ და ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე დააკავეს. ცხინვალელი ძალოვანები მას საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ. თავად ოქროპირიძე ირწმუნება, რომ შიდა ქართლის ტერიტორიაზე დაადგნენ თავს ოსი ძალოვანები. ფაქტი ერთია, - ქართულმა მხარემ მოლაპარაკებით შედეგს მიაღწია და ძებნილი მათ გადმოსცეს. ამის შემდეგ წარდგა სასამართლოს წინაშე გიორგი ოქროპირიძე, მეტსახელად - ოქრიკა.

ლაშა მახარაძის მკვლელობას დიდი ხმაური მოჰყვა, რადგან ბრალდებული ციხიდან ახალი გამოსულია. ის განზრახ მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. მაშინ ოქროპირიძის დედამ, ცირა გოდერძიშვილმა ბევრი იბრძოლა, საზოგადოება შვილის უდანაშაულობაში რომ დაერწმუნებინა. ბევრს საუბრობდნენ ციხეში ოქროპირიძის ცემა-წამებაზეც. ცნობილია, რომ მათ საქმე სტრასბურგში გაასაჩივრეს და სტრასბურგიდან საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო მითითება, ეწარმოებინათ მოლაპარაკება ოქროპირიძესთან. ცალსახაა, ამ ბრძოლამ შედეგი გამოიღო. 16-წლიანი პატიმრობის ნაცვლად, ოქროპირიძემ ციხეში მხოლოდ რამდენიმე წელი გაატარა.

პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ სასამართლო პროცესზე დეტალურად ისაუბრა ბრალეულობაზე. მან ძველი დანაშაულიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ გიორგი ოქროპირიძე 2009 წელს, 19 წლის წყალბურთელის, ლევან თალაკვაძის განზრახ მკვლელობაში იყო მხილებული. ის მაშინ სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თალაკვაძის მკვლელობისთვის 9 წელი მიესაჯა, თუმცა, ამ უმძიმეს ბრალდებასთან ერთად, მას რამდენიმე მუხლი ჰქონდა წარდგენილი - ქურდობა, იარაღის უკანონო ტარება-შენახვა. სასჯელები შეიკრიბა და ოქროპირიძეს 16 წლითა და 6 თვით აღუკვეთეს თავისუფლება. მოგვიანებით, უზენაესმა სასამართლომ სასჯელი ოდნავ შეუმცირა და საბოლოოდ, 13 წელი და 5 000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა. როგორც ყველა ბრალდებულს, ოქროპირიძესაც შეეხო საყოველთაო ამნისტია. მას მისჯილი წლები ჩამოაკლდა და 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდა. არც ამას დასჯერდა ოქროპირიძე, შეწყალება სთხოვა პრეზიდენტ მარგველაშვილს. პრეზიდენტმაც მკვლელობაში ბრალდებულს მოსახდელი სასჯელი გაუნახევრა. ამის შემდეგ მან ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას მიმართა. მათაც დააკმაყოფილეს პატიმრის მოთხოვნა და ოქროპირიძე ციხიდან გამოვიდა, პირობითი მსჯავრით.

- 2 სექტემბერს გიორგი ოქროპირიძე ბერძენიშვილის ავტომანქანით გადაადგილდებოდა თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე. ქუჩაში შენიშნა ნაცნობი ლაშა მახარაძე, მანქანა შეაჩერებინა ბერძენიშვილს და ლაშას გამოელაპარაკა. ამის შემდეგ ოქროპირიძე გადმოვიდა მანქანიდან და მახარაძეს რამდენჯერმე ესროლა. მერე მიიმალა იმავე მანქანით შემთხვევის ადგილიდან და გაანადგურა მკვლელობის იარაღიც, - აღნიშნა პროცესზე პროკურორმა ცქვიტარიამ.

ბრალდებულისთვის წაყენებული ბრალი 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურა ირწმუნება, რომ საქმეში არსებობს უამრავი მტკიცებულება ბრალის დასამტკიცებლად, არის მოწმეების ჩვენებები, ვიდეოთვალის ჩანაწერები, თუმცა, ამას არ დაეთანხმა ბრალდებულის ადვოკატი, რამაზ კვირტია და მან სასამართლოს დარბაზიდან მოითხოვა ოქროპირიძის გათავისუფლება. ადვოკატის მტკიცებით, გარდა ბერძენიშვილის ჩვენებისა, სხვა სამხილი ოქროპირიძის წინააღმდეგ, საქმეში არ მოიპოვება.

სასამართლო პროცესზე თავის დაცვა სცადა თავად ბრალდებულმა. ის ძალიან დიდხანს ცდილობდა, დაერწმუნებინა სასამართლო თავის უდანაშაულობაში.

GzaPress- მე ვარ გიორგი ოქროპირიძე, უმაღლესი განათლებით, წყალბურთელი, სტიქაროსანი ვიყავი. 2009 წლიდან 2013 წლამდე სასჯელს ვიხდიდი მკვლელობისთვის, მაგრამ ის დანაშაული მე არ ჩამიდენია. ჩემს წინააღმდეგ ჟურნალისტები ანტიპიარს აწარმოებენ და ისე ხატავენ, თითქოს მე ვარ მკვლელი და საშიში დამნაშავე. პროკურატურაც ამბობს, რომ თითქოს არაერთგზის ჩავიდინე განზრახ მკვლელობა. ასე არ არის. მე მაშინ უკანონო პატიმრობაში ვიყავი, კუდ-ის თანამშრომლები მებრძოდნენ და ბრალი შემითითხნეს. ციხეში საშინელება ჩაიდინეს ჩემ მიმართ, მაწამეს, მცემდნენ უმოწყალოდ და ეს ასახულია კიდეც დასკვნებში. მე სტრასბურგში გავგზავნე საჩივარი და ვიგებდი პროცესს, მაგრამ ქართულმა მხარემ მოლაპარაკება აწარმოა ჩემთან. პატივს ვცემდი ახალ მთავრობას და ამიტომ გამოვიტანე სტრასბურგიდან საჩივარი. უკანონო პატიმარი ვიყავი და 10 თვე მქონდა სასჯელის მოხდამდე დარჩენილი, ციხიდან რომ გამომიშვეს. მუშაობის დაწყებას ვაპირებდი, შეყვარებული მყავს, ოჯახი უნდა შემექმნა. პატიოსნად მინდოდა მეცხოვრა, მაგრამ ახლა მკვლელობას მაბრალებენ. მითხრით, რატომ უნდა მომეკლა ლაშა მახარაძე? ის ჩემი ახლობელი იყო. მეუბნებიან, რომ ლადო ბერძენიშვილი მამხელს. ის კარგი ბიჭია, წყალბურთელი, არ მინდა დავიჯერო, რომ ჩემზე მან ეს თქვა. ის ახლა პატიმარია და ალბათ ზეწოლით ათქმევინეს ასეთი რამ ჩემზე... მე ქვეყნიდან არ გავქცეულვარ. ახლობელმა დამირეკა და გამაგებინა, რომ პოლიციელები ჩემს ლიკვიდაციას აპირებდნენ. მითხრა, - გაიქეციო. ამის მერე ჩავალაგე ჩანთა და წავედი ქართლის ტერიტორიაზე. იქ ვაფარებდი თავს. საღამოს ჩავედი და დილით ოსებმა და რუსმა სპეცრაზმელებმა მომიტაცეს და სოფელ ზნაურში გადამიყვანეს. 2008 წელს ვიბრძოდი მაგათ წინააღმდეგ და ამიტომ მცემეს... მერე გვარის შეცვლაც შემომთავაზეს. იქაც ვშიმშილობდი და ახლაც ვაგრძელებ შიმშილობას, ამას არ შევწყვეტ, მე მკვლელი არა ვარ. ჩემი რეპუტაცია შელახეს, ასეთ ცხოვრებას რა აზრი აქვს? ჩემს მშობლებს მე ვყავარ მხოლოდ, ყველა პატივს სცემს და როგორია, მიაძახონ, მკვლელი შვილი გაგიზრდიათო? ვერ შევეგუები, რომ ისინი ისევ ციხის კართან იდგნენ. ძალიან ცუდი ფაქტია მომხდარი, მაგრამ ტრაგედიას ტრაგედიას ნუ დაამატებთ. მე რომ ხელი შემახოცონ, ასე არ შეიძლება. ჩემი ოჯახის რეპუტაცია ილახება. ქრისტიანი ახალგაზრდა ვარ. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, სპორტსმენი, ცოლი მინდა მოვიყვანო და ვიცხოვრო. ამ მთავრობას მინდა ხმა მივაწვდინო, დამეხმაროს. პატიოსან ცხოვრებას ვადგავარ, არავის მოკვლა არ მნდომებია, მით უმეტეს - ლაშა მახარაძის. მაღალჩინოსნებს ჰქონდათ ჩემ მიმართ ინტერესი და ეს მომიწყვეს. მომეცით უფლება, წესიერი ცხოვრებით ვიცხოვრო საქართველოში პატიოსნად და ამაში ხელი შემიწყვეთ. ციხეში ყოფნას აზრი არა აქვს ჩემთვის. სამუდამო მემუქრება, ეს ხუმრობა არ არის. როგორც ჩანს, ზეწოლა ხდება ჩემს ახლობლებზე. მთელი თბილისი მიცნობს და დღეს ხედავთ? სასამართლო დარბაზი ცარიელია, არავინ არის აქ ჩემი გულშემატკივარი. ალბათ პოლიციის ზეწოლის გამო ვერ მოვიდნენ აქამდე. წარმოიდგინეთ, ჩემი შეყვარებულიც არ მოსულა. ციხეში ფსიქიკა დამინგრიეს, ც ჰეპატიტი, უამრავი დაავადება ავიკიდე, ასე არ შეიძლება... ოსები მეხვეწებოდნენ, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი მეთქვა და იქ დავრჩენილიყავი, მაგრამ ეს არ გავაკეთე... მე იქ არ ვყოფილვარ. მაშინ მოტივი მითხრას პროკურატურამ, რატომ მოვკლავდი ლაშას?

ბრალდებული ოქროპირიძე კარგა ხანს ცდილობდა სასამართლოს დარწმუნებას თავის უდანაშაულობაში. მოსამართლემ მას და მის ადვოკატს სთხოვა, წარედგინათ რაიმე მტკიცებულება, რომ ადრე ჩადენილ დანაშაულში ის უდანაშაულო იყო, მაგრამ ბუნებრივია, მსგავსი დოკუმენტი ვერ წარადგინეს.

მართალია, აცხადებდა, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა და იმიტომ გაიქცა, მაგრამ ვერც ის ახსნა, რატომ უნდა მოეკლათ იგი. სასამართლო პროცესზე ჟურნალისტების გამოჩენამაც გააღიზიანა ოქროპირიძე და მოითხოვა დარბაზიდან ჩვენი გასვლა, მაგრამ ეს არ დაკმაყოფილდა. პროცესზე მხოლოდ ოქროპირიძის მამა და მისი ერთი ახლობელი იმყოფებოდა. მათ კომენტარის გარეშე დატოვეს შენობა.

ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომა 27 ოქტომბერს განახლდება. პროცესზე ორი განსასჯელი იქნება. მასთან ერთად გაასამართლებენ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ, ვლადიმერ ბერძენიშვილსაც. ვნახოთ, თუ დაუპირისპირდება ბერძენიშვილი პროცესზე ოქროპირიძეს და თუ ამხელს მას ისევ დანაშაულში. პროკურორის თქმით, ჯერ არ დაკითხულა დაზარალებული მხარე. ცნობილია ისიც, რომ ლაშას დედა, ნინო დიდებულიძე უმძიმეს მდგომარეობაშია. მან ორი ბიჭი გაზარდა. მეორე ვაჟი, რძალი და 7 წლის შვილიშვილი, გორის გზაზე ავარიაში მოყვნენ და სამივე შარშან დაიღუპა. ახლა ოჯახს ლაშას მკვლელობა დაატყდა თავს. რა ჩვენებას მისცემს ის სასამართლოს, მომავალში გამოჩნდება. ბრალდებული ირწმუნება, რომ იცნობს ლაშას დედას. საქმეზე გამოძიება გრძელდება, ძალოვანებმა უნდა დაადგინონ მკვლელობის მოტივი. კულუარული ინფორმაციით, ამ ტრაგედიამდე მხარეებს შორის იყო კონფლიქტი. ბრალდებულიც და მოკლულიც ორივე ვაკელები არიან, ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. საქმეზე გამოძიება გრძელდება. ოქროპირიძის დეტალური დაკითხვაც ამ დღეებში მოხდება. თეა ხურცილავა , ჟურნალი "გზა"