რუსთავში მანიაკი დააკავეს(?) - გზაპრესი

რუსთავში მანიაკი დააკავეს(?)

"რუსთავი მანიაკების ქალაქია! ქალაქში მანიაკი დადის!" - ეს ფრაზა ხშირად ისმის რუსთაველებს შორის. მართლაც, არავინ იცის, რა არის იმის მიზეზი, რომ საქართველოში არსებული სამი მანიაკიდან სამივე რუსთაველი გახლავთ.

საზოგადოებას ახსოვს წლების წინ, რუსთავში მომხდარი სერიული მკვლელობები... მაშინ, ერთმანეთის მიყოლებით, არასრულწლოვანი გოგონები დახოცეს. დანაშაულის ხელწერა ერთნაირი იყო. ყველა ე.წ. მანიაკის არსებობაზე ლაპარაკობდა, მათ შორის - ძალოვნებიც. ფოტორობოტიც შეიქმნა და მალე არასრულწლოვნების გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით, პაატა სხირტლაძე დააკავეს.

ჟურნალი "გზა", 2011 წელი

ციხეში უმძიმესი ბრალდებით გამოკეტილ ახალგაზრდა სხირტლაძეს პატიმრები სადისტურად გაუსწორდნენ: მას საკანში ყური მოაჭრეს. ამბობდნენ, რომ ის სექტის მიმდევარი იყო, მსხვერპლს არჩევდა, აუპატიურებდა და მერე კლავდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სხირტლაძე სრულიად უდანაშაულოდ დააკავეს. ბრალდებები მოეხსნა და პატიმრობიდანაც გაათავისუფლეს, მაგრამ მისი ფსიქიკური მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ციხიდან გამოსულს მკურნალობა დასჭირდა. მისი ადვოკატი, დათო კორკოტაშვილი უდანაშაულო პატიმარზე განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებდა და დამნაშავეების დასჯას ითხოვდა, მაგრამ - უშედეგოდ...

მოგვიანებით, რუსთავში მომხდარ მკვლელობებში დევნილი, ფრიდონ პირტახია დაადანაშაულეს. მისი დაკავება მარტვილში მოხდა და ისიც ე.წ. რუსთაველი მანიაკის სახელით შევიდა ციხეში. ძალოვნებმა მისი აღიარებითი ჩვენებაც გაავრცელეს, მაგრამ პირტახიას ბრალდების საქმე, ბოლომდე არ გამოუძიებიათ. ორთაჭალის ციხეში სპეცეტაპით გადაყვანილი პატიმარი საკანში გარდაცვლილი იპოვეს (ვენები ჰქონდა გადასერილი). მომხდარი თვითმკვლელობად შეფასდა, მაგრამ ამ ფაქტმა ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დატოვა. მაშინ იმასაც ამბობდნენ, რომ პირტახიას დანაშაულები მიაწერეს და ბოლოს მოიშორეს კიდეც...

2009 წელს რუსთაველი მანიაკების სიას 16 წლის დავით პილპილაშვილიც შეემატა, რომელიც მსხვერპლს ძარცვავდა და აუპატიურებდა...

გასულ კვირას რუსთავში ე.წ. მანიაკის არსებობაზე კვლავ ალაპარაკდნენ. გამხდარ, მაღალ მამაკაცს პოლიცია ორი კვირა ეძებდა. თვითმხილველთა აღწერით, დამნაშავეს შავი ქურთუკი ეცვა, ძირითადად, 8-10 წლის გოგონებს ელაპარაკებოდა და ემუქრებოდა. ფოტორობოტიც შეიქმნა. პოლიციელებს თურმე ბავშვები ქუჩაში მანქანით დაჰყავდათ და დამნაშავის მოძებნას ასე ცდილობდნენ. 28 აპრილს კი - 23 წლის გიორგი ჯიჯიშვილი დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) აღიძრა. ძალოვანთა მტკიცებით, ის რამდენიმე არასრულწლოვანს ემუქრებოდა. კანონით, ეს დანაშაული ჯარიმით ან 3 წლამდე პატიმრობით ისჯება. დაკავებულის აღიარებითი ჩვენების ფრაგმენტიც გაავრცელეს. როგორც ამბობენ, რამდენიმე კვირის წინ რუსთავში, 10 წლის გოგონას, როცა ის სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, სადარბაზოსთან მამაკაცი დახვდა და ლიფტში დაემგზავრა; მერვე სართულის ნაცვლად, ლიფტი მეხუთე სართულზე გააჩერა და გოგონასთვის პირზე ქსოვილის აფარება სცადა. ბავშვმა გაქცევა მოახერხა და მისი ტირილი დედამ გაიგონა. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში ძალადობის მსგავსი მცდელობა 7 წლის გოგონაზე განხორციელდა.

აი, რა გვიამბო ბავშვის ბებიამ:

"ბავშვი 7 წლისაა. 26 აპრილს ეზოში სათამაშოდ ჩავიყვანე. მეც იქ ვიყავი. ბავშვებთან ერთად საქანელაზე იჯდა. 10 წუთით, იქვე, მაღაზიაში გავედი; რომ მოვბრუნდი, მისი მეგობარი გოგონა სადარბაზოსთან დამხვდა, ჩემი შვილიშვილი კი ვეღარ ვნახე. ბავშვმა მითხრა, - ვიღაც კაცმა სადარბაზოში შეიყვანა და უთხრა, - გასაღები მომაძებნინეო. მეზობლის გოგონა აქტიურია, კორპუსში ყველას იცნობს. უცხო მამაკაციო, რომ მითხრა, შევშინდი და სადარბაზოში შევედი. ყველა კარზე ვაკაკუნებდი და თან ბავშვს ვეძახდი. ხმა არავინ გამცა. მეექვსე სართულზე მცხოვრები მამაკაცი კაკუნზე გამოვიდა და ეს რომ გაიგო, სახურავისკენ გაიქცა. გამწარებული ვყვიროდი. მერვე სართულზე ვნახეთ ბავშვი, შეშინებული იყო და ტიროდა. რომ დაწყნარდა, მითხრა, - სადარბაზოსთან ვიდექი, ონკანის გაღებას ვაპირებდი; იქ გამხდარი ბიჭი იდგა, ტყავის ქურთუკი ეცვა, ქუდი ეხურა; მითხრა, - წამოდი, გასაღები მომაძებნინეო. ბავშვი ასე შეიტყუა სადარბაზოში. ჩემმა შვილიშვილმა მისი მეგობარი გოგონაც წაიყვანა და ერთად ავიდნენ მეხუთე სართულამდე. მეორე სართულზე თურმე იმ ბიჭმა ბავშვი ხელში აიყვანა, სადარბაზოს ფანჯრიდან გადაახედა და უთხრა, - ნახე, იქნებ იქ იყოს გასაღებიო. მეხუთე სართულზე კი მეორე ბავშვისთვის უთქვამს, - შენ ქვემოთ ჩადი და იქ ნახეო. თვითონ ბავშვთან ერთად განმარტოვდა.E მეცხრე სართულზე ლიფტის "ოთახი" ღია იყო და ბავშვი იქ შეუყვანია. ალბათ წინასწარ ჰქონდა ადგილი შერჩეული. იქაც პატარა სარკმლიდან გადაახედა. ბავშვს ტირილი რომ დაუწყია, პატარა დანა ამოუღია და უთქვამს, - თუ იყვირებ ან იტირებ, იცოდე, რაღაცას დაგიშავებო. ბავშვმა ჩემი ძახილი რომ გაიგონა, უთქვამს, მეძახიანო. - მე შენი შეშინება არ მინდოდა, პოლიციიდან ვარ, ქალაქში მანიაკი დადის და შენს დედიკოს უთხარი, გარეთ არ გამოგიშვასო. ამ სიტყვებით ბავშვი გამოუშვა და ლოყაზე აკოცა. ბავშვს ზედმეტად არ შეხებია. თვითონ სახურავიდან მეორე კორპუსში გადამძვრალა. ყველანი სადარბაზოსთან ველოდით მის გამოსვლას. ბოლოს მეზობელი კორპუსის სადარბაზოდან მშვიდად გამოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ხელში რაღაც ეჭირა და წითელი მაისური ეცვა. ეს იყოო, - თქვა ბავშვმა, იმან კი, ხმა რომ გაიგონა, გაიქცა. პატრული გამოვიძახეთ და ის წამებში მოვიდა. მადლობა  პოლიციელებს მინდა გადავუხადო. მთელი უბანი შემოიარეს. ფოტორობოტიც შეიქმნა და ორ დღეში დააკავეს. საქმეში დაზარალებულად გვცნეს. სიმართლე გითხრათ, ჩემი შვილიშვილი რომ ვნახე და არაფერი სჭირდა, დაკავებულის დასჯაზე უკვე აღარ ვფიქრობდი".

დაკავებული აღიარებს, რომ ბავშვი ზევით აიყვანა, მაგრამ ამბობს, არანაირი ძალადობა არ ჩამიდენიაო. აღიარებითი ჩვენების შემდეგ, გიორგი ჯიჯიშვილი მოშორებით, კიდევ ერთ კორპუსთან მიიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების დღეს იგი იმ კორპუსის ტერიტორიაზე ტრიალებდა. იქაურ მცხოვრებლებსაც ვესაუბრე. მამაკაცმა მითხრა, რომ დაკავებული მან იმ დღეს მეხუთე კორპუსთან ნახა.

თვითმხილველი:

"ხშირად ეზოში ვარ. მეზობლის ქალმა მითხრა, - ამ მაღალი ბიჭის მოქმედებები არ მომწონსო. ამის შემდეგ მივაქციე ყურადღება. დილის 11 საათი იქნებოდა, რომ შევნიშნეთ. ხელში ტელეფონი ეჭირა და ვიღაცას ელაპარაკებოდა. მერე სადარბაზოში შევიდა, მაგრამ იქიდან მალე გამოვიდა. მთელი დღე კორპუსთან იტრიალა. ის რომ წავიდოდა, კიდევ ორი უცხო ბიჭი გამოჩნდა, ისინიც საეჭვოდ მომეჩვენა. რომ მოიყვანეს, ამოვიცანი, ნამდვილად აქ ტრიალებდა. ხალხი შეშინებულია, ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ. საღამოობით თავად ჩამოჰყავთ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ პოლიციამ მისი დაკავებით "ქულები დაიწერა" და ნამდვილი დამნაშავე არ არის".

გიული კოპაძე იქვე მაღაზიაში მუშაობს. მისი თქმით, საღამოს 7 საათზე ჯიჯიშვილი პილიციელებმა შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს და პირველ სადარბაზოში შეიყვანეს.

გულიკო კოპაძე:

"იქ აძლევდა განმარტებებს, მაგრამ რას ამბობდა, ვერ მოვისმინე. ბევრი იმასაც ამბობს, რომ ეს ბიჭი არ არის დამნაშავე. ითქვა ისიც, რომ დამნაშავე რომელიღაც სექტის წევრი იყო. თურმე პოლიციელებმა სხვაგანაც აიყვანეს კიდევ ერთი მამაკაცი და ამბობენ, მისი ბედით იეღოველები დაინტერესდნენო. პოლიციაში დაურეკავთ. ხალხში შეშინებულია. ერთმა ახალგაზრდა ქალმა გვითხრა, რომ მის შვილსაც აეკიდა ვიღაც. ძალადობაზე საუბარი ისევ გახშირდა".

ახალგაზრდა ქალმა კი წლების წინ მოზარდებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან გაავლო პარალელი:

"მაშინ ჩემი ბიძაშვილი კინაღამ მოძალადის მსხვერპლი გახდა. მე-19 მიკრორაიონში ცხოვრობდა და წვერიანი კაცი დასდევდა. პოლიცია ჩაუსაფრდა და ბოლოს, როცა დამნაშავე დაიჭირეს, მან ამოიცნო. მაშინ ე.წ. მანიაკმა ჩემი ბიძაშვილის კლასელი გოგო მოკლა. მეათე კლასში სწავლობდნენ. ისიც სადარბაზოებში უსაფრდებოდა ბავშვებს. უყურებდა უაზროდ და დასდევდა.

ამბობენ, სულ სამი შემთხვევა იყო, მაგრამ არც ერთ მოზარდზე ძალადობა არ განხორციელებულა და არც გაუუპატიურებიათ ვინმე".

რუსთავში დაკავებული გიორგი ჯიჯიშვილის ნაცნობებსაც მივაგენით. ისინი მომხდარით გაოგნებულები არიან. ყველა დადებითად ახასიათებს და გავრცელებული ვერსიის არავის სჯერა. გიორგი რუსთავში დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს. დედა სახლთან ახლოს, პატარა ბაზარში მწვანილს ყიდის, თუმცა ამ ფაქტის შემდეგ, იქ აღარავის უნახავს.

"სულ სამი ადამიანი ვვაჭრობთ აქ. ერთი ქართველია, გიორგის დედა სომეხია, მე კი - აზერბაიჯანელი. ერთმანეთის გვერდით ვსხედვართ და ერთმანეთს ვენდობით. ბიჭს სიგარეტის ფულს დედა აძლევდა. რომ მოდიოდა, ყველას თავაზიანად გვესალმებოდა. ჯარი მოიარა, მაგრამ არსად მუშაობდა. როგორ შეგვიძლია, მასზე ცუდი ვთქვათ, ღმერთი ზევიდან გვიყურებს. პატიოსანი ბიჭი იყო და მისთვის არასდროს არაფერი შეგვინიშნავს საეჭვო", - გვითხრა დედის ნაცნობმა.

გამოძიება გრძელდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

თეა ხურცილავა