5 წლის შაკო წიკლაურის მკვლელი დედა ციხეში შეიშალა
font-large font-small
5 წლის შაკო წიკლაურის მკვლელი დედა ციხეში შეიშალა

მისაქციელის ტრაგედიის დეტალები

რამდენიმე თვის წინ მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. 3 შვილის დედამ - მაია გელდიაშვილმა უფროსი ვაჟი - 5 წლის შალვა (შაკო) წიკლაური მოკლა.
ეს ქალბატონი შემზარავ დანაშაულს აღიარებს. ითქვა, რომ პატარას საკუთარმა დედამ შეშის ნაჭრით გაუპო თავი. დატრიალებული უბედურების შემდეგ, შაკოს უმძიმეს ბავშვობაზე მთელი სოფელი ალაპარაკდა. ყველა ხმამაღლა საუბრობდა, რომ ბავშვს ოჯახში სადისტურად ექცეოდნენ, რომ არაერთხელ უნახავთ დედის ხელით ნაცემი, სახეჩალურჯებული... იმის მომსწრენი იყვნენ, თუ გამხდარ, კაფანდარა ბიჭს წყლით სავსე ორი ხუთლიტრიანი ბიდონი წყაროდან გაჭირვებით როგორ მიჰქონდა ხოლმე სახლამდე; უთენია როგორ მიერეკებოდა ძროხას...

ჟურნალი "გზა", 2011 წელი

სამწუხაროდ, მაშინ არავის უფიქრია, ბავშვი მოძალადე დედისგან დაეცვა. მხოლოდ მისი მკვლელობის შემდეგ შეწუხდნენ, შაკოზე ძალადობის ის ფაქტები სამართალდამცავ და ბავშვთა უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს რომ არ აცნობეს. მეზობლები ჰკიცხავდნენ მაია გელდიაშვილს და ამბობდნენ, მას ოჯახის საქმე და შვილების მოვლა არ ადარდებდაო. ერთ-ერთი მათგანი იმასაც ამტკიცებდა - შევესწარი, როგორ დაუნდობლად სცემა ქალმა მშიერ ბავშვს, რომელმაც პური მოიტეხაო... მისაქციელში მიიჩნევდნენ, რომ მაია შეურაცხადი არ იყო, რადგან სხვა შვილებს კარგად ექცეოდა და არც მეზობლებთან ჰქონია კონფლიქტი.
ტრაგედიის შემდეგ, გაზეთმა "კვირის პალიტრამ" მოკლული ბიჭის ბიოლოგიური მამის ვინაობის დადგენა შეძლო. გაირკვა, რომ მაია გელდიაშვილს შაკო პირველი ქმრისგან ჰყავდა. მისი ყოფილი მეუღლე, თელავის რაიონის სოფელ ართანაში მცხოვრები გიორგი ბუხაჩაურია. მამას ბავშვის დაბადების მოწმობაც აქვს. ბუხაჩაურის თქმით, შაკო წლისა და 8 თვის იყო, როცა მაია სახლიდან წავიდა. "ბავშვის გაჩენამდე ნორმალურად იქცეოდა, მერე შემიძულა. პატარას რომ არ უვლიდა, ვსაყვედურობდი, ის კი ბრაზობდა, ჩემს შვილს როგორც მინდა, ისე მოვუვლიო... მერე სახლიდან გაიქცა... ის სხვა შვილებს არ დახოცავს. მე ვძულდი, ჩემი შვილიც სძულდა და ამიტომ მოკლა", - თქვა მან.   
მაია გელდიაშვილი მეორედ მალე გათხოვდა. ზურაბ წიკლაური გურჯაანის რაიონის სოფელ ჯუგაანში გაიცნო. ცხვარში ნამყოფი წიკლაური სახლში მაიასთან და 2 წლის შაკოსთან ერთად დაბრუნდა. სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ. სოფელში ყველას ეგონა, რომ შაკო მათი საერთო შვილი იყო. ზურაბ წიკლაურთან მაიას ქალ-ვაჟი ჰყავს. დაპატიმრებულ გელდიაშვილს 11 თვის შვილის მიტოვება მოუხდა. 3 წლის მანანა კი ყრუ-მუნჯია. წლინახევრის ასაკში ავად გამხდარა, ექიმებს მისთვის არასწორი მკურნალობა დაუნიშნავთ, რის შემდეგაც ბავშვი დაყრუვდა...
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მაია გელდიაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლა - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიების დასრულებამდე განსასჯელს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა. მისი დასკვნით, მაია გელდიაშვილი ფსიქიკურად შეურაცხადია და სასამართლოსთვის სწორი ჩვენების მიცემა არ შეუძლია. მართალია, ასეთი დასკვნა არსებობს და ფაქტია, მის აზრს სასამართლო ვერ გაიზიარებდა, მაგრამ სხდომებს გელდიაშვილი ესწრებოდა და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მოსამართლე მას მოწმეებისთვის კითხვის დასმის საშუალებასაც აძლევდა.
სასამართლოზე ექსპერტ-ფსიქიატრი ქეთევან შევარდნაძე დაიკითხა, რომელმაც გელდიაშვილის შეურაცხადობის დასკვნა გამოიტანა. ექსპერტის განმარტებით, განსასჯელს პარანოიდული ფსიქოზი აღენიშნება და სასამართლოსთვის სწორი ჩვენების მიცემა არ შეუძლია. მან პროცესზე აღნიშნა, რომ გელდიაშვილს მკურნალობა ესაჭიროება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, გამოჯანმრთელებამდე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უნდა მოთავსდეს და არა - ციხეში.
პროკურორი შეეცადა, ექსპერტთან გაერკვია, იყო თუ არა გელდიაშვილი შეურაცხადი დანაშაულის ჩადენის დროს. "მან შეზღუდული შეურაცხადობის მდგომარეობაში ჩაიდინა მკვლელობა. თავის საქციელს ბოლომდე ვერ აცნობიერებდა, მაგრამ როგორც წესი, ასეთ ადამიანს ჩვენების მიცემა შეუძლია და კანონითაც ისჯება. მაია გელდიაშვილს ციხეში ყოფნის დროს ახალი დაავადება - პარანოიდული ფსიქოზი დაემატა და ამ ეტაპზე ის შეურაცხადია. პარანოიდული ფსიქოზი შექცევადია ანუ აუცილებლად გაივლის, გამოჯანმრთელდება, მაგრამ მანამდე საავადმყოფოში უნდა იყოს", - განმარტა ექსპერტმა. მისი მტკიცებით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მაია გელდიაშვილი მასთან კონტაქტში თავისუფლად შედიოდა, დასმულ კითხვებს ადეკვატურად პასუხობდა. მომხდარს განიცდიდა, ნანობდა. ბოლოს მისი მდგომარეობა გართულდა.
ექსპერტთან განსასჯელს ასეთი კითხვა ჰქონდა: - "მაინტერესებს, მომავალში შეიძლება, დედობის უფლება მქონდეს?" - "ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება", - უპასუხა ექსპერტმა.

ადვოკატმა ალუდა ბუჩუკურმა განსასჯელის შეკითხვა განავრცო. თქვა, რომ ის მომხდარს განიცდის და სხვა შვილების ბედზე წუხს. ადვოკატმა სცადა, გაერკვია, რამდენად რეალურია გელდიაშვილის საბოლოოდ განკურნება და შეძლებს თუ არა იგი მომავალში ოჯახთან და შვილებთან ურთიერთობას.
"...ერთს ვიტყვი - ამჟამინდელი ავადმყოფობისგან ის აუცილებლად განიკურნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის სრულიად ჯანმრთელი ფსიქიკის იქნება. მას აქვს მეორე დაავადება - შერეული პერსონალური აშლილობა, ოღონდ ეს დაავადება არ უშლის ხელს, რომ ჰყავდეს მეუღლე და ჰქონდეს ურთიერთობა შვილებთან. ის დაავადება, რაც დანაშაულის ჩადენის დროს ჰქონდა, არ ნიშნავს შეურაცხადობას; შეზღუდულად შეურაცხადი იყო და ასეთი ადამიანები პატიმრობაში მიდიან", - განმარტა ექსპერტმა.

სასამართლოზე დაიკითხა ექსპერტი-ფსიქოლოგი მარინა მათიაშვილიც, რომელსაც გამოკვლევების დროს განსასჯელთან სისტემატური ურთიერთობა ჰქონდა. მისი მტკიცებით, გელდიაშვილს "პედაგოგიური" ჩამორჩენა აქვს, მაგრამ ის ამ მდგომარეობას იმ გარემოთი ხსნის, რომელშიც მაია გაიზარდა:
"მისი ფსიქიკური ფუნქციები სრულყოფილი არ არის, ჩამორჩენილია, მაგრამ ვფიქრობ, ეს იმ სოციალური გარემოს შედეგია, სადაც მას გაზრდა და ცხოვრება მოუხდა. საკმაოდ წინააღმდეგობრივი ხასიათის მქონე პიროვნებაა... თავიდან, პირველი 10 დღე, როცა მას ვესაუბრებოდით, რეალურად აღიქვამდა ყველაფერს, შეეძლო სიტუაციის აღქმა და გააზრება. დეტალურად მიამბო მძიმე ბავშვობაზე; იმაზე, თუ რამ მიიყვანა ასეთ მძიმე შედეგამდე. რთული ბავშვობა ჰქონდა, იმდენად რთული, რომ სკოლაშიც არ უვლია... მისი პირველი ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა. მეორედ კი უსიყვარულოდ გათხოვდა. მეორე ქორწინება უფრო, გამოსავლის პოვნა, თავშესაფრის ძებნა იყო. არც ამჯერად გაუმართლა. ეკონომიკურ სიდუხჭირეს დაერთო მძიმე მდგომარეობა, ცოლ-ქმრის ხასიათის შეუთავსებლობა. თვითონაც რთული ბუნების ადამიანია და მეუღლეც ასეთი შეხვდა. ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი. ამბობდა, რომ ქმარი სცემდა, უხეშად ექცეოდა მასაც და ბავშვსაც... ჩადენილს ნანობდა. ამბობდა, ახლაც იმიტომ მინდა ცხოვრება, რომ იმ ორ ბავშვს მივხედოო. სხვა საქმეა, შეუძლია თუ არა მას ამის გაკეთება... ბოლოს მისი მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა. აფორიაქებული იყო, მის გამომეტყველებაში შიში ჭარბობდა. უჩვეულო განცდები ჰქონდა. ამბობდა, რომ ხმები ჩაესმის, ეძახიან, - შენ მკვლელი ხარ, მკვლელი ხარო! რომ პოლიცია მოვა და დაიჭერს. თვალს უნდობლად აპარებდა სხვებისკენ. მოუსვენრობა ეწყებოდა ანუ ის სიმპტომები ჰქონდა, რაც სულით ავადმყოფს", - ასეთი ჩვენება მისცა ფსიქოლოგმა სასამართლოს.

პროკურორმა ლოგიკური კითხვა დასვა, - თავიდან წერდით, რომ მას შეეძლო, ადეკვატური პასუხები გაეცა და შეურაცხადი იყო; ხომ არ არის შესაძლებელი, რომ განსასჯელი თამაშობდეს?
ფსიქოლოგმა განმარტა, რომ ქალის ქცევა სულით ავადმყოფის "კლინიკას" ძალიან ჰგავს; ფსიქიატრები ამას "რეაქტიულ მდგომარეობას" ეძახიან. ის იმედოვნებს, რომ მკურნალობის შემდეგ გელდიაშვილი შვილებთან ნორმალურ ურთიერთობას შეძლებს.
"მაია მოტივირებული იყო და სურდა, შვილებზე ეზრუნა. ამბობდა, - ის, რაც შაკოს დავაკელი, მინდა, სხვა შვილებს მივცეო. არ მინდა, მის დამცველად გამოვჩნდე, მაგრამ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს არის უბედური ადამიანი, რომელიც ცხოვრებამ აქამდე მიიყვანა და გამოჯანმრთელების შემდეგ, ცხოვრების შანსი უნდა მიეცეს", - დასძინა ფსიქოლოგმა.

სასამართლოზე განსასჯელის მეუღლე - ზურაბ წიკლაურიც დაიკითხა. როგორც ყველა მოწმემ, მანაც ფიცი დადო, რომ მხოლოდ სიმართლეს იტყოდა. მართალია, მეზობლები ბავშვის ცემაზე ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, მაგრამ ეს ფაქტი მან არ დაადასტურა. 5 წლის მოკლული შაკო პირველად ზურაბმა ნახა.  
ზურაბ წიკლაურის ჩვენებიდან:
"2006 წელს დავქორწინდით... 3 შვილი მყავდა. მე და მაია ვკამათობდით, მაგრამ ისე არ გვიჩხუბია, რომ ერთმანეთს დავშორებოდით. შვილებს კარგად ექცეოდა, მთელი დღეები სამუშაოდ სახლიდან გასული ვიყავი და გვიან ვბრუნდებოდი. შვილებს არასოდეს არჩევდა. რაც შეეძლო, შინ ყველაფერს აკეთებდა, მეც ზედმეტად არაფერი დამიძალებია... 1-ელ თებერვალს სახლიდან დილის 9 საათზე გავედი. სახლში სიმშვიდე იყო. მეუღლე და 3 შვილი დავტოვე. ჩემს ძმას შეშის მოტანაში უნდა დავხმარებოდი. საათ-ნახევრის გასული ვიყავი, მეზობლის ტელეფონიდან მაიამ რომ დამირეკა, - სასწრაფოდ სახლში მოდიო. - რა გინდა, ხომ იცი, საქმეზე ვარ წასული და ვერ მოვალ-მეთქი. დაჟინებით ითხოვდა, - გინდა თუ არა, სახლში მოდიო. მიზეზი არ უთქვამს. ვეკამათე, მაგრამ ბოლოს დავთანხმდი და შინ დავბრუნდი. სახლში რომ შევედი, შაკო იატაკზე იწვა, მაია იქვე, ბავშვის გვერდზე ჩაცუცქული იყო, ტიროდა და მითხრა, - შაკოს დავარტყი და მოვკალიო. მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, იქვე ჩავიმუხლე და შევეცადე, ბავშვი გონზე მომეყვანა. რამდენჯერმე ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარე. ბევრი ვიწვალე, ბოლოს მივხვდი, რომ ცოცხალი აღარ იყო. ამის შემდეგ გარეთ გავვარდი და მეზობლებს დავუძახე. მერე არაფერი მახსოვს. მეზობლებმა "სასწრაფო" გამოიძახეს... ბავშვს ცხვირზე ჰქონდა დაზიანება, მეტი არაფერი შემინიშნავს. გაოგნებული ვიყავი... შაკოს სხეულზე დაზიანებები ადრეც შემინიშნავს, ხან შუბლი ჰქონდა გახეთქილი, ხან - სახეზე სილურჯე. მეუბნებოდა, - კიბიდან ჩამოვვარდიო. ერთხელაც არ უთქვამს, რომ მას დედამ დაარტყა. მაიას ჩემი თანდასწრებით შვილები არ უცემია. ერთადერთი შემთხვევა მახსენდება, შუათანა გოგოს ყური აუწია და სცემა... ოჯახში ჩვენ შორის მხოლოდ კამათი იყო. არასდროს მიცემია არც ცოლი და არც შალვა. მაია კარგი მეუღლე და დედა იყო, დღესაც არ ვიცი, ეს როგორ გააკეთა... შალვა ძალიან კარგი, ჭკვიანი ბავშვი იყო, ცელქი არ ყოფილა, მეოჯახე, მესაქონლე იყო".

პროკურორს ბავშვის ასეთი დახასიათება არ გამოჰპარვია. მოწმეს, ზურაბ წიკლაურს მოსთხოვა, განემარტა, რას გულისხმობდა, როცა 5 წლის ბავშვზე ამბობდა, რომ ის მესაქონლე იყო.
"- იმას ვგულისხმობ, რომ შალვა მშრომელი პატარა იყო.
- 5 წლის ბავშვი - მშრომელი? რას აკეთებინებდით მას? საქონელს უვლიდა? - ჩაეკითხა ისევ პროკურორი.
- რასაც დედამისი ავალებდა, ყველაფერს აკეთებდა, მაგაში მესაქონლეობაც შედის. დილით ძროხას გადენიდა.
- შესაძლებელია თუ არა, თქვენს მეუღლეს ბავშვისთვის თავში შეშა ჩაერტყა და ისე მოეკლა? - ისევ იკითხა პროკურორმა.
- შეშა რომ ჩაერტყა, ბავშვს თავი გახლეჩილი ექნებოდა. აზრზე არა ვარ, რეალურად რა მოხდა. ვერ დავიჯერებ, რომ მაიამ შვილს შეშა ჩაარტყა... ადრე უცნაური ქცევები მისთვის არ შემინიშნავს. ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდა. ერთხელ მითხრა, ჰაერის უკმარისობა მაქვსო და წამლებს სვამდა, - ეს იყო და ეს... კონკრეტულ სასჯელს არ ვითხოვ. კანონმა დასაჯოს ისე, როგორც საჭიროა. სასამართლოს ვანდობ ყველაფერს".
განსასჯელს ემჩნეოდა, რომ ქმრის მონათხრობს არ ეთანხმებოდა და შეწინააღმდეგება სურდა. მათ ურთიერთობაზე საუბარი დააპირა, მაგრამ მოსამართლემ შეაწყვეტინა და დაჰპირდა, რომ განმარტების საშუალებას მისცემდა.
ზურაბ წიკლაურს განსასჯელის ადვოკატმა ჰკითხა, გამოჯანმრთელების შემთხვევაში მისცემდა თუ არა მაიას სახლში დაბრუნების, მასთან და შვილებთან ცხოვრების უფლებას? პაუზის შემდეგ წიკლაურმა თქვა, - უფლებას მივცემ, შვილებთან ერთად ცხოვრება გააგრძელოსო.

მართალია, საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დედამ შეშის ნაჭრის თავში ჩარტყმით მოკლა შვილი, მაგრამ ეს საქმის მასალებიდან არ ჩანს. ამის დადგენა გამოძიებამ ვერ შეძლო. სასამართლოზე გამომძიებელი მაია ელიაური დაიკითხა, რომელიც შემთხვევის ადგილზე პირველი მივიდა.  
გამომძიებლის ჩვენებიდან:
"შემთხვევის ადგილი მამის, ზურაბ წიკლაურის თანდასწრებით დავათვალიერეთ. შესასვლელ ოთახში 5 წლის ბავშვი ესვენა. სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა, სისხლიანი იყო. კბილები ჩამტვრეული ჰქონდა. გვერდით ოთახში ხალიჩა სისხლით იყო მოსვრილი. იქვე ეგდო სისხლიანი კოვზი, სავარაუდოდ, ამით ცდილობდა ბავშვისთვის კრიჭა გაეხსნა. მაია გელდიაშვილი საწოლზე თავჩაღუნული იჯდა და ტიროდა... განმარტა, რომ დილით მეუღლე სამუშაოზე გააცილა... სახლის დალაგებაში პატარა შალვას დახმარება სთხოვა. ეზოში ღამის ქოთანი გაატანინა. ბავშვს უკან შემობრუნება ცოტათი შეაგვიანდა. გაიხედა და შალვა ეზოში დაინახა. ბავშვს დაუძახა, მაგრამ ის ნელა წამოვიდა, ფეხებს მოათრევდა და "იკეცებოდაო". ჩავთვალე, რომ ასე ნელა ჩემს გასაბრაზებლად მოდიოდა და როცა მოვიდა, რამდენჯერმე დავარტყიო, რის შედეგადაც ბავშვი ძირს დავარდა და გონება დაკარგა. ამის შემდეგ ხელში აიყვანა და საძინელებში შეიყვანა, რათა გონზე მოეყვანა, მაგრამ საწოლზე კი არ დააწვინა, პირდაპირ იატაკზე დააგდო. შემდეგ კოვზი აიღო და ბავშვის გონზე მოყვანა სცადა. სახეშიც გამეტებით ურტყამდა, გულ-მკერდზე აწვებოდა, მაგრამ ვერაფერს გახდა... შემთხვევის ადგილზე გავიყვანეთ და ექსპერიმენტი ჩავატარეთ. მან დეტალურად აღწერა, სად, რა ადგილას და როგორ დაარტყა ბავშვს. ექსპერტიზის დასკვნით, ბავშვის სიკვდილის მიზეზი თავში მიყენებული დაზიანებები იყო, კერძოდ, სისხლჩაქცევები... მან თქვა, რომ მესამე ბავშვის შემდეგ ნერვული აშლილობა დაეწყო. ამიტომ დავნიშნეთ ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ის განიცდიდა მომხდარს და ადეკვატურად იქცეოდა".

ადვოკატი ალუდა ბუჩუკური გელდიაშვილის საქმეში მას შემდეგ ჩაება, რაც განსასჯელი შეურაცხადად გამოაცხადეს. მანამდე ადვოკატი არ ჰყოლია, რადგან წაყენებული ბრალი სავალდებულო დაცვას არ ითვალისწინებს.
ალუდა ბუჩუკური:
- გელდიაშვილს არ სურდა, ასეთი შედეგი მოჰყოლოდა მის ნამოქმედარს, მაგრამ შეზღუდული შეურაცხადობის მდგომარეობაში შედეგი ვერ გაითვალისწინა. მაგრამ ეს მას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ამ ეტაპისთვის შეურაცხადია და შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, სასჯელს სამკურნალო დაწესებულებაში მოიხდის, გამოჯანმრთელების შემდეგ გააგრძელებს ჩვეულებრივად ციხეში სასჯელის მოხდას.
- როგორც წესი, შეურაცხადი ადამიანები სასამართლოს არ ესწრებიან. მაია გელდიაშვილი რატომ დადიოდა პროცესზე?
- ის ესწრებოდა სხდომებს, მაგრამ სასამართლო განხილვაში აქტიურად არ მონაწილეობდა.
- რამდენად იხსნება თქვენთან საუბრისას?
- განიცდის მომხდარს. მიზეზად მატერიალურ სიდუხჭირეს ასახელებს და ამბობს, რომ Aმისი ფსიქიკური შერყევა ამან განაპირობა. მართალია, მეუღლემ არ დაადასტურა, მაგრამ ის ამბობს, რომ ქმართან ხშირი კონფლიქტი ჰქონდა... რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეუღლე თანახმაა, გამოჯანმრთელების შემთხვევაში მაია დაუბრუნდეს ოჯახს.
- რატომ დასვით ეს შეკითხვა? რეალობად მიგაჩნიათ შვილებთან მისი ურთიერთობის გაგრძელება?
- მაია განიცდის მომხდარს და წუხს, რომ შვილებთან არ უწევს ყოფნა.
- საქმეში მკვლელობის საგანი არ ფიგურირებს, მაგრამ ყველა ამბობდა, რომ ბავშვი შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა.
- გამოძიებით ეს ვერ დადასტურდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროსაც მსგავსი საგანი ამოღებული არ ყოფილა. მხოლოდ კოვზი იპოვეს, რითაც ცდილობდა, კრიჭა გაეხსნა. მაიამ მხოლოდ ხელით სცემა მას. შემდეგ სავარაუდოდ, მას ბავშვი ხელიდან გაუვარდა. კბილი ჰქონდა ჩამტვრეული. ექსპერტიზის დასკვნით, ბავშვს ტუჩიც ჰქონდა გახეთქილი. სავარაუდოდ, ტუჩი კოვზის გამოყენების დროს დაუზიანდა. ბავშვი მას ყოფილი ქმრისგან ჰყავდა. აღნიშნავს, რომ წიკლაურთან ხშირი კონფლიქტი ჰქონდა. იყო შემთხვევა, როცა ქმარმა ისე სცემა, თვალებიდან ნაპერწკლები სცვიოდა და ამ ფაქტის შემდეგ თავის ტკივილები დაეწყო. მათი მეზობლები სასამართლოზე არ დაკითხულან. სავარაუდოდ, მაია გელდიაშვილს დროებით, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

ადვოკატის ვარაუდი გამართლდა: სასამართლომ მაია გელდიაშვილი შეურაცხადად ცნო და ჩადენილი მკვლელობისთვის, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა.

თეა ხურცილავა

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (4)
10.07.2016
აი სადამდე მივყავართ ბრბოს სიჩუმეს და ფეხებზემკიდიობას..ყოველთვის დარეკეთ პატრულში,როცა ვიღაცას ჩაგრავენ..სულერთია ეს ოჯახია თუ ქუჩა..
მია
22.01.2015
ნეტავ არ წამეკითხა ეს სტატია
ნანა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი