ახალგაზრდა კაცი ლოტკინზე მოტყუებით აიყვანეს და მოკლეს
font-large font-small
ახალგაზრდა კაცი ლოტკინზე მოტყუებით აიყვანეს და მოკლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე - ზვიად ესებუა) გახმაურებული მკვლელობის საქმის განხილვა დაასრულა. 2010 წლის მაისში ლოტკინზე, 34 წლის ზაზა კაკაბაძე მისსავე მანქანაში, მოკლული იპოვეს. გაირკვა, რომ მას თავში საკონტროლო ტყვიაც ჰქონდა ნასროლი.
ძალოვნებმა მკვლელობა ოპერატიულად გახსნეს და 17 წლის ტარიელ ალიხანაშვილი, 16 წლის მარიამ მანუკიანი, 20 წლის გიორგი კიკნაძე, 28 წლის ედუარდ ეგიზაროვი და 34 წლის მამუკა მამუჩარაშვილი დააკავეს. თავდაპირველად მკვლელობის მოტივად შურისძიებას ასახელებდნენ - არასრულწლოვანი ტარიელ ალიხანაშვილი ამბობდა, რომ შეყვარებულის გაუპატიურების გამო იძია შური. ძალოვნებმა აღიარებითი ჩვენებებიც გაავრცელეს. წინასწარ პატიმრობას მხოლოდ მარიამ მანუკიანი გადაურჩა; პროკურატურის მოთხოვნით, არასრულწლოვანს 15.000 ლარი გირაოდ შეუფარდეს.


ჟურნალი "გზა", 2011 წელი


მართალია, თავიდან გამოძიება მკვლელობის მოტივად შურისძიებას ასახელებდა, მაგრამ საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ კაკაბაძის განზრახ მკვლელობა ყაჩაღობის გაადვილების მიზნით მოხდა. საბრალდებო დასკვნით, არასრულწლოვანმა ტარიელ ალიხანაშვილმა და მისმა მეგობარმა, გიორგი კიკნაძემ მარიამ მანუკიანის ნაცნობის, ზაზა კაკაბაძის დაყაჩაღება გადაწყვიტეს. ტარიელმა მარიამი მოატყუა და უთხრა, - დაახლოებით 2 თვის წინ, შეყვარებულისგან, რაფაელასგან შევიტყვე, რომ ვინმე ზაზა კაკაბაძეს მასთან იძულებით, სექსუალური კავშირი დაუმყარებია და მასთან შეხვედრაში დამეხმარეო. მარიამმა ზაზას ტელეფონით შეტყობინება გაუგზავნა, ამის შემდეგ კი მისი ნომრიდან ზაზას ტარიელი სწერდა მესიჯებს და ბოლოს, მარიამის სახელით, შეხვედრაც დაუთქვა. ალიხანაშვილს კაკაბაძის მოკვლა ჰქონდა განზრახული. მან დაუდგენელი პირისგან შეძენილი პისტოლეტი წამოიღო, რის შესახებაც მისმა მეგობარმა, გიორგი კიკნაძემაც იცოდა.
მანუკიანი ზაზა კაკაბაძეს შეხვდა, "როვერის" ფირმის ავტომანქანაში ჩაუჯდა და ალიხანაშვილსა და კიკნაძესთან შესახვედრად წინასწარ დათქმული ადგილისკენ წაიყვანა, იქ კი მანქანა გააჩერებინა. ამასობაში ალიხანაშვილმა მანქანის უკანა კარი გამოაღო და ზაზა კაკაბაძეს თავში ესროლა. შეშინებული მანუკიანი მანქანიდან გადავიდა, ხოლო ტარიელმა ამჯერად წინა კარი გამოაღო და საკონტროლო გასროლა მოახდინა, მერე კი კიკნაძესთან ერთად, მანქანა გაჩხრიკა. მათ იქიდან მოკლულის მობილური წამოიღეს.
არასრულწლოვან ტარიელ ალიხანაშვილს ყაჩაღობაში, იარაღის უკანონო ტარება-შენახვასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ედებოდა ბრალი, ხოლო გიორგი კიკნაძეს, რომელიც ადრე ნასამართლევი იყო და დაკავების მომენტისთვის პირობითი სასჯელი ჰქონდა მისჯილი - ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარებაში, დანაშაულის დაფარვასა და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში.
კიკნაძემ, ალიხანაშვილმა და მანუკიანმა მეგობარი - ედუარდ ეგიზაროვიც გახვიეს შარში და ისიც, მათი წყალობით, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა. მკვლელობის ღამე სამივემ ალიხანაშვილის ბინაში გაათენა. მეორე დღეს გიორგი კიკნაძემ მკვლელობის იარაღი თან წაიღო და მეგობარს თავშესაფარი სთხოვა. ეგიზაროვმა სამივე შეიფარა. დამნაშავეებს მისთვის არ დაუმალავთ, რომ ხუდადოვზე კაცი მოკლეს, მეტიც - კიკნაძემ დასვრილი შარვალიც გამოიცვალა, ეგიზაროვის ტანისამოსი ჩაიცვა.
ეგიზაროვს დანაშაულის დაფარვაში დასდეს ბრალი. ამასთან, გამოძიების მტკიცებით, მის ბინაში ერთი ვაზნა იპოვეს და ამიტომ მეორე ბრალდება - საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა დაემატა.
უცნაურად გაება მახეში 3 შვილის მამა, 34 წლის მამუკა მამუჩარაშვილიც. ეგიზაროვის ბინიდან წამოსულმა მანუკიანმა ნაცნობს, მამუკა მამუჩარაშვილს დაურეკა და ბინის მოძებნაში დახმარება სთხოვა. მამუკამ ისინი დროებით, მარტოხელა მეზობლის ბინაში შეიყვანა. ამ დროს შენიშნა, რომ კიკნაძეს შარვალში იარაღი ჰქონდა დამალული. "მომეცი ეს იარაღი, რაიმე შარში არ გაეხვიო", - უთხრა კიკნაძეს, იარაღი გამოართვა და მეზობლის სახლში, ლეიბის ქვეშ შეინახა, მერე კი სასადილოდ წავიდნენ.A ისინი პოლიციამ დააკავა. მამუჩარაშვილი დაკავების დღიდან ირწმუნებოდა, რომ მომხდარ მკვლელობაზე არაფერი იცოდა, მაგრამ ძალოვნებმა ცეცხლსასროლი იარაღის შენახვაში ბრალი მაინც დასდეს. რაც შეეხება არასრულწლოვან მანუკიანს, იგი ჯგუფურ ყაჩაღობაში დახმარებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის - მკვლელობის დაფარვის ბრალდებით გაასამართლეს.  
სასამართლო განხილვა 2 თვეზე მეტხანს გაგრძელდა; მოწმეები დაიკითხნენ. პროკურატურამ პროცესზე რაფაელას მოყვანა ვერ მოახერხა, სამაგიეროდ, ის წინასწარი გამოძიებისას იყო დაკითხული და სასამართლოზე მისი ჩვენება გამოქვეყნდა. რაფაელას ჩვენებიდან:
"...9 კლასი დავამთავრე. გატაცებული ვარ მუსიკის ერთ-ერთი მიმდინარეობით - გოთური მეტალით... ნაცნობისგან, აჩისგან გავიცანი ტარიელ ალიხანაშვილი, მეტსახელად ტარასა. მასთან ჩვეულებრივი, მეგობრული ურთიერთობა მქონდა. მითხრა, რომ ვუყვარდი. ერთმანეთთან სექსუალური ურთიერთობა გვქონდა. მის სახლში ერთად ვცხოვრობდით. მარტის ბოლოს ვუთხარი, რომ არ მიყვარდა და ერთმანეთს უნდა დავშორებოდით, მისი სახლიდან წამოვედი. აპრილში ჩემი ნივთების წამოსაღებად მივედი მასთან. ვუთხარი, რომ სხვა მყავდა. ტარასამ მითხრა, - შენს შეყვარებულს რამე თუ დაემართება, ხომ არ გეწყინებაო?.. ამის შემდეგ არ მინახავს და მასთან არც ტელეფონით მისაუბრია. არავის გავუუპატიურებივარ და არც არასდროს მითქვამს ტარასასთვის, თითქოს ვინმე ზაზამ გამაუპატიურა. საერთოდ არ ვიცნობდი ზაზა კაკაბაძეს... უბრალოდ, ტარასასთან ყოფნა არ მინდოდა და ამიტომ დავშორდი. ჩემთვის უცნობია, რატომ თქვა ტარასამ, რომ მან კაკაბაძე ჩემი გაუპატიურების გამო მოკლა"...
განსასჯელი ტარიელ ალიხანაშვილი პროცესზე არ დაეთანხმა პროკურატურის მიერ დასახელებულ მკვლელობის მოტივს. მან ყაჩაღობაში თავი დამნაშავედ არ ცნო, მაგრამ აღიარა, რომ კაკაბაძე მოკლა. ალიხანაშვილის ჩვენებიდან:
"დედა ბავშვობიდან არ მყოლია; 2 წლის ვყოფილვარ, რომ გარდაიცვალა. 13 წლის რომ ვიყავი, მამაც დამეღუპა. მას შემდეგ ჩემს დასთან ვცხოვრობდი. ის იქვე, ჩვენს კორპუსშია გათხოვილი... გიორგი კიკნაძე ჩემი მეგობარია, მისგან გავიცანი მისი საცოლე, მარიან მანუკიანი... ჩემმა შეყვარებულმა რაფაელამ მითხრა, რომ ის ვინმე ზაზა კაკაბაძემ გააუპატიურა, ნაცემი იყო, სხეულის სხვადასხვა ადგილას სილურჯეები ეტყობოდა... ამ საკითხზე გიორგისთან და მარიამთან ვსაუბრობდი. ვიცოდი, ის ბიჭი ნახალოვკელი რომ იყო. მარიამმა მითხრა, ნახალოვკელ ზაზას მე ვიცნობო. მისი ტელეფონის ნომერი გამოვართვი, დალაპარაკება მინდოდა. მარიამს ვუთხარი, რომ ზაზას მისი სახელით მივწერდი მესიჯებს. ხუდადოვის გზაზე შეხვედრა დავუთქვი. მასთან სალაპარაკოდ მივდიოდი, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, სახლიდან იარაღი მაინც წავიღე. წლების წინ ეს იარაღი მაჩუქეს და ვინახავდი... კაკაბაძემ იცოდა, რომ მარიამი ძმაკაცებთან ერთად იქნებოდა. მარიამმა მითხრა, რა მანქანა ჰყავდა. მანქანა დათქმულ ადგილას რომ გაჩერდა, უკან ჩავჯექი. ის ჩემკენ შემობრუნდა. ამ დროს, მართალია, მისი მოკვლა არ მინდოდა, მაგრამ უცებ გადავწყვიტე, მისთვის მესროლა. პირველივე გასროლით გარდაიცვალა. ჩამოვედი მანქანიდან, წასვლას ვაპირებდი, მაგრამ ნერვებაშლილმა ისევ გამოვაღე მანქანის კარი და კიდევ ერთხელ ვესროლე. მკვლელობის შემდეგ იქვე, ბალახებში ჩავჯექი. კიკნაძემ იარაღი გამომართვა, კაკაბაძის მანქანიდან ტელეფონი წამოიღო და წავედით... ყაჩაღობას არ ვაღიარებ, რადგან არ ჩამიდენია".
განსასჯელმა უარყო, რომ მარიამ მანუკიანი მკვლელობის ადგილას იმყოფებოდა. თქვა, რომ მას მოგვიანებით, ვაგზალზე შეხვდნენ ანუ მან წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენება ამ ნაწილში შეცვალა: ადრე ამბობდა, - ჯერ მარიამი ჩაუჯდა კაკაბაძეს მანქანაში, შემდეგ უკანა სავარძელში მე ჩავჯექი და ვესროლეო...
ანალოგიური იყო გიორგი კიკნაძის ჩვენებაც - მანაც უარყო, რომ მკვლელობის დროს მანუკიანი მათთან ერთად იმყოფებოდა.
ეს ალოგიკურად ჟღერდა. თავისთავად გაჩნდა კითხვა, - რატომ უნდა შეხვედროდა უცხო ბიჭებს ზაზა კაკაბაძე ან მარიამი რომ არ ენახა, მანქანას უცხოებს რატომ გაუჩერებდა?  
მართალია, განსასჯელები ამ საქმიდან მანუკიანის "ამორიცხვას" ცდილობდნენ, მაგრამ თავად განსასჯელმა გოგონამ პროკურატურის პოზიცია სრულად გაამყარა - მკვლელობის ადგილზე ყოფნა დაადასტურა. ის პროცესზე, წინასწარ დაწერილი ჩვენებით წარდგა და წაიკითხა; აშკარად ჩანდა, რომ ეს მისი ნაწერი არ იყო - ხშირად, სიტყვების გარჩევა უჭირდა...
მარიამ მანუკიანის ჩვენებიდან:
"დანაშაულის შეუტყობინებლობაში მედება ბრალი... მეგობარმა ანჟელიკამ გამაცნო ზაზა კაკაბაძე... ტარიელი ჩემი მეუღლისგან, გიორგი კიკნაძისგან გავიცანი, მის ბინაში დავდიოდით და ხშირად ვრჩებოდით... ტარასამ თქვა, რომ ვინმე ზაზამ მისი შეყვარებული გააუპატიურა. ვუთხარი, ვიცნობდი ნახალოვკელ ზაზას... რამდენიმე დღის შემდეგ მთხოვა, შემეხვედრებინა. ჩემთვის არ უთქვამთ, ზაზას ჩემი სახელით რა შინაარსის მესიჯებს სწერდნენ. ზაზასთან ვმეგობრობდი; დავურეკე და ვუთხარი, რომ მასთან სალაპარაკო მქონდა. მერე თვითონ დამირეკა და მითხრა, რომ საღამოს შეძლებდა შეხვედრას. შევთანხმდით - ბიჭები ცოტა ზემოთ დამელოდებოდნენ. ვიცოდი, ისინი მის დაყაჩაღებას რომ აპირებდნენ... მანქანაში რომ ჩავჯექი, ზაზას სახეზე უსიამოვნება შევატყვე. უკან ალიხანაშვილი ჩაჯდა. გადმოსვლას ვაპირებდი, რადგან ტარასამ წინასწარ მითხრა, მარტო დამტოვე, სალაპარაკო მაქვსო. კარს ვაღებდი; ამ დროს ზაზამ მოულოდნელად, მანქანა დაძრა და გასროლაც გავიგონე. გასროლის შემდეგ გავიქეცი. მერე გიორგი კიკნაძეც ჩაჯდა მანქანაში. რას აკეთებდნენ, არ ვიცი; 5 წუთში გადმოვიდნენ. გიორგი ტარასას ეკამათებოდა, ასეთი რამ მარიამის თანდასწრებით როგორ გააკეთეო?!. სრულად ვცნობ თავს დამნაშავედ. ზაზას სახლიდან გამოყვანაში მონაწილეობა მივიღე... ვერ მოვახერხე, მისთვის მეთქვა, დაყაჩაღებას რომ უპირებდნენ".
ყაჩაღობაზე მანუკიანს თავიდან, დაკითხვისას არაფერი უთქვამს; მკვლელობას ისიც გაუპატიურების ფაქტს უკავშირებდა. კიკნაძის ადვოკატმა განსასჯელ მანუკიანს მოსთხოვა, განემარტა, თუ რატომ შეცვალა ჩვენება. "თავიდან აღელვებული ვიყავი, მოგვიანებით დავწყნარდი, ყველაფერი გავიხსენე და მერე ვუთხარი გამოძიებას სიმართლე", - უპასუხა მან.
პროკურორი მანუკიანის ჩვენებით ბრალდების მოტივის გამყარებას ცდილობდა. როგორც წესი, სახელმწიფო ბრალმდებელი განსასჯელების ბრალეულობას ამტკიცებს, მაგრამ პროკურორი პროკოფ ჭანკოტაძე განსასჯელი გოგონას მიმართ აშკარად, ლოიალური იყო, მეტიც - დაკითხვისას ხშირად, მანუკიანის ადვოკატის ფუნქციასაც ითავსებდა; სხვა განსასჯელების ადვოკატთა მწვავე კითხვებზე რამდენჯერმე პროტესტი გამოთქვა.
რაც შეეხება განსასჯელ ეგიზაროვს, ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს. ვიცოდი, მკვლელობა რომ ჰქონდათ ჩადენილი, მაგრამ დეტალები არ გამომიკითხავსო, - აღნიშნა. ისიც დაადასტურა, რომ კიკნაძეს ტალახიანი შარვლის გამოცვლა შესთავაზა. "ვინანიებ ჩადენილ დანაშაულს - რომ ეს ამბავი დავფარე", - თქვა ეგიზაროვმა. მამუჩარაშვილმაც დაადასტურა იარაღის შენახვის ფაქტი, მაგრამ განმარტა, - ამით შევეცადე, რაიმე უსიამოვნება არ მომხდარიყო, მკვლელობაზე კი ნამდვილად, არაფერი ვიცოდიო.   
სასამართლომ ყველა განსასჯელი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო. ტარიელ ალიხანაშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ედუარდ ეგიზაროვს მეგობრების დანაშაულის დაფარვა 3-წლიან პატიმრობად დაუჯდა, ხოლო მამუკა მამუჩარაშვილს 1 წელი აკმარეს. ციხეს გადაურჩა მარიამ მანუკიანი: პროკურატურამ მასთან საპროცესო გარიგება გააფორმა და 8 წელი პირობითი პატიმრობა შეეფარდა. ყველაზე დიდი სასჯელი, შეკრებითობის პრინციპით, განსასჯელ გიორგი კიკნაძეს ერგო: ყაჩაღობის ორ ეპიზოდს იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებისთვის მისჯილი პირობითი სასჯელიც დაემატა და საბოლოოდ, 32-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილო იყვნენ დაზარალებული და მისი ადვოკატი ნატალია ბეჟაშვილი, რომლებიც მანუკიანის დაპატიმრებას ითხოვდნენ. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. მართალია, დაზარალებულები თავიდანვე კატეგორიულად არ იზიარებენ იმას, რომ მკვლელობა გაუპატიურების მოტივით იყო ჩადენილი და ამ ვერსიის გავრცელებით შეურაცხყოფილებიც იყვნენ, მაგრამ ადვოკატი ნატალია ბეჟაშვილი არც პროკურატურის საბოლოო ვერსიას ეთანხმება - რომ მკვლელობა ყაჩაღობის მიზნით მოხდა.

ნატალია ბეჟაშვილი:
- სასამართლო დასრულდა, მაგრამ მკვლელობის ჩადენის მოტივი დღემდე არ არსებობს. ვერ გავიგეთ, რატომ მოკლეს ზაზა. არასწორია, რომ მკვლელობა ყაჩაღობის მიზნით მოხდა; არც ის დადასტურდა, თითქოს გაუპატიურება იყო და ამის გამო იძიეს შური. მიკვირს, მანუკიანს ასე რატომ იცავდა პროკურორი? ჯერ ერთი, გირაოს თანხა - 15.000 ლარი 10 დღეში უნდა გადაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პატიმრობაში უნდა აეყვანათ, მაგრამ სასამართლო ისე დასრულდა, რომ იმ გოგონას ეს თანხა არ გადაუხდია და მაინც თავისუფალია. მართალია, არასრულწოვანია, მაგრამ საზოგადოებისთვის საშიშია. მისი დახმარებით ზაზა კაკაბაძე სახლიდან გამოიყვანეს და მოკლეს. ვითხოვთ, პატიმრობაში აიყვანონ.
მართალია, განსასჯელთა ჩვენებების შემდეგ ბევრი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი, მაგრამ არც პროკურატურის ვერსია ჩანდა ფაქტებით გამყარებული. რამდენად ლოგიკურია, 80-ლარიანი მობილურისთვის სახლიდან ადამიანის გამოყვანა და მისი მოკვლა?! - მით უმეტეს, რომ მკვლელობის შემდეგ დამნაშავეებს არც კაკაბაძის საფულე წაუღიათ და არც მანქანა გაუძარცვავთ.

თეა ხურცილავა


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი