იდუმალებით მოცული თვითმკვლელობა
font-large font-small
იდუმალებით მოცული თვითმკვლელობა
"ყველა კატეგორიის მეგობარი ჰყავდა, თავისუფალი ბუნების იყო..."

26 წლის ირაკლი ქუთათელაძე ასათიანის ქუჩაზე, ბინაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ძალოვნებმა მისი ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს და ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ბიჭმა ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე, მეგობარს "ფეისბუკზე" ასეთი შინაარსის წერილი მისწერა:
"ცოტა ხანში ბინის მეპატრონე ალბათ სახლიდან გამომაგდებს. ქირის ფული არა მაქვს, აღარ ვიცი, ამდენ პრობლემას როგორ გავუმკლავდე. საფრანგეთში წასვლა მინდოდა, მაგრამ ვეღარ მოვახერხე. დეპრესიაში ვარ, პრობლემებს ვერ ვუძლებ, გვერდით არავინ მყავს, ვინც დამეხმარება". ალბათ მისმა მეგობარმა ვერ დაუშვა, რომ ირაკლი ასე დაასრულებდა სიცოცხლეს. მოკლულის მეგობრები გამოძიებამ უკვე დაჰკითხა.

ჟურნალი "გზა", 2011 წელი

როგორც შევიტყვეთ, ირაკლი ქუთათელაძე რამდენიმე თვეა, დროებით, სხვის ბინაში ცხოვრობდა. ქირას ვერ იხდიდა, დიასახლისთან შეთანხმებით, მხოლოდ კომუნალურ გადასახადებს ფარავდა. ბინის მეპატრონეს ჰპირდებოდა, რომ სამუშაოს იშოვიდა და ქირას გადაუხდიდა.
ირაკლი ქუთათელაძე მოდელი იყო და ტელეეკრანზე დროდადრო გვინახავს, მაგრამ მასმედიაში სკანდალურად, 2008 წელს გამოჩნდა. მაშინ იგი "ჯეობარის" მონაწილე გეის - პაკოს მეგობრად და პიარ-მენეჯერად გაეცნო საზოგადოებას. ახალგაზრდა ბიჭმა პირველად თქვა ტელეეთერში, რომ ბისექსუალია. შემდეგ, ნანკა კალატოზიშვილის შოუში - "ინტუიცია" თავისი ორიენტაცია კიდევ ერთხელ გამოააშკარავა. ბოლოს, საზოგადოების ყურადღება, სასტუმრო "მარიოტში" მომხდარი მკვლელობის შემდეგ მიიპყრო. ცნობილია, რომ 26 იანვარს, ფრანგული სატრანსპორტო კომპანია "სისტრას" თანამშრომელი სტეფან კოენი სასტუმროში არასრულწლოვანმა მოკლა. მკვლელობის მოტივად, უცხოელის გაქურდვა დაასახელეს. კოენის მეგობარი ირაკლი ქუთათელაძე კი ოფიციალურ ვერსიას არ დაეთანხმა. მაშინ აცხადებდა, რომ მისი მეგობარი სტეფანი, გეი იყო, სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო და მასთან მეგობრობდა. მის მკვლელობას ჰომოფობთა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განხორციელებულად მიიჩნევდა. უფრო მეტიც - პრესაში იმაზეც ალაპარაკდა, რომ ტელევიზიით გაკეთებული მისი განცხადებით, საფრთხეში ჩაიგდო თავი და მას ტელეფონით ემუქრებოდნენ. აქვს თუ არა ამ ყოველივეს რაიმე კავშირი ქუთათელაძის თვითმკვლელობასთან თუ სიდუხჭირემ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი, იმედია, გამოძიება დაადგენს...   
შემთხვევის ადგილზე მისულს, ბინის კარი დაკეტილი დამხვდა. მეზობელმა ქალბატონმა მითხრა: ძალიან ზრდილობიანი, ნიჭიერი და განათლებული ბიჭი ყოფილა. მუშაობდა, მაგრამ ხელფასი 100 ლარი ჰქონდა და რა ექნა, ქირას ვერ იხდიდაო.
ამ დროს ყვავილებით, სადარბაზოში ქალბატონები შემოვიდნენ. მათ შორის იყო ირაკლი ქუთათელაძის ბავშვობის მეგობარი გოგონა, ნინო გიგიაძე, დედასთან ერთად. მეზობლისგან შევიტყვეთ, რომ ცხედარი პროზექტურაში ესვენა. მალე კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი შევიტყვეთ: თუმცა თვითმკვლელობის ფაქტი საინფორმაციო საშუალებებით გაშუქდა, გარდაცვლილის ბინაში სისხლით ნათესავებიდან არავინ მისულა... ირაკლი ქუთათელაძის მშობლები გარდაცვლილები არიან, მხოლოდ მამიდა ჰყოლია, რომელიც ოჯახთან ერთად, ბათუმში ცხოვრობს. პოლიციელები მისი კოორდინატების დადგენას ცდილობენ. თუ ერთადერთი ნათესავის ოჯახს ვერ მიაგნეს, მაშინ ალბათ, მეგობრებს მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება და მისი დაკრძალვა.
ირაკლი ქუთათელაძე თბილისში დაიბადა და გაიზარდა. დედა ექიმი ჰყავდა, მამა წლების მანძილზე, ტელევიზიაში მუშაობდა. 2004 წელს დედა ინსულტით გარდაეცვალა. როგორც მეგობრები იხსენებენ, სწორედ ამის შემდეგ, მათი ოჯახური იდილია დაირღვა. დედის გარდაცვალებას მალე მამის ავადმყოფობაც დაემატა. ასაკოვანი მამის მოვლა ბიჭმა თურმე, მისი დატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო, ვერ შეძლო და დახმარება მამიდას სთხოვა. მამიდამ ავადმყოფი ძმა ბათუმში წაიყვანა და იქ უვლიდა. მამამისი ბათუმში დაკრძალეს.
GzaPressწასვლამდე ირაკლის მამამ ნაძალადევში საცხოვრებელი ბინა გაყიდა, შვილს წილი მისცა, დანარჩენი თანხა კი მეურვე დას გადასცა. ამ თანხით ირაკლიმ შეიძინა ბინა თემქაზე; მერე საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა, ბინა გაყიდა, მაგრამ მოატყუეს და კიევში ჩასული, უკან ხელმოცარული დაბრუნდა. ირაკლი ქუთათელაძე აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა და თავისი ადგილის დამკვიდრებას საზოგადოებაში, ყველანაირი გზით ცდილობდა. ახალგაზრდა ბიჭმა მუშაობა კორესპონდენტად ჟურნალ "ვარსკვლავებში" დაიწყო, შემდეგ იყო ჟურნალ "მელომანში".

მისი მეგობარი ეკა იხსენებს:
- ირაკლი 2001 წელს გავიცანი, როცა ჟურნალი "მელომანი" გამოვუშვი. თანამშრომლობა შემომთავაზა. ძალიან დავმეგობრდით. უნიჭიერესი ბიჭი იყო. ბევრი იდეა ჰქონდა. ჟურნალს ერთად ვაკეთებდით, მაგრამ უსახსრობის გამო, მალე დავხურე. შემდეგ, ირაკლი სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობდა. ძირითადად, შოუბიზნესზე წერდა. ძალიან კარგი მშობლები ჰყავდა. ძალიან ნაკითხი იყო... დეპრესიაში ადრეც ჩავარდნილა. ჰქონდა პერიოდები, როცა განმარტოვდებოდა და საკუთარ თავში იკეტებოდა. ეს ხშირად არ ხდებოდა, მაგრამ მაშინ, მეგობრებთან კონტაქტს გაურბოდა. დედამისის სიცოცხლეში თავის მოკვლა სცადა -  აბები დალია, დედამ მიუსწრო და გადაარჩინა. ირაკლი ძალიან კარგად ხატავდა, დეპრესიიდან ხატვით გამოდიოდა. ჩანახატების, დღიურების წერა უყვარდა. მისი ემოციები ჩანაწერებში ჩანდა. დარწმუნებული ვარ, თვითმკვლელობის მიზეზი მის დღიურში ასახული იქნება... დიდი სამეგობრო და სანაცნობო წრე ჰქონდა. შოუბიზნესის წარმომადგენლებთან მეგობრობდა. კომუნიკაბელური ადამიანი იყო. წლების მანძილზე, ზალიკო ბერგერთან მუშაობდა. ძალიან უნდოდა, შოუბიზნესში თავი დაემკვიდრებინა, მაგრამ უსახსრობის გამო ეს ვერ შეძლო. სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, არ დაუმთავრებია, რადგან სწავლის თანხა ვერ დაფარა. ყველაფერი გამოსდიოდა ხელიდან. უდავოდ, ნიჭიერი იყო. რამდენჯერმე ჩვენებაც მოაწყო. მისი მოდის პირველი ჩვენება "ივერიაში" მოეწყო. ქსოვილის საყიდელი ფულიც არ ჰქონდა და ორ დღეში კაბები ფარდებისგან შეკერა. მახსოვს, მეგობრის სახლში მივიდა, იქ ლამაზი ფარდები ნახა და სთხოვა, მისთვის მიეცა. ბინიდან ჩამოხსნილი ფარდებით ძალიან ლამაზი კაბები შეკერა და კარგი ჩვენებაც მოაწყო. მართლაც, ყველა სფეროში სცადა ბედი. ბარმენობაც ისწავლა და ამ მიმართულებითაც მუშაობდა. ცოტა ხანი, "სიქსთი რაუნდშიც" იყო. ბოლოს "მიუზიკ ბოქსში" დიჯეი ლუკას სახელით გამოდიოდა. პარალელურად მოდელობდა, მაგრამ სამწუხაროდ, ადგილი ვერსად დაიმკვიდრა. ირაკლის პოპულარობა ძალიანN უნდოდა. ცნობადი რომ გამხდარიყო, ამისთვის შეეძლო, არაორდინარული ნაბიჯიც გადაედგა და სკანდალური განცხადებებიც გაეკეთებინა... ყველა კატეგორიის მეგობარი ჰყავდა, თავისუფალი ბუნების იყო. ძალიან უყვარდა საკუთარი თავი. როცა ვხედავდით, რომ ცუდად იყო, ჩავეკითხებოდით და მეგობრებთან იხსნებოდა. ისიც უთქვამს, ყველაფერი ვცადე, მაგრამ არაფერი გამომდის და თავი უნდა მოვიკლაო. ამის გამო ვუბრაზდებოდით. მატერიალურად უჭირდა, დედის მეგობრები ხანდახან ეხმარებოდნენ. ფული რომ ჰქონოდა და თავისი იდეების განხორციელება მოეხერხებინა, დარწმუნებული ვარ, კარგი დიზაინერი იქნებოდა.

ნინო გიგიაძეც ირაკლის ბავშვობის მეგობარია. მომხდარით შეწუხებულია და ვერ აუხსნია, რატომ მივიდა ირაკლი ამ საბედისწერო ნაბიჯამდე. მისი თქმით, ის ძალიან მორწმუნე იყო და ტაძარში ხშირად დადიოდა. ამიტომ მომხდარს ახსნას ვერ უძებნის.
- ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. ერთ წელს, დაბადების დღეც კი გადავიხადე ირაკლის ბინაში. დედის გარდაცვალების შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა... ძალიან მოწესრიგებული იყო. თემქაზე ოთახნახევრიანი ბინა რომ იყიდა, ყველა დეტალი თავისი გემოვნებით მოაწყო, მეგობრები ვეხმარებოდით. ბინა სულ გაკრიალებული ჰქონდა. ძალიან მეგობრული იყო. მომხდარით შოკირებული ვარ. ბოლო დროს ირაკლისთან ხშირი ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ ვერ ამიხსნია, ადამიანმა, რომელსაც თავი ასე ძალიან უყვარდა, ეს რატომ ჩაიდინა. 6 თებერვალს 26 წლის გახდა. დაბადების მოწმობაში 6 აგვისტო ეწერა და ამიტომ წელიწადში ორჯერ იხდიდა დაბადების დღეს... ტელევიზიით მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება რომ გააკეთა, მაშინვე დავურეკე. გავეხუმრე, - თავის გამოჩენა როგორ გიყვარს-მეთქი!.. გაიცინა, - შენ ჩემი ბავშვობის მეგობარი ხარ და ჩემი ხასიათი არ გამოგეპარაო. თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე შემთხვევით, რუსთაველზე ვნახე. ძალიან კარგ განწყობილებაზე იყო,M ყურსასმენი ეკეთა, მუსიკას უსმენდა და ქუჩაში ცეკვა-ცეკვით მოდიოდა. დეპრესია არ შემინიშნავს. სამწუხაროდ, დიდხანს არ გვისაუბრია, რადგან ძალიან მეჩქარებოდა. ისევ ისეთი ირაკლი ვნახე, როგორიც ბავშვობიდან მახსოვს. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შემოსავალი ჰქონოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო. ძალიან განათლებული და კულტურული მშობლები ჰყავდა და თვითონაც ასეთი იყო. დღიურს წერდა. ზოგჯერ გაშლილს დატოვებდა, რომ გოგონებს წაგვეკითხა და რაც აწუხებდა, მერე იმ საკითხზე მასთან გვესაუბრა. გული მწყდება ძალიან ამ ტრაგედიის გამო. განსაკუთრებით იმაზე, რომ ცხედარი ისევ პროზექტურაშია. სისხლით ნათესავი, ფაქტობრივად, მას არ ჰყავდა...
GzaPressშეგახსენებთ: სტეფან კოენი ფრანგული სატრანსპორტო კომპანია "სისტრას" წარმომადგენელი იყო, რომელიც თბილისის მერიასთან ერთად დედაქალაქის სატრანსპორტო სტრატეგიაზე მუშაობდა. ფრანგი მენეჯერი სასტუმროს ნომერში გვიან ღამით მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი არასრულწლოვანი იმ ღამესვე დააკავეს. შს სამინისტროს წარმომადგენლებმა მაშინვე განაცხადეს, რომ მან დანაშაული აღიარა და მომხდარის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება დაასახელა. ასევე აღიარა, რომ სასტუმროს ნომრიდან 3 მობილური ტელეფონი, ფოტოკამერა და პორტატული კომპიუტერი მოიპარა.

თეა ხურცილავა

ბეჭდვა