ვაუჩერის გამო ჩადენილი დანაშაული თუ შეშლილი ბიჭის ნამოქმედარი
font-large font-small
ვაუჩერის გამო ჩადენილი დანაშაული თუ შეშლილი ბიჭის ნამოქმედარი
”ჩემი თავდამსხმელი მანიაკია ან სატანა”

27 მაისს, კოსტავას გამზირზე, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში 75 წლის ქალბატონი უმძიმეს მდგომარეობაში იპოვეს.
ლამარა ჯაფარიძე სისხლის გუბეში  გონებადაკარგული იწვა. მეზობელი საშინელი სურათის თვითმხილველი გახდა. ქალს სახე დასახიჩრებული ჰქონდა, ლოყაზე - კანი ათლილი, ყურის ბიბილო - მოჭრილი, გახეთქილი თავიდან სისხლი სდიოდა, მარცხენა ხელის მტევანი მოტეხილი ჰქონდა. იქვე, სადარბაზოში ეყარა სამი ცალი პური და ხურდა ფული. ცხადი იყო, პურის საყიდლად მაღაზიაში გასულ ქალბატონს სადარბაზოსთან ბოროტმოქმედი დაესხა თავს. ხმაური რომ არავის გაეგო, დამნაშავემ სადარბაზოს კარი დახურა, მოხუცს დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
`სასწრაფო დახმარების” ბრიგადამ ლამარა ჯაფარიძე პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმები ოჯახს ავადმყოფის გადარჩენის იმედს არ აძლევდნენ. მას დაზიანებები კეფაზე აქვს. ექვსი დღე რეანიმაციაში გაატარა. საბედნიეროდ, გონზე მოვიდა და დღეს მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მოხუცს მთელი სხეული სტკივა. სახესა და თავზე ათეულობით ნაკერი ადევს. ექიმებმა მოჭრილი ყური და თითი მიუკერეს. ნეკა თითის ამპუტაცია დასჭირდა, ხელი კი თაბაშირში ჩაუსვეს.
თავდაპირველად გავრცელდა ვერსია, რომ მოხუცს მანიაკი დაესხა თავს. ამ ფაქტიდან ცოტა ხანში ძალადობაზე კიდევ ერთი ქალბატონი ალაპარაკდა. ამბობდა, რომ მას ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი აედევნა. ქალმა მოძალადეს მკლავზე უკბინა და ამ გზით შეძლო მისგან თავის დაღწევა. ამ ფაქტების შემდეგ კოსტავას ქუჩის მცხოვრებლები პანიკაში ჩაცვივდნენ. იქვე, პარკში სასეირნოდ გამოსულები, სახლში დაბინდებამდე ბრუნდებოდნენ. ყველას მანიაკის გამოჩენის ეშინოდა და მომხდარზე დიდხანს მსჯელობდნენ.
ლამარა ჯაფარიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ძალოვნებმა აღძრეს. სამართალდამცავები და კინოლოგები შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ. იქ დღემდე დარჩენილია სისხლის ლაქები. მომხდარს ახსნას ვერ უძებნიდნენ მეზობლები. ამბობდნენ, რომ ლამარა ჯაფარიძეს მტერი არ ჰყავს,  ძალიან კარგი ადამიანია და ყველასთან ნორმალური ურთიერთობა აქვს.
დაზარალებული ქალის მდგომარეობის გაუმჯობესებამ მთავარ კითხვას პასუხი გასცა და პოლიციამ დამნაშავეც დააკავა. იგი ჯაფარიძის კარის მეზობელი, 30 წლის სოსო (თანბი) ვაჩნაძე აღმოჩნდა. დაზარალებული ძალოვნებმა უკვე დაჰკითხეს. მან მეზობლის ბიჭი ამხილა, მაგრამ დღემდე არა აქვს მთავარ კითხვაზე პასუხი, თუ რატომ გაუსწორდა ასე სადისტურად მას ახალგაზრდა.
დაკავებულ ვაჩნაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ის თავის საცხოვრებელ  ბინაში აიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის მიზეზად მეზობელთან კონფლიქტს ასახელებს. ამბობს, რომ მეზობლის კუთვნილი სასურსათო ვაუჩერის გამო წაკამათდნენ და გაბრაზებულმა მოხუცზე შური იძია. დაზარალებული პირველი კლინიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიის განყოფილებაში წევს. ამ ფაქტის მეორე დღეს დამნაშავე და დედამისი, ეკა დადიანი, ლამარა ჯაფარიძის სანახავად საავადმყოფოში მისულან და თურმე ისე იქცეოდნენ, თითქოს მომხდართან არაფერი აკავშირებდათ. `მეორე დღეს მოვიდა დედა-შვილი; არაფერი უთქვამთ. ეკამ ბებიას უთხრა, - თუ დახმარება დაგჭირდება, დაგეხმარებით, 500 დოლარი მაქვს გადადებული და გასესხებო. ეჭვი არ შეგვიტანია. ისე, ახლა რომ ვიხსენებთ, ეკა ცოტა უცნაურად იქცეოდა. რას წარმოვიდგენდით, ეს მისი შვილის ჩადენილი რომ იყო? მერე სახლშიც არ ჩანდნენ რამდენიმე დღე”, - მითხრა ქალბატონი ლამარას შვილიშვილმა ნინომ. აი, რა მიამბო თავად დაზარალებულმა:

ლამარა ჯაფარიძე:
- იმ დილით, 9 საათსა და 30 წუთზე პურის საყიდლად მაღაზიაში სახლის `ფორმით” გავედი. სადარბაზოდან მეზობლები იშვიათად გადიან, მაგრამ მე ძირითადად ამ გზით ვსარგებლობდი. ეტყობა, ჩემი გასვლა დაინახა კარის მეზობელმა და სადარბაზოსთან ჩამისაფრდა. არ ვიცი, რა მოუვიდა თავში, ის მანიაკია ან უბედური სატანა! მასთან კონფლიქტი არასოდეს მქონია. სადარბაზოში რომ შემოვედი, წინ გადამიდგა, ხელში რკინის ორი წვრილი `შტირი” ეჭირა. არანაირი ფრაზა არ უთქვამს, მოულოდნელად მთელი ძალით რკინა გვერდებში ჩამარტყა. გაოგნებულმა შევყვირე, - თანბი, ბიჭო, რას შვრები, ხომ არ გაგიჟდი, სულელი ხომ არა ხარ-მეთქი?!. Kკიდევ კარგი, იმ რკინის წართმევა არ ვცადე, თორემ ალბათ უფრო გამხეცდებოდა და მომკლავდა. რკინას გამეტებით მირტყამდა, საშინლად მტკიოდა, მისგან გაქცევას ვერ ვახერხებდი. მერე შევეხვეწე, - თანბი, რას აკეთებ, თავი დამანებე-მეთქი, მაგრამ არ გაჩერდა, შეშლილი სახით უმოწყალოდ მცემდა. თავში ძლიერი დარტყმა რომ ვიგრძენი, უცებ სისხლი თქეშით წამოვიდა. შევეცადე, თავი ხელებით დამეფარა. ისევ დამარტყა. ახლა უკვე შველას ხალხს ვთხოვდი და გამწარებული ვყვიროდი, მიშველეთ-მეთქი! კიდევ ერთხელ ჩამარტყა თავში. მერე არაფერი მახსოვს, გონება დავკარგე. არ ვიცი, ამის შემდეგ რამდენ ხანს მირტყამდა. არც ის ვიცი, როგორ დამანება თავი და როდის წავიდა. ეტყობა, ვიღაცამ გაიგონა ჩემი განწირული ხმა და `სასწრაფო” გამოიძახა. მას ალბათ მკვდარი ვეგონე და გაიქცა. გონზე რამდენიმე დღის შემდეგ მოვედი. რეანიმაციაში ერთი კვირა უგონოდ ვიყავი. თურმე ექიმებს ჩემი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ.
- მაინც რა იყო მიზეზი?
- მართლა არ ვიცი. ადრე არ შემინიშნავს მისთვის ეს მანიაკური თვისება. მერწმუნეთ, ის მანიაკია ან სატანა! ძალიან მაინტერესებს, რა დიაგნოზს დაუსვამენ ექიმები. 50 წელზე მეტი მედმუშაკად ვიმუშავე და ვიცი, ყველაზე საშიშია თავში მიყენებული დაზიანება. საშინელ დღეში მაქვს მთელი სხეული, დაჟეჟილი ვარ, ყველაფერი მტკივა. თქვენი თვალით ხედავთ, რამდენი ნაკერი მადევს თავზე. ეს ბიჭი ჩემ თვალწინ გაიზარდა. დედამისი სულ ჩემს სახლში იყო. ოჯახებით კარგი ურთიერთობა გვქონდა. მართალია, სასიკვდილოდ გამიმეტა, მაგრამ გონზე რომ მოვედი, რამდენიმე დღე გამომძიებლისთვის დამნაშავის ვინაობა არ მითქვამს. ვამბობდი, არაფერი ვიცი-მეთქი. ამას ერთადერთი მიზეზით ვმალავდი: ვიცოდი, დააპატიმრებდნენ და არ მინდოდა, დედამისი გამწარებულიყო. ეკას თანბის მეტი შვილი არ ჰყავს, მეუღლეს გაცილებულია და სიმწრით გაზარდა. მეც ხომ დედა ვარ! დღესაც ცუდად ვარ, მაგრამ როგორც დედა, შემეცოდა და ამიტომ დავმალე. ჩემი ძმისშვილი რომ მოვიდა, სიმართლე ვუთხარი. მითხრა, დამალვა არ შეიძლება, ამით დანაშაულს სჩადიხარო. გამომძიებელი გამოიძახეს და სიმართლე მაშინ ვთქვი. ამ ბიჭის ნამდვილი სახელი გამომძიებლისგან გავიგე - სოსო ვაჩნაძეა, ჩვენ ყველანი თანბის ვეძახდით.
- დაკავებულს უთქვამს, რომ თქვენთან კონფლიქტი ვაუჩერის გამო მოუხდა და ეს გამხდარა ამ ფაქტის მიზეზი, ეს მართალია?
- გამომძიებელმა მითხრა, რომ ასე უთხრა მათ, მაგრამ მერწმუნეთ, ეს სისულელეა. ფაქტს ვადასტურებ. ამ დანაშაულამდე ორი კვირით ადრე ვაუჩერის გამო მათთან მართლა მივედი. მეზობლის ვაუჩერების ნაწილი ჩემთან, ნაწილი - ეკასთან იყო: იმ გოგონას ვუთხარი, მოგეხმარები დარიგებაში-მეთქი და დატოვა. ერთი მეზობლის ვაუჩერს ვეძებდი. ავადმყოფი ქალია, ფეხი მოტეხილი აქვს და მეზობელთან ერთად, მინდოდა მიმეტანა. ეკასთან ავედი. კარი თანბიმ გამიღო. ვუთხარი, - ვაუჩერი მომაწოდე, პატრონს უნდა წავუღო-მეთქი. - აქ არაფერი არ არისო, - გაბრაზებულმა უკმეხად მიპასუხა. - ტყუილად ნერვიულობ, ეკა რომ მოვა, უთხარი და ჩამომიტანს-მეთქი. ასე წამოვედი. არ გამილანძღავს და არც რაიმე კონფლიქტი მქონია მასთან არასოდეს. გავარკვიე, რომ ის ვაუჩერი მეორე მეზობელთან იყო და პატრონს მივუტანეთ. ეს ორი კვირით ადრე იყო. არ ვიცი, ეს რამდენად არის მიზეზი. თუ ეს მიზეზია, ეტყობა, მას მერე ფიქრობდა, სამაგიერო როგორ გადაეხადა და წინასწარ დაგეგმა ყველაფერი. დაელოდა სადარბაზოში ჩემს შესვლას და ასე გამიმეტა. მისი სიმხეცე ადრე არ შემინიშნავს; ისე, უცნაური ბიჭი იყო. ფაქტობრივად, სახლიდან არ გადიოდა და სულ ფანჯარაში იყურებოდა.
- ფსიქიკური პრობლემა ხომ არ აქვს?
- მსგავსი რამ არასდროს გამიგია. ბავშვობაში მენინგიტი ჰქონდა გადატანილი, სხვა არაფერი მსმენია. დედამისი სულ ჩემს სახლში იყო, მაგრამ არასოდეს დაუჩივლია. ეკამ მეზობლებში ხმაც გაავრცელა, - ლამარა გარდაიცვალაო. ეტყობა, ეს ძალიან უნდოდათ და ამით მთავარ მოწმეს მოიცილებდნენ. ის ბიჭი სამძიმარზე ჩემს ქმართან მისულა, - მწუხარების მონაწილე ვარო. გამომძიებელმა ისიც მკითხა, - ბავშვობაში ხომ არ გიცემია და გულში ხომ არ ჰქონდა ბოღმა ჩადებულიო? სისულელეა: ჩემი შვილები არასოდეს მიცემია და სხვისას რატომ ვცემდი?!.

მომხდარით მეზობლებიც გაოგნებულები არიან. ადასტურებენ, რომ ამ ორ ოჯახს შორის კარგი ურთიერთობა იყო და კონფლიქტი არასოდეს მოსვლიათ.
ლილი მაისურაძე, მეზობელი:
- იტალიური ეზოა. აქ ვარ დაბადებული და გაზრდილი. ყველას ვიცნობ. ძალაუნებურად, ვინ როდის შემოდის და გადის, იმასაც ვხედავთ. ახლა გავიგეთ, რომ თანბი დაუჭერიათ და ეს ვაუჩერის გამო მომხდარა. მე და ლამარამ ერთად მივუტანეთ პატრონს ის ვაუჩერი. ლამარა ძალიან კარგი ქალია, ყველას უნდა, რომ პატივი სცეს. საავადმყოფოში რომ ვნახე, სახე მთლიანად დასივებული ჰქონდა. ვერაფერს ამბობდა. ყველა მიზეზის დადგენას ვცდილობდით, მაგრამ რას ვიფიქრებდით, რომ ეს თანბის ჩადენილი იყო?! მას უმაღლესი დამთავრებული აქვს, მაგრამ არ მუშაობდა, სულ სახლში იყო, თავის თავში ჩაკეტილი ადამიანია. ისე, კარგი მისალმება იცოდა, სულ ფანჯრიდან იყურებოდა და გვესალმებოდა. ბავშვობაში რაღაც დაავადება აქვს გადატანილი, მაგრამ არ ვიცი, რა. ახლა დედამისს უთქვამს, ფსიქიკურად ავადმყოფია ჩემი შვილი, ექსპერტიზა ჩაუტარდება, საავადმყოფოში გადაიყვანენ და არ დაიჭერენო. არ ვიცი, მისთვის ფსიქიკური გადახრა არ შეგვინიშნავს და კონფლიქტი არავისთან მოსვლია. როგორც ამბობენ, აღიარა დანაშაული. უთქვამს, გამაბრაზა და ამიტომ მინდოდა მომეკლაო. ეს ამბავი რომ მოხდა, იმ ღამით დედა-შვილი სახლში არ ყოფილა, შუქი არ ენთო და ცოტათი გამიკვირდა. მერე მეზობელს ვკითხე, სად არიან-მეთქი? - მეორე სახლში არიან და გვიან მოდიანო, - მიპასუხა. ეჭვი არ შემიტანია, უბრალოდ, შუქი რომ არ ენთო, გამიკვირდა. კონფლიქტური და ბოროტი ბავშვი არ ყოფილა, სულ თავისთვის იყო. რომ ვთქვი, სულ სახლში იყო-მეთქი, მეზობელმა მითხრა, - არა, თანბი სხვებს უნახავთ კუს ტბაზეც, თბილისის ზღვაზეც მარტო რომ დადიოდაო. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ალბათ გამომძიებლები გაარკვევენ ყველაფერს.
ვცადე, დაკავებულის დედის პოზიციაც გამერკვია, მაგრამ ბინის კარი არავინ გამიღო. როგორც მეზობელმა მითხრა, შვილის დაკავების შემდეგ ეკა დადიანი არ უნახავთ.  გამოძიება გრძელდება. როგორც ჩანს, სოსო ვაჩნაძის შერაცხადობის საკითხი ეჭვქვეშ დადგება და სავარაუდოდ, მას ექსპერტიზა ჩაუტარდება. ვნახოთ, რა დასკვნას გამოიტანენ ექსპერტები და რა გაირკვევა გამოძიებით.

თეა ხურცილავა

ჟურნალი "გზა", 2011 წელი



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2443 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი