ნინი ჯაფარიძე: "დაბადების პირველი წამიდან გამიმართლა"
"...მესმის იმ ახალგაზრდების, რომლებიც საზღვარგარეთ ხედავენ კარიერული ზრდის შესაძლებლობას, მაგრამ მათ გზას ვერ გავყვები, ალბათ იმიტომ, რომ ზედმეტად დიდხანს ვიყავი თავად საზღვრებს მიღმა. საქართველო სასიცოცხლო ენერგიას მაძლევს და მეც მსურს, ჩემი საქმიანობით მცირედი სიკეთე მაინც მივანიჭო..." - ამბობს ნინი ჯაფარიძე. იგი სახალხო არტისტის, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტის - ლელი ჯაფარიძის შვილია და თავადაც ხელოვნების მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს...
- არასოდეს ვაძლევ თავს უფლებას, ცხოვრებაში რამით უკმაყოფილო ვიყო, რადგან დიდი ბედნიერება მერგო წილად: ჩემი მშობლების შვილი ვარ! დაბადების პირველივე წამიდან გამიმართლა! მამა ოპერის მომღერალი, სახალხო არტისტი, მოსკოვის "დიდი თეატრის" სოლისტი, ბარიტონი ანტონ (ლელი) ჯაფარიძე, დედა - ეთერი კი პიანისტი, მისი მუზა და ერთადერთი სიყვარულია... "ადამიანები ნატრობენ, 1 საათით მაინც იყვნენ ისეთი ბედნიერები, როგორიც მე ვიყავი შენთან მთელი ცხოვრება" - უთხრა მამამ დედას 77 წლის ასაკში, ერთ-ერთ საღამოს. ალბათ გრძნობდა, რომ ეს მისი მიწიერი სიცოცხლის უკანასკნელი წელიწადი იყო.
მამის არც ერთ სპექტაკლზე არ ვყოფილვარ. სამწუხაროდ, შემოქმედებითი კუთხით ყველაზე საინტერესო ნაწილმა ჩემს დაბადებამდე ჩაიარა. ცხოვრების ბოჰემური სტილი, თეატრი, სცენა, გასტროლები... გაზეთები აჭრელებული იყო დადებითი რეცენზიებით... ეს გახლდათ "დიდი თეატრის" ოქროს ხანა, საუკეთესო დრო საუკეთესო არტისტებით...
"დიდ თეატრში" 3 ქართველი მამაკაცი მომღერალი იყო და სამივე დიდი დავით ანდღულაძის მოსწავლე: ზურაბ ანჯაფარიძე, ლელი ჯაფარიძე, ზურაბ სოტკილავა. ლელის ხავერდოვანი, თბილი ბარიტონი, დიდი ენერგეტიკა და ქარიზმა ჰქონდა... სულ 90 პარტია აქვს ნამღერი ისეთ ოპერებში, როგორიცაა: "კარმენი", "ტოსკა", "აიდა" სხვა... 26 წელი ლელი სოლისტი იყო, შემდეგ კი ღმერთმა "დააწინაურა" და გახდა მამაც...
- ნანატრი შვილი ხართ...
- დიახ, ამ "დაწინაურებას" ჩემი მშობლები 19 წელი ელოდნენ. ექიმებთან სიარულისა და უშედეგო პროცედურების პერიოდი უკვე ჩავლილი იყო, როცა 40 წლის დედა ჯვრის მონასტერში ავიდა და ცრემლებით წმინდა ნინოს ხატს შეევედრა, მისთვის შვილი მიეცა, - თუ გოგო იქნება, შენს სახელს დავარქმევო. ლოცვის დასრულებისას დედას მოეჩვენა, თითქოს წმინდა ნინოს ხატმა თავი დახარა თანხმობის ნიშნად. ამ ისტორიას არც გავიხსენებდით, რომ არა ერთი ნიუანსი: ერთ წელიწადში დავიბადე...
- მოსკოვში იზრდებოდით, ასე სრულყოფილად ქართული როგორ ისწავლეთ?
- მოსკოვში დავიბადე, მაგრამ რაც თავი მახსოვს და ლაპარაკი ვისწავლე, სახლში მინდას ვამბობდი და საქართველოს ვგულისხმობდი. ვცხოვრობდით სმოლენკაზე, "დიდი თეატრის" კორპუსში. როცა უკვე 15 წლის გავხდი და მაინც ასე დაჟინებით ვითხოვდი სამშობლოში დაბრუნებას, მშობლებს ეს რატომღაც უკვირდათ, მე კი გულიანად მეცინებოდა: ქართული სიმღერები, ქართული ზღაპრები, ქართული მულტფილმები, ქართველი ახლობლები და ქართული სიტყვა-პასუხი - ამ ყველაფრით სავსე ვიყავი მათივე წყალობით და განა გასაკვირი იყო რაიმე?! ახლაც არ მჯერა, რომ სამშობლოში ვარ! "სახლში" გახლავართ... 17 წელი გავიდა და მაინც არ მჯერა!
მშობლებმა წერა-კითხვა მასწავლეს, ძალიან მომწონდა ქართული ასოები, ვიძახდი: "წ" დედოფალს ჰგავს-მეთქი. დედა და მე ხშირად ვკითხულობდით ჩემს საყვარელ მოთხრობას "იავნანამ რა ჰქმნა?!".
- როგორ გახსენდებათ საქართველოში გადმოსვლა?
- საქართველოში 2005 წელს გადმოვედით. ტრაპიდან ჯერ არც კი ვიყავი ჩამოსული, უკვე ქართული ენის პედაგოგის კაბინეტში ვიჯექი... ეს ლელა მელიქიშვილი იყო, რომელმაც არა მხოლოდ მართლწერა, არამედ ქართულად ფიქრი მასწავლა. შემდეგ, აბიტურიენტობის პერიოდში - ნინო მგალობლიშვილი მასწავლიდა, ის დღემდე ჩემი მფარველი ანგელოზია.
- სამწუხაროდ, საქართველოში ოჯახს დიდი სირთულეები შეგხვდათ...
- სამშობლოში გადმობარგება დიდად მხიარული ვერ აღმოჩნდა. თბილისში მამის პირველი მარშრუტი იყო გრიბოედოვის 8 - თბილისის კონსერვატორია. სურდა, ქართველი სტუდენტებისთვის სიმღერა ესწავლებინა, მდიდარი გამოცდილება გაეზიარებინა. იქ მიიღო პირველი დარტყმა: სამშობლოში დაბრუნებული სახალხო არტისტი კონსერვატორიაში არ მიიღეს ასაკის გამო. ეს ის დრო იყო, როდესაც მაშინდელმა მთავრობამ გამოაცხადა, 40 წლის ხეც კი არ უნდა იდგეს სკოლის ეზოშიო.
მეორე იყო ძლიერი დარტყმა, როცა ახალი ნაყიდი და გარემონტებული სახლი დაგვინგრიეს თაბუკაშვილის 50-ში. ისიც იმდროინდელი მთავრობის სურვილის გამო, ფაქტობრივად - უმიზეზოდ. ზედმეტად მაღალიაო, ამბობდნენ და დღეს ყველასთვის ხილულია, რამხელა ცათამბჯენი დგას იმ ადგილას... ასეთი "თბილი" მიღების შემდეგ მამა ოპოზიციონერი გახდა და წინა მთავრობის "მოშორებაში" დიდი დამსახურება აქვს.
- როგორი იყო შემდგომი წლები?
- სირთულეების მიუხედავად, ბოლო წლები მამამ ბედნიერად - სიმშვიდეში, საყვარელ ოჯახთან ერთად გაატარა. მოასწრო საკუთარ კედლებში შესვლა: სახლში შევჩენკოს ქუჩაზე, რომელიც იმ დანგრეული კორპუსის სანაცვლოდ, 9 წლის შემდეგ აშენდა... ამ სახლში ვცხოვრობთ დღემდე მე და დედა. კონსერვატორიაც გვერდზე მაქვს - ჩემი თავშესაფარი და საყვარელი ადგილი.
- სადაც დიდი წარმატებებიც გქონდათ...
- მთელი ახალგაზრდობა კონსერვატორიაში გავატარე: 2 ფაკულტეტი დავამთავრე - მუსიკის ჟურნალისტიკა და მუსიკის ისტორია. იქ ჩამოვყალიბდი პიროვნულად, შევიძინე და დავკარგე მეგობრები, შევიძინე და შევინარჩუნე ფასდაუდებელი ცოდნა, რომლისაც Google-საც შეშურდებოდა...
კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ შეკვეთით ვწერ სტატიებს ინტერნეტპლატფორმებისთვის, მუსიკასა და ხელოვნებაზე. მაქვს ჩემი "ინსტაგრამ"-გვერდი კლასიკური მუსიკის შესახებ. ვმუშაობ რუსულენოვან ცენტრში კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორად და იქაც ვწერ ხელოვნების სფეროში მოღვაწეების თუ მოვლენების შესახებ. ამ ცენტრში საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ქართველებს მშობლიურ ენას ასწავლიან... პარალელურად, ვთამაშობ თეატრებში: რუსულენოვან "არიონსა" და ქართულენოვან "სივრცის თეატრში". სცენაზე თავს ბედნიერად ვგრძნობ.
მანანა გაბრიჭიძე