როგორ დავიცვათ ბავშვები სექსუალური ძალადობისგან - გზაპრესი

როგორ დავიცვათ ბავშვები სექსუალური ძალადობისგან

ყოველთვის აქტუალური თემაა, თუ როგორ დავიცვათ შვილები სექსუალური ძალადობისგან და როგორ ავარიდოთ ის ტრავმები, რომელიც ამგვარ შემთხვევებს მოჰყვება? ფსიქოლოგ ნინი ჭაჭიასთან საუბრისას შევეცადე, სწორედ ეს მნიშვნელოვანი საკითხი განმევრცო და ყურადღება ბავშვებში სექსუალური ძალადობის პრევენციაზე გაგვემახვილებინა. ბუნებრივია, ასეთი შემთხვევებისგან არავინაა დაზღვეული და არც სრული უსაფრთხოებაა გარანტირებული, თუმცა ვფიქრობ, საინტერესოა იმ რამდენიმე "ოქროს წესის" გაცნობა, რომელიც ძალადობისგან თავის არიდებისთვისაა რეკომენდებული. საუბრის ბოლოს იმითაც დავინტერესდი, ფსიქოლოგის 22-წლიანი სამუშაო სტაჟის განმავლობაში, რომელი შემთხვევები უფრო ხშირია, როცა სექსუალური ძალადობა ოჯახში ხდება თუ მის გარეთ, ანუ როცა მოძალადე სრულიად უცხოა მსხვერპლისთვის.

- ქალბატონო ნინი, დავიწყოთ იქიდან, თუ ვინ და რა ასაკიდან უნდა ესაუბროს ბავშვებს სექსუალური ძალადობის თემებზე?

- მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს 2-3 წლიდან მათთვის გასაგებ ენაზე დავუწყოთ საუბარი "ქვედა საცვლების შესახებ". ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ გავუმახვილებთ ყურადღებას და ავუხსნით, რას ნიშნავს ადამიანის ინდივიდუალობა, სად იწყება და მთავრდება პირადი საზღვრები. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი დავისვათ და გაკვეთილის სახით შევეცადოთ წესების ახსნას, ეს უნდა მოხდეს თამაშებით ან ყოველდღიური რუტინის შესრულებისას. მაგალითად, 3 წლის ბავშვი დამოუკიდებლად ტუალეტში ვერ მიდის, ჩვენ ვეხმარებით და იმ დროს შეიძლება შევახსენოთ, რომ ქვედა საცვლები ფარავს მის პირად, ინტიმურ ნაწილებს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათ ვინმე შეეხოს ან დაჟინებით უყუროს. შესაძლებელია მხოლოდ მშობლისათვის და ისიც მაშინ, თუ ეს დაკავშირებულია ჰიგიენის ნორმების დაცვასთან ან რაიმე ტიპის ჯანმრთელობის საკითხების უსაფრთხოებასთან. ასე ნელ-ნელა და წვეთ-წვეთად მიწოდებული ინფორმაცია პატარებში უკვე აყალიბებს განცდას პირადი საზღვრების არსებობის შესახებ. ასეთი საუბრები შეიძლება წამოიწყოს: დედამ, მამამ, ოჯახის უფროსმა წევრებმა. მაგალითად ჩემი 5 წლის დისშვილი ჩემთან რომ რჩება, ვთამაშობთ ან მისი ჰიგიენის ნორმების მონიტორინგს ვახორციელებთ, სულ ვეკითხები თუ ახსოვს ქვედა საცვლების შესახებ 5 წესიდან, რომელია მეოთხე ან რომელიმე სხვა. ამგვარი თამაშებისას, ისინი უკეთ იაზრებენ ყველაფერს.

- ანუ 5 მთავარი წესი არსებობს, თუ შეიძლება თითოეულს თანამიმდევრობით მივყვეთ...

- პირველი წესია: პირადი პირადია და ხელშეუხებელი. პატარა ბავშვს ვუხსნით, რომ ინტიმური ზონები, მათი ერთ-ერთი პირადი საზღვარია და თუ ვინმე მის გადალახვას მზერით ან შეხებით ცდილობს, ეს დაუშვებელია და ამის შესახებ უნდა აცნობოს მშობელს, ან იმ ზრდასრულ ადამიანს, ვისაც ენდობა; მეორე წესია, არა ნიშნავს არას. ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და ამასთან დაკავშირებით საქართველოში დიდ პრობლემას ვაწყდებით არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ ზრდასრულებთანაც. ჩემი აზრით, ეს ქართველების პრობლემაა, რაც გამოწვეულია დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა მენტალიტეტის გავლენით, სადაც ინდივიდუალიზმი არაფერს ნიშნავდა და ეს ყველაფერი ქცევებში, ლექსიკაში, დამოკიდებულებებშია გამჯდარი... ბავშვს როცა "არას" მნიშვნელობას ვუხსნით, უნდა აღვნიშნოთ, რომ თუკი რაიმე შეთავაზება, მოქმედება, შეხება პატარაში უხერხულობის განცდას იწვევს, ნებისმიერ შემთხვევაში აქვს მას უფლება, თქვას არა, იმ ადამიანებთანაც კი, რომლებიც ძალიან უყვარს. მაგალითად, თუ არ უნდა მისმა რომელიმე ოჯახის წევრმა კონკრეტულ მომენტში აკოცოს ან მოეფეროს, შეიძლება მას უარი უთხრას და ამაში ცუდი არაფერია. ისევე როგორც მაშინ, თუ არ უნდა, ვიღაცას სათამაშო ათხოვოს თუ ეთამაშოს.

- და ეს სრულიად არ არის უხეშობა და უზრდელობა, დიახ. ისე, ხათრის გამო რაღაც მიუღებლის კეთების შემთხვევები მრავლად არის ჩვენში, ხომ?

- დიახ. რაც უფრო პატარები არიან, ამაზე უნდა ვესაუბროთ, რომ სამომავლოდ მეტი შანსია დახვეწონ უარის თქმის გზები. სხვათა შორის, ჩემთან მომმართველთა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომ უკვე ზრდასრულმა ადამიანებმა უარის თქმა არ იციან, რაც ხშირად იწვევს თვითშეფასების დაქვეითებას, ნევროზს, დეპრესიას, ქცევით აშლილობებს, სხვადასხვა დამოკიდებულებას და ა.შ. რაც შეეხება ხათრს, ეს განცდაც იქიდან მომდინარეობს, რომ ჩვენ ყველანი იმ შთაგონებით ვართ გაზრდილი, რას იტყვის ხალხი. ინდივიდუალიზმი სრულიად ჩამქრალია და როცა ზრდასრულები ვხდებით, ამ პრობლემებს ვაწყდებით.

- მესამე წესზე გადავინაცვლოთ...

- შენი სხეული მხოლოდ შენ გეკუთვნის. შენი ნების გარეშე ვერავინ შეგეხება, თუ ეს ჰიგიენის ნორმებს ან სამედიცინო საკითხებს არ უკავშირდება; მეოთხე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესია, რომ არსებობს კარგი და ცუდი საიდუმლო. ის საიდუმლო, რომელიც ბავშვში შიშს, შფოთვას, გაღიზიანებას, დაძაბულობას, უხერხულობის და სხვადასხვა ნეგატიურ განცდას იწვევს, ეს ცუდი საიდუმლოა, ხოლო კარგია ის, რომელსაც მშვიდად იღებ, არ გაწუხებს და ამიტომ შეგიძლია არავის გაანდო. მოგეხსენებათ, მოძალადეები ხშირად იყენებენ ამგვარ წინადადებებს: "ეს ჩვენი საიდუმლოა, არავის უთხრა, არავინ გაიგოს", ამიტომ ბავშვებმა უნდა შეძლონ დეფინიცია და ნეგატიური განცდების დროს, აუცილებლად აცნობონ მშობელს ან ნდობით აღჭურვილ პირს; დაბოლოს, მეხუთე წესი: ილაპარაკე და ყველაფერი მოგვარდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდან ვასწავლოთ, რომ პრობლემების მოგვარება მათი გახმოვანებით იწყება.

seksualuri-zaladoba0-1672035706.jpg

- კი, მაგრამ ნდობის მოპოვება ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად მიმაჩნია. ძალიან ბევრ ბავშვსაც და მოზარდსაც მშობლებთან არა აქვთ გულახდილი საუბრები, მათ ყველაფერს უმალავენ, სოციალურ ქსელებში მშობლებს ბლოკავენ და ა.შ. რამდენად აქტუალურია ეს საკითხი თქვენს პრაქტიკაში?

- სამწუხაროდ, მშობლების მხრიდან შვილებთან არასწორი კომუნიკაცია უფრო ხშირია, ვიდრე პირიქით. სწორედ აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია კომუნიკაციის რა ფორმას ვიყენებთ ბავშვთან ურთიერთობისას. ძალიან ბევრ მშობელს უკვირს, როცა რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ შვილს ინტიმურ საკითხებსა და სხეულის ნაწილებზე პატარაობიდანვე ესაუბროს. თუკი ბავშვი იგრძნობს, რომ მშობლისთვის ტაბუდადებული თემები არსებობს, ეს იმის საფუძველს ქმნის, რომ მშობელთან არ გაიხსნას. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, რომ დიალოგი ადრეული ასაკიდან, ბავშვისთვის გასაგებ ენაზე წარიმართოს და მშობლები დასმულ შეკითხვებსაც არ გაურბოდნენ. 14 წლიდან მოზარდებთან და ზრდასრულ ადამიანებთან ვმუშაობ და ფსიქოლოგები სულ ვამბობთ, რომ ნებისმიერი ფსიქოლოგიური პრობლემა 50%-ით მოგვარებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ადამიანი ხმამაღლა აიდენტიფიცირებს მას. მშობელი ბავშვს ხშირად უნდა უმეორებდეს, რომ მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს და თუკი გრძნობს, რომ მას რამე აწუხებს, ხშირად ჩაეკითხოს, დახმარებას დაჰპირდეს.

- ცალკე საუბრის თემაა, ის პრობლემები, რაც მსხვერპლს სექსუალური ძალადობის შედეგად უჩნდება და ამაზე აღარ გკითხავთ. ამ შემთხვევაში მაინტერესებს, როგორი სურათია თქვენს პრაქტიკაში: მოძალადეებში ბავშვისთვის უცნობი ადამიანები ჭარბობენ თუ ახლობლები?

- სტატისტიკურად თუ შევხედავთ, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ძირითადად, ოჯახის ახლო სოციუმიდან ყველაზე მეტად ზარალდებიან. ეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია... ამაში მხოლოდ ოჯახის წევრები კი არ იგულისხმებიან, არამედ მეზობლები, ნათესავები, მეგობრები, ანუ ძირითადად იმ ადამიანებისგან ხდებიან მსხვერპლნი, ვისაც იცნობენ და მეტ-ნაკლებად ენდობიან. უცხო ადამიანიც "მარტივად" ხდება ნაცნობი, თუ პერიოდულად ავლენს მომავალი მსხვერპლის მიმართ ყურადღებას: ქუჩაში ელაპარაკება, საჩუქრებს აწვდის, ბავშვს უღვივდება განცდა, რომ ის ნაცნობია...

ყველაზე მთავარია, როცა ბავშვი თუ ზრდასრული გვეუბნება, რომ ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლია და ჩვენ ამ ფაქტზე ისეთ გადამეტებულ ნეგატიურ ემოციას გამოვხატავთ სიტყვებით, ეს რა საშინელებაა, ეს რა დაგემართა და მსგავსი ფრაზები, შეიძლება ის კიდევ უფრო დავსტრესოთ და სიტუაცია უარესად დავამძიმოთ. ინფორმაციის არაშესაბამისი რეაქციებით აღქმამ, შეიძლება ბავშვი სრულიად ჩაკეტოს და მან საერთოდ შეწყვიტოს საუბარი ძალადობის აქტის შედეგად წარმოქმნილ ფიზიკურ დაზიანებებზე ან თავის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

- დაბოლოს, ხშირად გვესმის მშობლისგან შვილების დახასიათებისას სიტყვები: ძალიან მიმნდობია, მისი მოტყუება იოლია და ა.შ. ზოგიერთი ბავშვს გამოცდას უწყობს, თუ რამდენად დაუჯერებს და გამოელაპარაკება უცნობს სახლამდე მიყვანის მიზნით, მანქანაში ჩაუჯდება თუ არა და ა.შ. რამდენად მართებულია ასეთი მიდგომა?

- კონკრეტული ქეისების განზოგადება და ამგვარად საუბარი ძალზე რთულია... ასეთ დამოკიდებულებას, უფრო მეტად მშობლების ეგოიზმს ვუწოდებ. საერთოდ, ხშირად გვიჭირს არასასიამოვნო თემებზე საუბარი და ამისგან თავის ასარიდებლად, ალტერნატიული გზების ძიებას ვიწყებთ, რაც ფსიქიკის ერთ-ერთი თავდაცვის მექანიზმია. ზოგადად, მშობლებს ძალიან უყვართ შვილების გამოცდა. ნაცვლად იმისა, რომ მათთან ღია საუბრები და გახსნილი ურთიერთობა ჰქონდეთ, გამოცდებს უწყობენ. ადრე თუ გვიან, ბავშვები ხვდებიან, რომ შორი დაკვირვებისა და შეფასებების ობიექტები ხდებიან და ამის შემდეგ თავს უფრო შორს იჭერენ. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობას, მუდმივ კომუნიკაციას და მტკივნეულ თემებზე ღიად საუბარს. ხშირად ვიმეორებ, რომ იყო მშობელი, ეს ყველაზე რთული და 24-საათიანი "პროფესიაა", ყოველთვის ჩვენი კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეთ და შვილების აღზრდას იმ ჭრილიდან შევხედოთ, თუ რა, როგორი ტიპის კომუნიკაცია სჭირდებათ და მათ თავიანთი უნარების დამოუკიდებლად განვითარებაში შევუწყოთ ხელი.

ანა კალანდაძე