თაღლითური სქემები, რომლითაც ქართველ ემიგრანტებს ძარცვავენ - გზაპრესი

თაღლითური სქემები, რომლითაც ქართველ ემიგრანტებს ძარცვავენ

გადავიხვეწე დასალიერს, წამოვკრიფე ჩემი გატყაული ძონძები, ჯვარი დავსახე შვილს და გავიქეცი, გავეკიდე ტრამალებს, იქნებ სიცოცხლე გადამერჩინა, ჩემიც და შვილისაც, ვერ გავუძელი, გავიქეცი და ნახევარი სიცოცხლე დაგიტოვე! შენ გებარებოდეს ჩემო ცრემლიანო ქალწულღვთაებავ, ჩვენი დაფანტული ერი და მრავალგზის გაყიდული სამშობლო!" - ამ სიტყვებით ანა ბურდულმა ათასობით ქართველი ემიგრანტის გულისთქმა გაახმოვანა. ის სამხრეთ იტალიის ქალაქ რეჯო კალაბრიაში ცხოვრობს. ანას სიკეთეებზე ამ პატარა ქალაქში მცხოვრებმა ქართველებმა მიამბეს... როგორ გახდა ემიგრანტი და რატომ დაიწყო ქართველი ემიგრანტების დაცვა? - ამის შესახებ, ქალბატონი ანა თავად გვიამბობს...

- კახეთში, თეთრიწყაროში ვიზრდებოდი. სკოლის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, იურიდიულ ფაკულტეტზე, მოგვიანებით მეორე პროფესიითაც დავინტერესდი და საღვთისმეტყველო ინსტიტუტში ფსიქოლოგია შევისწავლე. ამავე ინსტიტუტში ლექციებსაც ვკითხულობდი, მაგრამ როცა ჩვენს ქვეყანაში ზოგადი ფონი ძალიან დამძიმდა, მეც, სხვების მსგავსად გადავწყვიტე, ემიგრაციაში წამოვსულიყავი. 2018 წლიდან აქ ვარ - სამხრეთ იტალიაში.

- ყველაზე მთავარი მიზეზი რა იყო, რის გამოც ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტეთ?

- როდესაც სტუდენტები ვიყავით, ხშირად ვსტუმრობდით ბავშვთა სახლებს, იქ მყოფებს ვასწავლიდით და ფსიქოლოგიურ დახმარებასაც ვუწევდით. ასე დავუმეგობრდი ერთ პატარა გოგონას, რომელიც ბავშვთა სახლის დახურვის შემდეგ მე შევიფარე, გავზარდე და დღეს უკვე შვილად მიმაჩნია. მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ამას დაემატა სოციალური პრობლემებიც... ერთადერთი გამოსავალი ის იყო, რომ სამშობლო დაგვეტოვებინა და გვეპოვა ქვეყანა, სადაც ღირსეული შრომით შევძლებდით, ღირსეული ცხოვრება გვქონოდა და მისი ჯანმრთელობისთვისაც მიგვეხედა - ასე აღმოვჩნდით იტალიაში. 6 წელია, რაც აქ ვარ და ვხედავ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც პატიოსან შრომას გიფასებს და ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მის უფლებებს მაქსიმალურად უფრთხილდება.

- როგორც ვიცი, მაქსიმალურად ეხმარებით ახალჩაmoსულ ემიგრანტებს, რომლებმაც არც ენა იციან და არც სამსახური აქვთ.

- დიახ, ყველანაირად ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, ვინც ახლა გადის იმ გზას, რომელიც ჩვენ უკვე გავიარეთ. სამწუხაროდ, ისინი ხშირად ვარდებიან ცუდი ადამიანების ხელში. მე იურისტი ვარ და კარგად ვიცი: როდესაც უცხო ქვეყანაში მიდიხარ, ჯერ ამ ქვეყნის კანონმდებლობას და შრომით სამართალს უნდა გაეცნო. სამწუხაროდ, ემიგრაციაში წამოსვლამდე, ამ საკითხზე თითქმის არავინ ფიქრობს, რის გამოც, ყველაფერი სრულდება ემიგრანტის თაღლითურ ქსელში გაბმით, რომ აRaრაფერი ვთქვათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე. ამას ემატება ენის არცოდნა და უცხო ქვეყანაში არალეგალად ცხოვრება - ეს ყველაფერი ახალბედა ემიგრანტების ფსიქიკაზე ცუდად აისახება.

- დღეს ყველგან კრიზისია და ემიგრანტისთვის საკმაოდ რთულია ნორმალური სამუშაოს პოვნაც. ამ საკითხს ე.წ. დამსაქმებლები წყვეტენ, არა?

- დამსაქმებლებმა იტალიის ყველა ქალაქსა და რეგიონში გაიდგეს ფესვი. ისინი ქირაობენ პატარ-პატარა სახლებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ყოველგვარ ადამიანურ პირობებს მოკლებულია. ერთ პატარა ოთახში შეიძლება ათამდე საწოლიც იდგეს. ემიგრანტებს აკლიათ წყალი, საკვები... ასეთ ბინებში წყლის გადავლება და შხაპის მიღებაც კი პრობლემაა. ერთ საწოლში 8-10 ევროს იხდიან და თანდათან, დამსაქმებლის მოვალეები ხდებიან. ვიდრე სამუშაოს დაიწყებს, ვალი იზრდება. ხშირად, დამსაქმებელი ემიგრანტს ისეთ ოჯახში უშვებს, რომელსაც თვითონ არ იცნობს. იტალიაში ბევრ ქართველ ქალს შინამოსამსახურედ ან მოხუცის მომვლელად - ე.წ. ბადანტედ უწევს მუშაობა. ზოგჯერ ეს მოხუცი აუტანელი ხასიათისაა, ფსიქიკურად დაავადებული ან იმდენად ძუნწი, რომ მომვლელს ლუკმას უთვლის და გათბობას არ ურთავს. ამ პირობებში, 1-2 კვირაზე დიდხანს ვერავინ ძლებს... არის შემთხვევები, როცა "ბადანტეს" ფულს არ უხდიან. არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლები ასეთ ადგილებს რამდენჯერმე ყიდიან და რაც უფრო მეტ ადამიანს გაუშვებენ მძიმე პირობებში, მით მეტი მოგება რჩებათ... ამ სქემის წყალობით, ვინ იცის, რამდენი ემიგრანტი დაზარალდა, ამიტომ ასეთი ვითომ დამსაქმებლების გამომზეურება და მათი გვარ-სახელების საჯაროდ გამოცხადება ჩემს მთავარ მიზნად ვაქციე. უმწეო ადამიანებს ბოლომდე ტყავს აძრობენ.

ana-3-copy-1672037254.jpg

- როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელმაც ენა არ იცის, საქართველოდან ახალი ჩამოსულია და არავის იმედი არა აქვს?

- წესით და რიგით, საქართველოს საელჩოს უნდა დაუკავშირდეს და ასეთი ვაი-დამსაქმებლის ვინაობა აცნობოს ფოტო და ვიდეომტკიცებულებებით. როცა ეს თაღლითები რამდენიმე ქალაქში საკადრისად დაისჯებიან, მერე უკვე ყველა რეგიონში გაუჩნდებათ შიში და ასეთი მახინჯი, ვერაგული გზებით ფულის შოვნას შეწყვეტენ. მესმის, რომ ადამიანს დაეხმარო და ოჯახში სამუშაოდ შეიყვანო, მერე შეიძლება ამ ადამიანმა საჩუქარიც გაგიკეთოს, მაგრამ ასე ამუშაო და ერთი თვის მერე, ხელფასის ნაწილი წაართვა? - ეს დიდი უსამართლობაა. სწორედ ასეთი ხალხის დამსახურებაა, რომ ბევრი ემიგრანტი დაავადდა, ბევრმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე და ამის მიზეზი არ ხმაურდება... ეს იმდენად რთული, მტკივნეული თემაა, რომ მასზე ლაპარაკი მიჭირს.

- გამოდის, რომ ბოროტად სარგებლობენ ემიგრანტთა უმწეო მდგომარეობით?

- ეს ცხადია. როცა შეგიძლია უკანონოდ ისარგებლო ვიღაცის ფულადი შემოსავლით, როცა ისეთ სამუშაო ადგილზე გაუშვებ და ჩატოვებ, სადაც მისი სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაა, ამას რა უნდა ვუწოდოთ? აქაურ პრობლემებს ისიც ემატება, რომ ემიგრანტების უმეტესობას საქართველოში ბანკის ვალი აქვს, ზოგს სახლ-კარი აქვს ჩადებული, წამოსულები არიან ავადმყოფების სამკურნალოდ, მათთვის წამლების შესაძენად და მგზავრობაშიც სამმაგი ფასი აქვთ გადახდილი; არის ხალხი, რომელიც 300-ევროიან ბილეთებს 1.200 ევროდ ყიდის. ზოგი დამატებით 400 ევროს სთხოვს და ჰპირდება, რომ ამ ფულის სანაცვლოდ, ჩამოსვლისთანავე მუშაობას დააწყებინებს. ეს დაპირება უმეტესად არ სრულდება. ამიტომ უნდა იცოდეს ადამიანმა, სად მიდის და ვის ენდობა... ძალიან ბევრი მოტყუებული ემიგრანტი შევიფარეთ ქუჩიდან, რომელიც სხვის დაპირებას ენდო. ბევრი უკან დაბრუნდა და მათი გზის ფული აქ მცხოვრებმა ქართველებმა შევაგროვეთ! იმაზე ფიქრიც კი არ მინდა, რამდენი გულგახეთქილი ემიგრანტი დაიბრუნა საქართველომ! ეს ხალხი თავიდან ბოლომდე თაღლითობისa და ფინანსური მაქინაციის მსხვერპლია და მაინც ბოლო "კაპიკებს" უგზავნის ახლობლებს...

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობასა და ქართულ ემიგრაციას შორის არ არის ისეთი კონტაქტი, როგორიც უნდა იყოს. იტალიაში ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს და ხომ შეიძლება ყველა რეგიონში პატარ-პატარა ოფისი გავხსნათ, სადაც იმუშავებს ერთი ექიმი, ერთი იურისტი და თარჯიმანი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებებს დაიცავს? მათ უნდა შეძლონ კანონიერი თავდაცვა ისეთი შემთხვევებისგან, რის გამოც მათი ჯანმრთელობა ზიანდება, ზოგჯერ კი მათი სიცოცხლე ლეტალურად მთავრდება.

- ბოლო ხანებში მომხდარ, რომელიმე განსაკუთრებულ შემთხვევას ხომ ვერ გაიხსენებთ?

- ახლაც, ვიდრე თქვენთან საუბარს დავიწყებდი, დამირეკა ქალბატონმა, რომელიც სიცრუისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა: დამსაქმებელმა მოტყუებით შეიყვანა ოჯახში, სადაც დახვდა ცოლ-ქმარი - ასაკიანი ქალი და მისი ქმარი, რომელიც ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი იყო. ცოტა ხანში შენიშნა, რომ მამაკაცი მის მიმართ სექსუალურ აგრესიას ამჟღავნებდა. რა თქმა უნდა, წამოსვლა დააპირა, ორი კვირა უკვე გასული იყო და წესით, ამ ორი კვირის ხელფასი უნდა მიეცათ, მაგრამ ცოლ-ქმარმა განუცხადა, რომ ეს ფული მისმა დამსაქმებელმა აიღო. ბოლოს სახლიდან გამოუშვეს, რის გამოც ჩვენ მოგვმართა. მან ტელეფონით ჩაწერილი ვიდეომასალაც მაჩვენა, სადაც "ბაბუა" მისკენ ხელით იწევდა და უყვიროდა, - რა ფულს ითხოვ, წადი ჩვენი სახლიდანო. ჩვენი ჩარევის შემდეგ ამ ქალბატონს კუთვნილი თანხა მისცეს. ამ დღეებში ჩვენი გუნდის წევრმა კიდევ ერთ დაზარალებულ ემიგრანტს გადასცა კუთვნილი თანხა...

ჩვენი მთავრობა უკვე დაღუპული ემიგრანტების გადასვენებაზე ზრუნავს და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ხომ შეიძლება ცოცხლებზეც იზრუნონ?! ამანათი რომ გაგზავნო, ისიც კი გახსნილი ჩადის: ამას წინათ ჩემი ამანათიდან ტანსაცმელი იყო ამოღებული და ვერავინ დაადგინა, სად წავიდა ან ვინ აიღო... არ ვიცი, ამას ვინ სჩადის და ჩვენს უფლებებს საქართველოში რატომ არ იცავენ?!

- თქვენ როდის გადაწყვიტეთ, რომ ქართველი ემიგრანტების უფლებები დაგეცვათ და როგორ ახერხებთ ამას?

- აქ რომ ჩამოვედი და ჯერ ენაც კი არ ვიცოდი, ერთი შუახნის ქალბატონი დამეხმარა: სწორედ მან მიმიყვანა არაჩვეულებრივ ოჯახში, რომელსაც დამხმარე სჭირდებოდა. აუხსნა ოჯახს, რომ იტალიური არ ვიცოდი, მაგრამ ორი ფაკულტეტი მქონდა დამთავრებული და ენასაც მალე ვისწავლიდი. სწორედ მისი შუამდგომლობით მიმიღო იმ პატიოსანმა, შეძლებულმა და კარგმა ოჯახმა. ის მე აბსოლუტურად უანგაროდ დამეხმარა, როგორც ქართველი - ქართველს. პირველად სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ მომავალში მეც ასე მოვიქცეოდი. სწორედ ამ მიზნით შევქმენით ვებგვერდი "1+1", სადაც სამუშაო ადგილებს სრულიად უანგაროდ ვაქვეყნებთ. თითოეული ჩვენი წევრი თითო ვაკანსიას პოულობს და მერე ამ გვერდზე ვდებთ. ძალიან ენერგიული და კარგი გუნდი შეიკრა. ახლა ერთად ვიბრძვით უსამართლობის წინააღმდეგ.

ხათუნა ჩიგოგიძე