"ეს პატარა ქალაქი იმიტომ ამოვარჩიე, რომ ის საქვეყნოდ განთქმულია ყველაზე ლამაზი ქალებით" - გზაპრესი

"ეს პატარა ქალაქი იმიტომ ამოვარჩიე, რომ ის საქვეყნოდ განთქმულია ყველაზე ლამაზი ქალებით"

ქართული კულტურის აღიარებას საზღვარგარეთ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის და ალბათ ამიტომ, განსაკუთრებული ხელშეწყობა და მხარდაჭერა სჭირდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ და მხოლოდ ენთუზიაზმით აკეთებენ კარგ საქმეს. ლაშა გასვიანი 4 საინტერესო კვლევის ავტორი გახლავთ. ის, რასაც მისგან შევიტყობთ ქართული კულტურის შესახებ, აქამდე უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის. როგორც თავად გვითხრა, საქართველოსა და ქართული კულტურის მიმართ უპირობო სიყვარული ოჯახმა ასწავლა.

- მამა, გელა გასვიანი ცნობილი ექიმი, ქირურგი იყო, უროლოგიის ეროვნულ ცენტრში მუშაობდა და მთელი ცხოვრება სხვებზე ზრუნვას შეალია. ძალიან უყვარდა ხელოვნება. არაჩვეულებრივად უკრავდა როგორც ქართულ ხალხურ, ისე ბევრ სხვა ინსტრუმენტზეც - გიტარა, აკორდეონი, ფორტეპიანო. საუცხოო ხმა ჰქონდა და ახალგაზრდობაში ცნობილი ლოტბარის, ჯოკია მეშველიანის ფოლკლორულ ანსამბლშიც მღეროდა. არა მარტო მამა, მთელი ოჯახი ვმღეროდით. ბებია დედას მხრიდან, ელეონორა ზაქარია ჭიჭინაძის შთამომავალი გახლდათ. წითელი ბოლშევიკებისაგან ოდესღაც გაკულაკებული თავადების ოჯახში აღზრდილმა, სათანადო უმაღლესი განათლების მიღება მაინც შეძლო. მისი მეუღლე, შოთა დანელია ცნობილი იურისტი იყო და სხვადასხვა დროს მაღალ საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებდა. მამის მხრიდან ბებია ლეჩხუმელი დარბაისელი ქალი - ლოლა დავითულიანი იყო, ხოლო ბაბუა, პიმენ გასვიანი განათლებით ფილოლოგი გახლდათ. სწორედ ჩემმა ოჯახმა შემაყვარა მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურა და ჩემი ქვეყნის ისტორია. მე პროფესიით დიპლომატი ვარ. წარჩინებით დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვფლობ მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.

პარალელურად ვსწავლობდი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მესამე მუსიკალურ სასწავლებელში, სოლო ვოკალზე. შესაბამისად, კლასიკური მუსიკა ძალიან მიყვარს და კარგადაც ვერკვევი. რამდენიმე წლის წინ ინტერნეტში, სრულიად შემთხვევით ვნახე აფიშა, რომელზეც ფრანგულად ეწერა "ქართველი ქალები", რამაც ჩემში დიდი ინტერესი გამოიწვია და დავიწყე ინფორმაციის მოძიება. სამწუხაროდ, ქართულ სივრცეში რომ ვერაფერი ვნახე, გადავწყვიტე, ეს თემა ევროპულ არქივებში მეკვლია. უნდა აღვნიშნო, რომ ევროპაში ძალიან მოწესრიგებული ელექტრონული არქივები და ბიბლიოთეკები აქვთ, აქედანაც შეიძლება სასურველი ინფორმაციის მოძიება. მოვიძიე XIX საუკუნის გაზეთები, სადაც რეცენზიები დაიბეჭდა და ვთარგმნე ქართულად, ასევე აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში მივაკვლიე და სხვა მასალებიც გადმოვწერე. ერთი სიტყვით, სამეცნიერო მუშაობა გავწიე და თითქმის ყველა ინფორმაცია შევაგროვე XIX საუკუნის ცნობილი ფრანგი კომპოზიტორის, ჟაკ ოფენბახის ფრანგული ოპერა-ბუფას "ქართველი ქალების" შესახებ.

ეს არის სამმოქმედებიანი მუსიკალური კომედია საყოფაცხოვრებო თემაზე, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა. ბუფონადას ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირია ფაშა როდოდენდრონი. ოსმალეთის უძლეველი სულთანი გადაწყვეტს, თავისი ჰარამხანა ლამაზი ქალებით შეავსოს. ქართველი ქალები სილამაზითა და მშვენიერებით არიან განთქმული. ამიტომაც ფაშა 32 სპილოსა და ამდენივე თავზე ხელაღებულ მეომართან ერთად საქართველოში, ქალაქ ჯეგანისკენ გაემართება. ამ დროს ქართველებს რთველი აქვთ გაჩაღებული. სიმღერ-სიმღერით კრეფენ და ხოტბას ასხამენ ყურძნის ბარაქიან მოსავალს, როცა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეიტყობენ. მტერთან საომრად 150 მამაკაცი გაეშურება, გზად კი შიში დაეუფლებათ. როდოდენდრონი ამბობს, ეს პატარა ქალაქი იმიტომ ამოვარჩიე, რომ ის საქვეყნოდ განთქმულია ყველაზე ლამაზი ქალებით, რომელთაც სულელი კაცები ჰყავთ და ამის გამო, მშვენიერი ქალების იოლად მოპოვების იმედი მაქვსო, მაგრამ ქალები ქალთა მთავრობას ჩამოაყალიბებენ და მთავარსარდლად ფეროზას აირჩევენ, აბჯარს ჩაიცვამენ და ხელში იარაღს მოიმარჯვებენ. მრავალი დრამატული პერიპეტიების შემდეგ, ქალების გონიერების წყალობით, მათი ქმრები მტერს საბოლოოდ დაამარცხებენ და საარაკო გამარჯვებას მოიპოვებენ. ასეთია ოპერა-ბუფას მოკლე შინაარსი. ნაწარმოები ფეროზას ოპტიმისტური სიმღერით მთავრდება, რომელიც მომავალ მტრებზეც გამარჯვების პათოსითაა განმსჭვალული.

ლიბრეტოს ავტორია ფრანგი მწერალი და დრამატურგი ჟიულ მუანო, რომელსაც დახმარება მისმა მეგობარმა, დიდმა ფრანგმა მწერალმა ალექსანდრე დიუმამ გაუწია. როგორც იცით, 1858-1859 წლებში დიუმამ კავკასიაში იმოგზაურა და მცირე ხნით საქართველოშიც იმყოფებოდა. თბილისში ექვს კვირაზე მეტხანს დაყო, თბილისის გოგირდის აბანოებს ხშირად სტუმრობდა და ამასობაში, ჩვენი ქალაქის ცხოვრებაც კარგად შეისწავლა. ოპერა-ბუფას მეორე აქტის პირველ სცენაში არის საყურადღებო მომენტი: მტერთან ბრძოლაში დაჭრილ-დასახიჩრებულ ქმრებს ქალები აბანოში ცხელი წყლით მკურნალობენ. წარწერაც კი ფიგურირებს: "აქ ჩვენ წყლით ვმკურნალობთ". ვფიქრობ, ეს პასაჟი ნაწარმოებში დიუმას გავლენით შევიდა. მთავარ მოქმედ გმირებს საქართველოში გავრცელებული ან მიმსგავსებული სახელები ჰქვიათ: ნანი, მელანო, მირზა, ფატიმე... საკვირველი სულაც არ არის, რომ მუსიკალურ თხზულებაში ხაზი იყო გასმული ქართველი ქალების მომაჯადოებელ სილამაზესა და გონიერებაზე, მებრძოლ სულისკვეთებაზე.

პრემიერა პარიზის "თეატრე დე ბუფე პარიზიენში", შუაზელის დარბაზში, 1864 წლის 16 მარტს გაიმართა და უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. 20 მარტს გაზეთში "რევიუ მუზიკალე დე პაღი" გამოქვეყნებული რეცენზიის თანახმად, პრემიერას ალექსანდრე დიუმაც ესწრებოდა. ნაწარმოებს გაზეთი "ნიუ-იორკ ჰერალდი" შემდეგი ეპითეტებით მოიხსენიებს: "ოფენბახის შედევრი", "გამაოგნებელი სანახაობა", "ბრწყინვალე სცენარი", "სრულიად ორიგინალური მუსიკა", "ნამდვილი სენსაცია"... სპექტაკლში მსოფლიოში აღიარებული ათი საუკეთესო პრიმა-ბალერინაც მონაწილეობდა. პარიზის გარდა, იგი ასევე დაიდგა ვენაში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ბრესლაუში, ბრიუსელში, სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვში, ნიუ-იორკსა და ლონდონში. დაბოლოს, მისი პრემიერა საქართველოშიც გაიმართა - ოფენბახის "ქართველი ქალების" მუსიკა თბილისის საოპერო თეატრის 1877-1878 წლების სეზონზეც გაჟღერდა. იმდროინდელი თბილისი ევროპული ქალაქი იყო. დიუმა ამბობდა კიდეც, რომ თბილისი ევროპულ დიდ ქალაქებს მხოლოდ 2 კვირით ჩამორჩებაო.

ეს კვლევა საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალში "მუსიკა" გამოქვეყნდა. რედაქტორის მოადგილე გახლდათ მზია ჯაფარიძე. სამწუხაროდ, ეს ჟურნალი კულტურის მინისტრმა დახურა. 2 კვლევის გამოქვეყნება მოვასწარი და შემდეგი 2 გამოუქვეყნებელი დამრჩა. ჟურნალი მცირე ტირაჟით გამოდიოდა და ვიწრო წრეში ვრცელდებოდა. გამოდის, რომ ფართო საზოგადოებამ არ იცის ამ კვლევების შესახებ. არადა, ეს არის ექსკლუზივი. ყველა მეკითხება, რა წყაროებსა და მასალებზე დაყრდნობით მოვიპოვე ინფორმაციები. სამწუხაროდ, არავინ დაინტერესებულა. იმედია, ოდესმე ხელისუფლებაში მოვა ის ხალხი, ვინც მიხვდება ამ კვლევების მნიშვნელობას. უნდა ვთქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა კულტურის სფეროში სიახლეებს. კი ბატონო, სირთულეები იყო, მაგრამ არც ახლაა უკეთესობა და როგორც სხვა ბევრი, მეც ვფიქრობ ქვეყნიდან წასვლაზე. როგორც იტყვიან, მართლა ნაცრიდან ამოვიღე მასალები და სანაცვლოდ მივიღე სრული უყურადღებობა. საზღვარგარეთიდან დამიკავშირდნენ, ერთმა ცნობილმა ჟურნალმა მთხოვა ინტერვიუ, მაგრამ რაკი ჯერ აქ არ იყო გაჟღერებული, უარი ვუთხარი, ახლა კი ვფიქრობ, შევცდი. როგორც გითხარით, მამამ ჩემი ქვეყნისა და კულტურის სიყვარულით გამზარდა და ეს ვერ გავაკეთე. სხვათა შორის, პრეზიდენტთანაც აღმოჩნდა ინფორმაცია "ქართველი ქალების" შესახებ, მაგრამ არავითარი ყურადღება არ ყოფილა. არადა, ეს ხომ ეპოქალური მნიშვნელობის ამბავია...

ზუსტად ვიცი, დრო გავა და ჩემი კვლევები ბევრი კარგი წამოწყების საფუძველი გახდება. სხვათა შორის, "ქართველი ქალების" საორკესტრო პარტიტურასაც მივაგენი, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფლად შეიძლება დიდ სცენაზე მისი გაცოცხლება. პრემიერიდან, არც მეტი, არც ნაკლები, 158 წელი გავიდა და ამდენი ხნის შემდეგ თბილისში კვლავ რომ დაედგათ ეს სპექტაკლი, ხომ ხვდებით, რამხელა რეზონანსი ექნებოდა მსოფლიოში? მხოლოდ სათაური - "ოფენბახის ქართველი ქალები საქართველოში დაბრუნდა" საკმარისი იქნებოდა მსოფლიო კლასიკური მუსიკის სამყაროს ყურადღების ეპიცენტრში აღმოსაჩენად.

les-georgiennes-1864-clis-premieris-apisha-1672038012.jpg

- თქვენ თარგმნეთ 58 წლის წინ ამერიკაში, ჩიკაგოს რადიოში ჩაწერილი ინტერვიუ ცნობილ რუს-ამერიკელ კომპოზიტორთან, ალექსანდრ ჩერეპნინთან, რომელიც 1917-1920 წლებში თბილისის კონსერვატორიაში სწავლობდა და საინტერესოდ იხსენებს საქართველოში გატარებულ დროს.

- დიახ, ეს ინტერვიუ კომპოზიტორს ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა, ჩიკაგოს საპატიო მოქალაქემ, სტადს ტერკელმა 1962 წელს ჩამოართვა. ჩერეპნინი, დედ-მამასთან ერთად თბილისში რამდენიმე წელი ცხოვრობდა. მისი მამა, ასევე ცნობილი კომპოზიტორი ნიკოლაი ჩერეპნინი, თბილისის კონსერვატორიის პირველი რექტორი იყო. მათ ძალიან უყვარდათ საქართველო და არაერთ დიდ ქართველ ხელოვანთან ახლო მეგობრობაც აკავშირებდათ, თუნდაც ზაქარია ფალიაშვილის დასახელება რად ღირს. შეიძლება ჩერეპნინები კიდევ დიდხანს დარჩენილიყვნენ ჩვენს ქვეყანაში, რომ არა ბოლშევიკების წითელი არმიის შემოჭრა და 1921 წელს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. სამწუხაროდ, ისინი იძულებულნი გახდნენ ახლად დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დევნილ მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში გამგზავრებულიყვნენ და თავიანთი ბედი საფრანგეთში ეძიათ. წლების შემდეგ, ალექსანდრ ჩერეპნინი საქართველოს მაინც ესტუმრა, როცა 1967 წელს ტურნეთი მოგზაურობდა საბჭოთა კავშირში. ზემოაღნიშნულ ინტერვიუში კომპოზიტორი ამბობს, რომ ძალიან იყო დაინტერესებული ქართული ხელოვნებითა და მუსიკით, განსაკუთრებით ქართული ხალხური, ტრადიციული პოლიფონიითა და საეკლესიო საგალობლების სიღრმისეული შესწავლით, რომელიც, მისი აზრით, აბსოლუტურად განსხვავდება რუსულისაგან. ტერკელთან საუბარში ჩერეპნინი სიამaყით აღნიშნავს, რომ ქართული მუსიკა მისი ორგანული ნაწილი თავიდანვე გახდა და საკუთარ შემოქმედებაშიც ხშირად იყენებდა. გარდა ამისა, კომპოზიტორი ქართულ ფოლკლორულ ცეკვაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ქართველი კაცები, ცეკვის დროს, მოხდენილები და ცეცხლოვანები არიან. ხმამაღალი ყიჟინით ერთმანეთს ხანჯლებით ერკინებიან და ისეთი დიდი გრძნობით ცეკვავენ, რომ ირგვლივ ყველა გზნებით ივსებაო.

ამ ინტერვიუს შესახებ ქართველმა საზოგადოებამ ათეული წლების განმავლობაში არაფერი იცოდა. სწორედ ამიტომ გამიჩნდა სურვილი, მეთარგმნა იგი, რათა ქართული ხელოვნებითა და მუსიკით დაინტერესებულ საზოგადოებასაც ჰქონოდა საშუალება გასცნობოდა მას. საინტერესოა, რომ ჩერეპნინი, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, დიდი ენთუზიაზმით საუბრობს ბალეტზე "შოთა რუსთაველი", რომლის პრემიერა 1946 წლის 5 მაისს, მონტე-კარლოს საოპერო თეატრში გაიმართა. საცეკვაო ხელოვნების ეს ნამდვილი შედევრი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა კლასიკოსმა მოცეკვავემ და ბალეტმაისტერმა, თითქმის 30 წლის მანძილზე პარიზის გრანდ ოპერის საბალეტო დასის ხელმძღვანელმა, უკრაინული წარმოშობის დიდმა ხელოვანმა, სერჟ ლიფარმა დადგა.

alexander-tcherepnin-and-studs-turkel-chicago-radio-1672038026.jpg

- და თქვენი მომდევნო კვლევის საგანიც სწორედ ეს თემა გახდა.

- დიახ, თუმცა, ჯერჯერობით ეს ნაშრომი გამოუქვეყნებელი მაქვს. ნაშრომი საკმაოდ ვრცელი, 165-გვერდი გამოვიდა. ძალიან მინდა გამოჩნდეს სპონსორი და წიგნად გამოიცეს. უნდა აღვნიშნო, რომ კვლევა-ძიებისას მოვიპოვე უნიკალური ფოტოები უშუალოდ სპექტაკლიდან, რომლებიც საქართველოში და ზოგიერთი მათგანი მსოფლიოშიც კი პირველად გამოქვეყნდება. ფოტომასალას მივაკვლიე შვეიცარიის საშემსრულებლო ხელოვნების არქივში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი ფართო საზოგადოებას არასდროს უნახავს. ასევე, მოვძებნე 94 წლის ქალი პარიზში, ბალერინა ელენ ტრაილინი (მისი ძმა, ბორის ტრაილინი ბალეტში ვეფხვის პერსონაჟს ასახიერებდა), რომელიც 80 წლის წინ ესწრებოდა პრემიერას. ქალბატონმა ტრაილინმა პირადი საოჯახო ფოტოარქივიდან უნიკალური ფოტოც გამომიგზავნა, რომელიც არსად გამოქვეყნებულა. ამ საკითხთან დაკავშირებით, უმალვე მივწერე საქართველოს საელჩოს წარმომადგენელს პარიზში, იქნებ ეს ქალბატონი ვიდეოფირზე აღბეჭდოთ-მეთქი, მაგრამ ამაოდ. არაერთი სტატია ვთარგმნე, სხვადასხვა წიგნიც მოვიძიე და ვერ წარმოიდგენთ, ამ ბალეტს როგორი შეფასება ჰქონდა: გიგანტური ბალეტი, მდინარე ბალეტი, ზღაპარი ზღაპარში, ქორეოგრაფიული შედევრი, რომელიც ცეკვის ისტორიაში ღრმა კვალს დატოვებს, ნაწარმოები, რომლითაც ლიფარმა კლასიკური საბალეტო ცეკვის ლექსიკონი განავრცო და ა.შ. სხვათა შორის, მინდა სიამაყით ვთქვა, რომ ბალეტ "შოთა რუსთაველის" საორკესტრო პარტიტურასაც მივაგენი, იგი გადარჩენილია და მისი დიდ სცენაზე გაცოცხლებაც თავისუფლად შეიძლება, თუ რა თქმა უნდა, ამისი სურვილი ვინმეს გაუჩნდება.

- თქვენი კიდევ ერთი საინტერესო კვლევა ეხება პანტომიმას - "რენეგატი და უმშვენიერესი ქართველი ქალი".

- დიახ, ეს გახლავთ ფრანგული რაინდული პანტომიმა, რომელიც 1812 წელს პარიზში დაიდგა. ნაწარმოების ლიბრეტოს ორიგინალს დიდი ბრიტანეთის "ვორვიკის" ბიბლიოთეკაში მივაკვლიე, რომლის ასლი პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაშიც ინახება. მის თარგმანზე მუშაობა ახლახან დავასრულე. მაშინდელ ევროპაში, პანტომიმა, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი ჟანრი, ძალიან პოპულარული იყო. XIX საუკუნის პარიზში გამოიცემოდა გაზეთი "იმპერია", რომელსაც ევროპულ ელექტრონულ არქივებში მივაკვლიე და 1812 წელს, სწორედ იქ დაიბეჭდა, რომ ნოემბერში, ზემოაღნიშნული პანტომიმის პრემიერა გაიმართებოდა. ამბავი მოგვითხრობს ქართველი ქალის, ალდინას შესახებ, რომელიც პალესტინაში, უძლეველი სულთან სალადინის (თამარ მეფის თანამედროვე იყო) ჰარამხანაში მონად გაყიდეს და მთელი მოქმედებაც მის ირგვლივ დრამატულად ვითარდება. ნაწარმოების კულმინაციურ ეპიზოდში, რომაული ამფითეატრის სცენაზე ალდინას და მის სატრფოს, ფრანგ ჯვაროსან რაინდ სენ-ამანს ველურ მხეცებს მიუგდებენ შესაჭმელად, თუმცა, მოულოდნელად, ვითარება მათ სასიკეთოდ შეიცვლება და საბედნიეროდ, ორივე გადარჩება.

ნინო ჯავახიშვილი