„იმდენად ასოციალური ვიყავი, რომ მერჩივნა უკანა რიგებში ვმჯდარიყავი“ - გზაპრესი

„იმდენად ასოციალური ვიყავი, რომ მერჩივნა უკანა რიგებში ვმჯდარიყავი“

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და დადებითი პიროვნება პედაგოგი ბიჭიკო ოჩიგავაა. მისი მსუბუქი იუმორი, პოზიტიური დამოკიდებულებები ყველასთვის მისაღებია. სპეციალობით ჟურნალისტმა რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და ინგლისური ენისა და სპორტის მასწავლებლის ამპლუაში მალე დაიმსახურა საყოველთაო სიყვარული. ბიჭიკო კარგი მთხრობელია. მან ჟურნალისთვის - „გზა“ მიცემულ ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა.

ბავშვობა და სკოლა

- 90-იანი წლების თაობა ვარ და ჩემი ბავშვობაც ამ პერიოდის შესაბამისი იყო: ნაცრისფერი, უღიმღამო და არაფრით გამორჩეული. ისევე, როგორც ჩემი თანატოლების უმრავლესობას, ძალიან ბევრი რამ მენატრებოდა. მართალია, ტანსაცმელი და საჭმელი არასდროს მაკლდა, თუმცა ბავშვისთვის მნიშვნელოვანი სხვა ღირებულებების დეფიციტს ნამდვილად განვიცდიდი. ეკონომიკურად არ გვილხინდა. კვირაში ერთხელ თუ ოცთეთრიან ფუნთუშას ვიყიდდი, ის დღე აუცილებლად დღიურში ჩასანიშნი იყო, ლიმონათის ყიდვა კი სრული ბედნიერება გახლდათ. მახსოვს, როგორ მინდოდა მაგნიტოფონი მქონოდა (მუსიკალური ცენტრი) და ბავშვობის ეს ნატვრა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ავიხდინე. პირველი ტელეფონი თვრამეტი წლის ასაკში ჩემმა უმცროსმა ძმამ მაჩუქა. სიმღერა ყოველთვის მიყვარდა. ჩვენს ეზოში კარალიოკის ხე იდგა, რომელზეც ვძვრებოდი და უბნის გასაგონად ხმამაღლა ვმღეროდი. ამოჩემებული სიმღერაც მქონდა: "ქალს, მშვენიერ ქალს“. მომღერლებისა და მსახიობების პოსტერებს ვაგროვებდი. ლარიანი „ოსკარი“ რომ მეყიდა, ფულს სამი კვირა ვაგროვებდი. ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ალბათ, ამ ყველაფერსაც თავისებური ხიბლი ჰქონდა.

რაც შეეხება სკოლის პერიოდს, ცუდად არ მახსენდება, თუ არ ჩავთვლით იმ პერიოდისთვის დამახასიათებელ საერთო ინფრასტრუქტურულ სურათს და შავ-თეთრ დღეებს საკლასო ოთახებში: ყინვა, ქარი, წვიმა, ღუმელი და კვამლი. გათოშილი სხეული. სახლებიდან ზურგით მოზიდული შეშა.

ცუდი მოსწავლე არ ვყოფილვარ. არც არაფრით გამორჩეული, თუმცა რადიკალურად განსხვავებული იმისგან, როგორიც დღეს ვარ. იმდენად ასოციალური ვიყავი, რომ მერჩივნა უკანა რიგებში ვმჯდარიყავი. გაკვეთილი რაც უნდა მომზადებული მქონოდა, მერჩივნა ინიციატივა არ გამომეჩინა. არ ვიცი, რატომ მქონდა ამის კომპლექსი. სკოლა ისე დავამთავრე, ჩემი აქტიურობა არავის უნახავს.

უნივერსიტეტი...

- სტუდენტობის წლები არცთუ კარგად მახსენდება. მომთაბარე ცხოვრება მქონდა. ოთხი წელიწადში უამრავი საცხოვრებელი გამოვიცვალე. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე. ისევე, როგორც სკოლაში, უნივერსიტეტშიც იმდენად შეუმჩნეველი ვიყავი, რომ ხშირად თავი უჩინარი მეგონა. არ მახსენდება არც ერთი ფაქტი, კურსელებთან რაიმე იდეით წარვმდგარიყავი. თითქმის არასდროს ვმონაწილეობდი მათ შეკრებებში: იქნებოდა ეს ექსკურსია, კაფე თუ ა.შ. ჩემი ასოციალურობის და ინტროვერტობის ფონზე ალბათ, არც იქნება გასაკვირი იმის თქმა, რომ ბოლო კურსზე ბანკეტმაც უჩემოდ ჩაიარა. რაც შეეხება აკადემიურ მოსწრებას, ვცდილობდი, აქტიური ამ მხრივ მაინც ვყოფილიყავი, თუმცა არ მახსენდება რაიმე სერიოზული მიღწევები მქონოდა. მახსოვს, მესამე კურსის ბოლოს ერთ-ერთი ფინალური გამოცდიდან გამოსული, ისევ აუდიტორიაში შევბრუნდი და ლექტორს დემოტივირებულმა ვუთხარი, რომ ჟურნალისტიკა არ უნდა ამერჩია მომავალ პროფესიად. გაოცებული მიყურებდა. მე კი ვუმტკიცებდი, რომ არც წერა მეხერხებოდა და ვერც ჩემი ხმის ტემბრით დავიკვეხნიდი. მეოთხე კურსის ბოლომდე მჯეროდა, რომ პროფესიის შერჩევისას მწარედ შევცდი, თუმცა ბოლოს ამ პროფესიის პრაქტიკულმა ნაწილმა იმდენად მომხიბლა, რომ წარმოდგენები ნელ-ნელა შემეცვალა. საკურსო ნაშრომის ფარგლებში გაზეთი "ახალი გზა“ დავაარსეთ. ჩემი პირველი რესპონდენტი სოფო ხალვაში გახლდათ, მორიგი ინტერვიუ კი თბილისში, აქციების ეპიცენტრში მანანა ნაჭყებიასთან შედგა. ვფიქრობ, ამ ყველაფერმა დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემს თვითშეფასებაში.

მასწავლებლობა...

- სკოლაში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი და ჩემი სრული გარდასახვა სწორედ მასწავლებლობას უკავშირდება. დღემდე მწამს, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი და კოლეგების გვერდში დგომამ თვითრწმენა შემმატა. სკოლაში მისვლის პირველივე დღიდან დავიწყე ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე, რათა სასკოლო საზოგადოებისთვის მოლოდინები გამემართლებინა და ამ სფეროში საკუთარი თავი დამემკვიდრებინა. ვფიქრობ, ეს მოვახერხე. მასწავლებლობა მსახიობობას ჰგავს და უკვე მეცხრე წელია, მეც ამ როლის მორგების პროცესში ვარ, თუმცა ვფიქრობ, რომ ბოლომდე მაინც ვერ მოვირგე. მსახიობობაში ცხადია, ყალბ დამოკიდებულებებს არ ვგულისხმობ. იყო მასწავლებელი, ეს დიდი ხელოვნებაა. მოერგო განსხვავებულ ინდივიდებს, უკანა მხარეს გადასწიო პირადი განცდები, დამოკიდებულებები და საკლასო ოთახში ისევე, როგორც გადასაღებ მოედანზე იყო ისეთი, როგორიც მოცემულ ადგილსა და მოცემულობაში მნიშვნელოვანია, ნამდვილად დიდი ხელოვნება და დრამატურგიაა. მე მაინც მგონია, რომ მოსწავლეებთან ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი უშუალობაა, როცა ბავშვს შენში უბრალო ადამიანის დანახვის შესაძლებლობას აძლევ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი ცხრაწლიანი პედაგოგიური საქმიანობა მოსწავლეებთან კეთილგანწყობილი, თანაბარუფლებიანი და თანამშრომლობაზე დამყარებული ურთიერთობების შენებას მოვახმარე. მინდა მჯეროდეს, რომ წლების შემდეგ მოსწავლეები სიყვარულით გამიხსენებენ.

სოციალური ქსელი...

- სოციალური ქსელი ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან ამ სივრცემ გარდამტეხი როლი ითამაშა ჩემი პიროვნების განვითარებასა და თვითრწმენის ამაღლებაში. იყო სოციალურად აქტიური, ნიშნავს, იყო გამბედავი და გამოხატვის თავისუფლებას აღიქვამდე შენს მთავარ კონსტიტუციურ უფლებად. ჩემი "ფეისბუკი" კრიტიკული პოსტებით გამოირჩევა. ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნეში, მაშინ, როცა სოციალური სივრცე გამოხატვის ერთ-ერთ მთავარ საშუალებას წარმოადგენს, ადამიანს უნდა შეეძლოს გულისტკივილი, პროტესტი, მადლიერების განცდა საზოგადოებამდე მიიტანოს, მით უფრო, თუ დიდი აუდიტორია ჰყავს. სამწუხაროა, როცა ადამიანები რაღაცების და ვიღაცების გათვალისწინებით გაჩუმებას არჩევენ და თავიანთი დამოკიდებულებების შესახებ მხოლოდ კომენტარების საშუალებით საუბრობენ და პოსტის ავტორს მათი სათქმელის გაჟღერებისთვის მადლობას უხდიან. რომ არა სოციალური ქსელი, კოლეგების არმია არ იდგებოდა ჩემ გვერდით. უბედნიერესი ვარ, რადგან მათ უპირობო სიყვარულს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ და ზუსტად ვიცი, მათი იმედი ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში შემიძლია მქონდეს.

იუმორისტული რაკურსი...

- "ტიკტოკმა" ჩემში არსებული სხვა შესაძლებლობები დამანახვა. იუმორისტული ვიდეოების გადაღება ორი წლის წინ, მეუღლესთან ერთად დავიწყე და დღეისთვის ჩემი გამომწერთა რაოდენობა 140 ათასს აღემატება. ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა. ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ შენი მაყურებლები გამხდარიყვნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი დაკვეთა უნდა შეასრულო. არ მესმის, როცა ამბობენ: "სხვისი აზრი არ მაინტერესებს“. როგორ შეიძლება იმ ადამიანების აზრი არ მაინტერესებდეს, რომლებისთვისაც ვიდეოებს ვაქვეყნებ? ძალიან ხშირად ვითვალისწინებ შენიშვნებს. პატივისცემიდან-უპატივისმცემლობამდე ერთი ბეწვის ხიდია, რომელზეც ან გაივლი, ან უფსკრულში გადაიჩეხები. სანამ ვიდეოს ავტვირთავ, ძალიან ბევრჯერ კრიტიკული თვალით ვუყურებ და ვაფასებ, რადგან შესაძლოა ჩემ მიერ გაჟღერებულ ერთ სიტყვას ზვავის ეფექტი მოჰყვეს და მაყურებელთა განაწყენება გამოიწვიოს. მგონია, რომ თუ აუდიტორიის ნდობას ერთხელ დაკარგავ, მერე მას ვერასდროს დაიბრუნებ. როგორც მასწავლებელი, ხშირად გავუკრიტიკებივართ ამ ვიდეოების გამო და თანამდებობისთვის შეუფერებელ ქცევადაც კი აღუქვამთ, თუმცა ჩემი პოზიცია ამ შემთხვევაში ურყევია. სრული უფლება მაქვს მჯეროდეს, რომ მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც აქვს სურვილი იხუმროს, იცინოს, იმღეროს, აკეთოს ის, რაც მოესურვება; აკეთოს ის, რაც არ ლახავს მისი საქმიანობის პრინციპებს. უბედნიერესი ვარ, როცა ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანები მხვდებიან და უანგარო სიყვარულს გამოხატავენ. რაც ყველაზე მთავარია, ჩემმა მოსწავლეებმა იციან, რომ მეც მათნაირი ვარ. ზუსტად მათნაირი და ბედნიერი გახლავართ, როცა გაფართოებული თვალებით მხვდებიან და მეუბნებიან: "მას, გუშინ თქვენი ვიდეო ვნახე და ბევრი ვიცინე. ჩემთან ერთად ხომ გადაიღებთ? ჩემი პასუხი კი ცალსახაა: "რა თქმა უნდა!"

1-copy-1672643296.jpg

ახალი წელი...

- თოვლის ბაბუას არასდროს დავუსაჩუქრებივარ. იმიტომ კი არა, რომ არ ვიმსახურებდი, უბრალოდ, ასე აეწყო. ყოველთვის მიკვირდა, რა უნდა გამეკეთებინა, რომ მისი კეთილგანწყობა დამემსახურებინა. წლების შემდეგ თოვლის ბაბუის "იგნორით" გამოწვეული დანაკლისის კომპენსირება ჩემი დის გაბედნიერებით შევძელი. ყოველ წელს მისი სანტა ვიყავი.

ვფიქრობ, ბავშვს ეს ბედნიერი წუთები აუცილებლად უნდა აჩუქოს მშობელმა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბავშვობა უშუქობასთან ასოცირდება და არაერთი ახალი წლის ღამე გამიტარებია სიბნელეში, მაინც ტკბილად მახსენდება. ახლაც კი, როცა ძველებური შუშის სათამაშოებს ვხედავ, ბავშვობის წლები მახსენდება. მახსოვს მეზობლის ნაძვის ხიდან ოქროსფერი სათამაშო ცხენი მოვიპარე და წლების განმავლობაში სათუთად ვუფრთხილდებოდი, მერე სადღაც დავკარგე და დღემდე მომყვება ეს დანაკლისი.

არ ვიცი ვის, როგორ, მაგრამ პირადად მე, ახალი წლის ღამეს რაღაცნაირად დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს ხოლმე. მინდა, რომ განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყოს. მოლოდინებს დეკემბრის დადგომისთანავე ვიქმნი და ბოლოს რატომღაც, ისე ხდება, რომ თორმეტ საათს წამში ჩამოკრავს და მერე ყველაფერი ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

ნაძვის მორთვას არავის ვანებებ. მახსოვს, არც ჩემს პატარა დას ჰქონდა უფლება, ამ რიტუალში მიეღო მონაწილეობა. ამ მხრივ დღემდე ბოროტი ვარ. რაც შეეხება მის დაშლას, ეს საქმე არ მეხება, მენანება.

მას შემდეგ, რაც მასწავლებელი გავხდი, ჩემთვის ახალი წლის მოახლოებით გამოწვეული ემოციები სკოლაში საახალწლო ზეიმის მოწყობით გამოიხატება. ეს შემოქმედებითად მრავალფეროვანი და სასიამოვნო პროცესი ბავშვობის წლებში მაბრუნებს. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, ლამაზი დღეები მოსწავლეებთან ერთად გავიზიარო.

საახალწლო ატრიბუტიკის შესაძენად თანხა, დრო და ენერგია არასდროს მენანება. წელსაც უამრავი სათამაშო ვიყიდე.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო ჩემს მოსწავლეებს, კოლეგებს, მეგობრებს, ოჯახს და სრულიად საქართველოს. მინდა წარმატებები ვუსურვო თქვენს ჟურნალსაც!

როლანდ ხოჯანაშვილი