"ყველაფერი ისე ზღაპრულად მომეჩვენა, რომ არც კი მიფიქრია შესაძლო სირთულეებზე" - გზაპრესი

"ყველაფერი ისე ზღაპრულად მომეჩვენა, რომ არც კი მიფიქრია შესაძლო სირთულეებზე"

ქართველები კამბოჯაშიც ემზადებიან ახალი წლის შესახვედრად. უკვე მეექვსე წელია, რაც ირმა ჭითანავა და ლაშა ლომიძე სამ ქალიშვილთან - სალომესთან, ქეთევანთან და ელისაბედთან ერთად ქალაქ სიემ-რიპში ცხოვრობენ. როგორც ირმა გვიამბობს, ახალი წელი ამ ქვეყანაში უჩვეულო და ეგზოტიკურია. კამბოჯური ახალი წლის, იქ მცხოვრები ქართველებისა და კიდევ ბევრი სხვა საინტერესო ამბის შესახებ ირმა უფრო ვრცლად გვიამბობს.

- კამბოჯაში ახალ წელს აპრილში აღნიშნავენ, იწყებენ 15 აპრილს და სამი დღე ზეიმობენ, მაგრამ როცა ახალ წელს აღვნიშნავთ ჩვენ, ქართველები და აქ მცხოვრები სხვა უცხოელები, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს მხიარულებაში ადგილობრივი მოსახლეობა არ ერთვება, თუმცა მთლად ისეთი გალაღებულებიც არ არიან, როგორც აპრილში. ქალაქის მთავარი ნაძის ხეც მორთულია, ქუჩებიც... გირლანდებით და ფერადი ქსოვილებით არის ყველაფერი მორთული. თან ახლა აქ გრილი სეზონია და ქუჩაში ბევრი ხალხი გამოდის სასეირნოდ. თქვენ იცით, რომ ჩვენ აქ ქართული რესტორანი გვაქვს გახსნილი. შეიძლება ითქვას, ყველა ადგილი დაჯავშნილია. მე და ჩემმა გოგონებმა უკვე გავალამაზეთ იქაურობა, მენიუც შედგენილი გვაქვს.

- კამბოჯელების ახალი წელი როგორია?

- თუ ახალ წელს ჩვენ ფეირვერკებს ვუშვებთ, ერთმანეთს ვსტუმრობთ და ვხალისობთ, კამბოჯელები წუწაობენ. დიახ, გადიან ქუჩაში და ერთმანეთს წყალს ასხამენ, წყლის თოფებითა და სხვადასხვა ჭურჭლით. ზოგიერთს ავტომობილებზე წყლის ავზებიც კი აქვს დამაგრებული, რომლებზეც რეზინის მილები აქვთ შეერთებული და ისე წუწავენ გამვლელ-გამოვლელს. გამორიცხულია, ამ დღეს ისე გადარჩე, რომ არავინ გაგწუწოს. ძალიან მხიარული დღესასწაულია. ამ დღისთვის რესტორანში, მანქანებში, სახლებში - ყველგან პირსახოცები და ხელსახოცები გვაქვს მომარაგებული. სტუმარი რომ შემოვა, სახლი იქნება ეს თუ რესტორანი, პირველ რიგში, პირსახოცი ან ხელსახოცი უნდა შესთავაზო.

- ამ დღეებში ნაძვის ხეებს არ რთავენ?

- არა, ნაძვის ხეს ახლა დგამენ, აპრილში სახლებსა და ტაძრებს ყვავილებით რთავენ. მიდიან ტაძრებში, ლოცულობენ. ამზადებენ თევზისა და ქათმის კერძებს, სხვადასხვა ზღვის პროდუქტს, პალმის ფოთლებში გახვეულ ტკბილ ბრინჯს... ნაწილი ტაძარში მიაქვთ, ნაწილს იქვე დაწნულ ხალიჩებზე აწყობენ და ქეიფობენ. სხვათა შორის, ერთი ეროვნული ტკბილეული აქვთ, რომელიც ძირითადად გზის პირზე გამოაქვთ და როგორც ჩვენთან, სურამში ნაზუქებს, ისე იქნევენ ზევით-ქვევით. ეს არის გაცხელებულ ბამბუკში ჩადებული ტკბილი ბრინჯი. გააჩერებ მანქანას და უცებ მოგირბენინებენ. მეც სულ საქართველო და სურამი მახსენდება ამ დროს.

- თქვენ რა კერძები გაქვთ რესტორანში?

- ყველაფერი ქართული - დაწყებული ხინკლით და მაყალზე შემწვარი მწვადით, გაგრძელებული იმერული, მეგრული და აჭარული ხაჭაპურებით.

- რესტორნის გახსნის იდეა როგორ გაგიჩნდათ?

- აქ რომ ჩამოვედით, ერთი ქართული რესტორანიც არ იყო. არადა, ამ ქალაქს უამრავი ტურისტი სტუმრობს და რესტორნებზეც დიდი მოთხოვნილებაა. თითქმის ყველა ქვეყნის სამზარეულო იყო წარმოდგენილი, ქართულის გარდა. ავდექით და ჩვენც გავხსენით რესტორანი. მეუღლეც გვერდით დამიდგა, სწორედ მისი დახმარებით შევქმენი პატარა საქართველო კამბოჯაში. იმისთვის, რომ რესტორანი ნამდვილად ქართული ყოფილიყო, მზარეულად საქართველოდან ბიცოლაჩემი, მზია შენგელია ჩამოვიყვანეთ.

- როგორ მოსწონთ კამბოჯელებს ქართული კერძები?

- აქ უცხოური კერძების დიდი კონკურენციაა, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ქართული სამზარეულო ტოლს არავის უდებს. ადვილად გავხდით პოპულარული. სხვათა შორის, ადგილობრივებზე ხშირად ჩვენს რესტორანს უცხოელი ტურისტები სტუმრობენ. თავად კამბოჯელებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ უყვართ რესტორნებში სიარული. ქუჩის კულინარია უფრო მოსწონთ.

- თქვენ თუ მოგწონთ მათი კერძები?

- ძალიან გემრიელი კერძები აქვთ, თავისებუrი მძაფრი გემოებით. ჩემი შვილები გიჟდებიან ლიმონგრასის, ჯანჯაფილის, ლაიმის გემოებზე, მჟავე და ცხარე კერძებზე... მეც გავიარე აზიური სამზარეულოს კურსები და ოჯახშიც დავიწყე ნუდლების, სუპის, შემწვარი ბრინჯის, ლოკლაის, ომ-იამის, ჩაკადაის მომზადება.

- კამბოჯელებს ალბათ ისეთი კერძებიც ექნებათ, რომელთა გასინჯვაც კიდევ ვერ გაბედეთ, არა?

- კი, ასეთი კერძები ნამდვილად აქვთ. ასეთია მაგალითად, ხოჭოებისა და ტარაკანებისგან მომზადებული კერძები, ასევე - ძაღლისა და ნიანგის ხორცი, რომელიც დელიკატესად მიიჩნევა. ყოველი წვიმის შემდეგ, როდესაც ქუჩაში გუბეები დგება, აქაურები გამოდიან და ბაყაყებს იჭერენ. სხვათა შორის, ბაყაყის კერძიც ძვირად ღირებულია.

- თქვენი სამუშაო დღე რომელ საათზე იწყება?

- ადგილობრივი დიასახლისი დილის 4 საათზე უნდა ადგეს, რომ სახლსაც მიხედოს და მთელი დღის სამყოფი საჭმელიც მოამზადოს. ჩვენ 7-ზე ვდგებით, ბავშვები სკოლაში მიდიან, მე - რესტორანში, სადაც ბიცოლაჩემთან ერთად ვადგენ მენიუს. შემდეგ მივდივართ ბაზარში და ვარჩევთ პროდუქტს. აქ თუ დილის ბაზარში 8 საათზე არ ივაჭრე, მერე აზრი აღარ აქვს, სიცხის გამო ყველაფერი ფუჭდება.

- როდისღა სძინავთ?

- ადრე საღამოს. აქ 9 საათზე ვეღარავის შეაწუხებ. თუმცა ჩემი თანამშრომლები ღამის თერთმეტ საათამდე მუშაობენ, რადგან რესტორნის გახსნის უფლება საღამოს 5 საათამდე არ გვაქვს. მომხმარებელს მხოლოდ ვახშამს ვთავაზობთ.

- ასეთი შეზღუდვა რას უკავშირდება?

- გადასახადებს. დილიდანვე რომ გავხსნათ რესტორანი, მეტი გადასახადი გვექნება. კონტროლი კი ძალიან მკაცრია, ვერავის ვერაფერს გამოაპარებ. განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან უცხოელ დამსაქმებლებს, ვარღვევთ თუ არა ადგილობრივი მუშახელის შრომით უფლებებს. კამბოჯელი ხალხი ძალიან თავმდაბალია. ორი უცხოელი რომ საუბრობდეს და ადგილობრივმა ჩაიაროს, აუცილებლად დახრის თავს, წელშიც მოიხრება და ისე ჩაგივლით.

- კამბოჯაში ცხოვრება რატომ გადაწყვიტეთ?

- ეს ჩემი მეუღლის, უფრო სწორად, მისი სამსახურის გამო მოხდა. ლაშა ჰუმანიტარული განნაღმვითი ორგანიზაციის თანამშრომელია. ეს ორგანიზაცია საქართველოში აფხაზეთისა და აგვისტოს ომების შემდეგ პერიოდებში მუშაობდა. ორგანიზაციამ ლაშა კამბოჯაში გაგზავნა ექსპერტად და ჩვენც გამოვყევით.

- ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ გაგიჭირდათ?

- არა. პირველად კამბოჯაში ტურისტად ვიყავი. ისე მომეწონა აქაურობა, ყველაფერი ისე ზღაპრულად მომეჩვენა, რომ არც კი მიფიქრია შესაძლო სირთულეებზე. როდესაც აქ დავსახლდით, ყველაფერი შეიცვალა, ყოველდღიურობაში ბევრი ისეთი ნიუანსი გამოჩნდა, რამაც ცხოვრება გაგვირთულა. ყველაზე რთული რეპტილიებთან ერთად ცხოვრება იყო.

iram-1-copy-1672644187.jpg

- რას გულისხმობთ?

- ისინი ყველგან არიან - სახლში, ეზოში, ქუჩაში, ხეებზე... მხოლოდ ფანჯრებზე კი არ გვიწევს ბადეების გაკვრა, არამედ ბადეები გვაქვს გადაფარებული საწოლებზეც. თავის დაცვა გვიწევს, როგორც პატარა, ასევე დიდი ხვლიკებისგან. ეზოებში ხშირად არიან გველებიც. ერთხელ კობრასაც გადავეყარეთ, თავის წიწილებიანად... აქ ხშირია გველისგან ადამიანის დაგესვლა. აუცილებლად უნდა იცოდე, სად უნდა დადგა ფეხი. გარეთ გასვლისას უნდა დააკვირდეთ ხეებსაც. მოკლედ, კამბოჯა ლამაზი და მიმზიდველია ტურისტისთვის, მაგრამ აქ ცხოვრება ურთულესია. არის საკითხები, რომლებსაც ვერ მოაგვარებ, უბრალოდ, უნდა შეეგუო... სხვათა შორის, ძნელად შევეგუეთ კლიმატს. აქ მხოლოდ ორი სეზონია - ან წვიმს, ან საშინლად ცხელა. წვიმის შემდეგ საოცარი ბუღი დგას ქალაქში. სხვა სირთულეები არ გვქონია. რაც მთავარია, ოჯახი ერთად ვართ.

- ადგილობრივებთან რა ენაზე ურთიერთობთ?

- ინგლისურად. მოსახლეობის 70% სრულყოფილად საუბრობს ინგლისურად.

- კამბოჯაში სამუდამოდ დასახლდით?

- არა, აუცილებლად დავბრუნდებით საქართველოში. თუმცა, არანაკლებ ხუთი წლისა, აქ მოგვიწევს ყოფნა.

ხათუნა ბახტურიძე