"შოუმ - "ჩიკაგო" მარიამს მართლა დიდი პოპულარობა მოუტანა"
ეს ლამაზი ქართველი გოგონა ამერიკაში დაიბადა. 4 თვის იყო, საქართველოში, ბებია-ბაბუასთან რომ ჩამოიყვანეს და 6 წლამდე აქ იზრდებოდა, მერე კი ისევ ამერიკაში მოუხდა დაბრუნება, სადაც მიზანდასახულად, ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატების მისაღწევად შრომობდა და 17 წლისამ უკვე ბროდვეის აგენტების ყურადღება მიიქცია. გვინდა გაგაცნოთ მარიამ მჭედლიშვილი, რომელიც დიდი ალბათობით, მალე კიდევ უფრო მეტად გვასახელებს...
- ბავშვობის ძალიან ლამაზი წლები საქართველოში გავატარე, მერე კი დავბრუნდი უკან, ამერიკაში. ახლა 17 წლის ვარ და მხოლოდ სწავლაზე გახლავართ ორიენტირებული. თუმცა, იმდენად მიყვარს საქართველო, რომ ყოველ ზაფხულს, არდადეგებზე მანდ ჩამოსვლას ვცდილობ, რათა მოვესიყვარულო ბებია-ბაბუებს, ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრებს. ქუთაისში ვცხოვრობდი 6 წლამდე და შესაბამისად, იქაურობაც ძალიან მიყვარს. არდადეგების ნაწილს თბილისსა და ბათუმში ვატარებ. ძალიან მომწონს საქართველოში ყოფნა, იქაური გარემო, ურთიერთობები. საქართველოშია ჩემი სახლი...
- ანუ საქართველოში მეგობრები გყავს. მათთან ურთიერთობას ახერხებ?
- რა თქმა უნდა, სოციალური ქსელის წყალობით ვურთიერთობთ. თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს. იცით, საქართველოში სულ სხვანაირი მეგობრობა იციან, ამერიკაში კი ასე არ არის. შესაძლოა ამის მიზეზი ისიცაა, რომ ქართველ ბავშვებს 12 წელი უწევთ კლასელებთან ყოფნა და წლების მანძილზე მათი ურთიერთობა ღრმავდება, აქ კი ასე არ არის. ამერიკის განათლების სისტემა განსხვავებულია: სანამ სკოლას დაამთავრებ, სამჯერ გიწევს გარემოცვის შეცვლა და ურთიერთობები ირღვევა. პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით სწავლობ დაწყებით სკოლაში, მერე გამოცდას აბარებ რომელიმე საშუალო სკოლაში, სადაც მეხუთიდან მერვე კლასამდე სწავლობ და შემდეგ, მეცხრე-მეთორმეტე კლასში სულ სხვა ადამიანებთან ერთად გიწევს კლასში ჯდომა.
- ახლა რომელ კლასში ხარ?
- მეთორმეტეში გახლავართ. ვსწავლობ LaGuardia High School-ში, რომელიც გახლავთ როგორც ძალზე ცნობილი სასწავლებელი ხელოვნების მიმართულებით. ლაგუარდიაში, გარდა იმისა, რომ ხელოვნების ამა თუ იმ მიმართულებით ძალიან ნიჭიერი უნდა იყო, მოსწავლეს უნდა ჰქონდეს მაღალი შეფასება ყველა საგანში. სხვათა შორის, ეს სკოლა დამთავრებული აქვთ: ჯენიფერ ენისტონს, რობერტ დე ნიროს, ლაიზა მინელის და სხვა ძალიან ცნობილ ადამიანებს. აქ მაღალ დონეზე ისწავლება ცეკვა, სიმღერა, სამსახიობო ოსტატობა. გვაქვს ტექნიკური თეატრი, სადაც ბავშვებს სცენის განათებას, დიზაინს ასწავლიან. ნიუ-იორკში ყველა მშობლის ოცნებაა, მისი შვილი ამ სკოლაში მოხვდეს.
- თუ სწორად მივხვდი, ამ სკოლაში სწავლობენ ის ადამიანები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, მომავალში კარიერა ხელოვნების სფეროში აიწყოთ?
- კი, ასეა. სკოლას პირდაპირი კავშირი აქვს ბროდვეის შოუებთან, ტელევიზიებთან. ყოველწლიურად 4000 აპლიკანტი ჰყავს და მხოლოდ 800 ბავშვს იღებენ. მერვე კლასის დამთავრების შემდეგ, როცა ბედი ლაგუარდიაში ვცადე, მეც ჩავაბარე გამოცდა და გამიმართლა, 800 რჩეულს შორის მოვხვდი ვოკალური მუსიკის მიმართულებით. გამოცდისას 3 სიმღერა შევასრულე და მერე თეორიული მასალის ჩაბარებაც მომიხდა.
- ამ სკოლაში, შენ გარდა, სხვა ქართველიც სწავლობს?
- იყო ერთი ქართველი, მაგრამ მან სწავლა უკვე დაასრულა და ახლა მხოლოდ ერთი ქართველი გახლავართ ამ სკოლის კედლებში. სხვათა შორის, აქ ყველა აკადემიურ საგანს ვსწავლობთ: ინგლისური, მათემატიკა, მეცნიერება, ბიოლოგია და ა.შ. თუ ამ საგნებში კარგი ნიშნები არ გაქვს, სკოლიდან გაგიშვებენ, რადგან იციან, რომ მარტო ხელოვნება არ არის ყველაფერი.
ვალერი მჭედლიშვილი, მარიამის მამა:
- ეს არის ამერიკის მასშტაბით ხელოვნებისა და მუსიკის საუკეთესო სკოლა, რომლის მოსწავლეებსაც თვალს ადევნებენ ბროდვეის პროდიუსერები და ვინც მოეწონებათ, მას აგენტები ხელშეკრულებას გაუფორმებენ, ბროდვეისთვის მოამზადებენ.
მარიამმა მეცხრე კლასიდან, საგამოცდო მეთოდით ჩააბარა ამ სკოლაში. მე და ჩემი მეუღლე ძალიან ვნერვიულობდით, რადგან აქ მოხვედრა ფაქტობრივად, შეუძლებელი გვეგონა, მაგრამ მარიამმა გაგვახარა. ამაში ხელი შეუწყო იმან, რომ მეხუთიდან მერვე კლასის ჩათვლით, ტალანტების საუკეთესო სკოლაში სწავლობდა, სადაც ასევე საგამოცდო მეთოდით მოხვდა.
სხვათა შორის, მარიამი ამ სკოლაში "პრეზიდენტია". აქვთ 2 კლუბი: ერთი არის "უნისეფის", რომლის ფარგლებშიც ეხმარებიან ბავშვებს, და მეორე, ე.წ. სიმსივნის კლუბია.
მარიამი:
- დედაჩემი 2019-ში, სიმსივნით გარდაიცვალა. ახლა, "სიმსივნის კლუბის" მეშვეობით ვცდილობთ, მოსწავლეებს ვასწავლოთ, როგორ იბრძოლონ ამ სენის წინააღმდეგ ან თუ ოჯახში ვინმე დაავადებულია, როგორ დაუჭირონ მხარი საყვარელ ადამიანს...
ვალერი:
- რაც შეეხება შოუს - "ჩიკაგო", ამან მარიამს მართლა დიდი პოპულარობა მოუტანა. როცა მითხრა, ამა და ამ მიუზიკლს დგამენ და ველმას როლზე 500 კონკურსანტია დარეგისტრირებული, მაგრამ მეც უნდა ვცადო ბედიო, არც მიფიქრია, რომ რაიმე შანსი ექნებოდა, რადგან ამ სკოლაში ყველა კარგად მღერის, ცეკვავს, ყველას აქვს სამსახიობო მონაცემი. თუმცა, როცა როლზე ჩემი შვილი დაამტკიცეს, სიხარულისგან ცოტა არ იყოს, დავიბენი. ცნობილ ფილმში - "ჩიკაგო" მოგეხსენებათ, ველმას როლს შეუდარებელი კეტრინ ზეტა-ჯონსი ასრულებს და ვისაც ის ამ ფილმში ნანახი ჰყავს, იცის, ამ პერსონაჟის განსახიერება ადვილი არ არის, ერთნაირად ნიჭიერად უნდა შეძლოს ცეკვაც, სიმღერაც და მსახიობის ოსტატობაც. 4 თვე მუშაობდნენ ამ სპექტაკლზე და ძალიან დატვირთული სარეპეტიციო რეჟიმის პარალელურად, მოსწავლეებს უნდა მოეხერხებინათ და მაქსიმალურად კარგად ესწავლა სხვა საგნებიც. სპექტაკლში მონაწილეობა ნიშნებს არ უნდა დასტყობოდა. მიხარია, რომ მარიამის შრომამ და წვალებამ შედეგი გამოიღო.
ამ შოუს ყურებამ უდიდესი სიხარული მომიტანა. 800-კაციანი დარბაზი, ყოველი ძლიერი შესრულების შემდეგ, ფეხზე ადგომით და ტაშით აჯილდოებდა მსახიობებს და მათ შორის ჩემს შვილსაც. მეთორმეტეკლასელებმა ისეთი ცეცხლი დაატრიალეს სცენაზე, ისე იცეკვეს და იმღერეს, ისე მაგრად შეასრულეს როლი, რომ ყველა აღფრთოვანებული იყო.
- როგორც მითხრეს, თქვენც ხელოვანი ხართ...
- (იღიმის) ასეა. ჯერ ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლში ვიყავი მთავარი სოლისტი, მერე "ერისიონში"... მარიამის დედა ძალიან ჭკვიანი ქალბატონი, ისტორიკოსი იყო, უდიდესი ნიჭის პატრონი და გონიერება ალბათ, მისგან ერგო, ჩემგან კი ხელოვნების სიყვარული. სიმღერაც მეხერხებოდა და ამბობდნენ, რომ ეს ნიჭი შთამომავლობით გადმომეცა მშობლებისგან, ბებია-ბაბუებისგან.
თუმცა, ნიჭს განვითარება ყოველთვის სჭირდება. როცა 6 წლის მარიამი საქართველოდან ისევ ამერიკაში ჩამოვიყვანეთ, ანსამბლ "ფესვებში" მივიყვანე, სადაც ქართულ ცეკვას ასწავლიდნენ. ყველაფერს სწრაფად აუღო ალღო და ამიტომ, როცა ერთ-ერთი ღონისძიებისას სპექტაკლი "წუნა და წრუწუნა" დადგეს, წუნას როლი მისცეს. მაშინ 9-10 წლის იყო და ამ სპექტაკლმაც დიდი წარმატება მოუტანა არა მარტო ქართველ ემიგრანტებს შორის, არამედ მთლიანად ქალაქის მასშტაბით.
- შოუს "ჩიკაგო" ალბათ ბროდვეის აგენტებიც ესწრებოდნენ...
- კი, ესწრებოდნენ ბროდვეის პროდიუსერები, რეჟისორები, აგენტები... რაც არის, არის, გეტყვით ერთი ძალიან კარგი სიახლის შესახებ: 2-3 დღის წინ ბროდვეის პროდიუსერებმა აგენტები გამოგზავნეს, რომლებმაც სკოლაში 3 ბავშვი შეარჩიეს, მათ შორის მარიამიც და მათთან კონტრაქტის გაფორმების სურვილი გამოთქვეს. ეს ნიშნავს იმას, რომ მალე დაიწყებენ მუშაობას ამ ბავშვებთან, რათა სამომავლოდ რომელიღაც შოუში დააკავონ. ვფიქრობ, მიზანთან ახლოს ვართ და ეს არის დიდი სიხარული ჩვენი ოჯახისთვის. მარიამი აუცილებლად ეცდება უცხოელებს დაანახვოს, რამდენად ნიჭიერები, ძლიერები ვართ ქართველები და როგორ გვიყვარს ხელოვნება.
- როგორც თქვენთან საუბრით მივხვდი, ამერიკის განათლების სისტემა იძლევა საშუალებას, ბავშვს თუ ნიჭი აქვს და პროფესია შეარჩია, ამის განვითარება თავიდანვე დაიწყონ...
- ზუსტად ასეა. ამ მხრივ მეხუთე კლასიდან იწყება ბავშვზე ზრუნვა. თუ აქვს ტალანტი, აუცილებლად ეცდებიან, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი... ახლა მარიამი უნივერსიტეტისთვის ემზადება. ლაგუარდიას სკოლადამთავრებულებს შედარებით ხსნილი აქვთ გზა საუკეთესო უნივერსიტეტებისკენ: იელი, ჰარვარდი, ბრაუნი და ა.შ. იმედია, ჩემი გოგონა მიზანს მიაღწევს და იმ უნივერსიტეტში მოხვდება, რომელიც მთელი გულით სურს...
- დაბოლოს, კიდევ რამის თქმა ხომ არ გნებავთ?
მარიამი:
- გილოცავთ შობა-ახალ წელს თქვენ და თქვენი ჟურნალის მკითხველებს, მთელ საქართველოს! მრავალს დაესწარით, ყველას ბედნიერებას გისურვებთ! განსაკუთრებით ვულოცავ ბებია-ბაბუებს, ნათესავებს, ჩემი ეზოს ბავშვებს, მეგობრებს. მიხარია, რომ ჩემს სამშობლოში კარგი ადამიანები მეგულება.
ლიკა ქაჯაია