"როდესაც რაღაც ახალს ვსწავლობ, იმ პერიოდში ძალიან ბედნიერი ვარ" - გზაპრესი

"როდესაც რაღაც ახალს ვსწავლობ, იმ პერიოდში ძალიან ბედნიერი ვარ"

დიზაინერი ნათია ქისტაური 4 შვილის დედაა. ცხოვრების დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ახერხებს აკეთოს ის საქმე, რაც ძალიან აინტერესებს და უყვარს. რამდენიმე წელია, აქტიურად მონაწილეობს გამოფენებში. მისი ნამუშევრები დიდი მოწონებით სარგებლობს, რაც სტიმულს აძლევს, კიდევ უფრო მეტი აკეთოს.

- სკოლის დამთავრების შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე ბიოსამედიცინოს განხრით, ძალიან მაინტერესებდა ეს სფერო, მაგრამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. 24 წლისამ დავამთავრე უნივერსიტეტი და გერმანიაში ვაპირებდი წასვლას, საბუთებიც უკვე მზად მქონდა, მაგრამ ამ მზა საბუთებით ვეახლე ჩემს მეუღლეს სახლში - ასე რომ, ვეღარ შევძელი ამ მიმართულებით სწავლა და მუშაობა.

ხელსაქმე ყოველთვის მაინტერესებდა. ვქარგავდი, ვკერავდი, ვქსოვდი... პატარ-პატარა ნივთებს ვაკეთებდი, მაგალითად: ხევსურულ ნაჭრელას ვქარგავდი, სამაჯურებს ვაკეთებდი და მეგობრებს ვჩუქნიდი, ასევე, თოჯინებს, ნაძვის ხის სათამაშოებსაც ვაწყობდი. ქსოვა ბებიამ მასწავლა, ქარგვა - მეზობლის ქალმა, რომელიც ულამაზეს ხევსურულ პერანგებს ქარგავდა. შემდეგ თექით დავინტერესდი, კერძო მასწავლებელთან ვიარე, ვაკეთებდი შარფებს, ქუდებს, ხელთათმანებს, ვმონაწილეობდი გამოფენებშიც. ჩემი ნამუშევრები ხელოვნების კერძო კოლეჯის დირექტორმა რომ ნახა, შემომთავაზა, იქაც მესწავლებინა და ასე დავიწყე მასწავლებლობა. იმავდროულად ბავშვთა სახლში მოხალისედაც ვმუშაობდი. ვაკეთებდით საახალწლო სათამაშოებს და ვჩუქნიდით მათ, ვინც ამ ბავშვებს უანგაროდ ეხმარებოდა. მაშინ ვერც ვიფიქრებდი, თუ ასეთი სერიოზული სახე მიეცემოდა ჩემს გატაცებას, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, უკვე მხოლოდ ამ საქმით ვარ დაკავებული.

- ვიდრე თქვენი საქმიანობის შესახებ გკითხავთ, ოჯახზე, შვილებზე მიამბეთ...

- უფროსი ბიჭი 17 წლისაა, წელს აბიტურიენტია, გოგონები - 16-ის, 12-ის და 9 წლის არიან. სიმართლე გითხრათ, დაგეგმილი არ მქონია მრავალშვილიანობა. მოძღვარი სულ გვეუბნებოდა, 2 შვილი ცოტაა, მესამეზე იფიქრეთო. სახლს ვაშენებდით მაშინ და ვეუბნებოდი: მამაო, ახლა არც იმის შესაძლებლობა გვაქვს და არც დრო, მესამე შვილი რომ გავაჩინო-მეთქი. - თქვენ მოინდომებთ და ყველაფერი კარგად იქნებაო, - შეგვაგულიანა. მესამე რომ გვეყოლა, მერე გვითხრა: ახლა ერთი ბავშვი ჩემთვის გააჩინეთ და მე მომანათვლინეთო. მადლობა უფალს, რომ ასე მოხდა და 4 შვილი გვყავს. მართალია, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, ოთხზე უნდა გადანაწილდეს არა მარტო ფინანსები, არამედ დროც, სიყვარულიც, ყურადღებაც, მაგრამ შეუდარებელია ის სიხარული, რასაც შვილები განიჭებენ. ერთმანეთზე ზრუნავენ. ადრე, სამსახურში როცა გავრბოდი, უფროსს ვუტოვებდი პატარებს. რთულია დროის გადანაწილება, ერთს ცეკვაზე სიარული უნდა, მეორეს - ცურვაზე, უფროსი აბიტურიენტია და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, ყველას სხვადასხვანაირი ხასიათი და ინტერესი აქვს. ახლა უკვე წამოიზარდნენ და მეც უფრო მეტი თავისუფალი დრო მრჩება ჩემი საქმისთვის.

4 წლის წინ, როდესაც ნაბოლარა, ქეთევანი მივიყვანე სკოლაში, მუშაობა გამიჭირდა. ვერ ვასწრებდი, რამდენჯერმე მასწავლებელმა დაიტოვა, რამდენჯერმე მეზობელმა წამოიყვანა. ამიტომ განცხადება დავწერე და სამსახურიდან წამოვედი. დიდხანს მინდოდა ტყავზე მუშაობის შესწავლა და კურსებზე მივედი. ჩემი პირველივე ნამუშევრები მოეწონათ და პანდემიის დროს იმდენი შეკვეთა მქონდა, ვერ ვასწრებდი დამზადებას. ამან უფრო მომცა სტიმული და დავიწყე გამოფენის ორგანიზატორებთან თანამშრომლობა. ძირითადად საფულეებს, ჩანთებს ვაკეთებ, ასევე სამაჯურებს, პატარ-პატარა სუვენირებს. როდესაც დრო მაქვს და ჩემი დიზაინით ვქმნი რამეს, ეს უფრო მსიამოვნებს, ერთისა და იმავეს კეთება, ცოტა არ იყოს, მოსაწყენია. ამიტომ ვცდილობ, საავტორო ნამუშევრები მქონდეს.

319395632-2144770105723811-6142148622916110612-n-1672644853.jpg

- სამკაულების კეთება ახლახან დაიწყეთ და უკვე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს თქვენს ნაკეთობებს.

- პირველ ნაბიჯებს ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, არ ველოდი. ყველა სამაჯური იმ დღესვე გაიყიდა, როცა სოციალურ ქსელში ავტვირთე. ძალიან მომწონს ფირუზი, აგატი, ძოწი, ქარვა. ჩემი გოგონებიც ცდილობენ, დამეხმარონ. პატარამ დაიწყო რაღაცების აწყობა, ყოველ შემთხვევაში, ცდილობს. მარიამი ტყავზე მუშაობს, საფულეებსა და წელის პატარა ჩანთებს კერავს, გამოფენებზე მისი ნამუშევრებიც გამაქვს.

ახალი წლის შემდეგ ტიხრული მინანქრის შესწავლას ვგეგმავ. როდესაც რაღაც ახალს ვსწავლობ, იმ პერიოდში ძალიან ბედნიერი ვარ და ახალ საქმეს გატაცებით ვაკეთებ, მერე ისიც მწყინდება. არ მომწონს მუდმივად ერთი და იმავე საქმის კეთება, მგონია, ვეღარ ვვითარდები. ავეჯის დიზაინიც ძალიან მაინტერესებს, ამასაც აუცილებლად ვისწავლი.

დღეს რასაც ვაკეთებ, ეს არის საქმე, რომელიც მიყვარს, თან რეალიზებული ვარ და შვილებსაც არ ვაკლებ ყურადღებას. ყოველთვის მინდოდა, მათ კარგად ესწავლათ და რაც მთავარია, მსურს კარგ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. რაკი მე შევძელი ოჯახისა და საყვარელი საქმის ერთმანეთთან შეთავსება, ვფიქრობ, თუკი მოინდომებენ, სხვებიც შეძლებენ...

ნინო ჯავახიშვილი