"მაკვარანცხი" ენის ხალხი, უცნაური სტუმარი და კომპოტში გაცვლილი ღვინო - გზაპრესი

"მაკვარანცხი" ენის ხალხი, უცნაური სტუმარი და კომპოტში გაცვლილი ღვინო

"იუმორინას" გუნდი უკვე მრავალი წელია გვიხალისებს შობა-ახალი წლის დღეებს. ამ გუნდს ბოლო წლებში მსახიობი რომა ქერქაძეც შეუერთდა, რომელიც განსაკუთრებული, სხარტი იუმორით გამოირჩევა. დღეს ის ჩვენი სტუმარია და შეეცდება შობა-ახალი წლის დღეები ჩვენს ძვირფას მკითხველსაც კიდევ უფრო გაუხალისოს:

"ხერხი სჯობია ღონესა..."

- მე და დათო ბეკოშვილი სტუდენტობაში დავძმაკაცდით და დღემდე განუყრელი მეგობრები ვართ. სცენაზეც ერთად გამოვდივართ და "იუმორინაშიც" ერთად მივედით. ის თეთრიწყაროშია დაბადებული და გაზრდილი. რა თქმა უნდა, დათოს ოჯახში ბევრჯერ ვყოფილვარ. ამბავი, რომელსაც მოგიყვებით, სწორედ მის ოჯახში მოხდა: დათოს დაბადების დღე იყო. მაშინ ორივე პატარები ვიყავით, მაგრამ მე ძალიან გამხდარი გახლდით - სადღაც 58 კილოგრამს ვიწონიდი. მოკლედ, მარტო კოსტიუმი, ხმა და წარბები ვიყავი. 50-კაციანი სუფრა იყო და თამადად დამნიშნეს. მოგეხსენებათ, ენა მიჭრის და თამადობა არ გამჭირვებია. საღამოს სუფრა აიშალა, სტუმრები გავაცილეთ და უკან რომ შემოვბრუნდი, ჭიშკართან ორი მანქანა გაჩერდა. გადმოვიდნენ დათოს მამის მეგობრები - მაღალი, მოსული ხალხი, 150 კილოგრამზე ნაკლები, მგონი, არც ერთი არ იყო. იკითხეს, თამადა ვინააო და რომ შემომხედეს, მივხვდი, გულში იფიქრეს - ამან რა უნდა ითამადოსო, ერთი-ორმა ხელიც ჩაიქნია. რაღაც უნდა მომეფიქრებინა, თორემ შევრცხვებოდი. ბედად, სუფრაზე ორი ფერის ღვინო იყო - წითელი და თეთრი. თანამესუფრეების გასაგონად ვთქვი: მე გურული ვარ და წითელი ღვინო მირჩევნია, თქვენ - როგორც ინებებთ-მეთქი. სტუმრებმა თეთრი ღვინო აირჩიეს. ამასობაში ლია დეიდას, დათოს დედას ჩუმად ვთხოვე, სახლში მაყვლის კომპოტი გექნებათ, მარლაში გამიწურე და როგორც ღვინო, გრაფინით წინ დამიდგით-მეთქი. დავიწყეთ სმა, რამდენიმე სადღეგრძელო სულ ჯიხვის ყანწებით დავლიე და იმ დღეს სამი სამლიტრიანი გამოვცალე. სულ ბოლოს სუფრის თავში ერთი 200-კილოიანი სვანი შემომრჩა, რომელიც სხვებზე ძლიერი აღმოჩნდა, დანარჩენებს უკვე გემრიელად ეძინათ. მივედი, გრაფინი გრაფინზე მივუჭახუნე და კიდევ ერთი ლიტრი მაყვლის კომპოტი დავაყოლე.

- შენ გენაცვალე, მართლა მაგარი ბიჭი ყოფილხარ, ხელები ამიწევიაო, - მითხრა და კედელ-კედელ, ოთახიდან გავიდა.

ამ ამბის მერე მთელი ორი წელი ჰყვებოდნენ, ვიღაც გამხდარი, პატარა ბიჭი იყო სტუმრად და იმდენი ღვინო გვასვა, კინაღამ სასმელში ჩაგვახრჩოო. ორი წლის მერე ძლივს გამოვტყდი, რომ იმ დღეს მაყვლის კომპოტს ვსვამდი. არ იფიქროთ, ამ ამბის მერე კომპოტი შემძულდა, პირიქით - უფრო შემიყვარდა.

რატომ არის ძნელი გურული "ბაღანას" მოტყუება?

- ორი ბიჭის მამა ვარ: უფროსი, დემეტრე მალე 11 წლის გახდება, ხოლო უმცროსი ჯერ სამისაა. შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თოვლის ბაბუას არც ერთი არ უგზავნის წერილებს. უფრო მეტიც - ჩემი უფროსი ბიჭი ორი წლის იყო და თოვლის პაპის უკვე არ სჯეროდა. ერთხელ დათო ბეკოშვილი მოვიდა თოვლის პაპის ფორმაში გამოწყობილი, წვერით, სათვალით, მაგრამ შემოვიდა თუ არა, დემეტრემ მაშინვე იცნო. ორივემ ვიცით, რა სხარტი გონების ბავშვია, მაგრამ ამ ამბის მერე სულ ვაჯავრებდი: შენ გურული ბაღანას მოტყუება ასე ადვილი არ გეგონოს-მეთქი. ახლა უკვე წინასწარ ვიცი, საახალწლოდ რა უნდათ და იმას ვჩუქნი. რომ გითხრათ, მეუღლეს საახალწლო სუფრის სამზადისში ვეხმარები-მეთქი, მოგატყუებთ, რადგან ამ დღეებში სულ კონცერტებზე გამოვდივარ. უკვე ათი წელია, ახალ წელს ოჯახში არ შევხვედრივარ. თუმცა, კულინარია ჩემი ჰობია: პანდემიის დროს, საქმე რომ არაფერი მქონდა, "იუთუბიდან" ათასგვარი კერძის მომზადება ვისწავლე. მართალია, ჩაქაფული ყველაზე კარგად გამომდის, მაგრამ თავისუფლად შემიძლია ნებისმიერი გემრიელი კერძი მოვიმზადო. წელს, 31 დეკემბერს, ოზურგეთში, საახალწლო საღამოზე შევხვდები და ეს კარგია, რადგან მსახიობისთვის ცუდის ნიშანია, თუ ახალ წელს არ მუშაობს და სახლში ზის...

გურულები და კახელები

საქართველოს ყველა მხარეს პატივს ვცემ და ყველგან გაგონილი სახალისო ისტორიები მიყვარს. რატომ? - ყველა კუთხეში თავისებური, "მაკვარანცხი" ენის ხალხი ცხოვრობს, თუმცა, გურული იუმორი ჩემთვის მაინც ახლოსაა. ოზურგეთში ვარ გაზრდილი და უფრო ხშირად გურულებს ვბაძავ. განსაკუთრებით მიყვარს ისეთი სხარტულები, სადაც სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები ერთმანეთს ეპაექრებიან - კახეთი და გურია ამ მხრივ, ტოლს არავის უდებს:

გურული და კახელი დაძმობილდნენ. ცხადია, სუფრაზე ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ და ერთ დღეს კახელმა ქართული ღვინის სადღეგრძელო წარმოთქვა:

- ვინ იცის, ამ დალოცვილ სითხესა რამდენი შრომა და გარჯა სჭირდება: უნდა შეწამლო, ვაზი რომ გაიხარებს, გაფურჩქნო, ყურძენი დაკრიფო, საწნახელში ჩაყარო, ღვინოდ რომ იქცევა, გადაიღო და ბოლოს, ქვევრში ჩაასხაო.

- ძამა, ღვინის დაყენებაზე ამდენს წვალობთ კახელები? - "შეიცხადა" გურულმა. აბა, ჩვენ ღვინოს დასაბამიდან დღემდე ღვთიური წესით ვაყენებთო.

- ღვთიური წესი როგორია, ჯოო? - ახლა კახელს გაუკვირდა.

- რაფერ, ძამა და, ხომ გაგიგია, ქრისტემ წყალი ღვინოდ რომ აქცია. ჯერ მთლად მაგდენს ვერ ვახერხებთ, მარა ერთი კილო ადესით და ცოტა შაქრით 300 ლიტრი ღვინო გამოგვყავსო.

გურული კახეთში ჩავიდა დაკრძალვაზე და ქელეხის სუფრაზე მიიპატიჟეს. მოგეხსენებათ, დასავლეთ საქართველოში დაკრძალვის სუფრას ძირითადად, მცენარეული კერძებით აწყობენ, ხოლო აღმოსავლეთში - ხორციანით. ჰოდა, დახვდა გურულს სუფრაზე ხაშლამა, მწვადი, ჩაქაფული და ნაირ-ნაირი ხორციანი კერძები. ჯერ გემრიელად მიირთვა და ბოლოს გამოაცხადა:

- აა, ძამა, გურიაში მიცვალებულს რა უნდა, მიცვალებული უნდა იყოს კახეთშიო.

col-shvili-copy-1672645115.jpg

რატომ არაა საწყენი გურულების "შავი იუმორი"?

- ყველაზე მეტი ხუმრობა გურულებსა და მეგრელებზე მაქვს გაგონილი. მოგეხსენებათ, ორივე კუთხეში რა ენამოსწრებული ხალხი ცხოვრობს და მათი იუმორიც განსაკუთრებულია. მე ბევრი მეგრელი მეგობარი და ნაცნობი მყავს. გურიაშიც ბევრი ოჯახი ცხოვრობს, რომელსაც მეგრული გვარი აქვს და მათზე ამბობენ, ბატონყმობის დროს, მათი წინაპარი ბატონმა ძაღლზე ან სხვა ცხოველზე გადაცვალაო. ერთ ჩემს ნაცნობ მეგრელს ვეუბნები: გურიაში ბევრი ძაღლზე გაცვლილი მეგრელი ცხოვრობს-მეთქი. მიყურა, მიყურა და ბოლოს, ეშმაკური ღიმილით მკითხა:

- შენ რას მეუბნები, ახლა? - ჩვენთან, სამეგრელოში რაც ყეფს, ყველაფერი გურულიაო?

მართალია, ე.წ. შავი იუმორი არ მომწონს, მაგრამ შემდეგი სხარტულა რომ მოვისმინე, მაინც გემრიელად გამეცინა:

გურული მეგრელს შეხვდა და ჰკითხა: რავა ხართ, ძამა, ხომ მშვიდობაა თქვენკენო?

- რავარც შენს გულს გეეხარდება, ისე ვართო, - უპასუხა მან.

- კი მარა, სულ ამოწყდით მეგრელებიო?

კიდევ უფრო მწარედ ხუმრობენ გურულები აჭარლებზე: აჭარელი გურიაში თუა ნამყოფი, ესე იგი, უმაღლესდამთავრებულიაო, ამბობენ, მაგრამ ამას ბოროტი გულით კი არ ამბობენ - უბრალოდ, ხუმრობაა, და ზოგჯერ, ენამწარეობაც მათი ყოფის განუყოფელი ნაწილია. უფრო მეტიც, ხშირად საკუთარ თავსაც დასცინიან:

ჩემს რაიონში ერთი კოლორიტული კაცი ცხოვრობს, ცოტა უცნაური სახელი ჰქვია - დოუ ღლონტი. ძალიან უყვარს სუფრა, მოლხენა და თვითონაც პურ-მარილიანი კაცია. ერთ დღეს მეზობელი შეხვდა. წინა საღამოს ნაქეიფარი დოუ სახეზე სულ აჭარხლებული იყო. მეზობლის ბიჭმა ჰკითხა: რა გჭირს, დოუ ბიძია, რეიზა ხარ სახეზე ასე აწითლებულიო?

- დღეს ფხიზელი ვარ ბიძია და მრცხვენიაო, - უპასუხა დოუმ.

"ხიჩინი" და უიღბლო მასპინძელი

- იმერეთში ერთი მეგობარი მყავს, მეტსახელად - "ხიჩინი". მოქეიფე კაცია, დაახლოებით 300 კილოგრამს იწონის და ხშირად ხუმრობს: მთელ ჩემს რაიონში სასწორი არაა, რომ მე ამწონოსო. ძალიან უყვარს კარგი პურ-მარილი და სტუმრიანობა. ერთი მეგობარი ჰყავდა - კახა ზარნაძე, რომელსაც "ხიცინის" გამო არც ძილი ჰქონდა და არც - მოსვენება: ხან ღამის ორ საათზე მიაკითხავდა, ხან - 4 საათზე და სულ ღვინოს სთხოვდა. ერთხელაც, შეწუხდა მასპინძელი, შუაღამისას სტუმარი მარანში ჩაიყვანა, 200-ლიტრიან ქვევრთან მიიყვანა და უთხრა: აი, ეს ქვევრი შენი იყოს, როცა გინდა, წაიღე, ოღონდ ღამე აღარ გამაღვიძოო. ერთი-ორი დღის მერე კახა ზარნაძე ხმაურმა გააღვიძა: ღამის სამ საათზე ფანჯრიდან გადმოიხედა და რას ხედავს: "ხიჩინი" თავისი მანქანით, ისევ მის ჭიშკართან დგას.

- რა იყო, ამ შუაღამისას რამ შეგაწუხაო? - ჰკითხა.

- მარანში 200 ლიტრი ღვინო ხომ ჩემიაო?

- კი, ბატონოო, - დაეთანხმა მასპინძელი.

- ჰოდა, ღვინო ჩემი და პურ-მარილი შენიო! - შესძახა "გულუხვმა" სტუმარმა და უიღბლო მასპინძელს თავი მაინც დააპატიჟებინა.

არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი სვანები: ხომ ამბობენ, რთული ხასიათი აქვთ და ხუმრობას ვერ იგებენო, მაგრამ ასე არ არის: ჩვენს იუმორისტულ გადაცემებში 700-ზე მეტი სკეტჩი გვაქვს მათზე დადგმული და საყვედური ერთი სვანისგანაც კი არ მიგვიღია.

ბოლოს კი, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩვენთვის, ქართველისთვის ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხე ძვირფასია. მინდა დამდეგი ახალი წელი მივულოცო მთელ საქართველოს და მის ყველა მხარეს! თუკი რაიმე ცუდი ყოფილა, წინა წელს გავატანოთ და მომავალ წელს ყველა სურვილი აგვისრულოს ღმერთმა! 2023 ყოფილიყოს იმ ნატვრის ასრულების წელი, რომელსაც თავისუფალი და ბედნიერი საქართველო ჰქვია.

ხათუნა ჩიგოგიძე