ტკბილი და სურნელოვანი ნაძვის ხის სათამაშოები - გზაპრესი

ტკბილი და სურნელოვანი ნაძვის ხის სათამაშოები

ნაძვის ხის არომატულ სათამაშოებს სხვადასხვა ნამცხვრისა და ტორტის ფორმა აქვს. ვანილისა და დარიჩინის სურნელით გაჯერებული "ტკბილეული", ვიზუალურად "ნამდვილ", საკონდიტრო ნაწარმს ჰგავს და მის შესაქმნელად ავტორი თიხას იყენებს. წელს თეთრად დათოვლილი ხელოვნური ნაძვის ხე მხოლოდ საკუთარი ხელით შექმნილი ნივთებით მორთო და მასზე ათასგვარი, ფერად-ფერადი ნუგბარი განსაკუთრებით შთამბეჭდავი სანახავია.

0-1672645275.jpg

ნათია ბოდოკია:

- პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ, თუმცა ჩემი სპეციალობით არასდროს მიმუშავია. გამოყენებითი ხელოვნებისა და ხელნაკეთი ნივთებისადმი მთელი ცხოვრება გამორჩეული დამოკიდებულება მაქვს და უკვე წლებია, რაღაცებს თავადაც ვაკეთებ. ბავშვები პატარები რომ მყავდა, თიხის მასალისგან აქსესუარებსა და დეკორაციებს ვამზადებდი. 6 წელი თქვენი კოლეგაც ვიყავი, ერთ-ერთი საინფორმაციო პორტალის ჟურნალისტი, კორექტორისა და რედაქტორის ფუნქციებსაც ვასრულებდი. მოგეხსენებათ როგორი რთული და სანერვიულო საქმეა ეს, ამიტომ თავის დანებება გადავწყვიტე. თოჯინების დამზადება მინდოდა შემესწავლა და 4 წლის წინ მეთოჯინე ნანა ყაულაშვილთან, თიხის თოჯინების შემსწავლელი მასტერკლასი გავიარე. ამ არაჩვეულებრივ ქალბატონთან ურთიერთობა ტკბილად მახსენდება. მართალია, თოჯინებს არ ვაკეთებ, მაგრამ ზუსტად ვიცი, ერთ დღესაც გათენდება და დავიწყებ. როგორც გითხარით, სულ რაღაცებით ვინტერესდები, მაგრამ ისეთი პერიოდებიც მაქვს, როცა გარკვეული ხნით ვჩერდები. დრო რომ გადის, ახალ-ახალი იდეა მოდის. ერთი პერიოდი ნაძვის ხეების კერვაც მიტაცებდა. ვამზადებდი ჩემთვის, ახლობლებისა და მეგობრებისთვის. რაც შეეხება ნაძვის ხის სათამაშოებს, ცოტა ხნის წინ ინტერნეტში შემთხვევით გადავაწყდი თიხის ისეთ სახეობას, რომლისგანაც შექმნილი ნივთები მსუბუქი გამოდის. გამოწვა არ სჭირდება. გამოძერწვიდან 24 საათში შრება და კიდევ უფრო მსუბუქდება. ფაქტობრივად, დამზადების პროცესისა და გაშრობის შემდეგ, იმ წონის ნახევარი რჩება, რაც თავიდან იყო.

1-1672645265.jpg

თავდაპირველად ერთი შეკვრა გასართობად შევიძინე, შინ მოვიტანე და დავიწყე მუშაობა, წინასაახალწლო პერიოდიდან გამომდინარე გამიჩნდა იდეა, მისგან ნაძვის ხის სათამაშოები გამეკეთებინა. ვინც კი მსტუმრობდა, ყველას მოეწონა და ნამუშევრების "გამომზეურება" მირჩიეს. სათამაშოებს ფოტოები რომ გადავუღე და "ფეისბუკზე" განვათავსე, ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, თავადაც გაოცებული დავრჩი. ალბათ ასე იმიტომ მოხდა, რომ ყველა იმ სათამაშოსგან განსხვავდება, რაც ჩვენთან იყიდება და თან სურნელოვანია. რამდენიმე ადამიანმა ამ მასალისგან სხვა ფორმის სათამაშოების დამზადებაც მთხოვა. გავაკეთე ნაძვის ხე, ჯუჯა, მაგრამ ჩემი სურვილი ძირითადად საკონდიტრო ნაწარმის კეთებაა. ნამცხვრების ფოტოების დათვალიერებისას ან შინ არსებული ტკბილეულის შეხედვის შემდეგ, იდეები ჩნდება, რომლებიც შემდეგ ნაძვის ხის სათამაშოებად "იქცევა". პატარა და ძალიან რეალისტური ნივთები გამოდის. ნამდვილ, ღუმელში გამომცხვარ ტკბილეულს ჰგავს. განსაკუთრებული ინტერესია შუს, ტარტალეტკისა და ჯუჯების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მათზე დიდი მოთხოვნაა, პირადად მე ერთი და იმავეს კეთება მბეზრდება. რამდენიმე დღის წინ ნამცხვრებს ტორტებიც დავამატე, მაგრამ ამაზე ალბათ არ შევჩერდები, ახალ წლამდე რაიმე ახალი კიდევ შეემატება. დღის განმავლობაში შეკვეთებზე ვმუშაობ, როცა მოსაღამოვდება, ჩემთვის წყნარად ვჯდები, იდეების სისრულეში მოყვანას ვცდილობ და ეს სიამოვნებას მანიჭებს. ხალხის დადებითმა გამოხმაურებამ დიდი სტიმული მომცა, მუშაობის შედეგით კი ისე მოვიხიბლე, რომ სათამაშოების გაკეთებას გავაგრძელებ, მასშტაბებსაც გავაფართოებ და მომავალ წელს, წინასაახალწლო სამზადისს უფრო ადრე დავიწყებ.

ანა კალანდაძე