მსახიობობიდან თეატრმცოდნეობამდე - გზაპრესი

მსახიობობიდან თეატრმცოდნეობამდე

მისი გზა თეატრალურ სამყაროში მსახიობობით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე როლი წარმატებით შეასრულა, თეატრში აღარ დარჩა... ამბობს, რომ ყველა შემთხვევითობა კანონზომიერია და ასე უნდა მომხდარიყო. მერე იყო ტელევიზია, მერიის კულტურის სამსახური და უკვე წლებია - რუსთაველის ეროვნული თეატრი.

manana-1-1672645951.jpg

თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მანანა თევზაძე არაერთი წიგნის ავტორი და ასევე, უამრავი გამოცემის რედაქტორია. დღესაც ერთგულად ემსახურება თავის სათაყვანებელ თეატრს.

- სკოლის პერიოდიდან ჩემზე - მე-5 კლასის მოსწავლეზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მოზარდ მაყურებელთა თეატრში ნოდარ ჩხეიძის დადგმულმა სპექტაკლმა "სათაგური". პლასტიკაზე აგებულ დადგმაში მსახიობების მეტყველმა მოძრაობებმა და ულამაზესმა კოსტიუმებმა მომხიბლა. შემდეგ უკვე განუმეორებელი "ჭინჭრაქა" იყო აღფრთოვანების საგანი. მიყვარდა და დღემდე ფანტასტიკურად მიყვარს ოპერა. არ დამავიწყდება, მე-7 კლასში "ჩიო-ჩიო-სანი" ვნახე, რომელიც კვლავ ყურში ჩამესმის...

მე-60 სკოლა დავამთავრე, რომლის დირექტორი ლილი მელაძე ჯერ კიდევ დედაჩემის ისტორიის მასწავლებელი იყო. ძალიან უყვარდა და პატივს სცემდა ეს ქალი ხელოვნებას, ეს სიყვარული ტრადიციასავით ჩვენზეც გადმოვიდა. საკმაოდ მკაცრი და არაჩვეულებრივი პედაგოგები გვასწავლიდნენ. მერვე კლასში ინგლისურის მასწავლებელმა დადგა "კონკია", სადაც მთავარი როლი შევასრულე. ბავშვები ენთუზიაზმით გავდიოდით რეპეტიციებს, კოსტიუმები მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან გამოვიტანეთ, დიდი აჟიოტაჟი გვქონდა. სპექტაკლს საოცარი მოწონება ხვდა და მეორე დღესვე გავიღვიძე, როგორც ძალიან ცნობილმა "მსახიობმა" და უბანში პოპულარულმა გოგომ. სპექტაკლის ამსახველი ფოტოებიც შემომრჩა. იმ როლმა გააჩინა ნაპერწკალი იმისა, რომ მსახიობობაზე ფიქრი დამეწყო. მაგრამ მამაჩემმა მითხრა: თუ მსახიობია ადამიანი, მისი სახელი ხალხმა უნდა აღიაროს და ისე რა, საშუალო დონის მსახიობი არაფერია, ასეთ შემთხვევაში, ცხოვრება გაგიჭირდებაო. ასევე, ის თვლიდა, რომ მსახიობისა და მეფოლადის შრომა თანაბარია, მე კი სუსტი ვიყავი ჯანმრთელობის მხრივ. გადავწყვიტე, ჟურნალისტიკაზე ჩამებარებინა. მამა, გივი თევზაძე ჟურნალისტი იყო და ათეული წლების მანძილზე საქართველოს რადიოკომიტეტში მუშაობდა. მან ღირსეული შემოქმედებითი ცხოვრება განვლო, მაგრამ ახალგაზრდა, 52 წლისა გამოეთხოვა წუთისოფელს.

ახლობლების შესახებ

- თითოეული ახლობლის ოჯახს საინტერესო და გამორჩეული ბიოგრაფია აქვს. ბაბუა, გრიგოლ თოდაძე ცნობილი ეკონომისტი გახლდათ. მისი მეუღლე - ბებია ნინა სტუმართმოყვარე და შესანიშნავი დიასახლისი იყო. ბებიაჩემის ძმა ცნობილი ქართველი მწერალი ელიზბარ ზედგინიძეა, მთაწმინდის ამბების მთხრობელი. ძია ელიზბარი მოზარდ მაყურებელთა თეატრის პირველი დირექტორი და ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. ბაბუასთან სახლში მოდიოდნენ ალიო მირცხულავა, ხუტა ბერულავა... ჩემი ნათესავების ოჯახებში, ყველგან შემოქმედებითი ატმოსფერო სუფევდა. ახლობელი იყო რობერტ სტურუას ოჯახიც, დედამისის მხრიდან. ქალბატონი ცუცას ბიძაშვილის, გუჯა ბოლქვაძის მეუღლეა დეიდაჩემი ნანო მესხიშვილი. ჩვენ ქალბატონ ცუცასთან სახლშიც მივდიოდით თათია ხაინდრავასთან ერთად, რომელიც მათი ახლობელი იყო. მამის მხრიდან ბაბუა ალექსანდრე - რუსული ენის ცნობილი პედაგოგი, 1937 წელს გადაასახლეს. როცა დაბრუნდა, მხოლოდ რეაბილიტაციის შემდეგ გააგრძელა პედაგოგიური საქმიანობა. ბაბუა თავის დროზე ტარტუს უნივერსიტეტში სწავლობდა. ბებია, ხუნდაძის ქალი, 27 წლისა 4 შვილით მარტო დარჩა და იხსენებდა, როცა ალექსანდრე დააპატიმრეს, მეზობელი კი არა, ნათესავებიც აღარ გვეკარებოდნენო. ისეთი გაჭირვება ჰქონდა, ახალგაზრდა ქალი უღელში თავად შეებმებოდა ხოლმე, მიწა რომ მოეხნა, ცხენი და ხარი არ ჰყავდათ. წარმოიდგინეთ, რა ცხოვრება გამოიარა.

ბებიას ბიძაშვილი გახლდათ ცნობილი ქართველი რეჟისორი შოთა აღსაბაძე, "ოტელოს" დამდგმელი; ამ სპექტაკლში მთავარ როლს აკაკი ხორავა ასრულებდა. შოთას მეუღლეს ვიცნობდი. რადგან მისი შთამომავალი ვარ თუნდაც თეატრალური კუთხით, ეს ძალიან მეამაყება. შოთა აღსაბაძეს თავისი ადგილი უკავია ქართული თეატრის ისტორიაში.

და მაინც, თეატრალური ინსტიტუტი

- თეატრალურში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე. მისაღებ გამოცდებზე გვესწრებოდნენ: საშა მიქელაძე, აკაკი ვასაძე, მიხეილ თუმანიშვილი, დიმიტრი ალექსიძე - ტიტანები! მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგები, მათ შორის: გურამ საღარაძე, ნატა ჩიტაია, რომელმაც ხმა დამიყენა და მეტყველება ჩამომიყალიბა (სუსტი ხმა მქონდა); ცეკვის მასწავლებელი იყო ნატა კანდელაკი, კოწო ბადრიძე - სასცენო მოძრაობა, შოთა სხირტლაძე - ფარიკაობა. უნიჭიერესი რეჟისორის - შალვა გაწერელიას ხელში მოვხვდი, ეს იყო მოზარდის ჯგუფი. ჩემთან ერთად სწავლობდნენ: საშკა იოსელიანი, გია ძნელაძე, მერაბ ბოცვაძე... ერთი კურსით წინ, ბატონი შალვას სამსახიობო ჯგუფში იყვნენ: დარეჯან ხარშილაძე, აკაკი შანშიაშვილი, მერაბ შარიქაძე... ამ ჯგუფთან ბატონმა შალვამ დადგა "ანა ფრანკის დღიური", მენდო და ანას როლი მათამაშა მეორეკურსელს. არაჩვეულებრივი მიზანსცენებით და მძაფრი ვნებებით დატვირთულმა სპექტაკლმა დიდი წარმატება მოიპოვა... მერე ბატონმა შალვამ მოზარდ მაყურებელთა თეატრში "მოკვეთილი" დადგა, სადაც გულსუნდა ვიყავი. ინსტიტუტი დავამთავრე და კითხვის ნიშნის გზაზე დავდექი. მოზარდ მაყურებელთა თეატრს ძალიან რთული მაყურებელი ჰყავს. მსახიობებს დიდი გამძლეობა სჭირდებათ. დარბაზიდან წამოსული მძაფრი და მრავალფეროვანი რეაქცია შეიძლება სცენაზე მდგომი არტისტის უარყოფით ემოციებს იწვევდეს. მახსოვს, "ანა ფრანკის დღიურის" მეორე მოქმედებაში, როცა ფრანკებისა და დაანების ოჯახს საკვები შემოაკლდებათ, ეპიზოდი ისე მტკივნეულად იყო დადგმული, რომ ბავშვებმა სცენაზე ხაჭაპურები ამოყარეს. ამან შემძრა და ძალიან განვიცდიდი ბევრ რამეს, რაც ამ თეატრს თან სდევს. ბატონ შალვას, ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელსა და გამზრდელს, იმ პერიოდში უკმაყოფილება მოუვიდა და ტელევიზიაში წავიდა. ჩვენი ჯგუფი დაიშალა. მე ტელევიზიაში წამოვედი.

ტელევიზიაში... და ასპირანტურაში

- ტელევიზიის სადადგმო რედაქციაში კახა კახაბრიშვილთან მოვხვდი, ის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, მე - რეჟისორის ასისტენტი. რამდენიმე სპექტაკლზე ვიმუშავე, მაგალითად, "გვადი ბიგვაზე". ეს სპექტაკლი რუსთაველის თეატრში თუმანიშვილმა დადგა და იქ ვინც თამაშობდა, კახამ ტელესპექტაკლშიც მიიწვია. მათ შორის იყვნენ ეროსი მანჯგალაძე და მედიკო ჩახავა. ამ მსახიობებს ვიცნობდი, რადგან ელიზბარ ზედგინიძე ცხოვრობდა ბარნოვის 124 ნომერში, იმ ცნობილ სახლში, სადაც სესილია, მედეა ჯაფარიძე, რეზო თაბუკაშვილი, მიხეილ თუმანიშვილი, ეროსი და სხვები ცხოვრობდნენ. ამ ადამიანებს ბავშვობიდან ვხედავდი, ურთიერთობა - მცირედი, მაგრამ მაინც მქონდა.

ტელევიზიაში მუშაობისას სულ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მდევდა. არ მომწონდა, რასაც ვაკეთებდი, წმინდა ტექნიკურ სამუშაოს ვასრულებდი. მერე ჩავაბარე ასპირანტურაში და სადისერტაციო თემად "ქართული თეატრალური მხატვრობის საწყისები" ავიღე. რა თქმა უნდა, მივედი ნათელა ურუშაძესა და დიმიტრი ჯანელიძესთან, ისინი ჩემი პედაგოგები იყვნენ და უშურველად დამიდგნენ გვერდში. ერთი წელი შესავალ ნაწილზე ვიმუშავე, რომელიც ჩემს ვრცელ სტატიაში "თეატრალური მოტივები ტიმოთესუბნის კომპოზიციაში - ქრისტეს განკიცხვა" აისახა. სტატია მივიტანე ჟურნალში "საბჭოთა ხელოვნება", რომლის მთავარი რედაქტორი თამაზ ჭილაძე იყო. წერილს გაეცნენ, დაინტერესდნენ და მთხოვეს, ვახტანგ ბერიძისგან (მეცნიერი და ხელოვნების ისტორიკოსი) ამეღო რეკომენდაცია, რადგან ვწერდი ტრადიციული ფრესკული მხატვრობის უჩვეულო გადაწყვეტაზე. რა თქმა უნდა, დავეთანხმე. ხელმეორედ რომ მივედი ბატონ ვახტანგთან, თაბახის ფურცელზე თავისი ხელით დაწერილი რეცენზია დამახვედრა მაღალი შეფასებით, რომელიც ჟურნალის რედაქციაში მივიტანე და სამწუხაროდ, იქ დავტოვე. სტატია დაიბეჭდა და ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი რეცენზია რედაქციის არქივში დარჩა...

რობერტ სტურუა

- ბატონ რობიკოს ჯერ კიდევ სტუდენტობისას ვუთხარი, ვინ ვიყავი. ჰოო, თქვა და მაშინვე დაიმახსოვრა. როცა ვხვდებოდი, ყოველთვის მიღებდა, როგორც ახლობელ, შინაურ ადამიანს. რუსთაველის თეატრში ლიტერატურულ განყოფილებაში რედაქტორად რომ დავიწყე მუშაობა, სწორედ ის იყო, რაც ძალიან მაინტერესებდა... რობერტ სტურუას გენიოსობას ვერ ვგრძნობთ იმიტომ, რომ მისი თანამედროვეები ვართ, მის გვერდით ვსუნთქავთ... ვესწრებოდი რეპეტიციებს და ვიწერდი ურთიერთობას მთელი თავისი მიზანსცენებით. მის გვერდით ვსწავლობდი, როგორ უნდა იმუშაოს რეჟისორმა დრამატურგის ტექსტზე, როგორ მოაქციოს ფრაზა ისე, რომ მსახიობისთვის ადვილად გასათამაშებელი იყოს, რას აქცევდა ის ყურადღებას - შორისდებულებს, ბგერებს თუ სიტყვას; როგორ ეძებდა და ეძებს ის დღემდე ამ სიტყვას, რომელიც მას სჭირდება ამ ხასიათისთვის, ამ მოქმედებისთვის, ამ სპექტაკლისთვის. მასთან რამდენიმე სპექტაკლზე ვიმუშავე და ვფიქრობ, რომ ბევრი საინტერესო სტატია დავწერე იმ პერიოდში. თეატრმცოდნე კოტე ნინიკაშვილს გაუჩნდა იდეა, რომ რობერტ სტურუას შესახებ ორტომეული გამოცემულიყო. ამ საქმეში ჩავერთეთ ყველანი - კოტე, თავად ბატონი რობიკო, ლილი ფოფხაძე, კაკო კუჭუხიძე, მე და ინტენსიურად ვიმუშავეთ. სწორედ იმ ორტომეულით ჩაეყარა საფუძველი ბატონი რობიკოს შესახებ წიგნების მთელ სერიას.

ბოლო ნაშრომი

- სიყვარულის გარეშე არაფერი კეთდება და მე ისე შემიყვარდა რუსთაველის თეატრის შენობა, რომ ათი წელი ვიმუშავე წიგნზე "რუსთაველის თეატრის შენობის ისტორიისათვის", რომელიც უკვე გამოვიდა. ეს არის ისტორია საძირკველში პირველი აგურის დადებიდან შენობის გახსნამდე და შემდეგ. მადლობელი ვარ ჩემი ბედის, რომ ამის გაკეთება შევძელი.

ნანული ზოტიკიშვილი