"- ოკუპანტების მოშორების გარდა, კიდევ რამე ხომ არ გჭირდებათო?.." - გზაპრესი

"- ოკუპანტების მოშორების გარდა, კიდევ რამე ხომ არ გჭირდებათო?.."

თითქმის ერთი წელია, სირენების გამაყრუებელი ხმა, რუსული რაკეტები, ჭურვები, საარტილერიო დარტყმები - უკრაინის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. გამონაკლისი არც ახალი წლის ღამე და პირველი დღეები ყოფილა. რუსეთი განაგრძობს მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას. უკრაინის დიდი ნაწილი კვლავ შუქისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი. არადა, სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში მთელ ქვეყანაში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი...

რამდენიმე დღის წინ, ხერსონის რეგიონის დაბომბვისას 5 ადამიანი დაიჭრა. რუსული ძალები უტევენ ქალაქ ბერისლავსაც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბაზარს სავარაუდოდ ტანკიდან ესროლეს. იერიშის შედეგად დაჭრილთაგან სამი მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკული იყო და ხერსონიდან მათი ევაკუაცია გახდა საჭირო...

ანტონ შამრაი მოხალისეა. ცხელ წერტილებში იარაღის გარეშე დადის და მოსახლეობას პურით, წყლით, სანთლებით, მედიკამენტებით, კონსერვებითა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა ნივთებით ეხმარება. ეს დანაღმულ ველზე სიარულს ჰგავს, რადგან მოხალისეებს ხშირად, უეცრად დაწყებული იერიშის გარდა, ამა თუ იმ დასახლებაში მყოფი კოლაბორაციონისტებიც უქმნიან საფრთხეს.

ანტონ შამრაი:

- ხერსონის მიმართულება ჩვენთვის ძალზე აქტიურია, რადგან იქ მყოფებს უამრავი პრობლემა აქვთ. ისინი, ვინც სახლი ვერ ან არ დატოვა, შევეცადეთ, ახალ წელს იმედიანად შეხვედროდნენ. ისინი ძირთადად, უფროსი ასაკის ადამიანები არიან, რომელთაც, ჩემდა გასაოცრად, ხშირად ახალგაზრდებზე მეტი გამძლეობა, მოთმინება და ამტანობა აქვთ. საახალწლოდ მათ წყალი, კონსერვები, პური, ხილი და ტკბილეულობა მივუტანეთ. დნეპროს მეორე მხარეს დაბანაკებული რუსები ხერსონს ყოველდღე ბომბავენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხალხი მაინც იქ რჩება...

- ადგილობრივები ჰყვებიან, რომ გარშემო ოლქებია დანაღმული.

- დიახ. რამდენიმე ადამიანი ახლობლის სანახავად მიდიოდა და გზაში ნაღმზე აფეთქდა. ფიზიკური დაზიანებები მიიღეს, მაგრამ გადარჩნენ. ხშირად შეხვდებით მოხუცს თვითნაკეთი ურიკით ხელში, რომელზეც ბოთლით წყალი და შეშა აქვს დამაგრებული. დენი და წყალი უმეტესად არა აქვთ, ძალიან სჭირდებათ სანთლები, გენერატორები, შეშა... დარჩენილი ადგილობრივები საახალწლოდ ერთად ამზადებდნენ კერძებს. გაჭირვებამ და საერთო მიზანმა ადამიანები კიდევ უფრო დააახლოვა. წინასაახალწლო დღეებში ვესტუმრეთ, თბილი ტანსაცმელი, სანთლები და შეშა მივუტანეთ. მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობის პირები, რომლებიც კორპუსების ზედა სართულებზე ცხოვრობენ, ეზოში ვერ გამოდიან და მათ განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდებათ...

სახლის ეზოში შუა ცეცხლის გარშემო სამზარეულო აქვთ მოწყობილი. ასაკოვანი კაცები ამ ცეცხლის გარშემო იყვნენ შემოკრებილი, ერთ-ერთი ძველ უკრაინულ მუსიკალურ საკრავ ბანდურაზე უკრავდა, სხვები კი მღეროდნენ. სიმღერა არ მეცნო. მითხრეს, ხალხურია, სტეპან ბანდერას მიუძღვნეს, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს "ხალხის მტრად" იყო შერაცხილი; საბჭოთა მმართველობის დროს მისი შესრულება აკრძალული იყო, მაგრამ ეროვნულ გმირზე შექმნილი მუსიკა ხალხმა დღემდე მაინც შემოინახა...

ქალები ღვეზელებსა და ტკბილეულს აცხობდნენ, ცეცხლზე შემოდგმულ დიდ ქვაბებში, მეორე ცეცხლზე, უფრო დიდ ქვაბში ტანსაცმლის გასარეცხი წყალი ცხელდებოდა. ნაძვის ხის ერთი კუთხე სათამაშოებით, ფერადი ბაფთებითა და წვიმებით იყო მორთული - ვისაც რა შემორჩა დანგრეულ სახლებში. თავად რომ არ მენახა ეს ყველაფერი, ფილმის გადასაღებ მოედანზე მოწყობილი პავილიონი მეგონებოდა, სადაც მე-19 საუკუნის დასაწყისის უკრაინის ცხოვრებიდან რომელიმე ისტორიულ ეპიზოდს იღებდნენ...

რუსეთს ძალიან უნდა, ჩვენი მოსახლეობა ქვეყნიდან გააქციოს, წელში გაწყვიტოს, მაგრამ ვერ ეღირსებიან. აქ, ფრონტის ხაზზე მცხოვრები უკრაინელებიც კი ბევრად თავისუფლები და ლაღები არიან, ვიდრე მოსკოვის ან პეტერბურგის ცენტრალურ ქუჩაზე მცხოვრები რუსები, რომლებსაც შესაძლოა, პუტინის რეჟიმი არ მოსწონთ იმის გამო, რომ ომი უკვე მათ ოჯახშიც შევიდა, მაგრამ გაპროტესტებას მაინც ვერ ბედავენ და მშვიდად უყურებენ, როგორ უშვებენ ახალგაზრდებს "ხორცსაკეპ მანქანაში..."

- ამ დღეებში განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურას ვარაუდობენ, არა?

- დიახ. საერთოდ, ხერსონში მკაცრი ზამთარი იცის. მინუს 15 გრადუსამდე ელოდებიან. ამიტომ გამაგრდა ხალხი სახელდახელოდ მოწყობილ ფარეხებსა და ფარდულებში - რუსეთმა ისევ რომ დაბომბოს, დენისა და გაზის მიწოდება რომ შეწყდეს, კორპუსებში გაიყინებიან...

არიან ისეთები, ვინც ქალაქიდან გასვლისას, შედარებით უსაფრთხო ადგილებში განლაგებულ კორპუსებში თავიანთი ბინები დროებით სხვებს დაუთმეს, რადგან ახლა აქაურობისთვის არც მაროდიორობაა უცხო: ადგილობრივები ჰყვებიან, რომ დღემდე აწყდებიან რუს სამხედროებს, რომლებიც ადრე თავიანთი ნაწილებიდან გამოიქცნენ, სამოქალაქო ტანსაცმელი მოირგეს და მოსახლეობას შეერივნენ. რამდენიმე მათგანი ადგილობრივებმა დააკავეს და პოლიციას გადასცეს, მაგრამ მაინც იმდენი არიან, რომ ადგილობრივებისთვის ზიანის მიყენებას ახერხებენ.

ლესია მუზიჩენკო, კიევის ოლქის მცხოვრები:

- მხოლოდ კალენდარზე აღვნიშნე ახალი წელი... წინა საღამოს, რუსეთის იერიშს 3 უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა. რუსეთმა კიევის მიმართულებით მხოლოდ ერთ ღამეში 40 დრონი გამოუშვა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უმეტესობა ჰაერშივე გაანადგურეს... ჩემი ოჯახის წევრები სანგრებში სხედან, მინუს 10 გრადუსში. ენატრებათ ოჯახი, შვილები, დედ-მამა... ჩემი ძმა ამბობს, ჩვენი ცხოვრების საუკეთესო დროს, რომელსაც სწავლას, განვითარებას უნდა ვუძღვნიდე, ტალახიან სანგარში ვატარებო!.. თუმცა ცდილობს, რაღაც დრო იქაც გამონახოს და (ფრანგული ლიტერატურის ფაკულტეტზე სწავლობს) როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდება, კითხულობს. ამის გამო ტელეფონი ხშირად დასატენი მაქვს და ეს დისკომფორტს მიქმნისო.

აღმოსავლეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინელი სამხედროები პოზიციებს ინარჩუნებენ და ცალკეულ მონაკვეთებზე წინაც მიიწევენ... როგორია ჩვენი ახალი წელი?.. ერთადერთი, რასაც ვნატრობთ, ჩვენების წინსვლა იქნება. ათასობით ადამიანი უკვე გმირულად დაეცა უკრაინის მიწაზე - ჩვენები, ქართველები, ბელარუსები, ამერიკელები, პოლონელები, აზერბაიჯანელები, ჩეჩნები. ვიცი, რომ დღემდე ვერ ახერხებენ იმ ქართველი ბიჭების ცხედრების გამოტანას, ვინც ბახმუტში დაეცა... დიდება მათ სულებს!.. ეს ყველაფერი ვიცი და როგორ მიხაროდეს ახალი წელი?!. არ მიხარია, მხოლოდ იმედი მაქვს, რომ ყოველი დღე ნაბიჯ-ნაბიჯ გვაახლოებს რუსეთის დამარცხებასთან. ამიტომ ვთქვი, რომ ჩვენთვის მხოლოდ კალენდარულად დადგა ახალი წელი... პუტინი ზამთარს იარაღად იყენებს და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობის გატეხას ცდილობს, მაგრამ ვერ ეღირსება, გავუძლებთ!..

ელა გურკოვა, მიკოლაევის მკვიდრი:

- ომში ვცხოვრობთ. ჩემი მშობლები ბახმუტში ცხოვრობენ, სადაც დენი ხან არის, ხან - არა. ახალი წლის ღამეს არ ჰქონდათ, ამაზე რუსეთმა "იზრუნა". ხანმოკლე საუბრისას მითხრეს, რომ ნაძვის ხე მორთეს და მეზობლებთან ერთად რამდენიმე კერძი მოამზადეს... ხანდახან ჩვენი ბიჭები, ანუ სამხედროები, შემოივლიან, ხუმრობით გვკითხავენ, - ოკუპანტების მოშორების გარდა, კიდევ რამე ხომ არ გჭირდებათო? - მერე თავიანთი ულუფიდან რაღაცას გვიწილადებენ, თბილ სიტყვას გვეტყვიან, ეს ჩვენი ახალი წელიაო... ახლა მთელი უკრაინა ფრონტისპირა ხაზია, მაგრამ ბახმუტელები ცხელ წერტილში ცხოვრობენ, სადაც უსასტიკესი ბრძოლები მიმდინარეობს. და მაინც, ქალაქს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ და ალბათ ეს არის ერთ-ერთი მოტივაცია, რომლის გამოც ახალ წელს იმედიანად შეხვდნენ...

რამდენიმე დღის წინ დედამ მიამბო: 15 წლის ბიჭი პატარა დასთან ერთად, თავისი დანგრეული სახლიდან ნივთებს ურიკით ეზიდებოდა. ბავშვები ბებია-ბაბუასთან სოფელში მიდიოდნენ, რა დროსაც ნაღმზე აფეთქდნენ.

- გადარჩნენ?..

- გოგონას ხელი აქვს დაზიანებული, მაგრამ შეუნარჩუნეს, ბიჭი ორივე თვალით დაბრმავდა. შეიძლება ითქვას, გაუმართლათ, რომ ნაღმზე ჯერ ურიკის ბორბლებმა გადაიარა...

ამას წინათ, რუსულმა ჭურვმა ჩვენი კორპუსის ის მხარე ჩამოანგრია, სადაც ადგილობრივ ექიმებს შედარებით მსუბუქი პაციენტებისთვის ჰოსპიტალი ჰქონდათ მოწყობილი. მსხვერპლი არ არის, მაგრამ მთელი სამედიცინო მარაგი და აპარატურა განადგურდა... საშინელი სანახავია დეკორაციასავით ჩამოხსნილი სახლის კედლების ნახვა, ანუ მხოლოდ ერთი კედელია დარჩენილი, სადაც ავეჯის ნაწილი, ზოგჯერ კედელზე ჩამოკიდებული სურათებიცაა შერჩენილი; ქარი რომ დაუბერავს, ისინი პირდაპირ ქუჩაში ცვივა...

ამ პირობებში ძნელია, სადღესასწაულო განწყობა შეინარჩუნო, მაგრამ მაინც ვცდილობთ. მაინც წინ უნდა ვიაროთ, გაჩერება არ შეიძლება. ოკუპანტსაც ეს უნდა - ხელს თუ ჩავიქნევთ, ამას რუსეთი თავის გამარჯვებად ჩათვლის. ამიტომაც, ვიდრე ვცოცხლობთ, და მტრის ჯინაზე ნამდვილად ვცოცხლობთ, ვიმღერებთ კიდეც და ჩვენს შვილებსაც დავანახვებთ, რომ ომში ზეიმიც შეიძლება. არ ვიცით, კიდევ რა "სიურპრიზს" გვიმზადებს ფაშისტი მტერი, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში კიდევ უფრო გავძლიერდით და ახლა მით უმეტეს არავინ ფიქრობს უკან დახევაზე. ამ ბრძოლაში დავამტკიცეთ, რომ უკრაინა თავისუფლებისთვის ყველაფერს თმობს და ომის პარალელურად, მშვიდობისმოყვარე, ღირსეული ერი იბადება. შეიძლება რუსეთმა ერთი ახალი წელი წაგვართვას, მაგრამ თავისუფალ მომავალს ვერ წაგვართმევს. აუცილებლად გავიმარჯვებთ!..

ლალი პაპასკირი