ბავშვობის დაუვიწყარი დღეები ყაზბეგში და ახალი წლის დადგომა პარლამენტში - გზაპრესი

ბავშვობის დაუვიწყარი დღეები ყაზბეგში და ახალი წლის დადგომა პარლამენტში

ჟურნალისტ ირაკლი მაისურაძეს უფრო ახალი წლის სამზადისი უყვარს, ვიდრე საკუთრივ ახალი წლის დადგომის მომენტი. საბავშვო ბაღის საახალწლო ზეიმებზე მთხრობელის როლში გამოდიოდა. მისთვის დაუვიწყარია ყაზბეგში გატარებული ზამთრის არდადეგები. განსხვავებული ნაძვის ხე ჰქონდა ბავშვობაში და ძალიან მოსწონდა მისი სათამაშოები.

- სკოლამდელ ასაკში, საახალწლო ზეიმზე ვისი როლი შეგისრულებიათ?

- ბაღის საახალწლო ზეიმების ამსახველი უამრავი ფოტო მაქვს, მთხრობელის როლში გამოვდიოდი. ვყოფილვარ თოვლის პაპაც, დევიც... თუმცა, მე და ჩემი პედაგოგი შეთანხმებულები ვიყავით, როცა საახალწლო ზღაპრებს ვდგამდით, ძირითადად მთხრობელი ვიყავი და ჩოხა მეცვა. ამ ამპლუაში თავს კარგად ვგრძნობდი, ეტყობა, ამიტომაც გამოვედი ჟურნალისტი.

- საახალწლო არდადეგები როგორ გახსენდებათ?

- იდეალურად. ძირითადად ყაზბეგში მივდიოდით (დედაჩემი მოხევეა) ან შინ შევხვდებოდით ახალ წელს და მერე ვესტუმრებოდით ყაზბეგს. იქ გატარებული ახალი წლების ემოციები დაუვიწყარია იმიტომ, რომ პირველ რიგში, დიდი თოვლი მხვდებოდა. კარგად მახსოვს თოვლისგან გამოწვეული სითბო, ბაბო, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შენი სურვილების ასრულებაზე იყო ორიენტირებული... ამ ყველაფერს როცა ვიხსენებ, თბილი და კარგი ემოციები მოდის.

- ბავშვობაში ეხმარებოდით დედას ნაძვის ხის დადგმაში?

- ჩვენთან ნაძვის ხის დადგმის და მორთვის მთელი ცერემონიალი არსებობდა. ჟურნალების პატარა მაგიდაზე ჯერ დიდ დაფას დებდნენ და მერე მასზე ნაძვის ხეს ამაგრებდნენ. მოტორი გვქონდა, ის დღემდე გვაქვს შენახული, რომლის შიგნით სპეციალური კონსტრუქციით იდებოდა ღერძი და იმაზე ეწყობოდა ნაძვის ხე, რომელიც ტრიალებდა. აუცილებლად ბევრ ბამბას ვაფენდით ხოლმე ნაძვის ხის ძირში. ტრადიციად გვქონდა, რომ მთელი ახალი წლის მანძილზე რამდენჯერმე ჩავრთავდით ნაძვის ხეს და მის ტრიალს თვალს ვადევნებდით. იყო ქაღალდის გასაშლელი სათამაშოები და საერთოდ, თითოეულ მათგანს თავისი ისტორია ჰქონდა. ისეთი სათამაშოებიც გვქონდა, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს პრესტიჟულად ითვლებოდა. მაგალითად, სახლი, რომლის ფანჯრები რიგრიგობით ინთებოდა, და თოვლის ბაბუა, რომელიც მოძრაობდა. ძალიან შთამბეჭდავი სანახავი იყო. დედ-მამა ყოველთვის მოწადინებული იყო, რომ მე და ჩემი ძმაც ჩართული ვყოფილიყავით ნაძვის ხის აწყობასა და მორთვაში. ჩვენ ძალიან მოგვწონდა ეს პროცესი და ყველანი ერთად ვმონაწილეობდით ამ საქმეში. ვფიქრობ და მინდა, რომ ის ძველი ნაძვის ხე ერთხელ კიდევ ავაწყო და ვატრიალო, ძალიან მომწონს. ძველი სათამაშოები ყუთში და ბამბებში შეფუთული ინახება. თითოეული სათამაშო დიდ ემოციას ინახავს.

- ვინ იყო ხოლმე თქვენი ოჯახის მეკვლე?

- მეკვლეები ვიყავით მე ან ჩემი ძმა, მამა ან დედა. განსაკუთრებული და სხვა მეკვლეები არ გვყოლია. ჩვენთან ასე იყო, ოჯახი უპირველეს ყოვლისა. მე ისე ომახიანად და მონდომებით ვამბობდი მეკვლის ტექსტს და ლექსსაც, რომ იმ წუთებში საოცრად ბედნიერი ვიყავი.

- მეკვლე ან თოვლის პაპა ყოფილხართ?

- ერთი-ორჯერ მეკვლე აღმოვჩნდი სრულიად შემთხვევით, არც მახსოვს, ვისთან, მაგრამ ცუდი ფეხი ნამდვილად არ მქონია. თოვლის პაპა ვყოფილვარ შვილებისთვის, მაგრამ სახლში ამაზე აქცენტს არ ვაკეთებთ. ჩემი ფუნქცია თოვლის პაპის როლში შემოიფარგლებოდა მხოლოდ ნაძვის ხესთან საჩუქრების დაწყობით. ჩვენ უფრო სხვა საახალწლო ტრადიცია გვიზიდავს: სუფრასთან დაჯდომა, საჩუქრების გახსნა, ახალი წლის ღამეს ერთად ფილმის ყურება ან ვთქვათ, ბუხართან დროის გატარება - ურთიერთობაა უფრო მნიშვნელოვანი. ახალ წელს ოჯახთან ერთად ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. უბრალოდ, ბავშვები გაიზარდნენ (მარიამი სტუდენტია, ერეკლე - აბიტურიენტი) და მეგობრებთან ერთად უნდათ დროის გატარება. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელი ასე იქნება. ისინი ან სხვაგან იქნებიან ახალ წელს, ან სახლში შეხვდებიან და მერე გაიქცევიან. ამას ტრაგედიად არ მივიჩნევ. ახალი წლის დასაწყისი უნდა იყოს ისეთი, როგორიც შენ გესიამოვნება.

- თქვენ სად გაჭრილხართ, როცა მათი ასაკის იყავით? ქალაქგარეთ არ შეხვედრიხართ ახალ წელს?

- ძირითადად ოჯახში ვხვდებოდი ახალ წელს და მერე კლასელები ვიკრიბებოდით ხოლმე რომელიმეს სახლში. ქალაქგარეთ ვიყავი ერთი-ორჯერ, მაგრამ ეს მოხდა საქმიდან გამომდინარე, ვიდრე ჩემი სურვილით. მე მაინც ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად ყოფნა მსიამოვნებს.

- სამზარეულოს ამბები გეხერხებათ?

- სამზარეულო მიყვარს და მოხერხება კი არა, ყველაფერს ვაკეთებ, რასაც ხელს მოვკიდებ. მომწონს და ვაკეთებ.

- ახალი წელი სამსახურში გაგიტარებიათ?

- 31 დეკემბერს ტელევიზიაში ძირითადად სულ ვმუშაობთ, მაგრამ მაინც ვახერხებდით ხოლმე, რომ ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე შინ მისვლა მიმესწრო. იყო ერთი ჩვეულებრივი ახალი წელი, როცა ტელევიზიაში შევხვდი და სახლში მერე წავედი. მინდა გამოვყო ის ახალი წელი, რომელსაც სამუშაოზე - პარლამენტში შევხვდი. მაშინ ეკა ბესელიასთან კონსულტანტი ვიყავი. ყოველთვის ვაფასებ მაგ პერიოდს და რატომ?.. თქვენ წარმოიდგინეთ, იმ კომიტეტში ისე მუშაობდნენ, რომ ახალი წლის მოახლოებაზეც კი არ უფიქრიათ და კვლავ გავაგრძელეთ საქმიანობა. სამაგიეროდ, ახალ წელს პარლამენტში ერთად შევხვდით მეგობრები თბილად და სიყვარულით. პატივს ვცემ იმ ახალ წელს, რადგან ეს ხალხი ცდილობდა და ზრუნავდა იმაზე, რომ ადამიანებისთვის ცხოვრება გაეუმჯობესებინათ. ეს იყო ძალიან მაგარი შეგრძნება.

ojaxi-copy-1673249346.jpg

- რა უფრო გიყვართ - ნაძვის ხის დადგმა, საჩუქრების მომზადება, წინასაახალწლო ფუსფუსი, თამადობა?

- თამადობა არ მიყვარს და არც დაგეგმილი სადღეგრძელოები. უფრო მიყვარს ახალი წლის სამზადისი, ვიდრე თვით ახალი წლის დადგომა იმიტომ, რომ ეს არის ერთი მომენტი... ის უფრო გრძელვადიანია, როცა ერთად ვემზადებით, ერთად ვფუსფუსებთ და ბოლოს ერთად ვხვდებით. დგება 12 საათი და მთელი თბილისი ფეთქდება, როგორ ვერ ვიტან ამას! თან, ცხოველები მყავს. თუმცა მათ ბათქაბუთქის არ ეშინიათ, მაგრამ ბევრ სხვა ცხოველს ძალიან ეშინია. არ არის საჭირო ამ გზით გამოხატო შენი სიხარული, ჯობს, პიროტექნიკაში დახარჯული თანხა სადმე საქველმოქმედო ფონდში გადარიცხო.

- საახალწლო სურვილით დავასრულოთ.

- ბანალური ვიქნები: ხვავი, ბარაქა, სიყვარული და ბედნიერება მინდა ჩემი ოჯახისთვის. ამას ვუსურვებ ყველას, საქართველოს და მთელ ქვეყანას!

ნანული ზოტიკიშვილი