"ვაიმე!!! ეს რა დამემართა" - გზაპრესი

"ვაიმე!!! ეს რა დამემართა"

"ახალი წლის დღესასწაული გამორჩეულად მიყვარს, დაბადების დღეზე მეტად აღვნიშნავ, ემოციურად სხვაგვარი განცდები მაქვს", - ამბობს იუმორისტი ვასო გრიგალაშვილი. საახალწლოდ მასთან სახალისო ერუდიტი ჩავწერეთ.

- ვასო, გილოცავ ახალ წელს. მიამბე, როგორ შეხვდი?

- მეც გილოცავ, ახალი 2023 წელი ჩვენი ქვეყნისთვის ბედნიერი ყოფილიყოს! ახალ წელს ყოველთვის სურამში ვხვდები, წელს სტუმრად მეგობრები მყავდა, ტელევიზიიდან და ახალი წლის შემობრძანება ყველამ ერთად აღვნიშნეთ. ამ დღეზე ვგიჟდები, გამორჩეულად მიყვარს.

- ალბათ წინასაახალწლო სამზადისშიც ენერგიულად ერთვები, არა?

- ბევრ რამეს ვაკეთებ. ამბობენ, რომ კარგი კულინარი ვარ, ოჯახში ხორცის მიმართულება და სალათების მომზადება საკუთარ თავზე მაქვს აღებული.

- გოზინაყი?

- ეს ის საქმეა, რომელსაც ქალბატონებს ვანდობ, არასდროს მომიმზადებია.

- "ახალი წელი ყველას დაბადების დღეა", - რომელი ცნობილი ინგლისელი პოეტი ამბობდა ამ სიტყვებს?

- არ ვიცი.

- ჩარლზ კრავი. ამ ძუძუმწოვარი ცხოველის 30-ზე მეტი სახეობაა ცნობილი, მისი სხეულის სიგრძე 44-47 სანტიმეტრია, მასა - 5 კილოგრამამდე. ყურები დინგზე გრძელი აქვს, უკანა კიდურები წინას მნიშვნელოვნად აღემატება. მას საათში 55-60 კილომეტრის გარბენა შეუძლია. ბევრმა არ იცის, რომ ის საუკეთესო მოცურავეა. რაზეა ლაპარაკი?

- კურდღელი (იცინის), არა?

- რა თქმა უნდა.

- ყურებმა მიმახვედრა. ახლა კურდღლის წელი დაიწყო, მე ძაღლის წელში ვარ დაბადებული, სულ კურდღელს დავდევ, მაგრამ პირობას ვაძლევ, წელს დავუმეგობრდები.

- ამის მიზეზი შეიძლება იყოს ახალი წელი, დაბადების დღე ან სხვა დღესასწაული, ნადირობა, ყინვა, ნაღველი და ა.შ. შეიძლება ეს რაღაც სრულიად უმიზეზოდაც მოხდეს. რაზეა ლაპარაკი?

- ისევ კურდღელზე?

- ეს საიდან მოიტანე?

- ნადირობაო და... გთხოვ, კითხვა გამიმეორე (გამეორების შემდეგ), მივხვდი, მგონი დალევაზეა ლაპარაკი.

- ალკოჰოლთან მეგობრობ?

- ახალი წლის დღეებში ვმეგობრობ, ქეიფი სიამოვნებას მანიჭებს.

- ახალ წელს თავად თამადობ?

- უმეტეს შემთხვევაში ასე ხდება.

- "არის რაღაც საერთო ღვინის სმასა და კითხვას შორის, მე მგონი ის, რომ ორივეს ე.წ. პიროვნების თავისუფლებასთან მივყავართ, ოღონდ ერთი მიშვებული, აგდებული ულამაზო თავისუფლებაა, უპასუხისმგებლობით გამოწვეული, მეორე კი - შემართებული, გამოცდილი და ყოვლისშემძლე, ამაღლებული"... გურამ დოჩანაშვილის რომელ ნაწარმოებში ვკითხულობთ ამ სიტყვებს?

- ძალიან ნაცნობი სიტყვებია (ფიქრობს), "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა". სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დრო აღარ მრჩება წიგნებისთვის. ისეთი აქტიური მკითხველი ვეღარ ვარ, როგორიც მინდა, რომ ვიყო.

- თავად ამ ორ პროცესს შორის საერთოს პოულობ?

- ქეიფის პროცესი აზარტულია, კითხვის პროცესი - ინტიმური. კითხვა მარტო დალევის პროცესს ჰგავს.

- საახალწლოდ ოჯახში ნაძვის ხის მორთვაში მონაწილეობ?

- ამ საქმეს ჩემი შვილი და მეუღლე აგვარებენ, პატარ-პატარა დეტალებზე ზრუნვა მეზარება. შეიძლება ნაძვის ხე ადგილამდე მივიტანო, მაგრამ მერე სხვამ უნდა ააწყოს.

- რა პერიოდიდან შემოვიდა საქართველოში ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია?

- XX საუკუნის დასაწყისიდან იქნებოდა.

- საქართველოში ნაძვის ხეს XVIII საუკუნიდან რთავენ. "ახალი წლის საღამოა,/ ქარი ქრის და ფიფქი ცვივა./ თოვლის საბანს რომ იხურავ,/ ნაძვის ხეო, არა გცივა"? ვინ არის ავტორი?

- ნოდარ დუმბაძე. ლექსი ასე გრძელდება: "...არა მცივა, პატარებო,/ მე ღიმილი თქვენი მათბობს/ და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც/ არასდროს არ დაიზამთროს./ ზამთარია, მაგრამ გული/ არ გითბებათ განა ყველას?/ ხედავთ? თოვლის ბაბუამაც საჩუქრები მოგიტანათ"...

- თავად თოვლის ბაბუასგან ყველაზე მეტად, რა საჩუქარი გაგახარებდა?

- პირველ რიგში, ვთხოვ, მშვიდობა გვქონდეს მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება პირად სურვილს, ბინა არა მაქვს თბილისში და თუ მაჩუქებდა, ძალიან გამიხარდებოდა. ლექსად ვეტყვი: "რომ მოჯდები ამ მარხილზე/ და გაჰყვირი, - აჩუ ჰე!/ ყველას რომ რაღაცას ჩუქნი,/ ერთი ბინა მაჩუქე".

- ახალ წელს იაპონელებს თავიანთ სახლებში შეაქვთ ფიჭვის ტოტები, როგორც დღეგრძელობის და სიძლიერის სიმბოლო; ქლიავის ტოტები, როგორც მარადიულობის სიმბოლო. დაასახელე მესამე მცენარე, რომელიც სათნოების სიმბოლოდ ითვლება.

- ჭადარი?

- ცდები. მიგანიშნებ, ეს მცენარე სიმაღლეში სწრაფად იზრდება.

- ბამბუკი.

- რასთან დაკავშირებით დაერქვა იანვარს იანვარი?

- არ ვიცი.

- დროის ღმერთის, იანუსის პატივსაცემად. ქამელეონს ენა უფრო გრძელი აქვს თუ სხეული?

- ენა.

- ჟირაფს მეტი კისრის მალა აქვს თუ ბეღურას?

- ბეღურას, არადა, რა დაუჯერებელია.

- 1877 წელს საახალწლოდ დააპატენტეს ნივთი, რომელიც გამომგონებელთა აზრით, წარმატებით დაეხმარებოდა ადამიანებს დეპრესიის მოხსნაში, გადაღლილობის დროს და ა.შ. ჩამოთვლილთაგან რომელი იყო ეს ნივთი: ვარდისფერი სათვალე, ციგურები თუ ყურებიანი ქუდი?

- ციგურები, ისრიალებდნენ და მოეშვებოდნენ, არა?

- ვარდისფერი სათვალე.

- მართალია, პასუხის გაცემა ვიჩქარე, აქედან არის გამონათქვამი, - ყველაფერს ვარდისფერი სათვალით ხედავო.

- რა ერქვა სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის მამას?

- (იცინის) არ ვიცი.

- ისაკი.

- ვაიმე!!! ეს რა დამემართა (იცინის). ახლა ვლადიმერ ილიჩის მამა გამახსენდა.

- ყველა თვე 30 ან 31 რიცხვით მთავრდება. რომელ თვეშია 28 რიცხვი?

- თებერვალში.

- მხოლოდ?

- არა, არა, ყველა თვეშია, თებერვალი არის 28-ით ან 29-ით.

- იზაბელა, საფერავი, ალექსანდროული, ცოლიკაური - ამ ჯიშებიდან რომელს არ აქვს შავი ნაყოფი?

- ცოლიკაურს.

- რომელ ღვინოს ანიჭებ უპირატესობას?

- კახური რქაწითელი ყველას მირჩევნია. ღვინის დაყენების წესები კარგად ვიცი, თავად ვამზადებ.

- როგორი სიმთვრალე გაქვს?

- იდეალური.

- იდეალური სიმთვრალე როგორია?

- სიმღერა, გართობა მიყვარს, მთვრალს ბოდიალი არ მჩვევია.

- ნაბახუსევზე როგორ გამოდიხარ?

- აი, იშვიათად რატომ ვსვამ, ნაბახუსევზე თავს კარგად ვერ ვგრძნობ. ამ დროს მხოლოდ ძილი მშველის, მაგრამ ძილი საშინლად არ მიყვარს. ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ არ დავიძინებდი.

- ორმა კაცმა 900 ლარი გაიყო, მათგან ერთ-ერთს 500 ლარით მეტი შეხვდა, რამდენი ლარი შეხვედრია მეორეს?

- 200 ლარი.

- წუთში ერთხელ არის, წამშიც ერთხელ, თვეში არ არის და წელიწადში ორჯერაა. რა არის?

- "წ".

- რაიმე ფობია გაქვს?

- 41 წლის ვხდები და სიმაღლის შიში აქამდე ვერ დავძლიე, ფრენა არ შემიძლია, ამიტომ არის, რომ სამოგზაუროდ ვერსად დავდივარ. ერთხელ მე და ჩემი მეუღლე დაბადების დღეზე დაგვპატიჟეს, ოჯახი X სართულზე ცხოვრობს, იმ საღამოს ღვინოს ვეძალებოდი, იქნებ სიმთვრალემ დამავიწყოს, სიმაღლეზე რომ ვარ-მეთქი. შუა ქეიფის დროს, ვიღაც კაცი შემოვიდა, სუფრასთან მოიწვიეს, ჩემ წინ დასვეს და თქვეს, ეს ჩვენი ლიფტიორიაო. საუბარი ამ კაცმა გააგრძელა, - ახლა ლიფტი გაფუჭებულია, გუშინ მიწისძვრა რომ იყო, ეს კორპუსი გადადიოდა და გადმოდიოდაო. მე ამის გაგონება მინდოდა? ეგრევე წამოვედი, ერთი ჭიქაც კი არ დამილევია. თავმდაბალი იმიტომ ვარ, რომ ზემოდან ყურება არ მიყვარს (იცინის).

- ფსიქიატრებისთვის ცნობილია ზოოფობია - შიში ცხოველების მიმართ, იხტიოფობია - შიში თევზების მიმართ, პანოფობია - შიში ყველაფრის მიმართ. რა არის გინეფობია?

- გინების შიში?

- არა.

- დალევის შიში?

- ცდები, ქალების შიშია.

- ქალების არ მეშინია, ამიტომ არ ვიცოდი.

- კლასში 35 მოსწავლეა. შეიძლება თუ არა, რომ თითოეული მათგანის გვარი განსხვავებული ქართული ასოებით დაიწყოს?

- რა თქმა უნდა!

- როგორ?

- რა, არ შეიძლება?

- ქართულ ენაში 35 ასო არ არსებობს და როგორ დაიწყება?

- მათემატიკაში სუსტი ვარ.

- მაშინ, შემდეგ შეკითხვასაც მათემატიკიდან დაგისვამ: ოჯახში დედის, მამის და შვილის წლოვანებათა ჯამი 60 წელია. მამის წლოვანება დედისა და შვილის წლოვანებათა ჯამის ტოლია, ხოლო დედა 5-ჯერ უფროსია შვილზე. რამდენი წლისაა მამა, დედა და შვილი?

- (ანგარიშობს) მამა 30 წლის გამოდის, დედა - 25-ის და შვილი - 5 წლის.

- ნიკას მამას 5 ვაჟი ჰყავს, უფროსს ჰქვია გიორგი, შემდეგს - დათო, მესამე შვილს - ლუკა, მეოთხეს - ლაზარე. გამოიცანი, რა ჰქვია მეხუთეს?

- ნიკა.

- რა ერქვა ოთარაანთ ქვრივს?

- (ფიქრობს) ეს ნაწარმოები რამდენჯერ მაქვს წაკითხული და ამ პერსონაჟის სახელს ვერ ვიხსენებ, შვილს გიორგი ერქვა.

- რას გაიხსენებ, ოთარაანთ ქვრივს სახელი არ აქვს. 1972 წელს ერთმა ახალგაზრდა ინდუსმა მისწერა ჯონ ლენონს, რომ იგი დედამიწის გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობს, მაგრამ ფული არ აქვს და სთხოვა, მისთვის საჭირო თანხა გაეგზავნა. ლენონმა უპასუხა: "დაკავდი მედიტაციით და ნახავ მთელ მსოფლიოს შენს წარმოდგენაში". 1995 წელს ინდუსმა ოცნება მაინც აისრულა. როგორ?

- მედიტაციით დაკავდა? ვითომ ასეთი მარტივი პასუხია? (პაუზის შემდეგ) ა! გამახსენდა, ცოტა ხნის წინ მეგობარი ამბობდა ამის შესახებ, ლენონის წერილი გაყიდა, არა?

- დიახ. დაბოლოს, დაასრულე ალფრედ ტენისონის ცნობილი გამონათქვამი: "იმედი მომავალი წლის ზღურბლზე იღიმება და ჩურჩულებს: "უფრო..."

- ვერ დავასრულებ.

- "...უფრო ბედნიერი იქნება".

თამუნა კვინიკაძე