შობის ანგელოზები ქუთაისიდან - გზაპრესი

შობის ანგელოზები ქუთაისიდან

ანგელოზები ღვთის მიერ შექმნილი, უსხეულო ზებუნებრივი არსებები არიან, რომლებიც დედამიწის მკვიდრთ უფლის ნება-სურვილს აცნობენ, ადამიანებს დახმარების ხელს გვიწვდიან და გვმფარველობენ. სხვადასხვა სიმაღლისა და ფერის ხის ფიგურებად ქცეული კეთილი ამბების მაცნენი სწორედ ამ მისიით "იბადებიან" და ამა თუ იმ ადამიანთან თუ ოჯახში ნაწილდებიან. ერთი შეხედვით სადა ხის ნივთებში დიდი სითბო დავინახე და მისი ავტორით დავინტერესდი.

ანდრო დევიძე ქუთაისელი აღმოჩნდა, რომელიც არ ვიცი, ამას როგორ ახერხებს, მაგრამ მისი ხელით გამოთლილ ანგელოზების ფიგურებს საოცრად თბილი აურა აქვთ. მნახველში ისეთ განცდებს აღვივებს, როგორიცაა: სიმყუდროვე, სიმშვიდე, სიკეთე, სიყვარული და ყოველი ის დადებითი ემოცია, რაც ჩვენს ეპოქაში დეფიციტად არის ქცეული.

- წლების წინ, ქუთაისის ქალაქგაფორმებაში მხატვრად ვმუშაობდი. ამ ორგანიზაციას ქალაქის მასშტაბით სტენდების დაყენება და კედლის მოხატვა ევალებოდა... 54 წლის ვარ, პროფესიით მხატვარ-გამფორმებელი. ბაბუა და მამა დურგლები იყვნენ. გასული საუკუნის 90-იან წლებში ძველ ხელოსნებთან მოსწავლედ მოვხვდი, მათთან ჩუქურთმის ჭრა და ხის მხატვრული დამუშავება შევისწავლე. მას შემდეგ სულ ამ საქმეში ვარ - ჩუქურთმებსა და ხის ბურბუშელებში (იღიმის). საამქროში ვმუშაობდი, მერე ჩემი პატარა სახელოსნო გავაკეთე.

მცირე ზომის სუვენირებისა და მათ შორის ანგელოზების გაკეთება ბოლო რამდენიმე წელია, დავიწყე. ერთხანს რუსეთში მომიხდა ყოფნა, სადაც პარალიზებულ მამას ვუვლიდი. დედა უკრაინელია, ასე რომ, ქართველ-უკრაინელი ვარ... ხატის კვეთაზე კურთხევა მაქვს და მამაჩემის მოვლის პარალელურად, ხატებზე ვმუშაობდი. იქ სოფლის თავში ჯვრების დადგმა იციან და მას "პაკლონნი კრესტს" ეძახიან. ერთ-ერთ უკრაინულ სოფელს ჯვარი გავუკეთე და ქართველების სახელით საჩუქრად გადავეცი. იმავე პერიოდში ხისგან ანგელოზების ფიგურები გამომეთალა მომინდა. ადგილობრივები რომ ნახულობდნენ, მოსწონდათ. ანგელოზების ფიგურებს მაშინაც და ახლაც მამა სერაფიმეს გალობის თანხლებით ვაკეთებ. ფიგურებს შორისაა ანგელოზები: ოჯახის, სახლის, ოცნების, სიზმრის, შეყვარებულების, ორსულთა და ა.შ. ახლა შობის ანგელოზებიც დავამზადე.

sheqvarebulebi4-1673249809.jpg

ზოგს საკუთარი იდეით, ზოგსაც ხალხის სურვილით ვქმნი. სხვადასხვა მასალას ვიყენებ, ზოგს ნიგვზის ხის სხეული აქვს და ცაცხვის ხის ფრთები, ზოგსაც - წაბლის ხის ტანი და რომელიმე ხილის ხისგან ფრთებია გამოთლილი. ვფიქრობ, ასე უფრო ლამაზები გამოდის.

- საქართველოში როდის დაბრუნდით?

- მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ. უკვე წელიწად-ნახევარია, საქართველოში ვარ, სადაც ღვთის წყალობით, 3 გოგონა და 6 შვილიშვილი მყავს... არ ველოდი, ხალხი ასე თბილად თუ მიიღებდა ჩემს ანგელოზებს. რუსეთში არ მოსწონდათ ლაქით დაფარული ნამუშევრები, ამიტომ ხეს დასაცავად მხოლოდ "მოხარშული ზეთით" ვფარავდი, აქ კი პირიქითაა, მოსწონთ, როცა ნივთი პრიალებს. ახალგაზრდებს ძირითადად, ოცნების ანგელოზები მოსწონთ, მანდილოსნებს კი ის პატარა ანგელოზები, რომლებსაც მანქანის სარკეზე კიდებენ. მთხოვდნენ, რამე ისეთი გააკეთეთ, გოგონას რომ ჰგავდესო და მას შემდეგ ანგელოზებს კიკინებს ან ყელზე შარფს ვუკეთებ (იღიმის). მოწონებას იმსახურებს ოჯახის ანგელოზებიც, სადაც დედ-მამა შვილებთან ერთადაა ან მხოლოდ დედაა ბავშვით, ან მამა - შვილითურთ. ერთმა ქალბატონმა მითხრა, თქვენმა ნამუშევარმა ჩემი სახლი დაამშვენა და სითბო შემოიტანაო. მსიამოვნებს ეს ყველაფერი, ამიტომ სახელოსნოში გვიანობამდე ვრჩები... სულ სხვადასხვა ზომის ანგელოზებია, ყველაზე პატარა 4/4 სმ-ზე ყოფილა. ახლახან ერთმა ადამიანმა, რომელსაც ლამაზი ბაღი აქვს, დიდი ანგელოზის გაკეთება მთხოვა და ამ შემთხვევაში ალბათ, დაახლოებით 70 სანტიმეტრის სისქის მორიდან გამოვთლი... ერთი ოცნებაც მაქვს და მინდა გაგანდოთ.

shobis-angelozebi3-1673249797.jpg

- გისმენთ...

- ხის მოზრდილ მასალას თუ ვიშოვი, ქუთაისში, ჩვენს უბანში, ავტოქარხნის დასახლებაში, რომელსაც ქუთაისელები "ზავოდს" ეძახიან, მინდა ერთი დიდი ანგელოზისა და ჯარისკაცის ფიგურა გამოვთალო. ესკიზისა და ჩანაფიქრის მიხედვით, ისე მინდა გადავწყვიტო, რომ მნახველს შთაბეჭდილება ექმნებოდეს - ომში დაღუპულები ანგელოზებთან მიდიან. ეს ნამუშევარი ყველა იმ გარდაცვლილი ბიჭის ხსოვნის პატივსაცემად გაკეთდება, ვინც სამშობლოსთვის სწირავს თავს. ეს თემა ჩემთვის ძალზე მტკივნეულია. 2008 წელს ომი იყო საქართველოში და ახლა უკრაინაშია. ლუგანსკის ოლქში ჩემი ქალაქი განადგურებულია. ბავშვობა მეც რუბეჟნაიაში გავატარე. როგორც გითხარით, დედაჩემი უკრაინელია. ახლა ისეთ ადგილას ცხოვრობს, რომელიც რუსეთის ტერიტორიად ითვლება. რამდენიმე თვის წინ ჩემი დეიდაშვილი, თავისი შვილებით, აწამეს და ძლივს გადაურჩნენ სიკვდილს. მძიმე რამ მოხდა... ცოცხლები კი არიან, მაგრამ როგორც დეიდაშვილი ამბობს, ასეთი სიცოცხლე რად მინდაო?!. ჩემი გოგონები მეუბნებიან, ალბათ აქ შვილიშვილები რომ არ გაჩერებდნენ, შენც უკრაინაში იქნებოდიო...

- 2023 წელს თქვენი ჩანაფიქრის ასრულებას და წარმატებას გისურვებთ!..

ანა კალანდაძე