პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული და უკომპრომისო გია მარღანია - გზაპრესი

პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული და უკომპრომისო გია მარღანია

ბოლო წლების განმავლობაში, პრემიერების გაშუქებასთან დაკავშირებულ კომენტარებს თუ არ ჩავთვლით, gia marRanias ვრცელი ინტერვიუსთვის პირველად შევხვდით. ვგრძნობდი, ჩვენი დიალოგი არ იქნებოდა ბანალური და ასევე განვლილი წლების, საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრების ერთ ინტერვიუში ჩატევაც გაჭირდებოდა. ასეც მოხდა, ამიტომ წერის დროს შევეცადე მის პორტრეტსა და ხასიათის შტრიხებზე მეტი აქცენტი ყოფილიყო, ვიდრე აქტიურ საბალეტო კარიერასა და იმ ურიცხვი სპექტაკლების განხილვაზე, რომლის ქორეოგრაფი ან რეჟისორია, ან ორივე ერთად და ამ საქმეს დღესაც სიამოვნებით ემსახურება...

რეპეტიცია რომც არ იყოს დანიშნული და ფიზიკურად არ მუშაობდეს, გონებაში სულ რაღაც თემების გარშემო ტრიალებს. ამ ეტაპზეც „ჰამლეტსა“ და მისი დადგმის ფორმებზე ფიქრობს. მომდევნო კი „კარმენია“, რომლის პირველი მოქმედება იქნება ოპერა, ხოლო მეორე ბალეტს დაეთმობა, - ასე ამბობს. ნაფიქრი აქვს, თუ რომელ სივრცეში და დასთან იმუშავებს, თუმცა ურჩევნია უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბროს, ვიდრე გეგმებზე...

გია მარღანიას ბალეტში წასვლა შოკოლადმა განაპირობა. ტანვარჯიშზე სიარულს აპირებდა, როცა მისმა ნათესავმა ტანვარჯიშის ბალეტით ჩანაცვლება შესთავაზა, თან დასძინა, ბალეტის მოცეკვავეები რომ არ გასუქდნენ, ბავშვებს ყოველდღე შოკოლადებს ურიგებენო. ასე მოისყიდეს და ახლა წარსულის ამ ეპიზოდზე იღიმის, შოკოლადმა „დამღუპაო“.

ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მისულ 9 წლის გია მარღანიას ცეკვის კარგი მონაცემები აღმოაჩნდა და პირველივე დღეებიდან საბავშვო სპექტაკლებში დააკავეს. მალევე ვახტანგ ჭაბუკიანის ერთ-ერთი საყვარელი მოსწავლე ხდება და ქორეოგრაფიული სასწავლებლის ისტორიაში პირველად, ჭაბუკიანი სპეციალურად მისთვის - გამორჩეული მოცეკვავისთვის ორმოქმედებიან ბალეტს დგამს, ოსკარ უაილდის ზღაპრის მიხედვით „ბულბული და ვარდი“, ხოლო 18 წლისას, თავის შექმნილ ერთ-ერთ ბოლო ბალეტში „აპასიონატა“ წამყვან პარტიას ანდობს. თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლის პარალელურად, გია მარღანია ოპერის თეატრის სცენაზე, მცირე თუ სოლო პარტიებს ცეკვავდა და 1979 წელს თბილისის ოპერისა და თეატრის საბალეტო დასშიც ჩაირიცხა, შემდეგ სწავლა მოსკოვის ხელოვნების საერთაშორისო სახელმწიფო ინსტიტუტში გააგრძელა და სტუდენტობის წლებიდან იმ პერიოდის საბალეტო ხელოვნების ვარსკვლავებთან მოუწია მუშაობამ. თბილისის სხვადასხვა თეატრში მოღვაწეობის არაერთი წელი და სპექტაკლები რომ დავთვალოთ, 300-ს პროექტს ავცდებით. ახლა მოზარდ მაყურებელთა თეატრის დამდგმელი ქორეოგრაფია. პირადად ვნახე და წინასწარ შევუთანხმდი ინტერვიუსა და ფოტოსესიაზე. დათქმულ დღეს თეატრის მცირე დარბაზში ჩვენი საუბარი ასე დაიწყო:

- თეატრალურ სფეროში მეორე ადამიანი ხართ, ვისაც აღმოჩნდა, რომ მობილური ტელეფონი არ აქვს... რატომ თქვით უარი ამ ნივთზე, თქვენთვის დისკომფორტია?

- პირველი ვინ არის, ჭოლა (იღიმის)? უარი არ მითქვამს, არასდროს მქონია. არც მობილური ტელეფონი მაქვს და არც კომპიუტერი. არ მჭირდება, დისკომფორტს მიქმნის. მეტსაც გეტყვით, 17 წლის განმავლობაში შინ ტელევიზორი არ მქონდა და მერე შევიძინე. მანამ, სანამ მობილურები არ იყო, სახლის ტელეფონზე მიკავშირდებოდნენ და ახლაც იგივეა, არაფერი შეცვლილა. არ მომწონს, როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ტელეფონზე საუბრობენ, შემაწუხებელია, უზრდელობაა. რეპეტიციაზე მსახიობებს ვუკრძალავ ტელეფონის გამოყენებას. მეც რომ მქონდეს, გავთიშავდი და აქედან გამომდინარე, რა აზრი აქვს ჩემთვის ტელეფონის ქონას?!

- სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას, ყოველდღიურ ამბებს, პოლიტიკურ, კულტურულ სიახლეებს რა გზით ეცნობით?

- ვფიქრობ, სოციალურ ქსელებში ახალ ამბებზე მეტად, ჭორი ვრცელდება. ისინი არ მაინტერესებს და ამისგან თავისუფალი ვარ. რაც შეეხება ინფორმაციის მიღების წყაროს, როცა შინ ვარ, 9 საათზე ვუყურებ „კურიერს“ და თან, საათს ვასწორებ. ეს აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ საქმის კურსში იყო, თუ რა ხდება ქვეყანაში (იღიმის). პრემიერების შესახებ სიუჟეტებსაც ასე ვეცნობი, საინფორმაციო გადაცემის მსვლელობისას თუ გავიდა, სიამოვნებით ვუყურებ, თუ ვერ მივუსწარი და დამჭირდა, თეატრს ჰყავს თავის პიარ-სამსახური, მას მივმართავ და მიჩვენებენ.

- საერთოდ, ნივთებისადმი როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- ანტიკვარიატი მიყვარს. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ესთეტიკურ მხარეს. მომწონს რარიტეტული ნივთები, რომელსაც ისტორია აქვს, მაგრამ ვინაიდან ძალიან ძვირი ღირს, შეძენისა და კოლექციის ქონის საშუალება არ მაქვს.

ერთადერთი, არ მიყვარს იარაღი და არასოდეს დავიწყებ მის შეგროვებას. ერთხელ თურქეთში მოგზაურობისას, ერთ-ერთ მაღაზიაში პისტოლეტების მთელი კოლექცია ვნახე, ულამაზესი ნამუშევრები იყო, შემეძლო მთლიანად შემეძინა, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან ვფიქრობ, ამ ნივთებს ცუდი ბიოგრაფია აქვთ. ასევე არ მიყვარს ხალიჩები, თუმცა ამის მიზეზში ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ. ვაღიარებ, უნიკალური და მისტიკური ნივთია. იმ ერსა და ხალხს, რომელსაც შეეძლო ხალიჩების ქსოვა, მათში ჩადებულია ბევრი კოდი და ინფორმაცია, უბრალოდ ჯერ ჩემი განვითარებით არ მივსულვარ იქამდე, რომ ეს ნივთი შევისწავლო.

- ბავშვობიდან დღემდე, ყველაზე ნათელ მოგონებად რა მოგყვებათ და როგორი იყო ის წლები თქვენთვის?

- ყველაზე ნათელი მოგონება ალბათ დედაჩემის სიყვარული და მფარველობაა ჩემ მიმართ... მშობლებს ხელოვნებასთან არანაირი შეხება არ ჰქონდათ. დედ-მამა 31-ე ქარხანაში მუშაობდნენ, თვითმფრინავის ნაწილებს აკეთებდნენ. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ჩემი თავი 9 თვიდან მახსოვს და დედაჩემს იმ პერიოდიდან რაღაცებს რომ ვუყვებოდი, გაოგნებული იყო. ზუსტად ვეუბნებოდი, რა მეცვა, როგორი სათამაშო მქონდა, სად დავყავდი და ა.შ. 9 თვისამ სიარული დავიწყე, მოღუნული ფეხები მქონდა, ჯერ ძვლები არ იყო გამყარებული და ყანყალით რომ დავდიოდი, „ზაპაროჟეცს“ მეძახდნენ (იღიმის). მთელი ბავშვობა თეატრობანას ვთამაშობდი. უსაზღვრო ფანტაზია მქონდა და ეს ფენომენი დღემდე ვერ ავხსენი. ვიყავი პიესის ავტორი, რეჟისორი, მთავარი როლის შემსრულებელიც, თოჯინურ სპექტაკლებს ვდგამდი და ეზოში ყველა მეზობლის ბავშვი მყავდა დაკავებული. და ისიც მახსოვს, რომ წლის ყველა სეზონზე, ძალიან ხშირად ვრთავდი ნაძვის ხეს.

- ბუნებრივია, ვახტანგ ჭაბუკიანთან ურთიერთობა და სხვა არაერთი მსგავსი ამბავი ძალიან ძვირფასია თქვენთვის. კიდევ რა არის მსგავსად ღირებული? რას უფრთხილდებით გამორჩეულად?

- მოსკოვში სწავლის პერიოდი. მე ვიყავი ერთ-ერთი სტუდენტი, რომელსაც სახელობითი სტიპენდია ჰქონდა და 100 მანეთი მაშინ დიდი ფული იყო. მეტიც, მე ვარ ერთადერთი ქორეოგრაფი, რომელსაც მეორე კურსის სტუდენტსაც საშუალება მქონდა, დიდი თეატრის დარბაზებში რაღაცები დამედგა მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან. მსგავსი პრეცედენტი არც დიდი თეატრის ისტორიაში მომხდარა და არც შემდეგ ჩემს ბიოგრაფიაში... იქვე უნდა მემუშავა ნინო ანანიაშვილთან, როცა ის დიდი თეატრის პრიმა იყო, მაგრამ რამდენიმე წლით ადრე ჰქონდა განრიგი გაწერილი და მაშინ ჩვენი თანამშრომლობა ვერ შედგა. სამაგიეროდ, აქ ვიყავი პირველი ქორეოგრაფი, რომელმაც ჩვენი ქართული, ეროვნული ცეკვა „ლეკური“ დაუდგა, ვახტანგ ჭაბუკიანის 100 წლის იუბილეზე. ასევე პირველი ქორეოგრაფი ვარ, რომელმაც გოგონებს პუანტებზე დაუდგა „კინტოური“ და ამ ცეკვის პრემიერა ტოკიოში შედგა.

- სხვადასხვა ქვეყანაში დარჩენისა და მუშაობის შესაძლებლობა არაერთხელ გექნებოდათ, რთულ 90-იან წლებშიც და შემდეგაც. საქართველოში რა გაბრუნებდათ?

- ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. მქონდა და დღესაც მაქვს მოწვევები, მათ შორის 7 ამერიკიდანაა... არ ვიცი საქართველოში რამ დამაკავა, თან მაშინ, როგორც თქვენ ბრძანეთ, რთულ 90-იან წლებში, როცა ცხოვრებისა თუ მუშაობის არანაირი პირობები არ იყო. გამიმართლა იმ თვალსაზრისით, რომ მოსკოვიდან დაბრუნებულს შინ ბარათი დამხვდა, სადაც ეწერა, რომ რუსთაველის თეატრში მიბარებდნენ. მივედი და როგორც გავიგე, იქ დათო ანდღულაძე „პალატა #6“-ს დგამდა და ქორეოგრაფი სჭირდებოდა. მაშინ არც ვფიქრობდი და ოცნებადაც არ მქონდა დრამატულ თეატრთან ურთიერთობა, მაგრამ... გამიტაცა და დავრჩი. ამას მოჰყვა რობერტ სტურუასგან თანამშრომლობის შემოთავაზებაც და გავხდი რუსთაველის თეატრის მთავარი ქორეოგრაფი, სადაც 6 წლის განმავლობაში 16 სპექტაკლზე ვიმუშავე. იქ ჩემი მესამე სპექტაკლი იყო „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“, რომელიც ჩეხოვის ფესტივალზე რომ წავიღეთ, კრიტიკოსებმა ბოლო 5 წლის მანძილზე დადგმულ წარმოდგენებს შორის, მსოფლიოს საუკეთესო სპექტაკლად აღიარეს.

5-1673286102.jpg

- ძირითადი საქმის გარდა, ყველა ადამიანს აქვს რაღაც გატაცება. თქვენი ფარული ნიჭი - ის, რაც ფართო საზოგადოებამ არ იცის, რა არის?

- სულ მინდოდა მეზღაპრე ვყოფილიყავი და წერა დავიწყე, რამდენიმე ზღაპარი უკვე დასრულებული მაქვს. ძალიან მინდა ჩემი ზღაპრების მიხედვით მულტფილმები გადაიღონ... ხატწერაზე ვოცნებობ, მაგრამ მეშინია. ამ პასუხისმგებლობას ჯერ ვერ ვიღებ... მესამე ფიროსმანს უკავშირდება, რომელიც რამდენიმე წლის წინ სულ სხვა რაკურსით დავინახე. მისი ნახატების ანალიზი დავიწყე, რელიგიური თვალსაზრისით დავინახე და აღმოვაჩინე, რომ ფიროსმანი არის ძალიან რელიგიური მხატვარი, რომლის მსგავსი პრეცედენტი მსოფლიო სახვით ხელოვნებაში არ არსებობს. მის ნებისმიერ ფერსა და კომპოზიციაში ღრმა აზრია ჩადებული და პრაქტიკულად, ეს არის ქრისტიანული რელიგია. 52-ზე მეტი სურათი მაქვს გარჩეული და ეს ნაწერები ხელოვნებათმცოდნეებს რომ გავაცანი, აღფრთოვანებულები დარჩნენ, რადგან ვერ წარმოედგინათ ფიროსმანის ამ კუთხით დანახვა. ჩემთვის ფიროსმანი კოსმოსია და ახლა უკვე ძალიან მაღიზიანებენ ისინი, ვინც მას პრიმიტივისტ მხატვრად მოიხსენიებს. ვინც ამას ამბობს, თავადაა პრიმიტიული ადამიანი. ამ სამის გარდა, არის კიდევ რაღაცები, მაგრამ ამის შესახებ არ ვლაპარაკობ. ოცნებებსა და გეგმებზე არ ვყვები. საერთოდ, მეოცნებე არ ვარ, უფრო ფანტაზიებში „გადავდივარ“ და ეს ფსიქიკისთვის უფრო ჯანსაღი მგონია.

- ფანტაზიორი რომ არ იყოთ, მაშინ თეატრის სამყაროშიც ვერ იქნებოდით. ასეთი რამ ალბათ წარმოუდგენელია...

- კი... ოცნება ძირითადად არ სრულდება, ეს გამსხვრევს და მტკივნეულია, ამიტომ მასზე უარი ვთქვი, ხოლო ფანტაზიაში ყველაფერი ისე ხდება, როგორც მინდა. ასე რომ, მეოცნებე არა, ფანტაზიორი ვარ (იღიმის).

- ბატონო გია, რამ შეიძლება გული გატკინოთ? და ისიც მითხარით, რამ შეიძლება აგატიროთ?

- უსამართლობამ, რომელსაც სამწუხაროდ, ყოველდღე ვაწყდებით. ადრე კი არ მწყინდა, არამედ მტკიოდა, ახლა ალბათ უკვე იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული. რაც შეეხება იმას, თუ რამ შეიძლება ამატიროს - ახლა უკვე „ასაკმა“ (იღიმის). მუსიკაზე, ლიტერატურაზე, კინოზე, ვიღაცის მიერ მოყოლილ ამბავზეც შეიძლება ავტირდე. როგორ შეიძლება მოცარტს ან ბახს უსმენდე და ცრემლი არ მოგერიოს? გამორჩეულად მიყვარს რამდენიმე რეჟისორი და მათ შორის: ტორნატორე და ფელინია. ამ უკანასკნელის ფილმებზე არ ვტირი, მაგრამ სულ მიკვირს, ასე ღრმად როგორ უნდა აზროვნებდეს ადამიანი, ეს აბსოლუტური სიგიჟეა.

- ჩემზე საკმაოდ თავმდაბალი, გულისხმიერი და გულჩვილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. მგონია პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვთ გადაჭარბებული დოზით. მეთანხმებით? და აქვე გკითხავთ, რას თვლით თქვენს მთავარ სისუსტედ და სიძლიერედ?

- თავმდაბლობაზე ვერაფერს ვიტყვი, ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. დანარჩენზე გეთანხმებით და მათ შორის, პასუხისმგებლობის გრძნობაზეც. მაგალითად, ვერ ვიტან, როცა აგვიანებენ. ასევე არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც საქმეს რაღაცის გამო აკეთებენ. მე ვაკეთებ იმას, რასაც საჭიროდ ვთვლი და არა იმიტომ, რომ ამას რაღაც უნდა მოჰყვეს... სისუსტე კი ის იყო, როცა ახალგაზრდობაში, 25-30 წლისა ვფიქრობდი ჯილდოზე, პრემიაზე, აღნიშვნაზე და გული მწყდებოდა, რომ საქმეში ჩემი ჩადებული შრომა სათანადოდ არ ფასდებოდა, ამას ვერ ხედავდნენ. მით უმეტეს, როცა იმავე სპექტაკლში სხვებს აჯილდოებდნენ, თუნდაც რეჟისორებს და ამ დროს მეც არანაკლები ენერგია მქონდა ჩადებული, დღეს კი ამ ყველაფერზე აღარ ვფიქრობ... რაც შეეხება სიძლიერეს: არასოდეს, არც ერთ კომპრომისზე არ წავსულვარ! მაგალითისთვის გეტყვით: სპექტაკლზე მუშაობას რომ ვიწყებ, მას თავიდან ბოლომდე ვხედავ. შეიძლება მუშაობის პროცესში რაღაც ჩანაფიქრი ისე არ აეწყოს, როგორც მინდა და იმიტომ, რომ სპექტაკლი გამოვიდეს, ამაზე არ გავჩუმდები და არ შევეგუები. გზას რომელსაც გავდივარ!

kadri-speqtaklidan-sami-gochi-copy-1673286086.jpg

- დაბოლოს, ბუნებრივია ყველა სპექტაკლის „სათქმელი“ სხვადასხვაა და მაინც, არის თუ არა რამე ერთი კონკრეტული გზავნილი, რაც თქვენს ნამუშევრებს აერთიანებს და გინდათ სცენიდან დარბაზში მსხდომ მაყურებლამდე აღწევდეს?

- ქვეცნობიერი, თუ რაღაც სხვა ძალა მკარნახობს და ზუსტად ვიცი, რომ ჩემი სპექტაკლებიდან მაყურებელი არასოდეს გადის იმავე განწყობით, რითაც მოვიდა. მისტიკური სიჩუმე, ენერგეტიკა, დარბაზში ყოველთვის ხდება ქიმია და ამას ნებისმიერ ჩემს სპექტაკლზე ვგრძნობ. მით უმეტეს მაშინ, როცა არამხოლოდ ქორეოგრაფი ვარ, არამედ ორივე: ქორეოგრაფიც და რეჟისორიც, ანუ როცა ჩემი საავტორო სპექტაკლების წარმოდგენა ხდება. ალბათ ეს ისევ და ისევ იმიტომ, რომ რეპეტიციებზე კომპრომისზე არ მივდივარ. თუ მსახიობს რაღაცის გაკეთება არ უნდა ან არ შეუძლია, არ მოვეშვები. რახან დაგაკავე, ე.ი. ვფიქრობ, რომ შეძლებ და მე ყველაფერი უნდა გავაკეთო შენი პოტენციის წინ წამოსაწევად. ამას რომ ვაღწევ, ჩანაფიქრი სისრულეში მოდის, მსახიობი იმას აკეთებს, რაც საჭიროა და შემდეგ ეს განწყობა დარბაზში ინაცვლებს, მაყურებელიც შესაბამისად რეაგირებს. ეს ყველაფერი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ხშირად ვიმეორებ და ახლაც ვიტყვი, საპრემიერო ფარდის გახსნამდე 1 წუთით ადრეც კი შეიძლება მსახიობს შენიშვნა მივცე, რადგან ის ჯერ კიდევ ჩემია, მაგრამ როგორც კი წარმოდგენა იწყება, ის სპექტაკლი უკვე ჩემი აღარ არის, მსახიობებისა და მაყურებლის ხდება...

ანა კალანდაძე