"მალე 90 წლის გავხდები და ნაოჭები თვალებთანაც კი არ მაქვს" - გზაპრესი

"მალე 90 წლის გავხდები და ნაოჭები თვალებთანაც კი არ მაქვს"

ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის დრამატული თეატრის მსახიობ ლამარა ვაშაკიძეს ჯერ კიდევ 2011 წელს გაუხსნეს ვარსკვლავი. მას ასზე მეტი როლი აქვს შესრულებული და იმდენად შეუდარებლად გამოიყურება, ამბობს, რომ ყველაზე ხშირად ახალგაზრდობის საიდუმლოს გამხელას სთხოვენ...

- თეატრალურ ინსტიტუტში ერთ კურსზე ექვსი მომავალი ვარსკვლავი ვსწავლობდით: თენგიზ არჩვაძე, ჯემალ ღაღანიძე, გივი ბერიკაშვილი, ზინაიდა კვერენჩხილაძე, ქუთაისელი ერემია სვანაძე და მე. ჩვენთან ერთად სწავლობდა ბორის წიფურია, რომლის ვარსკვლავის გახსნა მგონი, ვერ მოასწრეს... ბევრი ძვირფასი მოგონება მაქვს ჯერ კიდევ თეატრალური ინსტიტუტიდან: თენგიზ არჩვაძე არაჩვეულებრივი ყმაწვილი იყო, ძალიან კარგად სწავლობდა. ასევე გამორჩეული იყო ყველა, ვინც ჩამოვთვალე... თენგიზი ლექციაზე ხშირად ხატავდა, მათ შორის - სასაცილო პორტრეტებს. ჩვენ ვმეგობრობდით. მახსოვს როგორები იყვნენ შეყვარებული თენგიზ არჩვაძე და მისი არაჩვეულებრივი მომავალი მეუღლე - მეგი ფილიაშვილი, შემდეგ დაქორწინდნენ და კარგი შვილებიც აღზარდეს.

- ახსენეთ, რომ თეატრალურ ინსტიტუტში ბევრი საინტერესო რამ ხდებოდა...

- დიახ. რუსთაველის თეატრის რეჟისორი დოდო ალექსიძე გახლდათ, რომელიც თეატრალური ინსტიტუტის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო ოსტატობის დარგში. პირველ და მეორე კურსზე გვასწავლიდა. სტუდენტებმა შესჩივლეს, ძალიან მოწყენილები ვართო, მან კი უთხრა, ვის სცალია თქვენს გასართობად, თვითონ უნდა მოიფიქროთ რამეო... ჯემალ ღაღანიძე ყოველთვის უნიჭიერესი იყო და ძალიან სასაცილო რამ - სავარცხლების ჯაზი მოიფიქრა. სცენაზე ჩვენი კურსელი ბიჭები სავარცხლებზე რომ უკრავდნენ, ყველა განცვიფრებული უყურებდა, თან მაშინ პატარა იყო თეატრალური ინსტიტუტი... შემდეგ "ბალ-მასაკარადი" დავდგით. მე ინდოელის როლი ავირჩიე, რადგან გარეგნობით ცოტათი ინდოელს ვგავდი. მეგი ფილიაშვილმა ესპანელობა ირჩია... მახსოვს, როგორ დაგვაჯილდოეს პრიზით, შამპანურებით... დიდი დარბაზი იყო, სადაც თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა. იყო ცეკვა, თამაში, სასიამოვნო საღამოები. ძალიან ვმეგობრობდით კონსერვატორიის, სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლებთან. ისინი ჩვენს სპექტაკლებზე მოდიოდნენ, ჩვენ - კონსერვატორიაში. მერე კონსერვატორიაში ჩვენც გამოვედით, ვცეკვავდით, ვმხიარულობდით.

- თანაკურსელებმა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგაც გააგრძელეთ მეგობრობა...

- დიახ. 2011 წელს ქუთაისში ჩემი ვარსკვლავი გაიხსნა და ჯემალ ღაღანიძე ჩამოვიდა. არაჩვეულებრივი სიტყვა თქვა, ლექსი მომიძღვნა...

მახსოვს, თენგიზ არჩვაძე ჩამოვიდა მაშინ, როცა ახალი გამოსული იყო ფილმი "შეხვედრა მთაში". იგი როგორც ჩემთან, ჩემს მეუღლესთანაც მეგობრობდა... არაჩვეულებრივი შეხვედრა მოუწყვეს, შემდეგ საგანგებოდ ბანკეტიც გაიმართა, რომელსაც თამადობდა ცნობილი ჟურნალისტი გივი მეფისაშვილი. სადღეგრძელოს თქმისას მან ლეილა აბაშიძეს უთხრა, ძალიან ლამაზი ხარო, ლეილამ კი უპასუხა, - ლამაზი არა, მომხიბვლელი ვარო... გივიც შეეპასუხა, მომხიბვლელობა ლამაზს არ ნიშნავსო? ლეილამ, - ლამაზთან ერთად, მომხიბვლელობაც კარგია და იმიტომ ვამბობო...

- როგორც ვიცი, განსაკუთრებულად ზინაიდა კვერენჩხილაძე და თქვენ მეგობრობდით.

- დიახ. ზინა არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. იგი ყველას ვერ ემეგობრებოდა; თუ რამე არ მოსწონდა, პირდაპირ ეტყოდა... ზინას განსაკუთრებულად ვუყვარდი, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. ზინაიდა ჩვენს კურსელს, ქუთაისელ ნოდარ მარგველაშვილს გაჰყვა ცოლად. მათი შეყვარებულობის პერიოდი დღესაც თვალწინ მიდგას... ზინაიდა ძალიან თავდაჭერილი იყო, ნოდარი რაღაცებს ეხუმრებოდა და ზინას თუ არ მოეწონებოდა, გაებუტებოდა... ნოდარიც უნიჭიერესი იყო, ძალიან კარგად სწავლობდა. მათ დაუვიწყარი ქორწილი გადაიხადეს ქუთაისში, რომელსაც თამადობდა გენიალური მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე. ქორწილში მე და ჩემი მეუღლე კი წავედით, მაგრამ წამოსვლა მალე გადავწყვიტეთ - მაშინ ჩემი შვილი სულ რაღაც ექვსი თვის იყო. მას სახელი რამაზ ჩხიკვაძის პატივსაცემად დავარქვით... რამაზი ქორწილიდან არ გვიშვებდა და ჩემმა მეუღლემ უთხრა, - ჩვენ პატარა რამაზი გვყავს სახლში, მას შია და დედიკო უნდაო. რამაზმა რომ გაიგო, შვილს მისი სახელი დავარქვით, სიხარულით გადაირია, საგანგებოდ შესვა პატარა რამაზის სადღეგრძელო და მერე თქვა, ახლა სიმღერაც უნდა მივუძღვნაო - საოცრად იმღერა.

322680593-565946294988356-6916668040999735561-n-1673286306.jpg

- თქვენ რატომ აირჩიეთ სამოღვაწეოდ ქუთაისი?

- როდესაც ინსტიტუტი დავამთავრეთ, სათითაოდ ყველა გამოგვიძახეს და გვეკითხებოდნენ, სად გსურთ მუშაობის დაწყებაო? მე ქუთაისი ავირჩიე, რადგან აქ მყავდა დედა, და დეიდა. ისინი ძალიან მივლიდნენ, დამოუკიდებელი ცხოვრება არ შემეძლო. მარტო ვერაფრით ვიცხოვრებდი, რადგან თეატრი იყო მხოლოდ ჩემი ცხოვრება და შინ დასვენებას ვიყავი შეჩვეული. ინსტიტუტის დამთავრებიდან დაახლოებით ორ კვირაში ქუთაისში წავედი... ერთხელ საპროფესოროში რომ შევდიოდი, იქ უდიდესი რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი დამხვდა. მისი სტუდენტი არ ვყოფილვარ, მაგრამ თეატრალური ინსტიტუტი პატარა იყო და სცენაზე ნანახი ვყავდი. ჰოდა, დამიძახა: ქუთაისელო, ერთი წუთი მოიცადეო... წინ დამიდგა, ცოტა გამწია, დიდხანს მიყურა, მერე კი მითხრა, - რუსთაველის თეატრში მოდი, მე შენგან კარგ არტისტს დავაყენებო. ვუპასუხე, ვერ გადმოვალ, მალე ვთხოვდები-მეთქი. მართლაც მყავდა უკვე საქმრო. გაბრაზებულმა მითხრა, წადი, წადიო... მას არ უყვარდა, ადრე რომ ქორწინდებოდნენ, ჯერ სპექტაკლები და მერე ოჯახიო, ასე იცოდა თქმა...

მეოთხე კურსზე რომ ვსწავლობდით, ჯგუფი ორად გაიყო და გვითხრეს, რომ მეტყველების ორი პედაგოგი გვეყოლებოდა - კოტე მახარაძე და სერგო ზაქარიაძე. მე სერგო ზაქარიაძესთან მოვხვდი. მას აკაკი წერეთლის "გამზრდელიდან" ნაწყვეტი წავუკითხე, შემდეგ თვითონ წაიკითხა სხვა ნაწყვეტი. სერგო ზაქარიაძეს, მოგეხსენებათ, რა დიდი შინაგანი სიძლიერე ჰქონდა, მსგავსი ტემპერამენტის მსახიობი მეორე არ იყო. მე კი ძალიან მორცხვი, ბავშვური ვიყავი, ორი დიდი ნაწნავით... მისი ძალიან მომერიდა... ოთახიდან რომ გამოვდიოდი, იქ იდგნენ ზინა და ნოდარ მარგველაშვილი; ნოდარს ძალიან მოწყენილი სახე ჰქონდა: სერგო ზაქარიაძესთან მოხვედრა მინდოდაო. უცებ ვუთხარი, ადგილს გაგიცვლი-მეთქი. ნოდარს ჩემი ნათქვამი იმდენად გაუხარდა, ხელში ამიტაცა და დამარბენინებდა... წამითაც არ მიფიქრია, რომ სერგო ზაქარიაძეს ეწყინებოდა ან სულაც შეამჩნევდა... ერთხელაც სპექტაკლი გვქონდა, ვემზადებოდი. შემოაღო კარი ზაქარიაძემ, იქვე იდგა ერემია სვანაძე, სხვებიც და რიდით ყველა კედელს აეკრა. ბატონი სერგო ჩემთან ახლოს მოვიდა და, - შე მოღალატეო, მითხრა... გავშრი, რაღა უნდა მეთქვა?! - შენ გამო მოვედი, სპექტაკლში რომ გნახოო, - მითხრა... გავიდა წლები. მე უკვე ქუთაისის თეატრის წამყვანი მსახიობი ვიყავი და ჩვენთან გასტროლით რუსთაველის თეატრი ჩამოვიდა. სერგო ზაქარიაძე გახლდათ ხელმძღვანელი. კვირა დილას იყო დანიშნული სპექტაკლი "ხანუმა". ლამაზად ჩაცმული, თაიგულით ხელში მივედი. ფოიეში უამრავი ადამიანი ირეოდა, ჩვენი და რუსთაველის თეატრის მსახიობები ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, ეფერებოდნენ. სერგო ზაქარიაძემ დამინახა თუ არა, მოვიდა, ჩამეხუტა და ისევ გამიმეორა, - შე მოღალატეო... მერე მითხრა, ახლა მომახსენე, გათხოვდი თუ არა, რამდენი შვილი გყავსო? ვუთხარი, რომ ერთი შვილი მყავდა და, - ერთ შვილზე არ უნდა გაჩერდეო... ვერ ავუხსენი, - თქვენ იმდენად დიდი მსახიობი ხართ, შემეშინდა, რომ თქვენთან თავის წარმოჩენას ვერ შევძლებდი-მეთქი...

ასე იყო ჩემს ცხოვრებაში, ორი ბუმბერაზისგან - მიხეილ თუმანიშვილისა და სერგო ზაქარიაძისგან მიწვევა, მაგრამ მე ყოველთვის ჩემს ხასიათს, ბუნებას ვუჯერებდი... ყოველთვის ძალიან ვუვლიდი თავს, რადგან სიცოცხლე ერთხელ გვეძლევა. ვამბობ ხოლმე, რომ სიცოცხლის სიყვარულმა მომიყვანა აქამდე. ვუფრთხილდებოდი თავს თეატრშიც, რადგან გრიმი სახის კანზე ცუდად მოქმედებს... ქუთაისის თეატრში ლეგენდარული აკაკი ვასაძის დროს მივედი. მასთან მუშაობა აკადემიის გავლას ნიშნავდა. უარს ვერ ვამბობდი როლებზე, გრიმს ვიკეთებდი, მაგრამ მერე კარაქით ვიშორებდი... ბოლო წლებში საერთოდ არ ვხმარობ სახის კრემებს, მხოლოდ ნუშის რძეს. დილას აუცილებლად ცივი წყლით ვიბან სახეს. თვალებთან აბუსალათინის ზეთს ვიყენებ და ნაოჭები სულ არ მაქვს.

323102324-1170279333674850-5511758744742886236-n-1673286325.jpg

- ქუთაისიდან არაერთი კორიფე იყო. პირადად თუ იცნობდით მათ?

- ზინაიდას დასაფლავებაზე მალხაზ მებურიშვილს შევხვდი. ხუმრობდა, - გოგო როგორ მომწონდი, მაგრამ შენთან ვერაფერს გავხდიო... მერე ერთი შემთხვევა გავიხსენეთ: მე და მალხაზს დაგვიძახეს, - უნდა წახვიდეთ, რექტორისგან მოსაწვევი მიუტანოთ იოსებ გრიშაშვილს და ვერიკო ანჯაფარიძესო. პირველად იოსებ გრიშაშვილთან მივედით. კარი მისმა მეუღლემ გაგვიღო და გვითხრა, დაბრძანდით, იოსები ახლავე გამოვაო... მანამდე მალხაზს ნათქვამი ჰქონდა, იოსებს უყვარს, მის ლექსებზე რომ ესაუბრებიან, ჩვენც ხომ ვიცით და ამაზე ველაპარაკოთო. გამოვიდა იოსებ გრიშაშვილი, არაჩვეულებრივად შეგვხვდა, გვესაუბრებოდა... გვეფერა და იქიდან ძალიან გახარებულები წამოვედით. შემდეგ ვერიკო ანჯაფარიძესთან წავედით. მის სახლში მისულებს განსაკუთრებულად ულამაზესი საძინებელი მომხვდა თვალში: ვერიკომ გვითხრა, ახლა მოვედი და წამოვწექი, ძალიან დაღლილი ვარო. ლოყაზე მოგვეფერა, გამოგვკითხა, რომელ კურსზე ხართო?.. თბილად დამამახსოვრდა ეს დიდებული მსახიობი...

- აფხაზეთში მსახიობების დასასვენებელი სახლი იყო, იქ ჩასვლა თუ გიწევდათ?

- არა... ჩემი მეუღლე ბიზნესმენი იყო და მას სამოგზაუროდ დავყავდი. ძალიან მიყვარდა გემით მოგზაურობა. ხშირად ვიყავით ოდესაში. მახსოვს, ერთხელ გემზე რომ ავედით, გვითხრეს, ახლა ჩავიდნენ მარინა ვლადი და მისი მეუღლე ვლადიმირ ვისოცკიო. ორივე ძალიან მიყვარდა და გული დამწყდა, რომ ვერ გავიცანი.

- ასზე მეტი როლი ითამაშეთ, რომელი იყო თქვენთვის გამორჩეული?

- ხალხმა ხატიას როლით შემიყვარა... ამ პატარა გოგონას როლს 30 წლამდე ვთამაშობდი. 30 წლისაც კი 15 წლის გოგოს ვგავდი, რადგან ძალიან გვიან დავქალდი... მერე ლამაზი ქალების როლები მქონდა. პრესა წერდა კიდეც, ლამაზია და ყველა რჩეულ როლს მაგას ათამაშებდნენო.

- დღეს თეატრი თითქოს აღარ არის ძველებურად აქტუალური...

- ვფიქრობ, მეოცე საუკუნე უდიდესი პოეზიის, თეატრის, მუსიკის, საერთოდ ხელოვნების აღორძინების ხანა იყო. ახლა გარდამავალი პერიოდია და თეატრი აუცილებლად დაიბრუნებს თავის დიდებას. ფილმებს, ტელესერიალებს რომ ვხედავ, შინაარსი ისეთია, რა უნდათ, თვითონ არ იციან... თუმცა, ერთიც უნდა ვთქვა: ჩემს დროს ძალიან დიდი ინტრიგები იყო. ერთმანეთზე ისეთ რაღაცებს იგონებდნენ, ყურში არ შეიშვებოდა. მე ყველაზე მეტად თეატრში ამით ვარ დაფასებული, ჩემგან ცუდი არავის ახსოვს... დღეს თეატრში ახალგაზრდები ძალიან მომწონს. როგორ უდგანან ერთმანეთს მხარში, ეხმარებიან. არაჩვეულებრივები არიან... ჩემთან ყველაფერი უბრძოლველად, თავისით მოვიდა. რაღაცებმა დაიგვიანა, მაგრამ ხომ მოვიდა?! არასოდეს არაფრისთვის ვიბრძოდი.

- როგორ ისურვებდით 90 წლის აღნიშვნას და რას იტყოდით ამ გადმოსახედიდან?

- უკვე დაწყებულია რაღაცების მზადება... ჩემი სურვილია, ჩემი უსაყვარლესი ნიკა წულუკიძე იყოს ამ საღამოს წამყვანი. ამ გადმოსახედიდან ვიტყოდი, რომ 80 წლის შემდეგ სიცოცხლე უფრო ტკბილია. იცი, რომ მოახლოებულია დასასრული და ყოველი წუთით ტკბები. ახალგაზრდობაში ამ ყველაფერს ვერც ამჩნევ. ახლა სულ ვფიქრობ, ყველას ვასიამოვნო, კარგ ხასიათზე ვიყო და არა - მოსაბეზრებელი. ვგიჟდები, იმდენად მიყვარს ახალგაზრდებთან ურთიერთობა. ალბათ ამან შემინარჩუნა ეს ხასიათი. ყოველთვის ძალიან ოპტიმისტი ვიყავი. სკოლაში ომი რომ დაიწყო, 1941 წელს შევედი. პატარა ვიყავი, მაგრამ ომის დაწყებას საშინლად განვიცდიდი. ბავშვობიდანვე ძალიან მგრძნობიარე, პოეტური ვიყავი... მამა უშიშროების უფროსი იყო. ყველას ახსოვს, ხალხს როგორ ეხმარებოდა. ამბობდა, - ჩემი სამსახური სულ სხვაა და მე ჩემი გუნებით სულ სხვა ვარო. რაც შეიძლებოდა ბევრი დახვრეტას გადაარჩინა... ეს შეატყვეს და მერე გაგრაში გადაიყვანეს. გაგრის სასტუმროში ხშირად ვისვენებდით. 1939 წელს იქ გვერდით ნომერში ბერიას და და დისშვილები იყვნენ. მახსოვს, მამა ეუბნებოდა დედას, ბავშვებმა რომ იცოდნენ, ვისთან თამაშობენო!.. ერთხელ ბერიას დამ, ხნიერმა ქალმა, გვითხრა, ლექსი წაგვიკითხეთო, და სასწაული იყო პირდაპირ, როცა ჩემი ოთხი წლის დამ ბერიაზე ლექსი წარმოთქვა: "იცოცხლე და იდღეგრძელე, ჩვენო ტკბილო ბერია, მიწა ჭამდეს იმის ხელებს, ვინც კი შენი მტერია"... ეს ქალი ადგა, მოჩუქურთმებული ბუფეტიდან უზარმაზარი შოკოლადის ფილა გამოიღო, ისეთი, როგორიც მას შემდეგ აღარც მინახავს... ჩემს დაზე გულმოსული ვიყავი, ლექსის თქმა რომ დამასწრო, მაგრამ შოკოლადისთვის გავეკიდე...

მახსოვს, გაგრაში გემი შემოვიდა, რომელზეც სტალინი დავინახეთ... მას ბავშვი ახლდა, ალბათ ეს იყო მისი გოგო - სვეტლანა. ვხედავდით, გემიდან ნავში როგორ გადმოვიდა და თავის აგარაკზე უნდა წასულიყო... რთული, მაგრამ საკმაოდ საინტერესო ბავშვობა მქონდა. მამა კალანდაროვი იყო გვარად, დედა თურქაძე, მე ინსტიტუტი კალანდაროვას გვარით დავამთავრე და შემდეგ მეუღლის გვარზე გადავედი.

მანანა გაბრიჭიძე